საქართველო
კატეგორია - საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, რედაქციების მოთხოვნები საკუთარი ჟურნალისტებისადმი სულ უფრო იზრდება, მიდგომები იხვეწება და მკაცრდება. ეს უკანასკნელი მხოლოდ უშუალოდ მომზადებული მასალის შინაარსში, ფაქტების სიზუსტესა თუ წყაროთა მრავალფეროვნებაში არ გამოიხატება. რედაქციებმა ჟურნალისტების მიმართ, ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულების საჯაროდ გამოხატვის თვალსაზრისით გარკვეული სტანდარტებიც შეიმუშავეს, რომელთა დარღვევის გამოც დაქირავებულთან კონტრაქტი უკვე არაერთმა სოლიდურმა გამოცემამ გაწყვიტა.

“მედიაჩეკერმა” 2018 წელს მომხდარი ის შემთხვევები შეკრიბა, როდესაც გამოცემებს ბოდიშის მოხდა, ან თანამშრომლის სამსახურიდან გაშვება მოუხდათ.

                         ყალბი მასალები და წყაროები/არასწორი ინფორმაცია

2018 წელს იყო შემთხვევა, როდესაც გამოცემამ თანამშრომელი ჟურნალისტი მასალების გაყალბების გამო დაითხოვა.

ერთ-ერთი ბოლო ასეთი ამბავი, რომელზეც მსოფლიო პრესა ალაპარაკდა, გერმანული გამოცემა “შპიგელის” (Der Spiegel) დამსახურებული ჟურნალისტის კლაას რელოციოსის შემთხვევაა, რომელიც მასალების გაყალბებაში ამხილეს. აღნიშნულის გამო გამოცემა იძულებული გახდა, რომ მასთან თანამშრომლობა შეეწყვიტა.

როგორც გაირკვა, ჟურნალისტმა, რომელსაც არაერთი პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო აქვს მიღებული, “შპიგელისთვის” დაწერილი 60 სტატიიდან 14-ის ისტორია თავისი გმირებიანად თავად გამოიგონა. რელოციოსი ამბების გაყალბებაში საკუთარმა თანამშრომელმა გამოიჭირა, რომელიც ერთ-ერთ თემაზე მასთან ერთად მუშაობდა. “შპიგელმა” რელოციოსის მიერ დაწერილი ყველა სტატიის გადასამოწმებლად შიდა გამოძიება დაიწყო.

სხვისი მასალების მითვისებისა და სხვა მასალებიდან ციტატების გამოყენების გამო, წელს ჟურნალისტს The Washington Post-იც დაემშვიდობა.

გარდა გაყალბებული ამბებისა მიმდინარე წელს ჟურნალისტების მხრიდან არაიდენტიფიცირებული წყაროების გამოყენების ფაქტიც დაფიქსირდა. მაგალითად, ამერიკულმა ყოველდღიურმა გამოცემამ “ჰიუსტონის ქრონიკამ” დაადასტურა, რომ მათივე ჟურნალისტი მაიკ ვორდი წლების განმავლობაში არაიდენტიფიცირებულ წყაროებს იყენებდა. მისი სახელით მომზადებულ მასალებში დასახელებული 275 წყაროდან მხოლოდ 103-ის იდენტიფიცირება მოხერხდა.

მიმდინარე წელს, არასწორად გაშუქებული ამბების გამო ბოდიშის მოხდა სამაუწყებლო კომპანია BBC-საც მოუხდა. ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღიარა, რომ ის კლიმატის ცვლილების თემას ხშირად არასწორად აშუქებდა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა და თემის გაშუქების პოლიტიკა შეცვალა.

წელს კიდევ ერთი ბოდიშის მოხდა  BBC-ს Daily Mail-ის ჟურნალისტების შესახებ მომზადებული მასალის გამო მოუხდა. მაუწყებლმა არასწორად გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს Daily Mail-ის ჟურნალისტები 2011 წლის ცნობილი სატელეფონო მოსმენების სკანდალში იყვნენ ჩართულები, რაც საბოლოო ჯამში სიმართლე არ აღმოჩნდა.

მიმდინარე წელს ბოდიშის მოხდა და მასალის შესაბამისად დარედაქტირება ჟურნალ Time-საც მოუხდა. მიმდინარე წლის ივნისში ამერიკა-მექსიკის საზღვარზე მიგრანტი ბავშვების მშობლებთან დაცილების და მათი ცალ-ცალკე ბანაკებში მოთავსების ცნობილი სკანდალის შემდეგ, ჟურნალმა გარეკანზე პატარა ჰონდურასელი მტირალი გოგონასა და აშშ-ის პრეზიდენტის დამონტაჟებული ფოტო დაბეჭდა, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს გოგონა მშობლებთან ერთად აშშ-ის საზღვარზე გადასვლის შედეგად დედას დააცილეს, რაც სიმართლე არ იყო.

ამერიკულმა გამოცემამ Chicago Sun Times-მა კი, საკუთარი თანამშრომელი ტვიტერზე ყალბი გამომწერების გამო სამსახურიდან დროებით გაათავისუფლა. ფაქტი New York Times-ის გამოძიების შემდეგ გახდა ცნობილი. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ შოუბისზნესის ცნობილ ვარსკვლავებსა და ჟურნალისტებს ტვიტერზე ყალბი გამომწერები ჰყავდათ.

                                        შეუსაბამო კომენტარები და შეფასებები

მიმდინარე წელს CNN-მა საკუთარ თანამშრომელს კონტრაქტი პალესტინის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო შეუწყვიტა. CNN-ის კომენტატორმა მარკ ლამონტ ჰილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხდომაზე განაცხადა, რომ მდინარე იორდანიიდან ხმელთაშუა ზღვამდე მონაკვეთი თავისუფალი პალესტინის უნდა იყოს. მიუხედავად ჟურნალისტის განმარტებისა, რომ ის განცხადებით მიზანად ისრაელის წინააღმდეგ გალაშქრებას არ ისახავდა, არხმა მასთან თანამშრომლობა მანც გაწყვიტა.

წამყვანის რასისტული გამონათქვამის გამო NBC-მ ცნობილი ჟურნალისტი მეგან კელი ეთერიდან მოხსნა და მისი დილის გადაცემა დახურა.

წელს რასისტული და ჰომოფობიური ტვიტების გამო ჟურნალისტს კონტრაქტი New York Time-სმაც შეუწყვიტა. გამოცემამ ახალი თანამშრომელი სამსახურიდან მისი ძველი ჰომოფობიური და რასისტული ტვიტების გამო დაითხოვა.

ინტერვიუს დროს თემისადმი გამოჩენილი არასათანადო მგრძნობელობის გამო, ბრიტანულმა რადიომ - TalkRadio - წამყვანი ჯეიმს ვეილი სამსახურიდან გაათავისუფა.

განხილული მაგალითები აჩვენებს, რომ მიუხედავად მედიისადმი ბევრი პრეტენზიისა თუ კრიტიკისა, ის სულ უფრო და უფო მეტი მგრძნობელობით ეკიდება ეთიკურ საკითხებს, აუმჯობესებს მიდგომებს და ზრდის პასუხისმგებლობას. საჭიროების შემთხვევაში, კეთილსინდისიერი მედია არც შეცდომის აღიარებასა და ბოდიშის მოხდაზე იხევს უკან და არც საკუთარ თანამშრომელთან დამშვიდობებას ერიდება, მიუხედავად მისი დამსახურებისა, თუ მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა.

კატეგორია - საქართველო

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლას კრძალავს. თითქმის ყოველ წელს არაერთი ამბავი ხდება ცნობილი თუ როგორ არ მისცეს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა ჟურნალისტებს, როგორ დაუზიანეს კამერა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მიუხედავად ამისა, ხშირად ამგვარ შემთხვევებს 154-ე მუხლით არ იძიებენ.

alt2018 წლის 10 ოქტომბერს, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები თავს დაესხნენ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ეკა გაგუასა და ოპერატორს, ლევან კალანდიას. ისინი ხარაგაულში, რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობისას გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ რეპორტაჟს. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანდა, ბიუროს კუთვნილ ობიექტზე შესულ ჟურნალისტსა და ოპერატორს კომპანიის წარმომადგენლებმა ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენეს და კამერა წაართვეს. 11 ოქტომბერს, პოლიციამ ორი პირი დააკავა ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილების საფუძველზე, რაც ცემასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. როგორც ეკა გაგუამ “მედიაჩეკერს” განუცხადა, მისი ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულ ორ პირს სახელმწიფომ 10 000 – 10 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

თუმცა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაც იურისტ მარიამ გოგოსაშვილის შეფასებით, ბოლო დროს გახშირდა, სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის ამგვარი რეაგირებით არ სრულდება. იმავე ჟურნალისტს, ეკა გაგუას რამდენიმე კვირით ადრე, ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის ოჯახში დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. ინციდენტი მოხდა ზუგდიდის მაშინდელი მერის მოადგილესთან გია გულორდავასთანაც. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ამ საქმეებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია.

