საქართველო
კატეგორია - საქართველო
სოციალურ მედიაში საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილი, პრეზიდენტობის კანდიდატების მადისკრედიტირებელი გვერდების ნაწილი აღარ იძებნება. გაუქმებული გვერდებიდან ოთხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო ერთი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კონტენტს ავრცელებდა.

 


27 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, მედიაჩეკერმა კონკრეტული კანდიდატის ან პოლიტიკური პარტიის მადისკრედიტირებელი 30-ზე მეტი ფეისბუკ გვერდი აღმოაჩინა. მათ შორის 12, რომელზეც სტატიაშიც გიამბეთ, ბოლო სამი თვის განმავლობაში შეიქმნა. აღნიშნული გვერდები ფოტო და ვიდეო მანიპულაციებით, სიძულვილის ენით, მოწოდებებით, შეურაცხმყოფელი ტექსტებით, დამონტაჟებული მასალებითა და დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდნენ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას.

იხილეთ: სოციალური მედია კანდიდატების დისკრედიტაციისათვის

გაქცეული პრეზიდენტი“, „სტოკჰოლმის სინდრომი“ ფეისბუკში უშუალოდ არჩევნების წინ 20 სექტემბერს და 6 ნოემბერს გამოჩნდა. „მიშა მაზიანი“ და „ტრანსფორმატორი“ კი 2 ივლისს და 12 ივნისს შეიქმნა. აღნიშნულ გვერდებს ის აერთიანებდათ, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში გააქტიურდნენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ , მისი ლიდერებისა და პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მადისკრედიტირებელ მასალებს ავრცელებდნენ.

28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. 29 ნოემბერს კი მისი ოპონენტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ გააქტიურებული ხუთი გვერდი გაუქმდა.

არჩევნების შემდეგ, ფეისბუკში არც „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდი „ქოცების აღსასრული“ აღარ იძებნება.

კატეგორია - საქართველო
მაუწყებლები მკვეთრად პოლარიზებულები და მიკერძოებულები იყვნენ; პრობლემური იყო უფასო სარეკლამო დროს გამოყოფა, რადგან ერთ შემთხვევაში არ დაუთმეს იმ კანდიდატს [„იმედმა“ გრიგოლ ვაშაძეს], რომელსაც კანონით ეკუთვნოდა და მეორე შემთხვევაში დაუთმეს მას [სალომე ზურაბიშვილს], ვისთვისაც გამოყოფას იგივე კანონმდებლობა არ ავალდებულებდათ, - ამ და სხვა მიგნებებზეა საუბარი საერთაშორისო მისიების წინასწარ მოხსენებაში არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის შესახებ.

 


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP), ეუთოს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) წინასწარი დასკვნა დღეს, 29 ნოემბერს გამოქვეყნდა.

უფასო საეთერო დრო

საარჩევნო კოდექსი ეროვნული მაუწყებლებისგან მოითხოვს, უფასო საეთერო დრო პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ იმ კანდიდატებს გამოუყონ, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ. კანონში არსებული შეზღუდვების მიუხედავად, მაუწყებლებს უფლება აქვთ უფასო დრო დაუთმონ პარტიის მიერ დასახელებულ კანდიდატს, რომელსაც არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში რესპონდენტთა სულ მცირე ოთხმა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

წინასწარი დასკვნის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დებულებების მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს უფასო საეთერო დრო არ ეკუთვნის, ყველა ეროვნულმა მაუწყებელმა, „რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია „იბერია TV“-ს გარდა, დამოუკიდებელ კანდიდატს თავისი ნებით იმდენივე საეთერო დრო გამოუყო, რამდენიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რაც მათი განმარტებით თანაბარი პირობების უზრუნველყოფად გააკეთეს.

ამავე შეფასებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ უფასო საეთერო დრო არ გამოუყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, რადგან არხი პარტიას 2007 წელს ტელევიზიაში შეჭრაში დებს ბრალს.

„ორივე ოპონენტმა უფასო და ფასიანი საეთერო დრო ნეგატიური კამპანიისთვის უფრო გამოიყენა, ვიდრე საკუთარი კანდიდატურის რეკლამირებისთვის“, - ვკითხულობთ დასკვნაში.

მედიაგარემოს პოლარიზება

მედიაგარემოს მკვეთრი პოლარიზება, რაზეც მედიაჩეკერში არაერთი მასალა მომზადდა, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებაშიც მოხვდა. წინასწარ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მედია მონიტორინგის შედეგებით,ძირითადი მედიასაშუალებების მკვეთრი პოლარიზაცია არც მეორე ტურში შეცვლილა.

განსაკუთრებული აქცენტი დოკუმენტში „იმედზე“ კეთდება, „რომელმაც ღიად განაცხადა, რომ აქტიურად იმუშავებდა იმისთვის, რომ ხელი შეეშალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატისთვის და საუკეთესო საეთერო დრო და მიმდინარე მოვლენების ამსახველი გადაცემები „ენმ“-სა და მისი კანდიდატის დაგმობას დაეთმო“.

მოხსენების მიხედვით, იმედის მიერ გაშუქებული ახალი ამბების დაახლოებით 34% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაეთმო განსაკუთრებულად ნეგატიური ტონით, მაშინ, როცა „ქართული ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შესაბამისად 23% და 9% დაეთმო, ძირითადად დადებითი ან ნეიტრალური ტონით.

„რუსთავი 2-მა“ განსაკუთრებით ძლიერად დაგმო ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, რომლებსაც შესაბამისად გაშუქების 17%, 32% და 9% დაეთმო, უმეტესწილად ნეგატიურად მაშინ, როცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 24% პროცენტი დაეთმო ძირითადად ნეიტრალური ტონით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიკერძოებულობა

სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელის „პირველმა არხმა“ მკვეთრად გამოავლინა თავისი მიკერძოებულობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი კანდიდატის წინააღმდეგ. ამავე დროს „ქართული ოცნების“ და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მხარდამჭერა გამოხატა.

„მიუხედავად იმისა, რომ არხმა სამართლიანად გადაანაწილა ახალი ამბების გაშუქების დრო და შესაბამისად დაახლოებით 30-30 პროცენტი დაუთმო ორივეს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ერთად. გაშუქების ტონი მკვეთრად განსხავდებოდა და უმეტესად ნეგატიური იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მაშინ, როცა „ქართული ოცნებისა“ და მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ უფრო დადებითი ან ნეიტრალური იყო“.

სხვა მიგნებები

წინასწარ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ

• საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველმა არხმა“ და ტელეკომპანია „იმედმა“ პოლიტიკური სიახლეების გაშუქებისთვის განკუთვნილი საეთერო დროის ერთი მეოთხედი მთავრობის აქტივობების გაშუქებას დაუთმო და ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ ინიცირებულ სამომავლო სოციალურ პროგრამებზე.

• ტელეკომპანია „პირველმა“ თავის საინფორმაციო გადაცემებში ორივე პარტიისა და ორივე კანდიდატს შედარებით ნეიტრალური და ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება შემოგვთავაზა. მათი ტოკ-შოუები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის გამართული ცხარე და ემოციური დისკუსიების პლატფორმად გადაიქცა.

• „აჭარის ტელევიზიის“ გაშუქება უმეტესწილად ნეიტრალური იყო, თუმცა არხმა „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ბევრად მეტი დრო დაუთმო, შესაბამისად 27% და 4% მაშინ, როცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 19% დაეთმო.

კიდევ ერთი მიგნება, რაზეც დასკვნაში ვკითხულობთ, არის არჩევნების მეორე ტურში მედიის მარეგულირებელი დებულებების ბუნდოვანება.

„30 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს აცნობა, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია ძალაში შევიდოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღს ოფიციალურად გამოაქვეყნებდა. ნათელი რეგულაციების არ არსებობის პირობებში, მაუწყებელთა უმეტესობამ არჩია მედიის მარეგულირებლისეული ინტერპრეტაცია გაეთვალისწინებინა და მეორე ტურის ჩატარების თარიღის ოფიციალურ გამოცხადებამდე ეთერში არ გაეშვა წინასაარჩევნო კამპანიის მასალები. ამ პროცესმა ამ მაუწყებლებზე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობები შეზღუდა. თუმცა, „რუსთავი 2“-მა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამების ეთერში გაშვება 10 ნოემბერს დაიწყო, განაცხადა რა, რომ ამ სფეროში რეგულაციების ნაკლებობა მათ წინასაარჩევნო კამპანიის მასალების ეთერში გაშვებას არ უზღუდავდა“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
კატეგორია - საქართველო
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ამომრჩევლის თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მოიპოვეს, გავლენა არა მხოლოდ ქვეყნის ზოგად პოლიტიკურ კლიმატზე, არამედ მედიაგარემოზეც მოახდინა.

ისედაც პოლარიზებული და საპრეზიდენტო კანდიდატების ნეგატიურად წარმოჩენაზე ორიენტირებული წამყვანი მედიასაშუალებები კიდევ უფრო რადიკალურები გახდნენ. რადიკალიზაცია, რიგ შემთხვევაში, საეთერო ბადის შეცვლით, რიგ შემთხვევაში კი, კიდევ უფრო აგრესიული პოლიტიკური მესიჯების გაჟღერებით გამოიხატა.

არჩევნების მეორე ტურის წინ წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური სუბიექტების საწინააღმდეგოდ ვიზუალური მანიპულაციების გამოყენების პრაქტიკა. ასევე, მედიასაშუალებებმა აქტიურად განაგრძეს წინასწარ შერჩეული მესიჯბოქსების მეშვეობით მაყურებლებში მოწინააღმდეგე პოლიტიკური ბანაკის დისკრედიტაცია.

იმედი

არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადებისთანავე, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილმა ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობა დააანონსა. საგანგებო რეჟიმი საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ ნეგატიური შინაარსის მქონე მესიჯების უფრო ინტენსიურად გაჟღერებით და სათერო ბადეში ახალი სატელევიზიო ტოქშოუს „იმედი Live”-ის დამატებით გამოიხატა.

ტელეკომპანია „იმედის“ მთავარმა საინფორმაციო გამოშვებამ („ქრონიკა 20:00 საათზე“) არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებისთანავე, საგანგებო რეჟიმში, აქტიურად დაიწყო გრიგოლ ვაშაძისა და მისი გარემოცვის საქმიანობის, წარსული ცხოვრებისა და მათი გუნდის შესახებ სიუჟეტების მზადება.

საინფორმაციო გამოშვებებში გახშირდა 2003 წლიდან 2012 წლამდე მომხდარი მოვლენების გახსენება, იმ მოვლენების ხელახალი გაშუქება, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადაჭარბებას და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდებოდა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა: გრიგოლ ვაშაძის ბიოგრაფიაში რუსულ კვალზე; მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალებაზე; მის გუნდში მყოფ პოლიტ-ტექნოლოგებსა და სავარაუდო რევოლუციურ სცენარზე, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით შესაძლოა ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელოს საქართველოში.

ხშირად მზადდებოდა საპასუხო სიუჟეტები ინფორმაციაზე, რომელიც კონკურენტი ტელევიზიის რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვებებით ჟღერდებოდა, ან ოპოზიის წარმომადგენლები ავრცელებდნენ.

