06.07.2018
აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო საქმეზე - „მ.ლ და ვ.ვ გერმანიის წინააღმდეგ“ (M.L. and W.W. v. Germany).
განმცხადებლები მ.ლ და ვ.ვ 1953 და 1954 წელს დაბადებული გერმანიის მოქალაქეები არიან. 1993 წელს ერმანიის ეროვნულმა სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ცნობილი მსახიობის ვ.ს-ს მკვლელობის გამო. 2007 წლის აგვისტოსა და 2008 წლის იანვარში მ.ლ და ვ.ვ ციხიდან პრობაციის წესით გათავისუფლდნენ.
2007 წელს მოსარჩელეებმა რადიოსადგურ Deutschlandradio-ს წინააღმდეგ ჰამბურგის რეგიონულ სასამართლოს მიმართეს. ისინი რადიოსადგურის ინტერნეტგვერდზე მათ შესახებ არსებულ მასალებში პერსონალური მონაცემების ანონიმურობის დაცვას ითხოვდნენ.
2008 წლის 29 თებერვალს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და უპირატესობა მიანიჭა მათ ინტერესს, წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო აღარ ყოფილიყვნენ საჯარო გაკიცხვის მსხვერპლნი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია რადიოსადგურის გამოხატვის თავისუფლება და მედიის მისია საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მ.ლ-მ და ვ.ვ-მ 2010 წელს მიმართეს. ისინი უთითებდნენ, რომ დანაშაულის ჩადენიდან 15 წლის შემდეგ ისინი კვლავ ხდებოდნენ ახალი დაპირისპირების მსხვერპლნი. მათ სტიგმატიზაციას ხელს უწყობდნენ ის მედია საშუალებები, რომელთა ინტერნეტგვერდებზე ჯერ კიდევ იძებნებოდა ინფორმაცია მათი სასამართლო პროცესის შესახებ. განმცხადებლები შიშობდნენ რომ მსგავსი მიდგომით მათ არასოდეს ჩამოშორდებოდა მკვლელის იარლიყი. ისინი ასევე ვარაუდობდნენ, რომ სასამართლო პროცესებიდან ოცი წლის გასვლის შემდეგ მათი საქმის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი განელებულიყო იყო და მათი პერსონალური მონაცემების ანონიმურობა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ხელს მაინც არ შეუშლიდა.
განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ გერმანიის ფედერალური სასამართლო უფლებამოსილი და ვალდებული იყო გამოეყენებინა განმცხადებლების მიერ მოთხოვნილი პირთა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მსუბუქი ფორმა - დაევალდებულებინა მედიასაშუალებები განმცხადებლების შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში მათი პერსონალური მონაცემები დაეშტრიხათ.
მოპასუხე რადიოსადგური აღნიშნავდა, რომ მედიის დავალდებულება, არქივში დაცულ პუბლიკაციებში პერსონალური მონაცემების ანონიმურობა ეკონტროლებინა, სახელმწიფოს მხრიდან გადაჭარბებული ჩარევა იქნებოდა მათ საქმიანობაში. მოპასუხის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო განმცხადებლების მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მოპასუხე იმასაც აღნიშნავდა, რომ განმცხადებლებმა თავად შეუწყვეს ხელი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გაღვივებას, როცა საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს და ამის შესახებ პრესას თავად მიაწოდეს ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაცია.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს განსახილველ საკითხს წარმოადგენდა სამართლიანი ბალანსის დადგენა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებასა და კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში.
გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა წარმოადგენს სახელმწიფოს, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტი განსაკუთრებით მაღალ დონეზე არის უზრუნველყოფილი. მიუხედავად აღნიშნულისა, გერმანიის ფედერალურმა სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მოცემულ საქმეში გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა და მას მიანიჭა უპირატესობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან მიმართებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის მხრივ მხარი დაუჭირა ფედერალური სასამართლოს მსჯელობას და ხაზი გაუსვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უმნიშვნელოვანეს როლს დემოკრატიულ საზოგადოებაში და არ დაადგინა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა.
გადაწყვეტილების დეტალები შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ს ვებსაიტზე