„ჩვენ, მაშინ, პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, თუმცა, ინფორმაცია გაჟღერდა, კადრები ნაჩვენები იყო, ადამიანები იდენტიფიცირებულები იყვნენ და პოლიციას თავად შეეძლო ამ ყველაფერზე გამოძიების დაწყება, თუმცა არანაირი რეაგირება არ ყოფილა,“ - აღნიშნავს ეკა გაგუა.

altჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი იყო ერთ-ერთი იმ სამი მუხლიდან, რომლითაც გამოძიება დაიწყო შსს-მ, 30 ნოემბერს, თბილისში, მოძრაობა „არა ნაციზმს“ ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე რუსთავი 2-ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს, მოძრაობის ხელმძღვანელს ნანა კაკაბაძესა და მის თანამოაზრეებს შორის. ერთი მხრივ, ნანა კაკაბაძე ბრალს სდებდა ჟურნალისტს მათ ოფისში უკანონოდ შეჭრაში. ამასთან დაკავშირებით, მისმა ორგანიზაციამ განცხადებაც გაავრცელა და დამატებით, მარიამ გაფრინდაშვილი ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულა, რომლის დამამტკიცებელ საბუთადაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერი მოიყვანეს. მეორე მხრივ, ტელეკომპანია ნანა კაკაბაძესა და მის ორგანიზაციას ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში სდებს ბრალს.

როგორც რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა “მედიაჩეკერს” განუცხადა, გამოძიებამ უკვე ამოიღო კაკაბაძის ოფისთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ოპერატორის მიერ გადაღებული კადრები, გამოიკითხნენ გაფრინდაშვილი და მასთან ერთად მყოფი ოპერატორი, ტექნიკა კი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, თუმცა მისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება ამჟამად.

„მეც ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს გამოძიება. მოგეხსენებათ, რომ კაკაბაძემ ინტერნეტ სივრცეში გაავრცელა ვიდეოფაილის დამონტაჟებული ნაწილი, რომელიც იყო მიმართული ჩემი დისკრედიტაციისკენ”, - აღნიშნა გაფრინდაშვილმა “მედიაჩეკერთან”, - “ასევე გაავრცელა ჩემი პირადი ნომერი და 5 დღის განმავლობაში მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ვიყავით ისეთი თავდასხმის ობიექტები, რომ უბრალოდ ვერ აგიხსნით.“

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ზოგიერთ ფაქტზე, პოლიციის მხრიდან რეაგირების შემთხვევაში, გამოძიების დაწყების საფუძვლად, შსს ხშირად სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, მხოლოდ 126-ე მუხლს უთითებს, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობის გამო მიყენებულ ფიზიკურ ტკივილს გულისხმობს.

მაგალითად, ასე მოხდა, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის დღეს, როდესაც თბილისში, 25-ე საარჩევნო უბანთან მდგომმა ორმა ქალმა “TV პირველის” ჟურნალისტს თათია ჩაფიჩაძეს მუშაობაში ხელი შეუშალა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე ხელითაც შეეხო. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, თუმცა ჟურნალისტს უთხრეს, რომ საქმე სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობაში ხელის შეშლად გადაკვალიფიცირდებოდა.

თათია ჩაფიჩაძემ “მედიაჩეკერს” უთხრა, რომ მიუხედავად დაპირებისა, საქმე ამ დრომდე არ გადაკვალიფიცირებულა და როგორც სამართალდამცავებმა მას უთხრეს, ისინი პროკურორის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

altგამოძება 154-ე მუხლით არ დაწყებულა არც გამოცემა On.ge-ის ჟურნალისტის სალომე ჩადუნელის შემთხვევაში, რომელსაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ასევე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, თბილისში, 54-ე საარჩევნო უბანზე რეპორტიორი ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ კოორდინატორს, შეკითხვებს უსვამდა იმ სიებთან დაკავშირებით, რაც მას ხელში ეკავა. ჟურნალისტის შეკითხვამ კი იქვე მდგომი მეორე კოორდინატორი გააღიზიანა, რის შემდეგაც, ჟურნალისტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღსანიშნავია, რომ ამბავს შეესწრო ადგილზე მყოფი კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი და ჟურნალისტის გამოკითხვაც დაიწყეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ნაცვლად, გამოძიება კვლავაც 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, როგორც ჩადუნელმა მედიაჩეკერს უთხრა, გამოძიებას არა თუ არ გადაუკვალიფიცირებია საქმე, არამედ საერთოდ შეწყვიტეს იგი დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ჟურნალისტის თქმით, პროკურორმა მიუთითა მას, რომ მას პროფესიული მოვალეობის შესრულება მაინც შეძლო და შესაბამისად 154-ე მუხლით საქმის გამოძიების საჭიროება აღარ იდგა.

ზემოთ აღწერილი შემთხვევების უმეტესობაში ჟურნალისტების დავის საგანი მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე სამართალდამცავების მხრიდან იგნორირება ანდა გამოძიების დაწყების შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის ნაცვლად, 126-ე მუხლის გამოყენებაა. სამართალდამცავების მხრიდან ამ მუხლის გამოყენებისაგან თავის შეკავებაზე საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტი მარიამ გოგოსაშვილიც.

„კოდექსის აღნიშნული მუხლი უშუალოდ ჟურნლისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევებთან მიმართებით მისი გამოყენება იშვიათად ხდება და გამოძიება ძირითადად ძალადობის ან სხვა მუხლით იწყება და მიმდინარეობს ხოლმე,“ - აცხადებს საიას იურისტი.

ამ მუხლის არასათანადო ანდა იშვიათ გამოყენებაზე მეტყველებს სტატისტიკაც, რომელიც “მედიაჩეკერმა” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა. როგორც შსს-ს მოწოდებული დოკუმენტებით ირკვევა, 2013 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით (2015 წლის გამოკლებით), წელიწადში მხოლოდ 3-დან 6-მდე საქმეზე იწყებოდა ხოლმე გამოძიება ამ მუხლის ორივე ნაწილით. 2015 წელს ამ მუხლით არც ერთი საქმე არ აღძრულა. 154-ე მუხლით გამოძიების დაწყების განსაკუთრებით მაღალი რიცხვი იყო 2012 წელს (21 საქმე). 2011 წელს ასეთი ერთი, 2010 წელს კი 7 შემთხვევა იყო.

საინტერესო სურათს იძლევა 2012 წლიდან 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით პროკურატურის მიერ, 154-ე მუხლით სისხლის სამართლებრივი დევნის სტატისტიკაც. 2012 წლამდე ასეთ სტატისტიკას პროკურატურა არ აწარმოებდა. “მედიაჩეკერისათვის” მიწოდებული ინფორმაციით, 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 2012 წელს, ერთი პირისადმი დაიწყო დევნა, 2013-2017 წლებსა და 2018 წლის 9 თვეში კი არც ერთი პირისადმი არ დაწყებულა. რაც შეეხება კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილს, „2012 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, 2013 წელს - 4, 2015 წელს - 1, 2016 წელს - 1 პირის მიმართ, ხოლო 2014 წელს, 2017 წელსა და 2018 წლის 9 თვეში აღნიშნული მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა“, - ვკითხულობთ პროკრურატურის მიერ მოწოდებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება დამდგარ განაჩენებს, მედიაჩეკერს საქართველოს უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, რომ 2010-2018 (ოქტომბრამდე) წლებში რაიონულმა (საქალაქო) სასამართლოებმა სულ 5 საქმე განიხილეს, რომელთაგან ხუთივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა კი ორ-ორი საქმე განიხილეს. სააპელაციომ ერთი საქმის განაჩენი უცვლელად დატოვა, მეორე კი გადააკვალიფიცირა. უზენაესმა სასამართლომ ერთი საქმე დაუშვებლად სცნო, მეორე საქმის შემთხვევაში კი გადაწყვეტილება შეცვალა კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში.


როგორც მოყვანილი სტატისტიკაც ცხადყოფს, სისხლისსამართლის კოდექსის ამ კონკრეტული მუხლის პრაქტიკაში გამოყენება არც ისე ხშირია. რისი მიზეზიც, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს ჟურნალისტების მხრიდან არასაკმარისი მიმართვიანობა, მეორე მხრივ, კი თავად სამართალდამცავების მხრიდან ამ კონკრეტული მუხლის მისადაგებისაგან თავის არიდების გამიზნული პოლიტიკა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარ პრაქტიკას შესაძლოა თავისი ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რაც მაგალითაც, მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუძლებელს ხდის.

„მნიშვნელოვანია საქმე სწორედ ამ მუხლით დაიწყოს ან შემდგომში დაკვალიფიცირდეს, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას. ამ მუხლის მიზანიც სწორედ ის არის, რომ დაიცვას მედიის წარმომადგენლები უკანონო ხელშეშლისგან, ანუ კანონს სპეციალური დაცვის ობიექტი ჰყავს,“ - აღნიშნავს მარიამ გოგოსაშვილი და დასძენს, რომ კანონის პრობლემა ცალსახად მისი პრაქტიკაში გამოყენებაა. კანონის პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისასაც არსებობდა. იმ დროს, საიას იურისტი თამარ გურჩიანი media.ge-სთან საუბრისას აღნიშნავდა, რომ საქართველოში იდგა ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის განსაზღვრის პრობლემა, რაც დაკავშირებული იყო კანონმდებლობასთან. მისი თქმით, ხშირად, ჟურნალისტების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული საქმეები, 154-ე მუხლის ნაცვლად სხვა მუხლით აღიძვრებაოდა ხოლმე.

სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პრაქტიკაში სათანადო გამოყენების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას ჟურნალისტებიც. ეკა გაგუა მიიჩნევს, რომ თუკი კანონი უფრო მკაცრი იქნება, შესაძლოა ამან სამომავლოდ აგვარიდოს თავიდან მსგავსი დანაშაულის ხშირად ჩადენის ფაქტები. თათია ჩაფიჩაძე კი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შემთხვევების დროს, 154-ე მუხლის გამოყენება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სათანადო გამოძიებისა და ადეკვატური პასუხისგების შემთხევაში, სხვებს ნაკლებად გაუჩნდებათ ჟურნალისტების საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლის სურვილი.