არხზე ხშირად ჩნდებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთანაც ტელეკომპანიის წამყვანებს ვრცელი ინტერვიუები ჰქონდათ, მაგალითად კახი კალაძესთან, დავით სერგეენკოსთან, მაია ცქიტიშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან, ივანე მაჭავარიანთან. ინტერვიუების მიმდინარეობისას მთავრობის წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება საუბარი იმ მიმართულებით წაეყვანათ, რომელიც მათთვის იქნებოდა მომგებიანი.

ჟურნალისტები არ გამოირჩეოდნენ მათდამი კრიტიკულობით და უმეტესწილად ღია ტრიბუნას აძლევდნენ პოლიტიკოსებს, რომ საკუთარი დღის წესრიგით ემოქმედათ, დაეფიქსირებინათ მათი პოზიციები და მათი საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლო ინფორმაცია გაეჟღერებინათ.

მაგალითად, გადაცემაში „პირისპირ“, 13 ნოემბერს, ორ მინისტრს დავით სერგეენკოსა და მაია ცქიტიშვილს, წამყვანი ძირითადად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სავარაუდო რევოლუციური სცენარის შეფასებასა და მთავრობის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გადაცემის დროს ნახსენები იყო არაერთი სოციალური პრობლემა, თუმცა აღნიშნულ პრობლემებზე საუბარი მხოლოდ პრობლემების ხსენებით შემოიფარგლებოდა, რის შემდგომაც მთავრობის წარმომადგენელს შეეძლო ინტერვიუ სასურველი მიმართულებით, სამომავლო ინიციატივებზე საუბრით გაეგრძელებინა.

10 ნოემბერს შაბათის ქრონიკის მთავარი სტუმარი თბილისის მერი კახი კალაძე იყო. ამ დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. ინტერვიუს პარალელურად, აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა გადაცემის წამყვანს ერთხელაც არ დაუსვამს შეკითხვა ქალაქის მერისათვის პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებზე. სამაგიეროდ კახი კალაძემ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის მისეულ შეფასებებსა თუ ქალაქის მერიისა და მმართველი გუნდის გეგმებზე.

მსგავსი პათოსის ინტერვიუ ჩაიწერა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელთან ბიძინა ივანიშვილთან ტელეკომპანიის საგანგებოდ შექმნილ გადაცემაში „იმედი LIVE”, რომელსაც ჟურნალისტი თეონა გეგელია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ყოფილი პოლიტიკური მდივანი ნიკოლოზ ლალიაშვილი უძღვებიან. ინტერვიუს ძირითადი ნაწილი დაეთმო ივანიშვილის მოლოდინებს არჩევნების პირველ ტურზე; მის შეფასებებს - რა მოხდება თუ მეორე ტურში გაიმარჯვებს გრიგოლ ვაშაძე; არის თუ არა მოსალოდნელი არეულობა, თუ სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებს; გეგმავს თუ არა მთავრობა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას ჭარბვალიანობის შესამცირებლად და ა.შ.

„ნაციონალური მოძრაობისადმი“ კრიტიკული ტონი და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალობა ცალკეული შემთხვევა არ ყოფილა და შეიძლება ითქვას, რომ ეს მოტივი „იმედი LIVE”-ის ეთერში გასვლას ლაიტმოტივად გასდევს. როგორც წამყვანმა თეონა გეგელიამ პირველ გადაცემაშივე აღნიშნა, კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ სატელევიზიო გადაცემის წაყვანა არც მისთვის იყო „კომფორტული მდგომარეობა“, თუმცა განმარტა, რომ „ამ ძალის [ნაციონალური მოძრაობის] ხელისუფლების რომელიმე შტოსთან მოახლოვების წინააღმდეგ პოზიციონირება არის ამ ტელეკომპანიის ღირებულებითი არჩევანი და ჩემი პირადი არჩევანიც.“

გადაცემის წამყვანები ძირითადად მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ ხოლმე და არ ერიდებიან შეფასებების გაკეთებას ნაციონალური მოძრაობისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ, თუმცა „იმედი LIVE”-დან ვერ მოისმენთ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ პოზიციას. ერთადერთი საყვედური რომელიც ხელისუფლების მისამართით ისმის, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკმარისი რაოდენობის ამომრჩევლის განაწყენება მოახერხა 2012 წლიდან დღემდე, საიმისოდ, რომ მათ მხარდაჭერილ კანდიდატს პირველ ტურში ვერ გაემარჯვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და გრიგოლ ვაშაძის შესახებ კი ძირითადად შემდეგი მესიჯები ტრიალებს - „მტერი“, „ტერორისტული ორგანიზაცია“, „რევოლუციური სექტა“ „რუსული პროექტი“ და ა.შ. გადაცემაში ასევე იყენებენ გრაფიკულ მანიპულაციებს, როგორიცაა ვაშაძის რუსეთის დროშის ფონზე გამოსახვა (სალომე ზურაბიშვილის კი საფრანგეთის დროში) და სისხლისფრად შეღებილი ნიაღვრის ნაკადით ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჩინოვნიკების გამოსახულებების გადაფარვა.





აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ გადაცემაში დრო და დრო ისმის კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების მისამართით, თუმცა ამ მოსაზრებების ავტორები მხოლოდ გადაცემის სტუმრები არიან, მაგალითად: დავით უსუფაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, კობა დავითაშვილი და ა.შ. აღნიშნული სტუმრები არ გამოირჩევიან ნაციონალური მორაობისადმი ლოიალურობით, თუმცა ისინი კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართაც. ასევე, გადაცემის წამყვანების თქმით, ისინი არაერთხელ შეეცადნენ, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გადაცემაში მიეწვიათ, თუმცა გრიგოლ ვაშაძემ მათ შეთავაზებას ყველა ჯერზე უარით უპასუხა.

რუსთავი 2

გადაცემა „იმედი LIVE” თავისი ფორმატითა და შინაარსით ტელეკომპანია „იმედზე“, ნაწილობრივ, რუსთავი 2-ის გადაცემა „კვირის აქცენტებს“ წააგავს, თუმცა საწინააღმდეგო პოლიტიკური პოლუსითა და ნაკლები უცენზურო გამონათქვამით. რუსთავი 2-ის აღნიშნული გადაცემის შესახებ, მედიაჩეკერმა რამდენიმე დღის წინაც მოამზადა მასალა, რომელშიც უფრო დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ, თუ რა თემებს და როგორ აშუქებენ არხის გენერალური დირექტორი და მისი თანაწამყვანი. თუმცა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს გადაცემა არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად გადის ეთერში და უფრო და უფრო რადიკალური გახდა.

მაგალითად, ნიკა გვარამიამ, თავისივე თანაწამყვანის პროტესტის მიუხედავად, ტელევიზიის ეთერთი ისაუბრა მოარულ ჭორებზე ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის პირადი ცხოვრების შესახებ, რასაც საზოგადოების არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

იმავე წამყვანმა, რამდენიმე კვირით ადრე, ფოტოგრაფ იური მეჩითოვს Aljazeera-ს დოკუმენტურ ფილმში გამოთქმული მოსაზრებების გამო აგინა, შემდეგ კი მეჩითოვის თემა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას დაუკავშირა, ვინაიდან ფოტოგრაფი სწორედ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერია. გადაცემაში კვლავაც მხოლოდ ხელისუფლებისადმი ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტები და საჯარო ფიგურები ხვდებიან ხოლმე სტუმრად და წამყვანების შეფასებებიც რადიკალურია როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე „ქართული ოცნების“ მისამართით.



რადიკალური იყო გამოხატვის ფორმები გადაცემაში კურიერი P.S., სადაც 18 ნოემბერს ეთერში წამყვანის ნაცვლად მაყურებელი სხვადასხვა პოლიტიკოსის სხეულისაგან შემდგარ ფიგურებს უყურებდა. გადაცემის რედაქციის გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის ტანზე მიერთებული ბიძინა ივანიშივლის, ირაკლი კობახიძისა თუ კახი კალაძის გამოსახულებებით წაეყვანათ პირდაპირი ეთერი, რამდენიმე დღით ადრე, ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის „ქართული ოცნების“ სხვადასხვა პოლიტიკური სახის პოსტერებით ჩანაცვლებას უკავშირდებოდა. ვიზუალური მანიპულაციით ტელეკომპანია შეეცადა, რომ კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატის დისკრედიტაცია მოეხდინა.

რუსთავი 2-ის მთავარი საინფორმაციო გამოშვება კი კვლავინდებურად მაქსიმალურად კრიტიკულია ხელისუფლებისა და მისი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებიდან მალევე, „კურიერმა“ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, აქტიური დაიწყო, ხელისუფლების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩევლებზე ზეწოლის თუ მათ ნებაზე ზეგავლენის მცდელობების შესახებ ამბების მოძიება და გაშუქება. ასევე, საინფორმაციო გამოშვება განსაკუთრებულად უთმობდა ყურადღებას ხელისუფლებისადმი და სალომე ზურაბიშვილისადმი განსაკუთრებულად კრიტიკულად განწყობილი სუბიექტების გაშუქებას, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნები თუ ერთ დროს ქართული ოცნების აქტიური მხადამჭერები, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებას სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ.

რაც შეეხება რუსთავი 2-ის ტოქ შოუ „არჩევანს“, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე სულ 7 გადაცემა გავიდა. ამათგან ერთი გადაცემა დაეთმო „ხალხის ხმას“, სადაც როგორც წესი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოსახლეობის კომენტარებია ხოლმე თავმოყრილი მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ერთი გადაცემა მთლიანად დაეთმო ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“. არჩევნების მეორე ტურის წინა ღამეს კი გადაცემაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ გადაცემაში მიწვეულნი, თუმცა აღსანიშნავია რომ ამ ადამიანების უმეტესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კადიდატის მხარდამჭერები ან სახელისუფლებო კანდიდატისადმი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილები იყვნენ. დარჩენილი გადაცემების სათაურები („წართმეული არჩევანი; რატომ გვაშინებს ოცნება“, „ივანიშვილის ძველი გვარდია“, „მზადება გაყალბებისთვის“) კი თავისთავად მეტყველებს გადაცემების პათოსზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მთავარი ცვლილება საარჩევნო ტურებს შორის იყო ანალიტიკური გადაცემა „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“, რომელიც ყოველდღე გადიოდა ეთერში შაბათ-კვირის გარდა. გადაცემა მიჰყავდა ოთხ წამყვანს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს. როგორც პირველი არხის ვებგვერდზეა მითითებული, სულ 16 გადაცემა გავიდა ეთერში, რომელთაგან ორი შედარებით დიდ აუდიტორიას მასპინძლობდა და სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება თავიანთი მოსაზრებები დაეფიქსირებინათ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებსა და არჩევნებზე.

