27.11.2018
27 ნოემბრის მონაცემებით, „ფეისბუკზე“, ორი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის - “ქართული ოცნებისა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, მათი ლიდერებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პიარის ან დისკრედიტაციისკენ მიმართული ათობით გვერდი იძებნება. გვერდების ავტორების ვინაობა უცნობია.
გვერდები ყველანაირი ტიპის ინფორმაციას ავრცელებენ: ფოტო, ვიდეო, ტექსტი, მოწოდებები კანდიდატის მხარდასაჭერად ან პირიქით, დამონტაჟებული მასალები, დეზინფორმაცია, კარიკატურები და ა.შ. ტექსტები შეიცავს სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ და უხამს გამონათქვამებს. ვრცელდება ვიდეოები არქივიდან, რომლებშიც არის ძალადობრივი სცენები.
დაპირისპირებული პარტიებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების წინააღმდეგ მიმართული გვერდები ხშირად მსგავს ან იდენტურ კონტენტს ათავსებენ, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა რამდენიმე გვერდს ერთი და იგივე ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი მართავდეს.
„გაქცეული პრეზიდენტი“, „სტოკჰოლმის სინდრომი“, „Григорий Вашадзе“, „სამშობლოსათვის“, „ორი გვამი უნდათ“, „ეროვნული მედია“ - ეს გვერდები ფეისბუკში უშუალოდ არჩევნების წინ, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში შეიქმნა. მათ მიერ გამოქვეყნებული მასალები და მოწოდებები “ქართული ოცნების” პიარს და “ნაციონალური მოძრაობის”, მისი ლიდერების, საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, მისი მხარდამჭერებისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დისკრედიტაციას ემსახურება.
მაგალითად, გვერდი „Stockholm syndrom სტოკჰოლმის სინდრომი“ არჩევნების მეორე ტურამდე სამი კვირით ადრე - 6 ნოემბერს შეიქმნა.
„სტოკჰოლმის სინდრომი - სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსალური რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ ახასიათებს. არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ ქართველ ერს სტოკჰოლმის სინდრომი ახასიათებს, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა გვერდი”, - გვერდის შექმნის პირველივე დღეს, ამ შინაარსის პოსტით განმარტეს მისი შექმნის მიზანი ავტორებმა.
„დაფიქრდი, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ვაშაძის გაპრეზიდენტებას!“ „არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას შორის გვაქვს გასაკეთებელი!“ „არ მისცე საშუალება ტვინი გამოგირეცხონ!“ „პრინციპული არჩევანი, სინათლეს და სიბნელეს შორის!!!“ „ნუ აირჩევ მოძალადე პარტიის წარმომადგენელს პრეზიდენტად !!!“ “თუ გსურს, რომ ვანო გათავისუფლდეს და გააგრძელოს ხალხზე ძალადობა, მიდით 28-ში, შემოხაზეთ გრიგოლ ვაშაძე და პრეზიდენტად აირჩით მიშა!” “ჩვენ ისევ გაწამებთ ციხეებში” - მიეცი შანსი ბაჩოს იგივე აკეთოს !!!” - გვერდზე ამგვარი შინაარსის ტექსტები, ვიდეოები და, ფოტომანიპულაციები გვხვდება - მაგალითად, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცოცხით.
27 ნოემბრის მონაცემებით, გვერდს 2000-ზე მეტი მოწონება აქვს და დაახლოებით ამდენივე გამომწერი ჰყავს. ამ ციფრების კვალობაზე, გაცილებით მაღალია პოსტების მოწონებისა და გაზიარების მაჩვენებლები. იმ შემთხვევაში კი, როდესაც კონტენტს არეკლამებენ, ასეთი ძირითადად ვიდეოებია, ნახვების მაჩვენებელი ყოველდღიურად ათასობით იზრდება. მაგალითად, გვერდის მიერ გავრცელებულ და დაფინანსებულ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორ დღეში 130 000-მდე ნახვა და 2000 გაზიარება ჰქონდა, ერთ კვირაში კი ვიდეო 300 000-მდე ფეისბუკ მომხმარებელმა ნახა და 4 000-მდე ადამიანმა გააზიარა.
იმავე გზებით ცდილობენ ამომრჩეველზე გავლენის მოხდენას ის გვერდებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციასა და „ნაციონალური მოძრაობის“ გაპიარებას ცდილობენ.
