„ბათუმელები“ ბათუმის მერიაში გამართულ ღია შეხვედრაზე არ დაუშვეს
12.02.2025

ფოტო : „ბათუმელები"



დღეს, 12 თებერვალს ბათუმის მერიაში უსახლკაროების საკითხზე გამართულ საჯარო შეხვედრაზე „ბათუმელები“ არ დაუშვეს.

როგორც გამოცემა წერს, „ბათუმელებს“ ამ შეხვედრის შესახებ უსახლკაროებმა შეატყობინეს, თუმცა მერიის შესასვლელთან მისულ ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს დაცვის პოლიციელებმა განუცხადეს, რომ შეხვედრაზე ვერ შეუშვებდნენ. 

ჯაბა ანანიძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „ბათუმელებს“ მერიაში მიმდინარე საჯარო შეხვედრის გაშუქება შეუზღუდეს.

„მედიასაშუალება „ბათუმელები“ 24 წელია არსებობს და მსგავსი გამოცდილება რომ ღია სხდომაზე არ შევეშვით, არ გვქონია. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, ვერ მიგვიღია საჯარო ინფორმაცია, დაუგვიანებიათ პასუხი, მათ შორის მერიიდან, ასევე, ვერ მიგვიღია კომენტარი ან ინტერვიუს ჩაწერა იყო პრობლემა მაშინ, როცა ეს არ იყო პრობლემა იგივე პროსახელისუფლებო მედიისთვის, მაგრამ ესეთი შემთხვევა, რომ ღია სხდომაზე, საკრებულოს ან მერიაში გამართულ სხდომაზე, არ შევეშვით დაცვის პოლიციას, ესეთი პრაქტიკა ჩვენ არ გვქონია. 

ამიტომაც, არ ვიცი, საეჭვოდ ემთხვევა თუ არა იგივე მზია ამაღლობელის საქმეს, ხო, რომელიც ცალსახად აჩვენებს „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას კრიტიკულ მედიასაშუალებასთან, მისი უკანონო პატიმრობა, მაგრამ მეორეა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასე შეზღუდა ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ბათუმის მერიამ “, - ამბობს ანანიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას. 

ბათუმის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ გადაწყვეტილებას ვინ დაესწრება სხდომას, ის არ იღებს. ბათუმის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა „მედიაჩეკერიც“, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა შესაბამისად განახლდება. 

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.

15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა. 

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 32-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვლიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