იურისტი მარიამ გოგოსაშვილი არ გამორიცხავს, რომ მუხლს ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები თუმცა ეს ხარვეზები უფრო მეტად პრაქტიკაში მისი გამოყენებით და განმარტებით გამოჩნდება. „კონკრეტულად რთულია ჩემთვის იმის თქმა, რა უნდა გაკეთდეს, ალბათ თავად ჟურნალისტებმაც უნდა მიუთითონ და დააზუსტონ გამოძიების მიმდინარეობისას რომ ადგილი ჰქონდა საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას. ასევე საგამოძიებო უწყებებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია ამ მუხლის მნიშვნელობასა და მისი დაცვის ობიექტებზე“, - აღნიშნავს გოგოსაშვილი.

კატეგორია - საქართველო

22 დეკემბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მეათე საერთო კრებაზე,  ქარტიის ხელმომწერმა ჟურნალისტებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი და ქარტიის სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა აირჩიეს.

ქარტიის საბჭოს სამი ახალარჩეული წევრიდან,  ერთი თბილისის კვოტითაა არჩეული,  ორი კი რეგიონების.

საბჭოს ახალი წევრები გახდნენ:

  • თბილისის კვოტით - ნანა ბიგანიშვილი, სტუდია მონიტორი;
  • რეგიონების კვოტით - კამილა მამედოვა, რადიო მარნეული და ირმა ზოიძე, სტუდია REC.

    საბჭოს წევრებმა თავმჯდომარედ ნანა ბიგანიშვილი აირჩიეს.  იგი ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.

ქარტიის საბჭო 9 წევრისაგან შედგება,  ამათგან სამი თბილისს, 6 კი რეგიონებს წარმოადგენს. საბჭოს წევრებს სამი წლის ვადით ირჩევენ. წელს საბჭოში მუშაობის ვადა ამოეწურათ: ნინო ჯაფიაშვილს, თბილისიდან და მაია მამულაშვილსა და გიორგი სულაძეს რეგიონებიდან. თუმცა, საბჭოში კვლავ რჩება გიორგი სულაძე, მან ჩაანაცვლა საბჭოს მოქმედი წევრი თეა ზიბზიბაძე, რომელმაც დროებით ქვეყანა დატოვა და საბჭოს საქმიანობაში ვეღარ ჩაერთვება. გიორგი სულაძე საბჭოში ერთი წელი დარჩება - იმ დროით, რაც თეა ზიბზიბაძეს ჰქონდა დარჩენილი საბჭოში ყოფნისთვის.

რაც შეეხება ქარტიის სარევიზიო კომისიას, კომისიის წევრებად აირჩიეს: ნათია კუპრაშვილი, ნინო ხელაძე და ალეკო ცქიტიშვილი. კომისიის თავმჯდომარედ ახალარჩეულმა შემადგენლობამ ალეკო ცქიტიშვილი აირჩია.

სარევიზიო კომისია აკონტროლებს ქარტიის თავმჯდომარის, საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორისა და მათ მიერ დანიშნული თანამდებობის პირების მიერ ქარტიის წესდების შესრულებასა და ფინანსური სახსრების თუ სხვა ქონების საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებას.

სარევიზიო კომისიის შემადგენლობა
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2018-ის" გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი ნამუშევრები:
  • ვიდეორეპორტაჟი - გიორგი ბოლქვაძე, გზაზე ერთი ბიჭი მიდიოდა”, მთის ამბები;
  • მულტიმედია პროექტი - ნინო ლომაძე, პროექტი 08.08.08”, ინდიგო;
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში - თათია ხალიანი და სოფო აფციაური, “ქალაქი, რომელიც გლოვით დაიღალა”, ლიბერალი;
  • ჟურნალისტური გამოძიება - მაია მეცხვარიშვილი, “ჩინჩალაძის კლანი - სასამართლო რეფორმის კრახი” , სტუდია “მონიტორი";
  • ბავშვთა საკითხები - მარიამ აბესაძე, “ანა, ირინა, ელენე და სხვები“, ინდიგო;
  • “საქართველო და ევროპა” - ნინო ზურიაშვილი და ნატალია ვახტანგაშვილი - “მეგობრობა რუსულად”, სტუდია მონიტორი:

პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო IREX-ის მხარდაჭერით; ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქებისთვის პრიზი დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ; ხოლო კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში სპეციალური ფულადი პრიზი გაიცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ.
კატეგორია - საქართველო
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „ქარტიის პრიზის“ 2018 წლის გამარჯვებულები, 22 დეკემბერს, 12 საათზე, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე გამოვლინდებიან.

პრიზები გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
  • ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი (1 მასალა ან სერია)
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი ცხადდება IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო "ბავშვთა საკითხები" დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.

გარდა ამისა, კამპანია „ძალა ევროპაშიას“ ფარგლებში გაიცემა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური ფულადი პრიზი 1000 ლარის ოდენობით. ამ პრიზის მფლობელი გახდება ნებისმიერ ფორმატში მომზადებული მასალა (ან პროექტი) ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად:
  • საქართველოს ევროინტეგრაცია;
  • ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია;
  • ევროპული სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში;
  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
  • რუსული პროპაგანდის გამოვლენა;
  • საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობები;

გარდა ქარტიის პრიზის გაცემისა, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე სამი წლის ვადით აირჩევენ ქარტიის საბჭოს სამ ახალ წევრს. წელს საბჭოს ტოვებენ: მაია მამულაშვილი, გიორგი სულაძე და ნინო ჯაფიაშვილი. საბჭოს წევრები თავის მხრივ აირჩევენ საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას.

საერთო კრებაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. ქარტიის წევრები განიხილავენ ორგანიზაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს და იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე.
კატეგორია - საქართველო
2018 წლის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაწეულ ხარჯებს შორის სარეკლამო ხარჯები მნიშვნელოვან წილს (79%) იკავებს. კანდიდატების მიერ აუდიტის სამსახურისთვის მიწოდებული დეკლარაციების ანალიზიდან ჩანს, რომ სარეკლამო ხარჯების 52% (7,503,503 ლარი) სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალებებში სარეკლამო მასალების განთავსებას მოხმარდა.

მედიაჩეკერმა სალომე ზურაბიშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ აუდიტისთვის მიწოდებული დეკლარაციები შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ  ორივე კანდიდატმა პლატფორმებს შორის უპირატესობა ტელევიზიას მიანიჭა და აქ ჯამურად 6,601,235 ლარი დახარჯა საარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის, შემდეგ მოდის ონლაინ მედია 595,056 ლარით, ამას კი მოყვებიან რადიო - 215,511 ლარით და პრესა, რომელმაც 2018 წლის არჩევნებზე 91,700 ლარი მიიღო ამ ორი კანდიდატის რეკლამის განთავსების სანაცვლოდ.

ტელევიზიებში წასული ხარჯებიდან 91% (6,601,235 ლარი) ცენტრალურ არხებზე გასულ რეკლამას მოხმარდა. გრიგოლ ვაშაძემ სატელევიზიო რეკლამისთვის დახარჯული თანხის მხოლოდ 1.25% (21,166 ლარი) მოახმარა რეგიონულ არხებზე რეკლამის განთავსებას, სალომე ზურაბიშვილმა კი - 11% (534,274 ლარი). საერთო ჯამში მედიაში განთავსებული რეკლამის ხარჯებიდან რეგიონულ ტელემედიაში მხოლოდ 4% წავიდა.

ცენტრალური არხებიდან სალომე ზურაბიშვილმა უპირატესობა „იმედს“ მიანიჭა, გრიგოლ ვაშაძემ კი - „რუსთავი 2-ს“. ზოგადად „რუსთავი 2-მა“ ყველაზე მეტი შემოსავალი (მთლიანი სარეკლამო ხარჯების 26%) მიიღო, რადგანაც ამ არხზე რეკლამა ორივე კანდიდატმა განათავსა, განსხვავებით „იმედისგან“, სადაც გრიგოლ ვაშაძეს ფასიანი სატელევიზიო რეკლამა არ განუთავსებია.

ჯამში ამ ორმა არხმა „რუსთავი 2-მა“ და “იმედმა” სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძის მიერ მედიაში დახარჯული თანხის 43% (4 907 524 ლარი) მიიღო.


რეგიონული არხებიდან წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო „რიონმა“, შემდეგ მოდის „თრიალეთი“, „დია“, „ტვ25“ და „ოდიში“. ამ არხებზე ფასიანი რეკლამა განათავსა როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ისე გრიგოლ ვაშაძემ.

საერთო ჯამში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა რეგიონულ 13 სატელევიზიო არხზე 534,274 ლარი დახარჯა, გრიგოლ ვაშაძემ კი 13 არხზე - 21,166 ლარი.


ონლაინ მედიაში გადახდილი სარეკლამო ხარჯების 16% Facebook-ში განთავსებულ (დასპონსორებულ) რეკლამას მოიცავს. თუკი სალომე ზურაბიშვილმა ინტერნეტ რეკლამაში განთავსებული თანხის 11% (60,793 ლარი) დახარჯა Facebook-ში, გრიგოლ ვაშაძემ უფრო დიდი უპირატესობა მიანიჭა ამ პლატფორმას და ინტერნეტრეკლამაში დახარჯული თანხის 70% (36,888 ლარი) სწორედ Facebook-ში რეკლამის განთავსებას მოახმარა.