ზოგადად, გადაცემა „იმედისა“ და რუსთავი 2-ის ტოქ შოუებთან შედარებით, უფრო მრავალფეროვანი და ნაკლებად სენსაციური იყო. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, რომ მშვიდად მოესმინა თითოეული წამყვანისა თუ სტუმრის პოზიცია. თუმცა, გადაცემის სტუმრებს შორის ჭარბობდა ხელისუფლების მომხრე ან ნაციონალური მოძრაობისადმი მკვეთრად ანტაგონისტურად განწყობილი პოლიტიკოსები, სახელმწიფო მოხელეები ან საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები (რამდენიმე მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, გოგა ხაინდრავა, ხათუნა ხოფერია, ზაზა შათირიშვილი, ნაირა გელაშვილი და ა.შ.). გადაცემაში სტუმრად ასევე ჰყავდათ სალომე ზურაბიშვილისა და ქართული ოცნებისადმი კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები (მაგ. რომან გოცირიძე, გიორგი ვაშაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი) ანდა საჯარო ფიგურები, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატებისადმი (დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ჯაფარიძე).



გადაცემა არ გამოირჩეოდა სიმწვავით სახელმწიფო მოხელეების ინტერვიუირებისას. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სტუმრობა, რომელთან ჩატარებული ინტერვიუც ძირითადად შეეხებოდა მთავრობის ინიციატივას, საბანკო ვალდებულებებზე დაწესებული შეღავათების შესახებ. გადაცემის წამყვანებს არ დაუსვამთ მწვავე შეკითხვები პრემიერ-მინისტრისათვის და ნაცვლად ოპონირების რეჟიმისა, ბახტაძეს საშუალება ჰქონდა, რომ ერთსაათიანი ეთერის განმავლობაში უბრალოდ საკუთარი საქმიანობისა და მთავრობის პრომოუშენით დაკავებულიყო.
კატეგორია - საქართველო
28 ოქტომბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნების დღეს რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საარჩევნო უბნებთან მდგარმა კოორდინატორებმა და მოქალაქეებმა სხვადასხვა მედიასაშუალების რეპორტიორს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

საარჩევნო პროცესის დაწყებიდან მალევე, ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ თბილისში, ახმეტილის თეატრის შენობაში არსებულ 25-ე უბანთან მდგარი ორი ქალი ტელეკომპანიის ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში უშლის ხელს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მას რამდენჯერმე ხელითაც შეეხნენ.



მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოიკითხა ჟურნალისტიც, რომლის თქმითაც, საქმე აღძრულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა, სავარაუდოდ საქმე ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლად გადაკვალიფიცირდება.

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ კოტე აფხაზის ქუჩაზეც. როგორც მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ჟურნალისტს მოქალაქეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მან ჰკითხა, რა სიები ჰქონდათ ჩანთაში.



სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა On.ge-ის ჟურნალისტ სალომე ჩადუნელსაც. აღნიშნული ფაქტი ასევე თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, 54-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. რეპორტიორს სავარაუდოდ ერთ-ერთი კოორდინატორი დაუპირისპირდა. როგორც On.ge-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რეპორტიორი ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ კოორდინატორს შეკითხვებს უსვამდა იმ სიებთან დაკავშირებით, რაც მას ხელში ეკავა. ჟურნალისტის შეკითხვამ კი იქვე მდგომი მეორე კოორდინატორი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ინციდენტს შეესწრო ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიცია და მათ ჟურნალისტის გამოკითხვა დაიწყეს,“- წერს On.ge.



ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტის შესახებ ვიდეო გაავრცელა რადიო მარნეულმაც. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ცდილობენ სოფელ ყიზილაჯლოში, 89-ე უბანზე მყოფი პიროვნებები, რომ ჟურნალისტს არ მისცენ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების საშუალება და უბნის გარეთ გაიყვანონ. რადიო მარნეული წერს, რომ მათ ჟურნალისტებს ხელითაც შეეხნენ და ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში, თუმცა რეპორტიორებს საარჩევნო უბანი არ დაუტოვებიათ. რადიო მარნეულს არ დაუკონკრეტებია იმ პიროვნებების ვინაობა, ვინც მათ ჟურნალისტებზე ზეწოლას შეეცადა.



ჟურნალისტებისადმი არასათანადო მოპყრობაზე ავრცელებს ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაც. როგორც ტელეკომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს აგრესიულად ბათუმისა და ქობულეთის საარჩევნო უბნებზე დახვდნენ. შემთხვევა მოხდა ბათუმის 29-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ''მთავარის'' გადამღებ ჯგუფს მოქალაქემ კადრების გადაღების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ქობულეთის 38-ე საარჩევნო უბანზე კი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, რომლებმაც გადამღებ ჯგუფს პროვოკატორები უწოდეს, ნათქვამია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



არჩევნების მიმდინარეობისას ჟურნალისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისა და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს დილითვე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიამ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ აქტივისტებს მოუწოდა თავი შეიკავონ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მუშაობაში ხელის შეშლისაგან, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით აკრძალულია.

„არჩევნების დღეს მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ის უზრუნველყოფს აუდიტორიის ინფორმირებას ამ დემოკრატიული პროცესის შესახებ. მისი მოვალეობაა, აჩვენოს ყველა ხარვეზი და კანონდარღვევა, ამიტომაც აუცილებელია, ჟურნალისტებმა შეძლონ მშვიდ ვითარებაში მუშაობა და პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

კატეგორია - საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სოციალურ მედიაში გაიზარდა იმ გვერდების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტული კანდიდატის, ან პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგო კონტენტს ავრცელებს. ის გვერდები კი, რომლებიც არჩევნებამდეც არსებობდა, გაცილებით გააქტიურდა.

27 ნოემბრის მონაცემებით, „ფეისბუკზე“, ორი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის - “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, მათი ლიდერებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პიარის ან დისკრედიტაციისკენ მიმართული ათობით გვერდი იძებნება. გვერდების ავტორების ვინაობა უცნობია.

გვერდები ყველანაირი ტიპის ინფორმაციას ავრცელებენ: ფოტო, ვიდეო, ტექსტი, მოწოდებები კანდიდატის მხარდასაჭერად ან პირიქით, დამონტაჟებული მასალები, დეზინფორმაცია, კარიკატურები და ა.შ. ტექსტები შეიცავს სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ და უხამს გამონათქვამებს. ვრცელდება ვიდეოები არქივიდან, რომლებშიც არის ძალადობრივი სცენები.

დაპირისპირებული პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგ მიმართული გვერდები ხშირად მსგავს ან იდენტურ კონტენტს ათავსებენ, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა რამდენიმე გვერდს ერთი და იგივე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი მართავდეს.

„გაქცეული პრეზიდენტი“, „სტოკჰოლმის სინდრომი“, „Григорий Вашадзе“, „სამშობლოსათვის“, „ორი გვამი უნდათ“, „ეროვნული მედია“ - ეს გვერდები ფეისბუკში უშუალოდ არჩევნების წინ, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში შეიქმნა. მათ მიერ გამოქვეყნებული მასალები და მოწოდებები “ქართული ოცნების” პიარს და “ნაციონალური მოძრაობის”, მისი ლიდერების, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, მისი მხარდამჭერებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დისკრედიტაციას ემსახურება.


მაგალითად, გვერდი „Stockholm syndrom სტოკჰოლმის სინდრომი“ არჩევნების მეორე ტურამდე სამი კვირით ადრე - 6 ნოემბერს შეიქმნა.

„სტოკჰოლმის სინდრომი - სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ ქართველ ერს სტოკჰოლმის სინდრომი ახასიათებს, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა გვერდი”, - გვერდის შექმნის პირველივე დღეს, ამ შინაარსის პოსტით განმარტეს მისი შექმნის მიზანი ავტორებმა.

„დაფიქრდი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვაშაძის გაპრეზიდენტებას!“ „არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის გვაქვს გასაკეთებელი!“ „არ მისცე საშუალება ტვინი გამოგირეცხონ!“ „პრინციპული არჩევანი, სინათლეს და სიბნელეს შორის!!!“ „ნუ აირჩევ მოძალადე პარტიის წარმომადგენელს პრეზიდენტად !!!“ “თუ გსურს, რომ ვანო გათავისუფლდეს და გააგრძელოს ხალხზე ძალადობა, მიდით 28-ში, შემოხაზეთ გრიგოლ ვაშაძე და პრეზიდენტად აირჩით მიშა!” “ჩვენ ისევ გაწამებთ ციხეებში” - მიეცი შანსი ბაჩოს იგივე აკეთოს !!!” - გვერდზე ამგვარი შინაარსის ტექსტები, ვიდეოები და, ფოტომანიპულაციები გვხვდება - მაგალითად, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოცხით.

27 ნოემბრის მონაცემებით, გვერდს 2000-ზე მეტი მოწონება აქვს და დაახლოებით ამდენივე გამომწერი ჰყავს. ამ ციფრების კვალობაზე, გაცილებით მაღალია პოსტების მოწონებისა და გაზიარების მაჩვენებლები. იმ შემთხვევაში კი, როდესაც კონტენტს არეკლამებენ, ასეთი ძირითადად ვიდეოებია, ნახვების მაჩვენებელი ყოველდღიურად ათასობით იზრდება. მაგალითად, გვერდის მიერ გავრცელებულ და დაფინანსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორ დღეში 130 000-მდე ნახვა და 2000 გაზიარება ჰქონდა, ერთ კვირაში კი ვიდეო 300 000-მდე ფეისბუკ მომხმარებელმა ნახა და 4 000-მდე ადამიანმა გააზიარა.

იმავე გზებით ცდილობენ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ის გვერდებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაპიარებას ცდილობენ.

მათ შორისაა: „Gürcüstanımız Üçün Birləşək ჩვენი საქართველოსთვის გაერთიანდეთ ერთად“, „გურამ ღავთაძე“, „სოლოლაკის კარის თამაშები“, „სალომეს ყლექსიკონი“ „ქოცების აღსასრული“, „ბიძინა ივანიშვილი“, - ამ სახელწოდების გვერდები, რომლებიც უშუალოდ არჩევნების წინ შეიქმნა.

„ნუ გახდებით ოლიგარქის ვნების შემსრულებელი!! საქართველოს არ ჭირდება პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას საქართველოს არ ჭირდება სალომე ზურაბიშვილი!!!!“ „ყველამ შეიგნოს, რომ ამ კანდიდატის მხარდაჭერა იგივე ოკუპანტის მხარდაჭერაა!!!“ - ამ და მსგავსი ტექსტებით ცდილობს ამომრჩევლზე გავლენის მოხდენას გვერდი „სოლოლაკის კარის თამაშები“, რომელიც 12 სექტემბერსაა შექმნილი.


“ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო გვერდებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” მადისკრედიტირებელი ყველა გვერდი ამომრჩეველს აქტიურად მოუწოდებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ. ამ გვერდებს ისიც განასხვავებს, რომ მათი მოწონებისა და გამომწერების რაოდენობა მაღალი არ არის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არც დარეკლამებული პოსტი იძებნება.

2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუკში მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც” (ISFED) შეისწავლა. “სამართლიანი არჩევნები“ 54 გვერდს დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში, 1 ივნისიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში აკვირდებოდა.

ISFED-ის დაკვირვებით, გრიგოლ ვაშაძისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის მიზნით „ფეისბუქზე“ 27 გვერდი მოქმედებს. მათ ჯამში 403,417 მომწონებელი ჰყავთ. 1 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ამ გვერდებზე ჯამში 4,766 პოსტი გამოქვეყნდა.



