აჭარის TV-დან გათავისუფლებული 3 თანამშრომელი დაბრუნებას დათანხმდა.
3-დან ორი ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე მაუწყებელში
განსხვავებულ პოზიციებზე ბრუნდებიან. ორივე მათგანი მმართველობით
რგოლს ჩამოაშორეს, ბაჩო გურაბანიძე პროდიუსერად, გიორგი მურვანიძე კი
რეჟისორად გადაიყვანეს. გათავისუფლებამდე გურბანიძე გადაცემა „დილის
ტალღის“ რედაქტორი, მურვანიძე კი შემოქმედებითი სამსახურის
შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი იყო. მემონტაჟე გუგა ქადიძის
პოზიცია უცვლელია.
მენეჯმენტის შეთავაზებებს გათავისუფლებულები გუშინ, 5 აგვისტოს,
საღამოს დასთანხმდნენ. ბაჩ გურაბანიძეც და გიორგი მურვანიძეც ამბობენ,
რომ მათი დაბრუნება მაუწყებლის თანამშრომელთა ერთიანობის შედეგია.
„მე გავითვალისწინე ჩემი 230 თანამშრომლის უდიდესი მხარდაჭერა,
გვერდში დგომა და ბრძოლა ჩვენს დასაბრუნებლად , ოჯახის, მეგობრების,
ნაცნობების გულშემატკივრობა და ყოველდღიური ნერვიულობა, სტრესი,
შედეგად ჩვენ დავბრუნდით მაუწყებელში!!! იმიტომ, რომ იქ ბევრს აქვს
ჩვენი იმედი და გველოდებიან, იმიტომ, რომ საჭიროების შემთხვევაშიც
სხვაც ისევე დავიცვათ , როგორც ჩვენ გვიცავდნენ.
მე ტელევიზიიდან მენეჯმენტმა გამიშვა და 230 -მა ადამიანმა დამაბრუნა,
ჩემი სურვილით არც წავსულვარ და არც ვბრუნდები“, - დაწერა ბაჩო
გურაბანიძემ სოციალურ ქსელში ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის
შემდეგ.
ბაჩო გურაბანიძის მსგავსად, გიორგი მურვანიძეც ამბობს, რომ მათი
დაბრუნებით ტელევიზიაში ბრძოლა გრძელდება.
„ჩვენ გარიგებაში არავისთან შევსულვართ. არ გეგონოთ ჩვენი დაბრუნებით
ტელევიზიაში შავ-თეთრი ფერები გაფერადდა... ბრძოლა გრძელდება ! ! !
გადაცემა #ჰეშთეგი და მისი გუნდი ეთერში უნდა დარჩეს... მინიმუმ
ამისთვის ღირს სამსახურში დაბრუნება... თუ მხარს მიჭერთ, თუ
გიყვარვართ მაშინ აი ამ გადაცემას და ამ გადაცემაში მომუშავე
ადამიანებს სამუშაო პირობები უნდა შევუქმნათ. მათ თუ პრობლემა
შეექმნებათ, გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფუჭი იყო. ფუჭი იყო
აბსოლუტურად ყველაფერი. მე ისევ გამაგდებენ. მაპატიეთ მაგრამ ამას თუ
დავუშვებთ, მაშინ არაფერი ვყოფილვართ. მაშინ მართლა გასაგდები ვარ ! !
! ვიყოთ მეტად სოლიდარულები. ეს არის გამოსავალი. ეს არის გამარჯვების
ფორმულა“, - დაწერა გიორგი მურვანიძემ ასევე სოციალურ ქსელში.
ინფორმაცია, სამი გათავისუფლებული თანამშრომლისთვის დაბრუნების
შეთავაზების შესახებ, 4 აგვისტოს
გავრცელდა. აჭარის ტელევიზიამ
გამოაქვეყნა მენეჯმენტის განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ
"სამი თანამშრომლის გათავისუფლება გარდაუვალი აუცილებლობიდან
გამომდინარეობდა და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და
კანონიერების დაცვას". ახლა კი, "იმის გათვალისწინებით, რომ
გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების
სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო
გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები
მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს
მათთან თანამშრომლობა".
აჭარის მაუწყებლის ალტერნატიულ პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ ტელევიზიის
მენეჯმენტი სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო
მხარდაჭერის აღიარებას გაურბის.
„მენეჯმენტმა სრულიად უგულებელყო 230 ადამიანის მხარდამჭერი პოზიცია
და 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენის მოტივად მათი
სამსახურეობრივი დამსახურებები დაასახელა. ბუნებრივია, მათი
დამსახურებები და ორგანიზაციისთვის გაღებული შრომა ყველასთვის
ხილულია; თუმცა, გვრჩება განცდა, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის
სოლიდარობის, პროტესტისა და თანამშრომლების უპრეცედენტო მხარდაჭერის
აღიარებას. უფრო მეტიც, ის ცდილობს - მაუწყებელში არსებული მტრული,
არაჯანსაღი და ძალადობრივი შრომითი გარემო შენიღბოს ამგვარი
„დათმობებით“, - წერია
განცხადებაში, რომელიც
პროფკავშირებმა გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გათავისუფლებულმა
თანამშრომლებმა შეთავაზებები მიიღეს და ხელშეკრულებას ხელი
მოაწერეს.
ალტერნატიული პროფკავშირი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში,
ძალადობრივი და დევნა-ძალაუფლებაზე დაფუძნებული გარემოს
ჩამოყალიბებაზე სრულ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელმძღვანელობას
აკისრებს. მათი განცხადებით, სამსახურში გათავისუფლებული პირების
დაბრუნება არის აქ დასაქმებული ადამიანების ერთობლივი გამარჯვება
უთანასწორობისა და იმ მავნებლური პოლიტიკის წინაშე, რასაც მოქმედი
მენეჯმენტი ატარებს.
„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე
მაუწყებელში სახეცვლილი უფლება-მოვალეობებით დაბრუნდნენ და მათ სრულად
ჩამოშორდათ სარედაქციო პოლიტიკაში მონაწილეობა-ჩართვის კომპონენტები,
ბრძოლა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გადასარჩენად გრძელდება უფრო
მეტი წინააღმდეგობისა და ცვლილებების მუხტით.
მსგავსი პრეცედენტი ნათლად აჩვენებს იმას, რომ დასაქმებული
ადამიანების სოლიდარობა ერთ-ერთი გავლენიანი ბერკეტია უსამართლო
გადაწყვეტილებების პირისპირ. ვრჩებით სხვა გათავისუფლებული და
უფლებაშელახული პირების სოლიდალურნი და ვაგრძელებთ ღირსეულ ბრძოლას
მათი უფლებების აღსადგენად“, - წერს ალტერნატიული პროფკავშირი.
***
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის შემოქმედებითი სამსახურის დილის
გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი
სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და
მემონტაჟე გუგა ქადიძე მაუწყებლიდან 30 ივლისს
გაათავისუფლეს. იმავე დღეს,
მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად,
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა
პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.
თანამშრომლების გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტია განცხადებით
გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს
მოუწოდა, დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე
პროცესებით. მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად
კრიტიკულად
შეაფასეს კოალიცია „მედიის
ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის
მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე
სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო
ნიშნებს შეიცავს.
3 აგვისტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, 230
თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ხელმომწერებმა
მაუწყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნება
მოითხოვეს.