ინტერნეტ რეკლამაში გადახდილი თანხის ოდენობით Facebook-ს მოჰყვებიან შუამავალი სარეკლამო კომპანიები „რედბერი“ და „ედლაინი“. ორივე „პალიტრის“ ჰოლდინგში შემავალ ვებსაიტებზე ათავსებდა რეკლამას. „რედბერი“ ძირთადად ვიდეოების განთავსებაზე უწევდა მომსახურებას, „ედლაინი“ კი ბანერების განთავსებაზე. სარეკლამო შემოსავლების მიღების თვალსაზრისით მეოთხე ადგილზეა „მოზაიკ დიჯითალი“, რომელიც რეკლამას ათავსებდა ემიგრანტებზე ორიენტირებულ ისეთ ვებსაიტებზე, როგორიცაა georgians.gr და diaspora.ge. ამ ვებსაიტებზე სალომე ზურაბიშვილმა რეკლამა პირველი და მეორე ტურის შუალედში განათავსა.

შუამავალ სარეკლამო კომპანიებს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ონლაინ გამოცემებიდან ყველაზე მეტი (24552 ლარი) ღირებულების რეკლამა საარჩევნო კანდიდატებიდან შპს „ბათუმელებმა“ მიიღო, რომელიც ორ ვებსაიტს ფლობს - www.netgazeti.ge და www.batumelebi.ge . ეს გამოცემა „პირველ რადიოსა“ და „ნიუპოსტთან“ ერთად გამონაკლისია, სადაც როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო მასალები განთავსდა.


რადიოსა და პრესაში რეკლამა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა. გრიგოლ ვაშაძეს ეს პლატფორმები არ გამოუყენებია. რადიოებიდან ყველაზე მეტი ოდენობის (79, 670 ლარი) ფასიანი პოლიტიკური რეკლამა „ფორტუნას“ ჰოლდინგში შემავალ რადიოებში განთავსდა, შემდეგ ადგილზე კი რადიო „ჰერეთია“ 23,382 ლარით.


სალომე ზურაბიშვილმა ჯამში 17 ბეჭდურ გამოცემაში განათავსა რეკლამა წინასაარჩევნო პერიოდში. მათგან ყველაზე მეტი, 19,500 ლარის ღირებულების სარეკლამო მასალა „კვირის პალიტრაში“ დაიბეჭდა. შემდეგ მოდის გურიანიუსი და მისი გამოცემა „21-ს ქვემოთ“.

კატეგორია - საქართველო
მედიამონიტორინგის სამწლიანი (2016-2018წწ) ანგარიში აჩვენებს, რომ ქართულ ონლაინ მედიაში ყოველწლიურად იკლებს პოლარიზაცია და ვებსაიტების დიდი უმრავლესობა ახერხებს მკითხველისთვის მეტ‐ნაკლებად ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საარჩევნო პერიოდში. ასევე, ონლაინ მედიაში ყოველწლიურად მცირდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა, საკითხების ზედაპირული გაშუქება და კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა.

• პოლარიზაციის კლება

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის მონიტორინგის პერიოდში, ცალსახა პოლარიზაცია და ვებსაიტების დადებითი თუ უარყოფითი განწყობები სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიმართ ვლინდებოდა ძირითადად ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად და არა ცალკეულ სტატიებში. 2017 და 2018 წლების მონიტორინგის პერიოდში ეს ტენდენციაც გამოსწორდა: „რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 2017 და 2018 წლებში ქართულ ონლაინ მედიაში საერთოდ აღარ შეინიშნებოდა დადებითი თუ უარყოფითი განწყობები რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამონაკლისს ორი ვებსაიტი წარმოადგენს: reportiori.ge და marshalpress.ge, სადაც, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ცხადად შეინიშნებოდა ერთი მხრივ უაღრესად დადებითი განწყობა სალომე ზურაბიშვილის, ხოლო, მეორე მხრივ, უკიდურესად უარყოფითი განწყობა გრიგოლ ვაშაძის მიმართ.



• ჟურნალისტური სტანდარტები

სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართულ ონლაინ მედიაში ყოველწლიურად უმჯობესდება მდგომარეობა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით: „პრაქტიკულად აღარ გვხვდება შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია ჟურნალისტთა ტექსტებში. უფრო და უფრო მცირდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევები“.

გამონაკლისს, 2018 წლის მონიტორინგის პერიოდშიც, reportiori.ge და marshalpress.ge წარმოადგენს, სადაც ვლინდებოდა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევები. ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონიტორინგის პერიოდში reportiori.ge‐ზე იყო კლასიკური ყალბი ცნობის (Fake News) გამოქვეყნების შემთხვევაც. (საუბარია10 აგვისტოს გამოქვეყნებული სტატიაზე - „აშშ‐ში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი სასტუმროს ნომერში მარიხუანის მოწევის გამო დააჯარიმეს“).

ამ თემაზე იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალა: ყალბი ინფორმაცია პრეზიდენტის დაჯარიმების შესახებ

• სარეკლამო სტატიები

მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ქართული ონლაინ მედიის უმწვავეს გამოწვევას წარმოადგენს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიების არასათანადო გამიჯვნა სარედაქციო მასალებისგან. შესაბამისი მითითების გარეშე გამოქვეყნებული სტატიები სისტემატურად ფიქსირდებოდა მონიტორინგის სამივე წლის განმავლობაში.

ანგარიშის მიხედვით, ზოგი ვებსაიტი უთითებს კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ სტატიებს, თუმცა არასათანადოდ. საუბარია მასალაზე NS ან R ნიშნის დართვაზე, რაც მკითხველისთვის მარტივად გასაგები არ არის.

• არჩევნების გაშუქება

სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები ქართულ ონლაინ მედიაში საკმაოდ აქტიურად და უმეტეს შემთხვევებში, ობიექტურად შუქდება. არაერთ მედიაში გვხვდება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მეტად მიუკერძოებელი და სიღრმისეული გაშუქება. ასევე, ვებსაიტების ნაწილი ცდილობს და ახერხებს მკითხველისთვის საკითხების მრავალმხრივი და სიღმისეული ანალიზის მიწოდებას. თუმცა, საკითხების ზედაპირული გაშუქება და კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა ონლაინ მედიის ნაწილში ისევ გამოწვევად რჩება.

ანგარიშის მიხედვით, ვებსაიტები: netgazeti.ge, civil.ge, on.ge, liberali.ge და ხშირ შემთხვევებში tabula.ge ახერხებდნენ მკითხველისთვის სიღრმისეული ანალიზის მიწოდებას როგორც საარჩევნო პროცესებთან, ასევე კანდიდატების საარჩევნო პროგრამებთან, მათი დაფინანსების წყაროებთან და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით; ასევე, საკითხების სიღრმისეულ და მრავალმხრივ გაშუქებას, ცალკეულ სტატიებში განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენასა და ორიგინალური სარედაქციო მასალების შექმნას. სხვა ვებსაიტების დიდი ნაწილი კი საკითხებს უმეტესად მხოლოდ ზედაპირულად აშუქებდა. უმეტესობაში იშვიათად გვხვდება ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება და განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენა ცალკეულ სტატიებში. იშვიათია ჟურნალისტთა მხრიდან ექსკლუზიური თემების მოძიება და შეიძლება ითქვას, რომ ონლაინ მედიის დიდი ნაწილი ავტომატურ რეჟიმში, უკომენტაროდ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებს

„მაგალითად, არაერთი ვებსაიტი ძირითადად აშუქებდა საარჩევნო კანდიდატთა განცხადებებსა და ყოველდღიურ საქმიანობას და ნაკლებ ყურადღებას უთმობდა აღნიშნულ კანდიდატთა საარჩევნო პროგრამებს. ონლაინ მედიაში მწვავე პრობლემას წარმოადგენდა კრიტიკული ანალიზის ნაკლებობა საარჩევნო სუბიექტთა დაპირებების გაშუქებისას. ვებსაიტების უმეტესობა წინასაარჩევნო, ხშირ შემთხვევებში, საკმაოდ საეჭვო, დაპირებებს აშუქებდა უკომენტაროდ და მკითხველს არ სთავაზობდა დამატებით ანალიზს აღნიშნული დაპირებების შესახებ“, - ნათქვამია მედიამონიტორინგის საბოლოო დასკვნაში.

• რეგიონული ონლაინ მედია

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დაკვირვება ხდებოდა 11 რეგიონულ ვებსაიტზე. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სხვადასხვა სახის ხარვეზების მიუხედავად, რეგიონული გამოცემების დიდი ნაწილი ახერხებდა მკითხველისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საარჩევნო პერიოდში. ამავე ანგარიშის მიხედვით, რეგიონულ გამოცემებში სარეკლამო სტატიები მკაფიოდ იყო გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან.

სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ რეგიონული ონლაინ მედია არ იყო პოლარიზებული და მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ რეგიონულ გამოცემაში არ შეინიშნებოდა ცალსახად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.

„აღსანიშნავია, რომ რეგიონული ვებსაიტების დიდი ნაწილი საკმაოდ აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა რეგიონებში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ თუ სხვა სახის პრობლემებს. ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში საკმაოდ ობიექტურად შუქდებოდნენ სხვადასხვა პარტიის მერობის კანდიდატები. განსაკუთრებით შეიძლება გამოიყოს batumelebi.ge, reginfo.ge და sknews.ge, რომლებიც მკითხველს ხშირად სთავაზობდნენ ექსკლუზიურ მასალებსა და საკითხების მრავალმხრივ და კრიტიკულ ანალიზს“, - ნათქვამია საარჩევნო მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიშში.