რაც შეეხება “ქართულ ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ გვერდებს, ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ასეთი 26 გვერდი აღმოაჩინა. მათგან თოთხმეტი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახლო პერიოდში შეიქმნა და მათი მიზანი წარსულში „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია იყო. დანარჩენი 12 გვერდის შექმნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ციკლის დაწყებას ემთხვევა. 26 გვერდს ჯამში 452,572 მომწონებელი ჰყავს და 1 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ამ გვერდებზე 10,538 პოსტია გამოქვეყნებული.

კვლევის მიხედვით, „შესწავლილ „ფეისბუქ“ გვერდებზე მადისკრედიტირებელი მესიჯები საარჩევნო ციკლის დაწყებისას მიმართული იყო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ხოლო მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა, მესიჯები შეიცვალა და უმეტესად სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში გარდაისახა.

ამავე დოკუმენტის თანახმად, გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ს მადისკრედიტირებელი გვერდების მთავარი მესიჯები ძირითადად მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და ნიკა გვარამიას საწინააღმდეგო პროპაგანდას უკავშირდება.

აღნიშნული გვერდები ხშირად რომ არეკლამებენ კონტენტს, ამაზე “სამართლიანი არჩევნების” კვლევაშიც ვკითხულობთ.

“საარჩევნო სუბიექტების საწინააღმდეგო ნებისმიერი მოწოდება წარმოადგენს აგიტაციას. ხოლო აგიტაციის მიზნით გამოყენებული ფინანსები ექვემდებარება კანონით დადგენილი წესით დეკლარირებას, რომლის მონიტორინგსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს. იმდენად, რამდენადაც მადისკრედიტირებელი „ფეისბუქ“ გვერდები, ძირითადად, ანონიმურად ოპერირებენ, მათ მიერ პოსტების დასასპონსორებლად გაღებული ხარჯების დეკლარირება და შესაბამისად ამ ხარჯების კანონით გათვალისწინებული მონიტორინგი არ ხდება. ამდენად, გაწეული ფინანსური ხარჯი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს”, - ნათქვამია კვლევაში.

იხილეთ სტატიაში დასახელებული გვერდების სქრინშოთები
კატეგორია - საქართველო
წინასაარჩევნო პერიოდში მედიის საშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომელიც სავარაუდოდ, მაღალჩინოსნებს სხვადასხვა კორუფციულ გარიგებებსა და სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევაში ამხელდა, პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებული რეაქცია და შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციამ ჩანაწერებში მმართველი გუნდის მანკიერი სახე დაინახა, მმართველმა გუნდმა კი პირიქით, მომხდარი ოპოზიციის პროვოკაციად შეაფასა. იყო სხვა გზავნილიც, რომელიც პოლიტიკური ურთიერთბრალდებების ფონზე გარკვეულწილად დაკარგა, თუმცა არა უკვალოდ - დატოვა მკაფიო და საფრთხის შემცველი სიგნალი.
ერთ-ერთი ასეთი ფარული ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, მმართველი გუნდი მედიის მიმართ გარკვეული შეზღუდვების დაწესების ინიციატივაზე ალაპარაკდა. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს სისხლის სამართლი კოდექსი შეახსენა და განაცხადა, რომ “კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა, პირადი სივრცის წესის დარღვევა, ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება, გავრცელება, შენახვა ისჯება სისხლის სამართლის წესით” და მედია ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნება.

“კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, შესაბამისად, თუ ის არის უკანონო ჩანაწერი, უკანონო ჩანაწერის გავრცელების უფლება არავის აქვს”, - აღნიშნა მანვე. მოგვიანებით ეკა ბესელია კიდევ უფრო შორს წავიდა და ხალხზე ზრუნვის მოტივით, მედიის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების მიზანშეწონილობაზე კითხვის ნიშნები დასვა.

„უნდა დასრულდეს გადაბიჯება კანონის, რომელიც გულისხმობს ასეთი ჩანაწერების გაშვების აკრძალვას, როდესაც ის არ არის კანონიერად მოპოვებული. ეს ეხება მედიასაც. ეს ეხება ყველას. დაიღალნენ ჩვენი მოქალაქეები, ყველა დავიღალეთ...ასეთი ჩანაწერების გასაჯაროების უფლება აქვს მხოლოდ გამოძიების ორგანოს, „რომელმაც იცის, ეს კანონიერია თუ არა, მოიპოვა თუ არა კანონიერად და რისკებს იღებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია პირველში სტუმრობის დროს.

ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მედიის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციას შეიცავდა. ამ ჩანაწერებიდან საზოგადობამ სისტემის შესაძლო ხარვეზებსა და მანკიერ მხარეებზე მიიღო ინფორმაცია.

გავრცელებული ჩანაწერები ორაზროვნად შეაფასა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმაც. „მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, როდესაც გაუთავებლად ვიღაც დებს რაღაც ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით“, - განაცხადა მან.

რას ამბობს კანონმდებლობა?

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით, “კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორდან ოთხ წლამდე”.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის მერი ადუაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის იგივე მუხლში არის შენიშვნაც, რომელშიც განმარტებულია, რომ აღნიშნული “დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა”. ადუაშვილი ამბობს, რომ ეს ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, მართალია, შენიშვნაში ჟურნალისტური საქმიანობა და მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელება დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მისი ინტერპრატაციის გზით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ამ უკანასკნელზეც ვრცელდება.

მაგალითად, როგორც წესი, მედიის მიერ ისეთი ფარული ჩანაწერები ვრცელდება, რომელიც არა რომელიმე კერძო პირის პირად ცხოვრებას ან პირად კომუნიკაციას ასახავს, რაც კანონით ისედაც შეზღუდულია და შესაბამისი წესით ისჯება, არამედ ჩანაწერის გასაჯაროებით შესაძლო დანაშაულის შესახებ საზოგადოებისა და სამართალდამცველი უწყებების ინფორმირება ხდება . შესაბამისად, მერი ადუაშვილი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მედიაზე მორგება და მისი ამ ჩარჩოში მოქცევა არასწორია.

გარდა ამისა, ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლება თითოეული ადამიანისთვის უზენაესი კანონით - კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი. ამავე დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ “მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია” და “ცენზურა” დაუშვებელია.

ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების თვისუფლება კიდევ უფრო მკაფიოდ სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონშია განმარტებული, სადაც ეს უკანასკნელი ადამიანის უზენაეს ფასეულობად არის აღიარებული და “ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღები, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას” მოიცავს. კონსტიტუციის მსგავსად, ამავე კანონით დაუშვებელია “ცენზურა” და უზრუნველყოფილია “მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობა და პლურალიზმი” ასევე, “ჟურნალისტის უფლება დაიცვას წყაროს საიდუმლოობა და საკუთარი სინდისის შესაბამისად მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილებები”.

ჟურნალისტების შეფასება

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ფარული ჩანაწერების გამოყენების მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ეკა ბესელიას ნათქვამი საფრთხის შემცველია.

“ის, რაზეც ეკა ბესელია საუბრობდა არის მედიაში ცენზურის შემოტანის მცდელობა, რაც ხელისფლებას არ გამოუვა. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ გამოხატვის თავისუფლება რაიმე ფორმით შეზღუდონ”, -აღნიშნავსიგი და ამატებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინიციატივა კანონად იქცევა, ეს ფაქტობრივად “ცენზურის დაკანონება” იქნება: “თუმცა, ჩვენ ყველანაირ ხერხს და გზას გამოვნახავთ იმისთვის, რომ ვამხილოთ ხელისუფლება დანაშაულში და ჩვენ ეს ვერ შეგვაფერხებს”.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე და სტუდია მონიტორის გამომძიებელი ჟურნალისტი გიორგი მგელაძე ამბობს, რომ ქართული კანონმდებლობა ჟურნალისტის მიერ ფარული ჩანაწერის გავრცელებას არ ზღუდავს. მისივე თქმით, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში გამოყენებული ფარული ჩანაწერების დიდი უმრავლესობა ისეთია, როდესაც საუბრის ან მოქმედების ერთ-ერთი მხარე ჩანაწერის შესახებ ინფორმირებულია, ანუ ჩანაწერი მისი გაკეთებულია: “ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ე.წ. მსხვერპლს ჩანაწერის გაკეთებაში თავადვე ვეხმარებით, რითაც კონკრეტული დანაშაულის, თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედების მხილება ხდება”.

რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ჩანაწერი ფარულად, მესამე პირის მიერ არის გაკეთებული და მედიასთან ასევე მესამე პირის საშუალებით არის მისული, გიორგი მგელაძე მიიჩნევს, რომ საკითხის საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მედიას მისი გავრცელების სრული უფლება აქვს და მას კანონდებლობა არც ამ შემთხვევაში ზღუდავს. ჩანაწერის მოპოვება-გავრცელებაზე კი პასუხისმგებლობა არა მედიას, არამედ იმ პირს ეკისრება, ვინც ჩანაწერი უკანონოდ გააკეთა, გაავრცელა და ა.შ.

გამომძებელი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თუკი რომელიმე მთავრობას მსგავსი ჩანაწერების გავრცელების თავიდან აცილება სურს, მაშინ მისი პრევენცია თავადვე უნდა მოახდინოს. მაგალითად, როდესაც საუბარია, ციხეში გაკეთებული ჩანაწერის გავრცელებაზე, ხელისუფლებამ თავად უნდა უზრუნველყოს, რომ პენიტენციურ დაწესებლებაში ფარული მიყურადება და შემდეგ ამ საუბრის გავრცელება არ ხდებოდეს და ამ მხრივ არსებულ კანონმდებლობაში რაიმე ფორმით ცვლილების შეტანა საჭირო არ არის.

რაც შეეხება ეთიკურ კომპონენტს, გიორგი მგელაძის განმარტებით, ნებისმიერი ფარული ჩანაწერის გავრცელების წინ ხდება საზოგადოებრივი სიკეთისა და ზიანის აწონვა, თუკი პირველი მათგანი მეორეს ძლევს, მაშინ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩანაწერის გასაჯაროების სასარგებლოდ კეთდება.

“ჩვენ გვყოლია მედიის მიმართ ამაზე ბევრად უფრო მკაცრად განწყობილი მთავრობები, თუმცა მედიის თავისუფლების კუთხით დამატებითი შეზღუდვების დაწესება ვერცერთმა მათგანმა გაბედა. იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებასაც ეყოფა გონიერება და ამ მხრივ ნაბიჯს არ გადადგამს”, - ამბობს გამომძიებელი ჟურნალისტი.

საერთაშორისო გამოცდილება

ცხადია, საკანონმდებლო ჩანაწერი მედიას/ჟურნალისტს შეუზღუდავ თავისუფლებას არ ანიჭებს. არსებობს გარკვეული ტიპის ინფორმაცია, მაგალითად სახელმწიფო საიდუმლო, რომლის გამჟღავნებაც როგორც ცალკე აღებულ ინდივიდს, ისე მედიას გარკვეული პასუხისმგებლობის ქვეშ აყენებს. თუმცა, მსოფლიო პრაქტიკა ისეთ მაგალითებსაც ინახავს, როდესაც სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებისთვის მაღალი საზოგდოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლომ გადაწყვეტილება მედიის სასარგებლოდ მიიღო და პასუხისმგებლობა არ დააკისრა. ამის მაგალითი The Washington Post და პენტაგონის საიდუმლო მასალებია.

