დღევანდელი, 11 თებერვლის 18:00-საათიანი „მოამბე“ გამოშვების იმ პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა წაიყვანა, რომელმაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.
„მედიაჩეკერს“ რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, რომ „მოამბის“ წამყვანები 18:00-საათიანი გამოშვების წაყვანაზე უარს ამბობენ.
გამოცემა ამ და სხვა მიღებული ინფორმაციის გადამოწმებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტსა და არაერთ სხვა პოზიციაზე მომუშავე პირთან მეორე დღეა ცდილობს, თუმცა ისინი „მედიაჩეკერის“ ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ.
4 თებერვალს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მაია ჭუჭულაშვილმა, თამუნა კენკიშვილთან ერთად, განაცხადა, რომ იმ გამოშვების პროდიუსერობაზე, რომელიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს, უარი თქვა.
ამავე საღამოს, არხმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს აცნობა, რომ „მოამბის" პროდიუსერების მიერ დაფიქსირებული პოზიციის გამო, დროებით „მოამბეს“ აღარ წაიყვანს.