დასკვნის სახით, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ ქართული ონლაინ მედია ახერხებს მკითხველის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და საარჩევნო პროცესების შესახებ. თუმცა, სასურველია, რომ მეტი ყურადღება ეთმობოდეს საკითხების სიღრმისეულ და კრიტიკულ ანალიზს“.

****************

მედიამონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. ქართული ონლაინ მედიის საარჩევნო მონიტორინგი „სამოქალაქო განვითარების ისტიტუტმა“ განახორციელა.

მონიტორინგისთვის შერჩეული ვებსაიტები:

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდი (20 მაისი ‐ 2 ნოემბერი): allnews.ge, ambebi.ge, droni.ge, etanews.ge, info9.ge, interpressnews.ge, marshalpress.ge, netgazeti.ge, newposts.ge, news.ge, palitratv.ge, pirveli.com.ge, presa.ge, reportiori.ge, tabula.ge, civil.ge, dfwatch.net.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პერიოდი (19 ივნისი ‐ 19 ნომბერი): adjaraps.com, ambebi.ge, batumelebi.ge, chemikharagauli.com, for.ge, inforustavi.ge, interpessnews.ge, knews.ge, kutaisipost.ge, livepress.ge, medianews.ge, netgazeti.ge, news.ge, on.ge, presa.ge, qartli.ge, reginfo.ge, sknews.ge, tabula.ge, telegraph.ge.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი (18 ივნისი ‐ 27 ნოემბერი): ambebi.ge, interpessnews.ge, ipress.ge, liberali.ge, marshalpress.ge, netgazeti.ge, news.ge, on.ge, palitravideo.ge, reportiori.ge, tabula.ge.

მონიტორინგის პერიოდში დაკვირვება ხდებოდა მონიტორინგისთვის შერჩეული ვებსაიტების ყველა სტატიაზე.
კატეგორია - საქართველო
წლების განმავლობაში რადიოარხების მთავარ პრობლემად მოვლენების ზედაპირული გაშუქება რჩება. საინფორმაციო გამოშვებებში შეიმჩნევა სიღრმისეული, ანალიტიკური სიუჟეტებისა და კრიტიკული კითხვების ნაკლებობა ჟურნალისტები, ძირითადად, პოლიტიკოსების მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგს მიჰყვებიან, მოვლენებს ანალიზისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიების გარეშე აშუქებენ. შესაბამისად, თემების ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება - ასეთია მედიამონიტორინგის საბოლოო დასკვნა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რადიოების წინასაარჩევნო პერიოდების გაშუქებაზე.

მედიამონიტორინგის დასკვნითი ანგარიშის მიხედვით, 2016‐2018 წლებში რადიომაუწყებლები საინფორმაციო გამოშვებებში პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად აშუქებდნენ და წინასაარჩევნო კამპანიასაც დიდი ყურადღება ექცეოდა. თუმცა წინასაარჩევნო პროგრამები სიღრმისეულად არ შუქდებოდა და მსმენელი მხოლოდ პოლიტიკოსების ზოგად დაპირებებს ისმენდა, ჟურნალისტები საარჩევნო პროგრამებთან დაკავშირებით კითხვებს ნაკლებად სვამდნენ.

კვლევებმა ცხადყო, რომ რადიო არ არის პოლარიზებული მედიასეგმენტი და მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქებით გამოირჩევა, თუმცა 2018 წელს, ზოგ შემთხვევაში, სხვადასხვა მაუწყებელზე გარკვეული მოვლენები სხვადასხვა კუთხით შუქდებოდა.

„მთლიანობაში, 2017‐2018 წლებში, 2016 წელთან შედარებით, საინფორმაციო გამოშვებებში ბალანსი უფრო დაცული იყო. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ რადიომაუწყებლები მიუკერძოებლად მუშაობდნენ, სიღრმისეული, ანალიტიკური სიუჟეტების და კრიტიკული კითხვების ნაკლებობა მსმენელს არგუმენტირებული დასკვნების გამოტანის საშუალებას ვერ აძლევდა. ჟურნალისტები, ძირითადად, პოლიტიკოსების მიერ განსაზღვრულ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ, მოვლენებს ანალიზისა და დამატებითი ინფორმაციის მოძიების გარეშე აშუქებდნენ. შესაბამისად, თემების ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩებოდა, რაც ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ვერ დაეხმარებოდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ წლების განმავლობაში რადიოარხების მთავარ პრობლემად მოვლენების ზედაპირული გაშუქება რჩება: „2016‐2018 წლებში მხოლოდ რამდენიმე რადიომაუწყებელმა მოახერხა საინფორმაციო გამოშვებებში მოვლენების სიღრმისეული გაშუქება, ექსკლუზიური მასალების მომზადება და რეგიონების პრობლემებზე ყურადღების გამახვილება“.

სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ მათ მიმართ არსებულ მოლოდინებს ვერც საზოგადოებრივი მაუწყებლები ამართლებენ: „მათი გადაცემების კონტენტი მშრალი და ზედაპირული იყო, ჟურნალისტები ექსკლუზიურ სიუჟეტებს არ ამზადებდნენ. ამავე დროს, 2018 წელს, ზოგ შემთხვევებში, ეთერში გასული ინფორმაცია აჩენდა ეჭვს, რომ ჟურნალისტები ხელისუფლების კრიტიკას ერიდებოდნენ“.

მედიამონიტორინგის დასკვნითი ანგარიშის თანბახმად, 2018 წელს რადიომაუწყებლების ნაწილი ხელისუფლების მწვავე კრიტიკას არ ერიდებოდა და სიუჟეტებში სხვადასხვა მხარის პოზიციებიც გვხვდებოდა, მაგრამ მათი უმეტესობა რესპონდენტთა განცხადებების გადამოწმებას არ ცდილობდა. ეთერში მხოლოდ პოლიტიკოსთა ურთიერთსაპირისპირო კომენტარები ისმოდა.

„მედიის თავისუფლებისთვის კარგია, რომ რადიომაუწყებლები ხელისუფლების კრიტიკას არ ერიდებიან და ეთერში ოპოზიციის ხმა ისმის, რომ ჟურნალისტები სუბიექტურ შეფასებებს არ აკეთებენ და არც ხმით/მუსიკით მანიპულაციის ან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირებულა, თუმცა, ამასთან, აუცილებელია, რომ ჟურნალისტების როლი კიდევ უფრო გამოიკვეთოს: გამოჩნდეს, რომ ისინი მხოლოდ ოპოზიციონერთა განცხადებებს არეფუძნებიან დაფაქტების გადამოწმებას, ახალი თემების მიგნებასა და მასალების გამდიდრებას ცდილობენ“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

დასკვნის სახით, მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში წერია, რომ 2016‐2018 წლების რადიომაუწყებლების საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგების თანახმად, მსმენელს დაბალანსებული და მრავალმხრივი ინფორმაციის მისაღებად ჯერ კიდევ სხვადასხვა რადიომაუწყებლის მოსმენა მოუწევს.

********

მედიამონიტორინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა. პროექტების ფარგლებში რადიომაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს „ინტერნიუსი ‐ საქართველო“ აკვირდებოდა.

2016 წელს (20 მაისი ‐ 2 ნოემბერი) 12 რადიოარხის მონიტორინგი განხორციელდა: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „იმედი“, „ფორტუნა“, „თავისუფლება“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ქალაქი“, „მაესტრო“, „ჰერეთი“ (ქ. თბილისი/ლაგოდეხი), „რიონი“ (ქ. ქუთაისი), „ათინათი“ (ქ. ზუგდიდი) და „აჭარა“(ქ. ბათუმი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი);

2017 წელს (19 ივნისი ‐ 19 ნოემბერი) - 14 რადიომაუწყებლს ამონიტორინგებდნენ: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „იმედი“, „ფორტუნა“, „თავისუფლება“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „მაესტრო“, „აფხაზეთის ხმა“, „ძველი ქალაქი“ (ქ. ქუთაისი), „რიონი“ (ქ. ქუთაისი), „ათინათი“ (ქ. ზუგდიდი), „ჰერეთი“ (ქ. თბილისი/ლაგოდეხი), „მარნეული“ და „აჭარა“ (ქ. ბათუმი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი).

2018 წელს (18 ივნისი ‐ 28 ნოემბერი) - მონიტორები აკვირდებოდნენ 11 რადიომაუწყებელს: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „აჭარა“ (აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ქ. ბათუმი), „თავისუფლება”, „იმედი“, „მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, „ათინათი“ (ქ. ზუგდიდი), „ჰერეთი“ (ქ. თბილისი/ლაგოდეხი).
კატეგორია - საქართველო
2016-2017 წლებთან შედარებით ტელესივრცე გახდა მკვეთრად პოლარიზებული და ორპოლუსიანი, თუ გასულ წლებში იკვეთებოდა მაუწყებლების ლოიალური დამოკიდებულება ხელისუფლების, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი, 2018 წელს სარედაქციო პოლიტიკა კონკრეტული სუბიექტის დისკრედიტაციიაზე ორიენტირებული გახდა - ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ბოლო სამი წლის წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომელიც დღეს, 13 დეკემბერს გამოქვეყნდა.

სამწლიანი მონიტორინგი აჩვენებს მაუწყებლების სარედაქციო პოლიტიკა როგორ ყალიბდებოდა განსხვავებული მიმართულებით და მკაფიოდ იკვეთებოდა ორი პოლუსი - ხელისუფლებისა და ოპოზიციის სასარგებლოდ.