1971 წელს გამოცემამ სტატიების სერიის დაბეჭდვა დაიწყო და ხალხს იმის შესახებ მოუყვა, როგორ ატყუებდა აშშ-ის პრეზინდეტის ოთხი ადმინისტრაცია საკუთარ მოსახლეობას ვიეტნამის ომში აშშ-ის როლსა და ადამიანურ ფასთან დაკავშირებით. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მიუხედავად მასალების შინაარსისა, სასამართლომ გადაწყვეტილება ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიტანა და პრესას საიდუმლო დოკუმენტებზე მასალების გამოქვეყნების უფლება მისცა, რასაც საბოლოო ჯამში, მაშინდელი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის სავარძელიც შეეწირა.
კატეგორია - საქართველო
წინასაარჩევნო პერიოდი მედიისთვის ყოველთვის გამორჩეულად აქტიურია. ჟურნალისტებს განსხვავებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა და ასეთ დროს არსებული პრობლემები და გამოწვევები უფრო ინტენსიურად იჩენს ხოლმე თავს.

საქართველოს სხვადასხვა ცენტრალურ და ადგილობრივ მედიაში მომუშავეები ამბობენ, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ რჩება პრობლემად არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან კომუნიკაცია და მათგან ინფორმაციის მიღება. თუმცა, 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალი გამოწვევაც გაჩნდა, ე.წ. Fake news-ების სიმრავლე.

ონლაინგამოცემა “ნეტგაზეთის” რედაქტორი დათო ქოქოშვილი ამბობს, რომ სხვა გამოწვევებთან ერთად, ამ არჩევნებზე ჟურნალისტების დიდი დრო და ენერგია ე.წ. Fake news-ების გადამოწმებას მიჰქონდა: “უამრავი ხმაურიანი fake news თუ მანიპულაცია ვრცელდება კანდიდატების წინააღმდეგ და ამის გადამოწმებაში მიდის ბევრი დრო და რესურსი. უამრავი გვერდია შექმნილი როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო, შემდეგ ამბები უკვე მედიითაც ვრცელდება. არ ვამბობ, რომ რაიმე დიდი პრობლემა შეგვექმნა ჩვენ, უბრალოდ ტრენდია ამ არჩევნების. ამ ყველაფრის გადამოწმება გიწევს და გამოწვევა არის ცხადია მედიისთვის, რომ რაიმე ტყუილს ან მანიპულაციას არ წამოეგო”.

იგივე პრობლემაზე საუბრობს ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე.

„უკვე მეორე წელია შტატებში Fake news ერთ-ერთ მთავარ საარჩევნო მანიპულაციად განიხილება. მისი გავლენა წელს ჩვენთანაც აქტიურად გამოჩნდა. გაურკვეველი საიტებისა და ფეისბუკის გვერდების გარდა, მაუწყებლებისა და ოფიციალური პირებისგანაც არაერთხელ მოვისმინეთ გადაუმოწმებელი, არასწორი ინფორმაცია”, - ამბობს იგი.

ჟურნალისტები და რედაქტორები ამბობენ, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ პრობლემა იყო კანდიდატებთან კომუნიკაცია.

„ტაბულას“ რედაქტორი, სალომე უგულავა ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ კარგად ონლაინ მედიის გავლენას. მისი თქმით, ისინი ონლაინ გამოცემებს ნაკლებ დროსა და ყურადღებას უთმობენ და მთელს რესურსს ტელევიზიებისკენ მიმართავენ: „როცა ბრიფინგი ან პრესკონფერენცია იგეგმება, ისევ სატელევიზიო განრიგზეა მორგებული. თითქმის ყველაფერი კამპანიებში ტელევიზიაზეა აწყობილი. მართალია, ადამიანების უმრავლესობა, განსაკუთრებით უფროსი თაობა, ინფორმაციას ისევ ტელევიზიიდან იღებს, მაგრამ მათი ნაწილი უკვე ონლაინ სიახლეებსაც აქტიურად ეცნობა. ახალგაზრდებისთვის კი ონლაინ და ციფრული მედია გახდა ინფორმაციის უპირველესი წყარო. თან, ზოგჯერ შეიძლება აქედან უფრო ადრე გაიგოს ამბავი ადამიანმა, ვიდრე ტელევიზორიდან. ამიტომ, კარგი იქნება, პრიორიტეტებს თუ გადახედავენ“.

On.ge -ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ სწორედ ეს დამოკიდებულებაა მიზეზი, რის გამოც ონლაინ გამოცემებს ორიგინალური კონტენტი იშვიათად აქვთ და ძირითადად პოლიტიკოსების სატელევიზიო გამოსვლებისა და გამონათქვამების ახალ ამბად ქცევა უწევთ: “მათგან კომენტარის მიღება საკმაოდ რთულია. პირდაპირ უარს არ გეუბნებიან , მაგრამ საბოლოოდ მაინც თავს არიდებენ. მაგალითად, გვინდოდა ასეთი ფორმატის ინტერვიუები გაგვეკეთებინა პირველი ტურის დროს - შაბლონური კითხვები კანდიდატებს. იყო შეკითხვები სხვადასხვა თემებზე, სადაც კარგად გამოჩნდებოდა მათი ხედვები. ეს კითხვები გავუგზავნეთ 6 კანდიდატს: ზურაბიშვილს, ვაშაძეს, ბაქრაძეს, ნათელაშვილს, უსუფაშვილს და ჯაფარიძეს. მათაგან მხოლოდ ორმა, უსუფაშვილმა და ჯაფარიძემ გვიპასუხეს”.

გაგზავნილ კითხვებზე პასუხის მიღების გარდა, ისევ გამოწვევად რჩება პირდაპირი კომუნიკაცია კანდიდატებთან. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ არჩებნებზე განსაკუთრებით რთულად მისაწვდომი რესპონდენტი “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია.

„ლიბერალის“ ჟურნალისტის ნათია ამირანაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ: „ვეკონტაქტებოდით მისი პიარის სამსახურის წარმომადგენელს. გადავუგზავნეთ კიდეც შეკითხვები, მაგრამ პასუხები არც ამ ფორმით მიგვიღია. სპორტის სასახლეში გამართულ შემაჯამებელი შეხვედრაზეც მივედით, მაგრამ არც იქ დაგვითმო დრო“.

კომუნიკაციის ამგვარი პრობლემა მედიის მუშაობას განსაკუთრებით ართულებს იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ კანდიდატთან, მისი პიროვნების, ან განცხადებების გამო, ბევრი შეკითხვა არსებობს.

„არაერთხელ ყოფილა, როცა სკანდალური, საკამათო, ან ბუნდოვანი განცხადება გაუკეთებია [სალომე ზურაბიშვილს. რედ.] და შემდეგ მიდის ინტერპრეტაციები რა იგულისხმა. ყოველთვის ვცდილობთ მასთან დავაზუსტოთ და პირადად განმარტოს რაც თქვა, თუმცა, თითქმის არასოდესაა ხელმისაწვდომი. როდესაც ცალკე ვერ ვახერხებთ მასთან საუბარს, რადგან უარს ვიღებთ, ანონსებშიც ვეძებთ ხოლმე სად მიდის იმ დღეს. თუმცა, იქაც ძირითადად უარს ამბობს კომენტარის გაკეთებაზე მისთვის არასასურველ თემაზე“, - ამბობს სალომე უგულავა.

სალომე ზურაბიშვილი ყველაზე რთულად ხელმისაწვდომი კანდიდატია ტელევიზიებისთვისაც.

“ბრიფინგი თუ ჩაატარა, მხოლოდ იმაზე საუბრობს რაც თავად აქვს სათქმელი, დამატებით შეკითხვებს არ პასუხობს. სადმე ღონისძიებაზე თუ მივედით, რომელსაც ესწრება, იქაც ძირითადად თავს არიდებს კომენტარის გაკეთებას”, - გვეუბნება ლუკა ხაჩიძე.

ლუკა ხაჩიძეს ერთ-ერთ გამოწვევად მიაჩნია სპიკერების სიმწირეც. მისი თქმით, გადაცემებში, თემის მიუხედავად, ძირითადად ერთი და იგივე ადამიანები დადიან სასაუბროდ. როგორც ირკვევა, წინა წლების მსგავსად, კვლავ რთული მოსაპოვებელია ინფორმაცია კანდიდატების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ. ეს პრობლემა წელს განსაკუთრებით რეგიონებში გამოჩნდა.

„ბათუმელების” რედაქტორი ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ მათთვის არც სალომე ზურაბიშვილის და არც გრიგოლ ვაშაძის შტაბს არ მიუწოდებია ინფორმაცია ვიზიტების შესახებ. ამის გამო ჟურნალისტებს ძირითადად საკუთარი წყაროებიდან უწევდათ შეხვედრების შესახებ დეტალების მოძიება. კვაჭაძე ასევე იხსენებს, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს განსაკუთრებული პრობლემა იყო ჟურნალისტების ურთიერთობა კოორდინატორებთან, რომლებიც ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი მათდამი და რამდენჯერმე კონფლიქტური სიტუაციაც კი შეიქმნა.

„ბათუმელებს“ კომუნიკაციის წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილის შტაბთანაც: „მათგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია წინასაარჩევნო ხარჯების შესახებ, ერთდღიანი ლოდინის შემდეგ გვითხრეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად აუდიტისთვის მიგვემართა. რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღესაც ძალიან აქტიურად ეკონტაქტებოდა ჟურნალისტებს და აწვდიდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას. თუმცა, ამის მიუხედავად ვერ შევძელით ამ პარტიის წარმომადგენლის, ლევან ვარშალომიძის ჩაწერა არჩევნების შესახებ”.
კატეგორია - საქართველო
მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "იბერიამ" გადაცემები შეაჩერა, ერთი თვეზე მეტი დრო გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ “ომეგა ჯგუფმა”, რომლის ფინანსურ პრობლემებსაც “იბერიას” საქმე დაუკავშირეს, მუშაობა განაახლა, ტელევიზიას მაუწყებლობა არ აღუდგენია. პრობლემები დაიწყო გუნდშიც - “იბერიამ” დასაქმებულების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. უკვე ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მათი უფლებები დაირღვა და ტელევიზიის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავენ. ამ ყველაფრის ფონზე კი ტელევიზიის ხელმძღვანელობა დუმს და უპასუხოდ ტოვებს კითხვებს, რა ბედი ელის ტელევიზიას და მის გუნდს.

 


შეწყვეტილი მაუწყებლობა

16 ოქტომბერს, არჩევნების პირველ ტურამდე 12 დღით ადრე, „იბერიაზე“ შემდეგი შინაარსის წარწერა გაჩნდა - „ხელისუფლებამ დახურა იბერია“. ამ დღიდან ეთერში აღარც საინფორმაციო გამოშვებები გადის და აღარც პოლიტიკური გადაცემები.

ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ მაუწყებლობის შეჩერების მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა. ეს, მისივე თქმით, ტელევიზიის დამფინანსებელ კომპანია „ომეგა ჯგუფზე“ ხელისუფლების ზეწოლით იყო გამოწვეული.

ამ თემაზე იხილეთ: ტელეკომპანია "იბერიის" საქმე - მოკლედ


გათავისუფლებული თანამშრომლები

მაუწყებლობის შეწყვეტიდან სამ დღეში, 19 ოქტომბერს, „იბერიას“ თანამშრომლების ნაწილს გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა. ბრძანების საფუძველზე, ტელევიზიის ათობით თანამშრომელს, 22 ოქტომბრიდან ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყდა.

„ვინაიდან ხელისუფლებამ „ომეგა ჯგუფს“ შეუქმნა ფინანსური პრობლემები და შესაბამისად განაპირობა შპს „იბერია ტვ-ის” დაფინანსების შეწყვეტა, შპს „იბერია ტვ“ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იძულებულია შეწყვიტოს გაფორმებული ხელშეკრულებები“, - აღნიშნულია გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში.

"ომეგა" ჯგუფი

„ომეგა ჯგუფს“ ხელისუფლება 50-მილიონიან საბიუჯეტო დავალიანებას ედავება. არჩევნების პირველ ტურამდე ორი დღით ადრე, 26 ოქტომბერს, კომპანიამ დავალიანების მცირე ნაწილი - ერთი მილიონი ლარი გადაიხადა და “ომეგას” თამბაქოს ქარხანამ წარმოება განაახლა.

“ომეგას” მუშაობის განახლებიდან ერთი თვის შემდეგ, ჯერ ისევ უცნობია აპირებს თუ არა ტელეკომპანია “იბერია” მუშაობის გაგრძელებას და რა ბედი ელით თანამშრომლებს.

ჟურნალისტებისა და ოპერატორების საქმე

მაკა ჩიხლაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც გათავისუფლების ბრძანება მიიღო. იგი ამბობს, „რომ ტელევიზიაში ფინანსური პრობლემები ხშირად იყო და დახურვას წინ ტექნიკური პერსონალის გაფიცვა უძღოდა: როდესაც არ ირიცხებოდა ხელფასი, ოპერატორები იფიცებოდნენ. ასეთი შემთხვევები ხშირად იყო. 16-შიც იგივე მოხდა. ოპერატორებისა და მემონტაჟეების გაფიცვას საეთეროც შეუერთდა და, შესაბამისად, 19:00- საათიანი გამოშვება ვეღარ გავიდა ეთერში”.

გათავისუფლებულ თანამშრომლებს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნიათ და სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ. “იბერიის” გუნდი ორად გაიყო, ჟურნალისტებმა ცალკე დაიწყეს ბრძოლა თავიანთი უფლებების დასაცავად, ოპერატორებმა კი ცალკე.

ჟურნალისტებმა დახმარება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცას სთხოვეს. ისინი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და კომპენსაციას ითხოვენ. თანამშრომლები ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ 1-15 ოქტომბრის ანაზღაურება ჩაურიცხათ, თუმცა 15-22 ოქტომბრის თანხა არ მიუღიათ. [შეგახსენებთ, 22 ოქტომბრიდან შეუწყდათ მათ ხელშეკრულებები, ამ დრომდე ტელეკომპანიის თანამშრომლებად ითვლებოდნენ].

„ნატო ჩხეიძემ გვითხრა მე არ ვარ დამნაშავე, რომ ტელევიზია გაჩერდა, წადით და მოსთხოვეთ ხელფასი და სამსახური ბიძინა ივანიშვილს და მამუკა ბახტაძესო. ჩვენი აღშფოთება ამან გამოიწვია, რადგან ჩვენი დამსაქმებელი არც ივანიშვილი იყო და არც ბახტაძე“, - ამბობს მაკა ჩიხლაძე.

საიას იურისტი მარიამ გოგოსაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების შრომითი უფლებები დაირღვა. მისი თქმით, კანონმდებლობით დადგენილია, რომ მსგავს სიტუაციაში, თანამშრომლებს, შრომის ანაზღაურებასთან ერთად, არანაკლებ ორი თვის კომპენსაცია უნდა მიეცეთ: „ეს საკითხი საერთოდ არ არის გათვალისწინებული ბრძანებაში. კომპენსაციის საკითხზე საუბარს თავს არიდებენ. ჩვენ უკვე რამდენჯერმე მივწერეთ და ვკითხეთ, როდის მოხდება ანაზღაურება და კომპენსაციის გადახდა”.

იბერიას ტექნიკური პერსონალი. ფოტო: © 1tv.ge
ცალკე აპირებს ბრძოლას ტექნიკური პერსონალი. ტელევიზიიდან გათავისუფლებულმა 38-მა თანამშრომელმა, პროფკავშირების დახმარებით, სასამართლოს უკვე მიმართა. ჟურნალისტებისგან განსხვავებით, ტექნიკური პერსონალი, შრომით ანაზღაურებასა და კომპენსაციასთან ერთად, გათავისუფლების ბრძანების ბათილობასაც ითხოვს.

„ვთვლით, რომ არასაფუძვლიანად ვართ გათავისუფლებულები. საქალაქო სასამართლოს უკვე მივმართეთ კომპენსაციისა და განაცდურის თაობაზე და მეორე სარჩელი გათავისუფლების ბრძანების ბათილობაზე შეგვაქვს”, - ამბობს ოპერატორი გიორგი ჯიბღაშვილი.

"იბერიის" დამფუძნებლის პოზიცია

ტელეკომპანიის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე უარყოფს, რომ თანამშრომლების მიმართ დავალიანება აქვთ: „როგორც დავპირდი, 15 ოქტომბრამდე ნამუშევარი უკვე ავუნაზღაურე. 16 ოქტომბრის მერე არ უმუშავიათ და არ ვიცი რა ერთი კვირის მუშაობაზეა ლაპარაკი,“ კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებულ კითხვაზე კი გვპასუხობს: “წესითა და კანონით რაც არის განსაზღვრული, “იბერია” იმას შეასრულებს.“

როდის და რა ფორმით აღდგება მაუწყბელობა, ტელევიზიის დამფუძნებელს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ მაუწყებლობის გასაგრძელებლად, სარეკლამო შემოსავალია საჭირო: „ფინანსები თუ იქნება, არის იმისი სურვილი და მზადყოფნა, რომ ტელევიზია დაუბრუნდეს ისეთივე მაუწყებლობას, როგორიც იყო. ეს ფინანსებზეა დამოკიდებული. სარეკლამო შემოსავალია საჭირო.“

არხის დირექტორის დუმილი


29 ოქტომბრიდან ტელევიზიის ეთერში წარწერა შეიცვალა. ახლა ტელევიზიის ეთერში ჩანს წარწერა - “არხის რეორგანიზაცია” და გადის საარქვივო მასალები - 18:00-დან 00:00 საათამდე.

იმის გასარკვევად თუ, რა იგულისხმება რეორგანიზაციაში, ვის ან რას ეხება იგი, რა ბედი ელის “იბერიას”, გათავისუფლებულ ან დარჩენილ თანამშრომლებს, ან რა შუაშია სარეკლამო შემოსავლები, მაშინ, როცა აქამდე ამაზე არავის საუბრობდა, “მედიაჩეკერი” არხის დირექტორთან მაკა ჯაფარიძესთან დაკავშირებას მთელი კვირის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ტელევიზიის დირექტორი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. “იბერიაში” მისულებს ადგილზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები დაგვხვდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკონტაქტო მონაცემები ადგილზეც დავტოვეთ, დღემდე არავინ დაგვკავშირებია.



"იბერიის" ისტორია
ტელეკომპანია “იბერია” 2000 წელს დაარსდა. მისი მფლობელი და დამფინანსებელი კომპანია “ომეგა ჯგუფი” იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, სამართალდამცველებმა “ომეგას” სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესში მონაწილეობის მოტივით, “იბერიას” ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით, ტელეკომპანია “იბერია” დაიხურა.

არხმა მაუწყებლობის ლიცენზია 2013 წელს დაიბრუნა. მაუწყებლობა კი 2015 წელს განაახლა. მისი დამფუძნებელი შპს ბენმონტი - BENMONT-ია, რომლის მფლობელები ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი იყვნენ. 2016 წლის არჩევნებში ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სახელით მონაწილეობდნენ. ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი, ზაზა ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. იმის გამო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონით პოლიტიკური პარტიის წევრს ეკრძალება მაუწყებლის ფლობა, მათ საკუთარი წილები გადააფორმეს შვილებზე - რატი და გიორგი ოქუაშვილებზე, რომლებიც “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში არ გამოჩენილან. კვლავაც ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებდნენ, როგორც არამხოლოდ “ომეგა ჯგუფის” , არამედ “იბერიის” წარმომადგენლები.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.

პროკურატურის ინფორმაციით, ევროპის პრეს ფოტოსააგენტო "ეპა"-ს ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია "პრაიმ ტაიმის" ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე, 2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსეს.

უწყების განცხადებით, შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ დ.დ.-მ გადაწყვიტა დაკავებულ ფოტოგრაფებზე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით, მათგან მიეღო წინასწარ შეთხზული აღიარებითი ჩვენებები ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ. "ამ მიზნის განსახორციელებლად დ.დ. 2011 წლის 07 და 08 ივლისს, დროებითი მოთავსების იზოლატორში, არაოფიციალურად, ისე რომ მისი შესვლა არ დაფიქსირებულა რეგისტრაციის ჟურნალში, რამდენიმეჯერ, ცალცალკე შეხვდა დაკავებულ ცოლ-ქმარს ირაკლი და ნათელა გედენიძეებს, რომლებსაც ნათელა გედენიძის პირადი ცხოვრების ამსახველი პიკანტური ფოტოს გავრცელების მუქარით და შვილების მომავალზე შანტაჟით, იძულებით მიაცემინა ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობასთან დაკავშირებით ცრუ აღიარებითი ჩვენებები".

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "ასევე, N8 საპყრობილეში, დ.დ., ამავე საპყრობილის დირექტორის ა.მ.-ის დახმარებით, რომელიც სამართალდამცავების და ფოტორეპორტიორების ფარული შეხვედრების ორგანიზებას ახდენდა, რამდენიმეჯერ შეხვდა ზურაბ ქურციკიძეს, რომელიც ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულა მიეცა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენება. მას შემდეგ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანმა აღიარებით ჩვენებებზე დაიყოლია ირაკლი გედენიძე, ნათია გედენიძე და ზურაბ ქურციკიძე, იგი 2011 წლის 15 ივლისს, N8 საპყრობილეში, ღამის საათებში, საპყრობილის დირექტორის დახმარებით, ფარულად შეხვდა გიორგი აბდალაძეს. ბრალდებულთან შეხვედრისას, დ.დ. გიორგი აბდალაძეს ეუბნებოდა, რომ იგი ,,მათ ხელში“ იყო; ,,რაც უნდათ იმას უზამდნენ“. საუბარში უხსენებდა შვილს, რომელიც შეიძლება ავარიაში მოხვედრილიყო.