მათ შორისაა: „Gürcüstanımız Üçün Birləşək ჩვენი საქართველოსთვის გაერთიანდეთ ერთად“, „გურამ ღავთაძე“, „სოლოლაკის კარის თამაშები“, „სალომეს ყლექსიკონი“ „ქოცების აღსასრული“, „ბიძინა ივანიშვილი“, - ამ სახელწოდების გვერდები, რომლებიც უშუალოდ არჩევნების წინ შეიქმნა.
„ნუ გახდებით ოლიგარქის ვნების შემსრულებელი!! საქართველოს არ ჭირდება პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას საქართველოს არ ჭირდება სალომე ზურაბიშვილი!!!!“ „ყველამ შეიგნოს, რომ ამ კანდიდატის მხარდაჭერა იგივე ოკუპანტის მხარდაჭერაა!!!“ - ამ და მსგავსი ტექსტებით ცდილობს ამომრჩევლზე გავლენის მოხდენას გვერდი „სოლოლაკის კარის თამაშები“, რომელიც 12 სექტემბერსაა შექმნილი.
“ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო გვერდებისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” მადისკრედიტირებელი ყველა გვერდი ამომრჩეველს აქტიურად მოუწოდებს გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ. ამ გვერდებს ისიც განასხვავებს, რომ მათი მოწონებისა და გამომწერების რაოდენობა მაღალი არ არის. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არც დარეკლამებული პოსტი იძებნება.
2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუკში მოქმედი დისკრედიტაციული გვერდები “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამაც” (ISFED) შეისწავლა. “სამართლიანი არჩევნები“ 54 გვერდს დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში, 1 ივნისიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში აკვირდებოდა.
ISFED-ის დაკვირვებით, გრიგოლ ვაშაძისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის მიზნით „ფეისბუქზე“ 27 გვერდი მოქმედებს. მათ ჯამში 403,417 მომწონებელი ჰყავთ. 1 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ამ გვერდებზე ჯამში 4,766 პოსტი გამოქვეყნდა.
რაც შეეხება “ქართულ ოცნებისა” და სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტირებელ გვერდებს, ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ასეთი 26 გვერდი აღმოაჩინა. მათგან თოთხმეტი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ახლო პერიოდში შეიქმნა და მათი მიზანი წარსულში „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია იყო. დანარჩენი 12 გვერდის შექმნა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ციკლის დაწყებას ემთხვევა. 26 გვერდს ჯამში 452,572 მომწონებელი ჰყავს და 1 ივნისიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით ამ გვერდებზე 10,538 პოსტია გამოქვეყნებული.
კვლევის მიხედვით, „შესწავლილ „ფეისბუქ“ გვერდებზე მადისკრედიტირებელი მესიჯები საარჩევნო ციკლის დაწყებისას მიმართული იყო „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ხოლო მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა, მესიჯები შეიცვალა და უმეტესად სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში გარდაისახა.
ამავე დოკუმენტის თანახმად, გრიგოლ ვაშაძისა და ენმ-ს მადისკრედიტირებელი გვერდების მთავარი მესიჯები ძირითადად მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის და ნიკა გვარამიას საწინააღმდეგო პროპაგანდას უკავშირდება.
აღნიშნული გვერდები ხშირად რომ არეკლამებენ კონტენტს, ამაზე “სამართლიანი არჩევნების” კვლევაშიც ვკითხულობთ.
“საარჩევნო სუბიექტების საწინააღმდეგო ნებისმიერი მოწოდება წარმოადგენს აგიტაციას. ხოლო აგიტაციის მიზნით გამოყენებული ფინანსები ექვემდებარება კანონით დადგენილი წესით დეკლარირებას, რომლის მონიტორინგსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს. იმდენად, რამდენადაც მადისკრედიტირებელი „ფეისბუქ“ გვერდები, ძირითადად, ანონიმურად ოპერირებენ, მათ მიერ პოსტების დასასპონსორებლად გაღებული ხარჯების დეკლარირება და შესაბამისად ამ ხარჯების კანონით გათვალისწინებული მონიტორინგი არ ხდება. ამდენად, გაწეული ფინანსური ხარჯი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს”, - ნათქვამია კვლევაში.
იხილეთ სტატიაში დასახელებული გვერდების სქრინშოთები