ანგარიშის მიხედვით, მაუწყებელთა არჩევანი 2016 წელს უკვე ცალსახა იყო. ერთ მხარეს, მსგავსი სარედაქციო პოლიტიკით იყვნენ „იმედი“, „მაესტრო“ და „GDS“: “ისინი საინფორმაციო გამოშვებებში ზოგჯერ უპირატეს მდგომარეობაში მთავრობას, პრემიერ-მინისტრსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ აყენებდნენ და გამორჩეულად აკრიტიკებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

ამის საწინააღმდეგოდ, 2016 წელს „რუსთავი 2“ კრიტიკული იყო როგორც მთავრობის, ისე მმართველი პარტიის მიმართ, პარალელურად ამ არხზე იკვეთებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დადებითი გაშუქება.

ამ ფონზე, 2016 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჯერ კიდევ მიუკერძოებლად გამოიყურებოდ, “თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში, უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს „ქართული ოცნება“.

2016 წლის არჩევნების შემდეგ მედიაგარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა: „იმედი,“ GDS და „მაესტრო“ გაერთიანდა. GDS გასართობ მაუწყებლად იქცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გიორგი ბარათაშვილი GDS-ის ყოფილმა მთავარმა პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ შეცვალა. მან შეაჩერა გადაცემები და არხზე ღია კონკურსის გარეშე დაასაქმა GDS-ის ყოფილი თანამშრომლები. ეს ცვლილება კი მყისიერად აისახა სამაუწყებლო ბადესა და სარედაქციო პოლიტიკაზე, რასაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებაზე დაკვირვება ადასტურებს - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2017 წელი ისე დაასრულა, კანდიდატებისთვის სადისკუსიო სივრცე არ შეუთავაზებია. ეთერში მხოლოდ ერთი გადაცემა გავიდა, სადაც კანდიდატები მკაცრად განსაზღვრულ დროში ფორმალურ კითხვებს პასუხობდნენ. ხელისუფლებისადმი მიკერძოება უფრო მეტად ჩანდა ახალ ამბებში: „მოამბე“ მაყურებელს თითქმის არასდროს სთავაზობდა მწვავე ექსკლუზიური მასალებს, გადაცემა ვერ ავლენდა კორუფციულ ფაქტებს, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს“.

2017 წელს, მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, პირველ არხთან ერთად ხელისუფლებისადმი არამოდარაჯე პოზიციით გამოირჩეოდა “იმედიც”. არჩევნების შემდგომ კი ამ ორი არხის სარედაქციო პრიორიტეტები მაქსიმალურად დაახლოვდა: „ისინი, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების მიმართ მომზადებული ლოიალური სიუჟეტებით განსაკუთრებით ჰგავდნენ ერთმანეთს“.

2017 წელს „იმედზეც“ მიკერძოება საინფორმაციო გამოშვებებში უფრო მეტად ჩანდა, ვიდრე ტოქშოუებში. საბოლოო ჯამში, თუკი 2016 წელს „იმედის“ და GDS-ის სარედაქციო პოლიტიკა იყო მსგავსი, 2017 წელს გასართობ არხად გადაკეთებულ GDS-ის ნაცვლად „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა საზოგადოებრივი მაუწყებლისას დაუახლოვდა.

„რუსთავი 2“, 2016 წლის მსგავსად, 2017 წელსაც ხელისუფლებისადმი კრიტიკული რჩებოდა. თუმცა, კიდევ უფრო გამოიკვეთა მისი ლოიალური დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ეს გამოიხატებოდა ტოქშოუშიც „არჩევანი“.

ანგარიშის მიხედვით, ამ გადაცემამ 2018 წელს მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა და ფაქტობრივად „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის გამომხატველი გახდა. ამ ტოქშოუმ გახადა ნათელი, რომ „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა საპრეზიდენტო არჩევნებზე მიმართული იყო უმეტესად ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის უარყოფითად წარმოჩენაზე.

სწორედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიური გაშუქება იყო 2018 წლის არჩევნების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი.

“თუკი 2016-2017 წლებში მიკერძოება გამოიხატებოდა დადებითად წარმოჩენაში, 2018 წელს არხების სარედაქციო პოლიტიკის მთავარი ინდიკატორი უარყოფითი გაშუქება გახდა, რაც არა მხოლოდ ტოქშოუებსა თუ საავტორო გადაცემებში, არამედ საინფორმაციო გამოშვებებშიც ცალსახად ჩანდა”, - ვკითხულობთ მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს პოლარიზაციამ ფაქტობრივად პიკს მიაღწია: „იმედი“ და „რუსთავი 2“ საარჩევნო კამპანიების მთავარი ფიგურანტები გახდნენ. „ამ ფონზე კი საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავაც „იმედის“ ფლანგზე აღმოჩნდა და ამჯერადაც ვერ შეძლო კანონით დაკისრებული მიუკერძოებელი და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული სარედაქციო პოლიტიკის შექმნა“.



მონიტორინგი აჩვენებს, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა მეორე ტურის წინ. “იმედი” მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც ტოქშოუების რაოდენობის გაზრდასა და საინფორმაციო გამოშვებაში „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითად გაშუქების მატებაში გამოიხატა. „რუსთავი 2“-ს არ განუცხადებია საგანგებო მდგომარეობის შესახებ, თუმცა, მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებული სიმძაფრით აკრიტიკებდა სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ “ორივე არხმა დაივიწყა ეთიკური პრინციპების უმრავლესობა და ჟურნალისტიკა მეტწილად პროპაგანდით ჩაანაცვლა”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება განიცადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბადემაც: “მეორე ტურამდე ეთერიდან გაქრა პირველი ტურის წინ შექმნილი გადაცემა „დღის თემა“, ასევე „კვირის ინტერვიუ“ და „აქტუალური თემა“. მის ნაცვლად ეთერში გადიოდა ტოქშოუს ფორმატის გადაცემა „არჩევნები 2018“, რომელიც უმეტესად ხელისუფლების ნარატივს ატარებდა”.

მეორე ტურის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ტელეკომპანია „ობიექტივიც,“ ვინაიდან „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისათვის და ებრძოლა ვაშაძის წინააღმდეგ.

“ტელესივრცე ფაქტობრივად ორპოლუსიანი გახდა, სადაც „რუსთავი 2“ ერთ მხარეს, „იმედი“, „ობიექტივი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეორე მხარეს აღმოჩნდნენ. „რუსთავი 2“-ზე ძირითადად განიხილავდნენ იმას, თუ რატომ იქნება ცუდი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, „ობიექტივი“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მოძალადე ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობად წარმოაჩენდნენ”, - ნათქვამია სამწლიანი მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშში.


2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მაუწყებლების მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებდა. მონიტორები აკვირდებოდნენ მაუწყებლების საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს. ანგარიში ერთიანებს 2016-2018 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს. მასში წარმოდგენილია როგორ იცვლებოდა საარჩევნო პროცესების გაშუქება სხვადასხვა ტიპის მედიასაშულებებში ამ სამი წლის განმავლობაში და გამოვლენილია მედიისთვის ამ დრომდე არსებული ძირითადი გამოწვევები.
კატეგორია - საქართველო
ტელესივრცის ცვლილება მკვეთრი პოლარიზაციისკენ, გაუარესებული სადისკუსიო სივრცე, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა, მომატებული შეურაცხმყოფელი გამოთქმები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტენდენციებისა, რაც ბოლო სამი წლის წინასაარჩევნო პერიოდების მედიამონიტორინგმა აჩვენა. ერთადერთი დადებითი, რაც ამავე ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში, წინასაარჩევნო პერიოდების გაშუქებაში შეიმჩნევა, სიძულვილის ენის შემცირებაა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მაუწყებლების მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებდა. მონიტორები აკვირდებოდნენ მაუწყებლების საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს. ანგარიში, რომელიც აერთიანებს 2016-2018 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს, დღეს, 13 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ძირითადი მიგნებები
  • უკიდურესი პოლარიზაცია
ანგარიშის თანახმად, წლების მანძილზე სადისკუსიო გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა მაუწყებელთა პოლარიზაცია - ტელესივრცე ორპოლუსიანი ხდებოდა, მაუწყებლთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი - ოპოზიციისადმი. 2018 წელს კი ამ პოლარიზაციამ პიკს მიაღწია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ 2016, 2017 წლებში მიკერძოება ამა თუ იმ კანდიდატის პოზიტიურად გაშუქებაში გამოიხატებოდა, 2018 წელს მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით - „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“.


მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამი წლის მანძილზე „რუსთავი 2“ მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. 2018 წლის არჩევნებზე კი ღიად ჩაერთო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში. ამის საპირისპიროდ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. 2016-2017 წლებში „იმედის“ მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოალურ დამოკიდებულებში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული.

„იმედის“ მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017-2018 წლებში. არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუ 2016 წელს არხზე არ გამოვლენილა მიკერძოების მნიშვნელოვანი ტენდენცია, 2017-2018 წლებში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო და ოპოზიციის კანდიდატის ნეგატიურმა გაშუქებამ იმატა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. 2016 წელთან შედარებით, 2017-2018 წლებში, არხი მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, თუმცა მოვლენების სიღრმისეული გაშუქება პრობლემად დარჩა.