დ.დ.-ს მიერ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო გიორგი აბდალაძემ და იგი დათანხმდა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებით ჩვენების მიცემას, რომლის შინაარსიც დ.დ.-ს მიერ უნდა ყოფილიყო განსაზღვრული, რასაც ბრალდებული დაიზეპირებდა და მეორე დღეს, მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით იგი აღიარებით ჩვენებას ჩამოაყალიბებდა საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვის დროს, ვიდეოკამერაში. ამ მიზნით, დ.დ., მის თანმხლებ სამართალდამცავებთან ერთად, ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჯაშუშობის გამოგონილი ისტორიის ასახვის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში აზეპირებინებდა გიორგი აბდალაძეს წინასწარ შეთხზულ ჩვენებას, რაც ფოტოგრაფს დაკითხვისას მეორე დღეს უნდა დაეფიქსირებინა".

პროკურატურის განცხადების მიხედვით, 2011 წლის 16 ივლისს, დ.დ. მიერ განსაზღვრული გეგმის/სცენარის მიხედვით, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გიორგი აბდალაძემ მისი დამცველი ადვოკატების თანდასწრებით, ვიდეო გადაღებით მიმდინარე საგამოძიებო მოქმედება - დაკითხვისას მისცა ცრუ აღიარებითი ჩვენება, რითაც მოხდა სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით გამოვლინდა აქამდე უცნობი სრულიად ახალი მტკიცებულებები და გარემოებები, რითაც დადასტურდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და დაზარალებულთა პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. 2017 წლის 20 ივლისს, სასამართლომ ფოტოგრაფების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანს დ.დ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განუსაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით და 4 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საპყრობილის დირექტორს ა.მ.-ს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განუსაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

"ამასთან, ახალი გამოძიებით გამოირიცხა ფოტოგრაფების მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი. აქედან გამომდინარე, დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახლად გამოვლენილი გარემოებები და მტკიცებულებები და მსჯავრდებული ფოტოგრაფები სრულად გაამართლა", - ნათქვამია საქართველოს მთავაი პროკურატურის განცხადებაში.
კატეგორია - საქართველო
28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „იმედმა“ საგანგებო რეჟიმში დაიწყო მაუწყებლობა. როგორც ტელეკომპანიამ განმარტა, საეთერო ბადის საგანგებო რეჟიმში გადასვლის წინაპირობა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გადასვლა გახდა. „ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც არხის სახელით გავრცელდა. (საინტერესოა, რომ განცხადების ნაწილი იმ ტელეწამყვანმა წაიკითხა, რომელიც იმ „რეჟიმის“ დროს, იმედის დარბევიდან 2 წელში, მაშინდელი მთავრობის მთავარ რუპორში, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მუშაობდა).

 


აღნიშნულ განცხადებაში, არსებითი სიახლე მხოლოდ ტერმინ „საგანგებო რეჟიმის“ გამოყენება გახლდათ. ხოლო ის, რაც ამ ტერმინის მიღმა დგას, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მონიტორინგით არის დოკუმენტირებული. „მიმდინარე საანგარიშო პერიოდში უფრო თვალსაჩინო გახდა, თუ როგორი პოლარიზებულია სამაუწყებლო მედია. … არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, თუ რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ. „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ტოქშუები კი პრაქტიკულად ალტერნატიულ რეალობებს აჩვენებდნენ აუდიტორიას,“ - აღნიშნულია ქარტიის ანგარიშში, სადაც სატელევიზიო ტოქშოუებში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებაა შეფასებული.

არც თუ დიდი ხნით ადრე კი, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა და გადაცემა „კვირის აქცენტების“ ერთ-ერთმა წამყვანმა პირდაპირ ეთერში წიწაკა ჭამა. მართალია, აღნიშნული „ჩელენჯის“ იუმორისტული განზომილება ბევრისათვის გაუგებარი დარჩა, მაგრამ ნაგულისხმევი მესიჯი არხის მაყურებლებისთვის კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ ე.წ „წიწაკა ჩელენჯამდე“. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის Facebook-ის ანგარიშიდან დაწყებული, ლამის “გააცინე და მოიგეთი“ დასრულებული, ყველა შესაძლო საინფორმაციო წყაროთი, არხი სრულყოფილ ანტი-საარჩევნო კამპანიას ატარებდა ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ.

მოკლედ რომ ვთქვათ, წამყვანი ქართული ტელეარხებიდან ორის მთავარი მახასიათებელი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია და მაყურებლამდე ალტერნატიული რეალობების მიტანაა. თუმცა, მანამდე „იმედის“ მიერ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება იქცევს ყურადღებას. საგანგებო რეჟიმი ან საგანგებო მდგომარეობა სამართლისა და პოლიტიკის ფილოსოფიაში ფართოდ განხილული ცნებაა (მაგ. კარლ შმიტი, ჯორჯო აგამბენი) და იგი, ძირითადად, ძალაუფლების ლეგიტიმურ წყაროსთან, სუვერენთან მიმართებაში გაგებულია როგორც განსაკუთრებული მდგომარეობა, სადაც აღნიშნული ძალაუფლების წყაროზე აღარ ვრცელდება ჩვეულებრივ დროს არსებული კანონისმიერი შეზღუდვები.

რა თქმა უნდა, „იმედი“ ჩვენს მოცემულობაში პირდაპირი გაგებით სუვერენი ვერ იქნება, მაგრამ თუკი გავიხსენებთ რომ მედიასაშუალებები თავისი არსით გარკვეულ ძალაუფლებას ფლობენ თავიანთ მაყურებლებზე, ეს კონკრეტული მედიასაშუალება კი იმ პოლიტიკური ძალის თანამებრძოლი აღმოჩნდა, ვინც ამჟამად ქვეყანას მართავს, იოლი გახდება ტერმინის გამოყენების მოტივაციის მიხვედრაც (ალბათ შემთხვევითი არც ისაა, რომ მედიას ხშირად მეოთხე ხელისუფლებად მოიხსენიებენ ხოლმე. ჩვენს რეალობაში ზოგიერთი მედია სწორედ ხელისუფლების მეოთხე შტოს ფუნქციას ითვისებს, ოღონდ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). პოლიტიკური კრიზისების დროს, სწორედ ძალაუფლების ზედა საფეხურზე მდგომი სუბიექტები ცდილობენ გააჩინონ საგანგებო მდგომარეობის ქრონიკული განცდა, რათა მათთვის დაწესებული კანონისმიერი შეზღუდვებიდან გადახვევის საშუალება მუდმივად ჰქონდეთ. ერთი მხრივ, „იმედს“ თავის მაყურებელთან სრულიად ლეგიტიმურად შეუძლია გაამართლოს ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მიმართული კამპანია, მეორე მხრივ კი, საგანგებო მდგომარეობის განცდის გაჩენით ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეუქმნის ხელსაყრელ პირობებს, რომ ამომრჩევლის ყურადღება „სისხლიან 9 წელზე“ გამახვილდეს, ნაცვლად ამჟამინდელი ხელისუფლების უსუსური სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკისა, პოლიტიკური შეცდომებისა თუ სამართლებრივი გადაცდომებისა.

ზუსტად ანალოგიური საგანგებო მდგომარეობის განცდა შეიძლება გაუჩნდეს მაყურებელს, ამჟამად ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის „რუსთავი 2“-ის ყურებისას. რუსთავი 2, რომელიც ასეთ საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს ლამის 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აღნიშნულ განცდას ერთი და იმავე ხერხით აღვივებდა 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგაც - სახელმწიფო უსაფრთხოებაზე წამდაუწუმ აპელირება და მოღალატეების, მტრების ამოცნობა პოლიტიკურ ოპონენტებში. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, პოლიტიკური ოპონენტების გასანეიტრალებლად სწორედ რუსეთის აგენტების, მეხუთე კოლონების და „პუტინისტების“ აღმოჩენით ხდებოდა ხოლმე ქვეყანაში არსებული საპოლიციო თუ პენიტენციურ სისტემაში არსებული უსამართლობების, ჩამოშლილი ეკონომიკის, სიღარიბის ზღვართან და ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ცხოვრების გადაფარვა. 2012 წლის შემდეგაც, „ქართული ოცნების“ კრიტიკის მთავარი ხაზი მოღალატეობაზე გადის. “შერაცხადობასთან პრობლემის მქონე ქალი“, „პუტინი“, „მოღალატე“ - ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ ეპითეტებიდან, რომელიც სალომე ზურაბიშვილს ერგო, მაგალითად, გადაცემა „კვირის აქცენტებში“.

საბოლოო ჯამში კი ორი მთავარი ტელეარხი, რომელიც ორი მთავარი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს ეკრანებიდან მაყურებელს დაუღალავად აწვდის, მსგავსი ტაქტიკით თუმცა განსხვავებული არგუმენტით მოქმედებს. იმედის შემთხვევაში, ტრანსლირებულ საგანგებო რეჟიმს „სისხლიანი 9 წელი“ უმაგრებს ზურგს, ხოლო რუსთავი 2-ის შემთხვევაში - „რუსეთუმეობა“ და სახელმწიფო უსაფრთხოება. ასეთ პოლარიზებულ გარემოში კი წაგებული მხოლოდ და მხოლოდ მათი ინფორმაციის მომხმარებელი, იგივე ამომრჩეველი რჩება, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ორი პოლიტიკური ძალის პინგ-პონგი შერჩება ხოლმე ხელში.
კატეგორია - საქართველო
გამოვლინდა ADAMI Media prize 2018 საერთაშორისო მედიაკონკურსის ნომინანტები, რომელთა შორის წელს საქართველოდან ოთხი მონაწილეა ნომინირებული კულტურული მრავალფეროვნების აღმოსავლეთევროპულ პრიზზე.

ესენია:
  1. სალომე ჯაში, მოკლე დოკუმენტური ფილმისთვის "კოშკი'' (TV პირველი)
  2. ბესო გვენეტაძე, ონლაინ ვიდეოსთვის ''მრავალფეროვნების სახეები-ჰურიე (TDI)
  3. ქეთევან ბრაჭული, რეპორტაჟისთვის "ორი რელიგია ერთ სახლში ( იმედი TV)
  4. ანასტასია სლოვინსკაია, ონლაინ ვიდეოსთვის ''გორანის ცხოვრების წესი" (ეხო კავკაზა)
22 მედია სპეციალისტისგან, ჟურნალისტისგან და ყოფილი დილომატისგან შემდგარმა სერთაშორისო ჟიურიმ სულ 20 ნომინანტი გამოავლინა. ყველა მათგანი მიწვეულია გალაზე კიშინიოვში, მოლდოვაში, 29 ნოემბერს, სადაც ორგანი ზალ-ში ჩატარდება გამარჯვებულების გამოვლენის და დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ღონისძიება ტარდება მოლდოვას პარლამენტის პრეზიდენტის ადრიან კანდუს პატრონაჟით.
კატეგორია - საქართველო
საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვის დღემდე გამოწვევად რჩება. როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა უწყებებიდან არაერთხელ ჰქონიათ ინფორმაციის დაგვიანების, არაზუსტი მონაცემების მიწოდების ან ინფორმაციის გაცემისგან საერთოდ თავის არიდების მცდელობის შემთხვევები. ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ 2012 წლიდან ინფორმაციის გაცემის გაუმჯობესების ტენდენცია შეინიშნებოდა, მაგრამ მალევე ზოგიერთი უწყება ისევ ჩაიკეტა და ბიუროკრატიული მანქანაც ისევ ამოქმედდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი“ ( IDFI ) საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას 2010 წლიდან იკვლევს. ორგანიზაციის მკვლევრები ყოველწლიურად 300-მდე საჯარო უწყებაში 7-8 ათას ინფორმაციას ითხოვენ. IDFI-ს სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ახლადარჩეული ხელისუფლების პირობებში, ინფორმაცია წინა წლებთან შედარებით ბევრად ხელმისაწდვომი გახდა. ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ უწყებებს ძირითადად წინა ხელისუფლებაზე უწევდათ ინფორმაციის გაცემა.