“ამ პოლარიზებულ გარემოში მიუკერძოებელი სივრცის დაკავებას ცდილობს „ტვ პირველი“. მის ეთერში არ შეიმჩნეოდა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ტენდენციურად გაშუქება”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

  • გაურესებული სადისკუსიო სივრცე
სამწლიანი მონიტორინგი აჩვენებს, რომ ტელეეთერში სადისკუსიო სივრცის შექმნის თვალსაზრისით გაუარესების ტენდენცია ჩანს. 2016 წელს ბევრად მეტი გადაცემა ეთმობოდა კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს შორის დებატებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში კი არხების უმეტესობას მოსახლეობისთვის დებატები არ შეუთავაზებია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონიტორინგის სამივე წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო საარჩევნო სუბიექტების დებატები, სადაც კანდიდატს თითოეულ კითხვაზე საპასუხოდ მკაცრად გამოყოფილი დრო ჰქონდა. სამივე შემთხვევაში წამყვანი იყო მხოლოდ არბიტრი, რომელიც წინასწარ გაწერილ კითხვებსა და დროის დაცვაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე რეალურ დებატებზე. 2016 წელს ამგვარ ფორმატში გადიოდა გადაცემა „რეალური სივრცე“, 2017 წელს კი შექმნეს ცალკე გადაცემა „თვითმმართველობა 2017“. გადაცემა იმ ქალაქებში ჩავიდა, სადაც მერებს ირჩევნდნენ და ღია ცის ქვეშ გამართა დებატები.

დებატები გორში. 2017წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი
“2017 წელს შინაარსობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად წარიმართა თბილისის მერობის კანდიდატებთან საუბარი „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ ტოქშოუებშიც. საერთო ჯამში სამივე არხზე ამ კანდიდატებს ერთი და იმავეს გამეორება მოუწიათ, რადგან წამყვანებისგან პრაქტიკულად არ დასმულა კრიტიკული, არგუმენტირებული ანდა კანდიდატების საარჩევნო პროგრამებზე დაფუძნებული კითხვები”, - ნათქვამია ანგარიშში.
მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველ არხსა და აჭარის ტელევიზიის ეთერში გადაიცა. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, პირველი არხის ეთერში მოხერხდა მთავარი კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის დებატების ორგანიზება: “მიუხედავად ამისა, მაუწყებელმა ვერ მოახერხა კანდიდატებისთვის ისეთი კითხვების დასმა და მათ შორის ისეთი დებატების გამართვა, რაც აუდიტორიას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა”.

  • წინასაარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროგრამების ფრაგმენტული გაშუქება

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო თემატიკის სიღრმისეული გაშუქება მაუწყებლებისთვის კვლავ გამოწვევაა. არჩევნები მეტწილად ყრილობის თუ კანდიდატების წარდგენის პირდაპირ ეთერში ჩართვით და კანდიდატთა აქტივობების, მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ ფრაგმენტული, უმეტესად კადრ-სინქრონის ფორმატში მომზადებული მასალებით შუქდება.

დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს რამდენიმე არხი საინფორმაციო გამოშვებაში ქმნიდა სპეციალურ რუბრიკებს, სადაც თანაბარი ქრონომეტრაჟით აშუქებდა კანდიდატთა აქტივობებს. თუმცა, ეს გაშუქება არ იყო სიღრმისეული. 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, არც ასეთი ცალკე არსებული, ფორმალური რუბრიკა არსებობდა და არც შინაარსის თვალსაზრისით გაზრდილა კანდიდატთა პროგრამების სიღრმისეული გაშუქება. ასეთივე ტენდენცია გაგრძელდა 2018 წელსაც: “მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა 10-წუთიანი რუბრიკა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატებს რთავდა. ზოგადად, 2017 წელთან შედარებით, კანდიდატთა აქტივობები, საარჩევნო პროგრამები განხილვის თემა თითქმის არ ყოფილა მაუწყებელთა საინფორმაციო გამოშვებაში”.

სიღრმისეული ანალიზისთვის მაუწყებლებს არც ტოქშოუები გამოუყენებიათ.

  • სიღრმისეული მასალების ნაკლებობა

სამწლიანი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა ქართული ტელემედიისთვის მოუგვარებელი პრობლემაა.

“ისინი მიმდინარე ამბებს ფრაგმენტულად აშუქებენ, მისდევენ უმეტესად პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგს, სიუჟეტები ძირითადად მათ განცხადებებსა და შეფასებებზეა აგებული. ხშირ შემთხვევაში პრობლემაა ამბის თხრობის ტექნიკაც, რადგან ამბავი ისეა გადმოცემული, მაყურებელს გაუჭირდება მისი არსის გაგება. გამონაკლისია „რუსთავი 2“, რომელიც ყოველთვის ცდილობს მოიძიოს ექსკლუზიური ინფორმაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების კონკრეტული ფაქტები და თავად შექმნას დღის წესრიგი.”, - ნათქვამია ანგარიშში.

სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია სამი წლის მანძილზე უცვლელია.

  • არარელევანტური სტუმრები, დისკუსიის მართვის პრობლემა

დღემდე გამოწვევაა მაუწყებლებისთვის დისკუსიის მართვაც.

“სამი წლის განმავლობაში არაერთი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ ვერ შეძლეს წამყვანებმა საჭირო მოდერაცია და კამათი ჩხუბს, შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და მრავალხმაში საუბარში გადაიზარდა, რაც, საბოლოო ჯამში, მაყურებელს ინფორმაციის მიღებაში უშლიდა ხელს”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში პოლიტიკური დებატების დაბალ კულტურასთან ერთად, შესაძლოა იყოს გადაცემის დაგეგმვისას დაშვებული ხარვეზებიც.

გადაცემებზე სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ასეთი უმართავი სიტუაცია მაშინ იქმნება, როდესაც:

გადაცემაში განსახილველი თემა არ არის კონკრეტული - ასეთ დროს ოპონენტებს საშუალება ეძლევათ, ისაუბრონ ბევრ საკითხზე და ერთმანეთს შეახსენონ ყველა ბრალდება. წამყვანი არ ცდილობს კამათი ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო წარმართოს და პასიურ როლში ყოფნას ამჯობინებს.

არარელევანტური სტუმრები - როდესაც გადაცემაში ისეთი პირები არიან მოწვეულნი, რომლებიც განსახილველ თემაზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ, მათი ყოფნა სტუდიაში მხოლოდ მწვავე დაპირისპირებას ისახავს მიზნად.

დაპირისპირებული რესპონდენტები - ზოგჯერ სტუდიაში ხვდებიან ისეთი პირები, რომლებიც ერთმანეთთან ყოველთვის კონფრონტაციაში შედიან.

სტუმართა სიმრავლე - სტუმართა დიდი რაოდენობა განსაკუთრებით სენსიტიურ თემაზე მსჯელობისას უფრო ართულებს წამყვანის ამოცანას სრულად აკონტროლოს დისკუსია. კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია, როდესაც გადაცემაში დარბაზიც მონაწილეობს.

  • სიძულვილის ენა
სამწლიანი მონიტორინგი აჩვენებს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში სიძულვილის ენისა და შეუსაბამო ტერმინოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესია.

2016 წელს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში რესპონდენტთა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ არხზე რესპონდენტმა დისკრიმინაციული, სიძულვილის ენა და შეუსაბამო ტერმინოლოგია გამოიყენა. 2017 - 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი შემთხვევები თითქმის აღარ ყოფილა. 2018 წელს რამდენიმე არხმა მოამზადა კრიტიკული მასალები, როდესაც პოლიტიკოსმა სიძულვილის ენა გამოიყენა.

“სიძულვილის ენის გამოყენების თვალსაზრისით ასეთი მკვეთრი პროგრესი არა, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება ტოქშოუებშიც, სადაც რესპონდენტები უფრო მეტად იყენებენ სიძულვილის ენას, პირდაპირი ეთერის გამო კი მისი რედაქტირება ვერ ხერხდება. 2016 წლისგან განსხვავებით 2017 წელს წამყვანები მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებდნენ რესპონდენტების მიერ გამოყენებულ სიძულვილის ენაზე. 2018 წელს კი თითქმის აღარ გვხვდებოდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ჰომოფობიური და ქსენოფიბიური განცხადებებით ცნობილ პირებს იწვევდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ”, - ვკითხულობთ ანგარიშში

თუმცა, ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელი გამორჩეული იყო ნეგატიური საარჩევნო კამპანიითა და გაშუქებით, რასაც თან ახლდა არა იმდენად სიძულვილის ენა, არამედ შეურაცხმყოფელი ფრაზები, უხამსი ლექსიკა და გინებაც კი, მათ შორის, წამყვანის მხრიდანაც : “ამ მხრივ გამორჩეული იყო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტები“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ნიკა გვარამია არ ერიდებოდა ამგვარი არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას”.

სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, სიძულვილის ენას ტენდენციის სახე აქვს ტელეკომპანია “ობიექტივის” ტოქშოუებში .
კატეგორია - საქართველო
საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში აშკარად შესამჩნევი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატების გაშუქების ტონის ცვლილება ზოგიერთ არხზე. მკვეთრად გაიზარდა (56%-დან 89%-მდე) სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი გაშუქება „რუსთავი 2“-ზე და გრიგოლ ვაშაძის უარყოფითი გაშუქება „ობიექტივზე“ (7%-დან 75%-მდე).

მედიამონიტორინგის მიხედვით, ორი საპრეზიდენტო კანდიდატიდან სალომე ზურაბიშვილს ჯამში უფრო მეტი დრო დაეთმო ვიდრე გრიგოლ ვაშაძეს. სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დიდი ქრონომეტრაჟით „რუსთავი 2“-მა გააშუქა, თუმცა ამ გაშუქების 89% უარყოფითი იყო. ყველაზე დადებითად სალომე ზურაბიშვილი დათმობილი დროის 28%-ით ობიექტივის ეთერში გაშუქდა. თუმცა, დროის თვალსაზრისით ეს დაახლოებით 2 წუთია.

გრიგოლ ვაშაძესაც ყველაზე მეტი დრო"იმედმა" დაუთმო. ყველაზე პოზიტიური გაშუქება კი "რუსთავი 2-ზე" ჰქონდა. ამ კანდიდატისთვის დათმობილი დროის 12% დადებითი იყო. ყველაზე უარყოფითად ვაშაძე „ობიექტივმა“ გააშუქა. ამ არხზე მისთვის დათმობილი დროის 74% უარყოფითი იყო.

„არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში აშკარად შესამჩნევი გახდა პრეზიდენტობის კანდიდატების გაშუქების ტონის ცვლილება ზოგიერთ არხზე. მაგალითად, მკვეთრად გაიზარდა (56%-დან 89%-მდე) სალომე ზურაბიშვილის უარყოფითი გაშუქება „რუსთავი 2“-ზე. იგივე მოხდა „ობიექტივზე.“ თუ 28 ოქტომბრამდე ამ არხის საინფორმაციო გამოშვებებში გრიგოლ ვაშაძისთვის დათმობილი დროის მხოლოდ 7% იყო უარყოფითი, მეორე ტურის წინ ეს მაჩვენებელი 74%-მდე გაიზარდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში. მედიამონიტორინგის თანახმად, საინტერესოა მეორე ტურში გადასული საპრეზიდენტო კანდიდატების პირდაპირი და ირიბი გაშუქების მაჩვენებელიც. ეს ინდიკატორი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, არხი ტრიბუნას უთმობს კონკრეტულ კანდიდატს, თუ მასზე სხვები საუბრობენ.

სალომე ზურაბიშვილი მისთვის დათმობილი დროის ნახევარზე მეტი თავად საუბრობდა (პირდაპირი გაშუქება) „ობიექტივსა“ (57%) და „იმედზე“ (56%), ყველაზე ნაკლებად კი –„რუსთავი 2“-ზე (13%). გრიგოლ ვაშაძეს პირდაპირი გაშუქების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (68%) „რუსთავი 2“-ზე ჰქონდა, ყველაზე დაბალი (8%) კი – „ობიექტივზე.“

„რაოდენობრივი მაჩვენებლების ანალიზის შედეგად შეიძლება ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილს მკვეთრად უარყოფითად აშუქებდა მხოლოდ „რუსთავი 2“, დანარჩენ არხებზე მას ძირითად ნეიტრალური გაშუქება ჰქონდა. გრიგოლ ვაშაძეს ყველაზე დადებითად „რუსთავი 2“ აშუქებდა. ვაშაძის შემთხვევაში ყველა არხზე, გარდა „რუსთავი 2“-ისა პოზიტიურ გაშუქებას უარყოფითი გაშუქება სჭარბობდა. ჯამში, ყველა არხის მონაცემებით, მეორე ტურის წინა პერიოდში გრიგოლ ვაშაძე უფრო უარყოფითად შუქდებოდა, ვიდრე მისი ოპონენტი“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის მეორე ტურის ანგარიში დღეს, 6 დეკემბერს გამოქვეყნდა. მაუწყებლების მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ჩაატარა. ანგარიში აერთიანებს კვლევის შედეგეგებს არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე პერიოდში (29 ოქტომბერი - 27 ნოემბერი).
კატეგორია - საქართველო
29 ნოემბერს, კიშინიოვში, მოლდოვაში, გამოვლინდა "ADAMI მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნების აღმოსავლეთ ევროპაში 2018" კონკურსის ექვსი გამარჯვებული. მათგან ორი საქართველოდანა.

 


კერძოდ:
  • ADAMI მედია პრიზის პრემია ახალი ამბებისა და მოკლე არამხატვრული ფილმებისთვის მიენიჭა სალომე ჯაშს ფილმისთვის “ჩასარბენი ციხე”, რომელიც ტელეკომპანია "პირველის” ეთერით გადაიცა და მომზადდა ჟურნალ “ინდიგოს” პროექტისთვის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე. ოთხწუთიანი ფილმი ნარატივის გარეშე აჩვენებს იმ ადამიანების დრამას, ვისაც საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება ოკუპაციის გამო წართმეული აქვს.
  • ADAMI მედია პრიზი ონლაინ ვიდეოსთვის მიიღო ანასტასია სლოვინსკაიას “გორანის ცხოვრების წესებმა”- რადიო თავისუფლების Ekhokavkaza.com-ისთვის მომზადებულმა ვიზუალურად მიმზიდველმა ჩანახატმა, რომელიც ამჟამად საქართველოში მცხოვრებ, მომთაბარე ბოშა კაცს ეძღვნება.

დანარჩენი გამარჯვებულები არიან:

✔ ADAMI მედია პრიზი ინფორმაციისთვის (არამხატვრული ფილმები)  - “სოროკას ბოლშოი თეატრი” რეჟისორი - ეუჟენიუ პოპოვიჩი, ტელეკომპანია მოლდოვა 1-ზე გასული ფილმი ბოშების ცხოვრებას განსხვავებულ, პოზიტიურ ჭრილში აჩვენებს.

✔ ADAMI მედია პრიზი გასართობი (მხატვრული ფილმებისთვის)  - “ძვირფასო, მეგობრებო” (Chers Amis) - მოლდოველი ვალერიუ ანდრიცეს მოკლემეტრაჟიანი, მხატვრული ფილმი შთამბეჭდავად გვიამბობს გარდამავალ პერიოდში მცხოვრები პოსტსაბჭოთა საზოგადოების პრობლემებზე. მოქმედება ერთ ოთახში ხდება და დახვეწილი იუმორით და კარგი ოპერატორული ნამუშევრით გამოიჩევა.

✔ ახალგაზრდა ADAMI-ს პრემია მიიღო ნელა ვასილევსკაიამ ბელორუსიდან მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალ "ლისტაპადზე" ნაჩვენები მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის “მიმოწერის მეგობრები” (Pen Pals). ფილმი გამოირჩევა მაღალპროფესიონალური, თამამი და დინამიური ვიზუალური გადაწყვეტით და ნიჭიერი მსახიობების გუნდით. “მიმოწერის მეგობრები” ბელარუსი ახალგაზრდების და არა მხოლოდ, მნიშვნელოვან პრობლემას-კომუნიკაციის თემას ეხება

✔ ADAMI-ის პრიზი ვებ გვერდისთვის - მიიღო უკრაინელი მიკოლა ჰომანიუკის ვებ-გვერდმა “კულტურის გავლით: სამხრეთ უკრაინის ეთნიკური ტურები”, რომელიც შეიქმნა უკრაინის სოციოლოგიური ასოციაციის ხერსონის რეგიონალური დეპარტამენტისთვის. ამ ვებგვერდზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი მემკვიდრეობა იზიდავს თვალს და ამომწურავად აღწერს ხერსონის რეგიონისა და სამხრეთ უკრაინის ისტორიასა და კულტურას.

ძირითადი პრიზების გარდა ADAMI- მ წელს 5 სპეციალური აღნიშვნის ფილმი დაასახელა:
  • “იყო ახალგზარდა აშაღი სარალში” - აზიზ და ალი განიევები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველო;
  • “ოდესელობა ჩემი ეროვნებაა” - ტატიანა სუჩკოვა, ელენა ნემიში, Echo Media, უკრაინა.
  • Belsat Music Live - სერჰეი ბუდკინ, ბელსატ TV, ბელორუსი
  • ყირიმიდან ციმბირისკენ - როგორ აწმებს რუსეთი უკრინელ აქტივისტებს სენცოვს დაა კოლჩენკოს
  • მდინარის გადაღმა - ვებგვერდი-იულია კოტსკაია, ანტონ ტრაფიმოვიჩი, ანდრე შაულიუჰა, რადიო თავისუფლება / ბელარუსის ბიურო

ADAMI Media Prize არის ყველაზე დიდი მედია ჯილდო აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც კულტურული მრავალფეროვნების გაშუქების მხარდაჭერისთვის არსებობს. ADAMI ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) იმ მედია და ონლაინ პროდუქციას არჩევს, რომლებიც ეხება მრავალფეროვნების, ინტეგრაციისა და მშვიდობიანი თანაარსებობის თემებს.  ა.წ. ოქტომბერში საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც ოდესაში შეიკრიბა, თექვსმეტი ფილმი და პროექტი შეარჩია, საიდანაც გამოვლინდა ექვსი გამარჯვებული.

2018 წლის გალა ცერემონიალი ჩატარდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის, მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარის ანდრიან კანდუსა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ჰარლემის დეზირის პატრონაჟით. ჰარლემ დეზირმა, მოლდოვას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვალერიუ გილეჩიმ, ასევე ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა და მოლდოვაში გერმანიის ელჩმა ანგელა გენინგერმა გადასცეს პრიზები გამარჯვებულებს.ADAMI მედია პრიზი აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისათვის არსებობს გერმანიის ფედერალური საგარეო სამინისტროს და პროკრედიტ ჰოლდინგის (გერმანია) ფინანსური მხარდაჭერით. ADAMI-ს პარტნიორები არიან EBU-ევროპის მაუწყებელთა კავშირი, ZDF, MDR, DW, Arte და საქართველოს, მოლდოვს, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლები, სომხეთი პირველი არხი და აზერბაიჯანის საზოგადოებრივიტელევიზია İctimai.