„როდესაც გავიდა გარკვეული პერიოდი, გამოიკვეთა, რომ არაერთმა უწყებამ შეზღუდა ინფორმაციაზე წვდომა. ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიხურა იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროები. ასევე, შემოსავლების სამსახური“,- აღნიშნავს თუშურაშვილი.

მედიის წარმომადგენლების თქმით, ჩაკეტილი უწყებების რეიტინგში იუსტიციის სამინისტრო თითქმის უპირობო ლიდერია.

„თუ მოგცემენ ინფორმაციას, მხოლოდ მაშინ, თუ თავად აწყობთ, სხვა შემთხვევაში ან რაღაც ლინკს მიგითითებს პრესსამსახური, სადაც ძირითადად არასრულია ინფორმაციაა ან საერთოდ არ გიპასუხებენ, - ამბობს On.ge-ს რედაქტორი გელა ბოჩიკაშვილი.

„იუსტიციის სამინისტროსგან რთულია როგორც წერილობითი, ისე კომენტარის სახით სრულყოფილი ინფორმაციის მიღება“, - გვეუბნება „ნეტგაზეთის“ რედაქტორი თაზო კუპრეიშვილი და ამატებს, რომ ასევე ჩაკეტილია პროკურატურა. მისივე თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ეს უწყება ერთ-ერთი ყველაზე ღია იყო მედიისთვის. იმდროინდელი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი თითქმის ყოველ კვირას ბირფინგებს მართავდა და მასთან ინტერვიუ თუ კომენტარი ჟურნალისტებს არაერთხელ ჩაუწერიათ. დღეს კი პროკურატურასთან ზოგჯერ დაკავშირებაც რთულია, განსაკუთრებით ჩაკეტილი უწყება ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში გახდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2- ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე განსაკუთრებულად ჩაკეტილ უწყებად თავდაცვის სამინისტროს ასახელებს: „როდესაც რეკავ, ფაქტების გადამოწმება გინდა, დახმარების ნაცვლად ხშირად ხელს გიშლიან. ზოგჯერ ზუსტად ვიცით, რომ აქვთ ინფორმაცია, მაგრამ თემის გაფუჭებაზე მუშაობენ. მაგალითად, როცა რამე საგამოძიებო რეპორტაჟს ვამზადებთ კვირის ბოლოსთვის და მათგან პასუხს ვითხოვთ, წინსწრებით ბრიფინგიც გაუმართავთ ან სხვებისთვის მიუციათ კომენტარი, რომ თემა გაეფუჭებინათ“.

ინფორმაციის დაგვიანების გამო ჟურნალისტები ეკონომიკის სამინისტროსაც აკრიტიკებენ. On.ge-ს რედაქტორი ამბობს, რომ ამ უწყებაში თითქმის ყველაფერზე წერილობით მიმართვას ითხოვენ.

საჯარო ინფორმაციის წერილობით გამოთხოვა და მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული სირთულეები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება როგორც ცენტრალურ, ასევე რეგიონულ მედიაში. ჟურნალისტები ამბობენ, რომ უწყებები სათავისოდ განმარტავენ კანონის ჩანაწერს ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური, 10-დღიანი ვადის შესახებ. მათი თქმით, სამსახურები ამ ვადას ბოლომდე იცავენ მაშინაც, როცა ამის საჭიროება არაა. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევა, როდესაც 10 დღის შემდეგ მიღებული ინფორმაცია არაზუსტია და მისი განმეორებით გამოთხოვა ხდება საჭირო.

„ვფიქრობ, ეს კვალიფიკაციის პრობლემაა, ზოგჯერ შეიძლება მაგიდაზე ედოთ ინფორმაცია, მაგრამ მაინც 10 დღეს იცდიან, იმიტომ, რომ კანონში არის ეს მითიური 10 დღე და აუცილებლად უნდა გამოიყენონ“, - ამბობს თაზო კუპრეიშვილი. „ლიბერალის“ რედაქტორი კი აღნიშნავს, რომ ასეთ დროს ჟურნალისტებს ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად ნაცნობების ძებნა და პირადი კონტაქტების გამოყენება უწევთ.

„10 დღეს მაქსიმალურად იყენებს ყველა თვითმმართველობა“, - გვეუბნება სამცხე-ჯავახეთში მოქმედი სააგენტოს „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქტორი თამუნა უჩიძე, - „ბოლო დღემდე ველოდებით ხოლმე პასუხს. განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება მწვავე თემას. მაგალითად, ერთხელ ვითხოვდი ერთი პროექტის დეტალებს, რომელსაც პროტესტი მოჰყვა მასახლეობაში. 10 დღის მერე გამომიგზავნეს გუგლის რუკა და პროექტის ღირებულება, რაც ისედაც ვიცოდი. მერე გიწევს ისევ ან წერილობით მიმართო ან დალაპარაკება სცადო, მაგრამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვერ ესაუბრები, პრესსამსახურთან გამისამართებენ“.

მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია „ბათუმელებს“.

„ბოლო პერიოდის მშენებლობებზე გამოვითხოვე ინფორმაცია, - როდის გაიცა ბრძანება, ვისგან, როგორ იყო მშენებლობა დაგეგმილი. მომცეს მხოლოდ რეესტრიდან ამონაწერი, სადაც როგორც აღმოჩნდა, ისიც კი არ ირკვეოდა, რომელი იყო ახლი მშენებლობა და რომელი ძველი. რადგან მე ახალზე მქონდა მოთხოვნა, ჩავთვალე, რომ ყველა ახალი იყო და გამოვაქვეყნეთ. ამის გამო პირიქით გაგვაკრიტიკეს, არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნესო. მსგავსი სხვა შემთხვევაც მქონდა და როცა დავრეკე, მიპასუხეს - „უი ეს გინდოდათ? მაშინ მოგწვერეთ თავიდან“, - ამბობს ცაგო კახაბერიძე.

მაქსიმალური, 10-დღიანი ვადა განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის ტელევიზიებსაც.

„ზოგჯერ გვიწევს თქმა, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ასეა. მერე თუ მივიღებთ პასუხს და თემა ისევ აქტუალურია, ვუშვებთ. ამის შედეგია, რომ ერთგვარ ნადირობის პრინციპს მიმართავენ ჟურნალისტები - ღონისიებებზე, ან სახლთან დახვედრაა ხოლმე გამოსავალი“, - ამბობს ნოდარ მელაძე.

მედიის წარმომადგენლების დაკვირვებით, ბოლო დროს კომუნიკაცია შედარებით გამარტივდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ამავე სიაშია თბილისის მერია. თუმცა, როგორც „ლიბერალის“ რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი ამბობს, კონკრეტულ უწყებებზე მეტად იმას აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ინფორმაციას ითხოვ: „თანამშრომლობას და გახსნილობას განსაზღვრვავს ის, თუ რამდენად არის პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და რა რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ესა თუ ის ინფორმაცია. როცა მწვავე საკითხია, როცა თემა არის ცხელი და პოლიტიკური, იქ შეიმჩნევა ხოლმე გაჭიანურება, ცდილობენ დროში გაახანგრძლივონ, რადგან რისკს აცნობიერებენ“.

შერჩევით მიდგომაზე საუბრობს გელა ბოჩიკაშვილიც: „მაგალითად, ზვიად რატიანზე რომ გაასაჯაროვა შსს-მ საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით კადრები, ამის შემდეგ რამდენიმე დღეში მოხდა ინცინდენტი მეტროში, სადაც სავარაუდოდ ასევე პოლიციელის დანაშაული იკვეთებოდა. გამოვითხოვეთ მოქალაქის დაკავების ამსახველი ვიდეოჩანაწერები და მოგვწერეს, რომ პერსონალური მონაცემები დაირღვევა და ვერ მოგცემთო. ამ დროს რატიანის დაკავება უპრობლემოდ გაასაჯაროვეს“.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ინფორმაციის გაცემის თავიდან ასაცილებლად პერსონალური მონაცემების მოტივს სხვა უწყებებიც ხშირად იშველიებენ.

აჭარაში კი ამ ყველაფერს კიდევ ერთი პრობლემა დაემატა, - აჭარის ახალმა მთავრობამ ჟურნალისტებისთვის სხდომები დახურა: „ბოლო დროს სხდომები ღია იყო და ჟურნალისტები ხშირად აქ განხილული საკითხების მიხედვით ამზადებდნენ კვირის ამბებს. მე მაგალითად ბევრი რამ დამაკლდა. ზოგჯერ ისეთ დეტალებს მოისმენდი იქ, მერე რომ მოიკითხავდი, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი თემა ან სერიზული პრობლემა აღმოგეჩინა.“

მთავრობის სხდომებთან დაკავშირებული საკითხი პრობლემურია თბილისშიც. გასულ წლებში მთავრობის სხდომების დროს ჟურნალისტები მე-12 სართულზე, სხდომის ოთახთან ელოდებოდნენ მინისტრებს. მათ შეეძლოთ საჭირო რესპონდენტს კართან დახვედროდნენ და შეკითხვები დაესვათ. წელს მთავრობამ ჟურნალისტებისთვის მე-3 სართულზე სპეციალური პრესკლუბი მოაწყო. ეს ერთი შეხედვით კომფორტული ინფრასტქრუქტურა პროფესიულად სასარგებლო არ აღმოჩნდა.

„ამ პრესკლუბში მოდის მხოლოდ ის მინისტრი, ვისაც უნდა ჩამოსვლა. თუ რაღაც უხერხული კითხვებია რომელიმე აქტუალურ თემაზე, ის მინისტრები, ვისაც ეს ეხება, არ ჩამოდიან და თავს არიდებენ კომუნიკაციას. ამან გაართულა მათთან წვდომა, მათი გამოჭერის ერთ-ერთი მეთოდი მე-12 სართული იყო“, - იხსენებს თაზო კუპრეიშვილი.

2013 წელს სახელმწიფო უწყებებმა ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვადლებულება აიღეს. თუმცა, ბევრისთვის ეს ფორმალობად დარჩა, რადგან დადგენილებას რეალურად უწყებების მხოლოდ ნაწილი ასრულებს.

„თვითონ მთავრობამ მიიღო ეს დადგენილება და მათ ვებგვერდზე თუ შეხვალთ, ფინანსური ინფორმაცია საერთოდ არ აქვთ გამოქვეყნებული. კომიკურია, როცა თავის დადგენილებას თვითონ არ ასრულებენ“,- ამბობს IDFI-ის წარმომადგენელი გოგა თუშურაშვილი.