ECPMF ევროკავშირის ლიდერებს გიორგი გაბუნიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
19.08.2020
„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი“ (ECPMF) ევროპულ ინსტიტუტებს მიმართავს თვალყური ადევნონ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ არსებულ საფრთხეებს და საქართველოში ყველა ჟურნალისტისა და მედიის სფეროში მომუშავე ადამიანების მხარდასაჭერად იმუშაონ.

„მედიაჩეკერი“ ECPMF-ის მიერ 18 აგვისტოს გავრცელებული განცხადების თარგმანს გთავაზობთ:

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის სახელით, გვსურს, თქვენი ყურადღება ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ განხორციელებულ მუქარებზე გავამახვილოთ, რასაც ერთი პირის დაკავება მოჰყვა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგს, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა, საქართველოსა და რუსულად მოსაუბრე ქვეყნებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ამისთვის იგი ორი თვით საქმიანობასაც ჩამოაცილეს, აღნიშნული სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავის -2-ში”, სადაც იგი მუშაობდა მფლობელები შეიცვალნენ. რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებმა გაბუნიას მონოლოგი მყისიერად დაგმეს. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მისი სიტყვები ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი იყო. რუსეთი საქართველოს ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. რუსეთის დუმაში კი გაბუნიას ექსტრადირება მოითხოვეს. გაბუნიას მიმართ მუქარის შემცველი ტექსტები ჩეჩნეთიდან გაგრძელდა. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას გაბუნიას წინააღმდეგ საქმის აღძვრისკენ მოუწოდა, ამასთან „ტელეგრამზე“ ძალადობრივი მუქარის შემცველი ტექსტი გამოაქვეყნა და თქვა: „გაბუნიას ურჩევნია შვიდი ღობის იქით დაიმალოს, რადგანაც პირველივე ადამიანი, რომელიც მას შეხვდება, იმას მიუზღავს, რაც დაიმსახურა“.

2020 წლის 15 ივნისს, „ტელეკომპანია ფორმულამ“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ამასთან, იმ დროს როდესაც, აღნიშნულ საკითხზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვაში რამზან კადიროვი საჯაროდ დაადანაშაულა. რამდენადაც, დაკავებული რუსეთის მოქალაქის მიმართ გამოძიება კვლავაც გრძელება, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმის დასადგენად, თუ ვინ გეგმავდა, ვინ იძლეოდა დავალებებს და ვინ აფინანსებდა მკვლელობას და პასუხისგებაში მისცეს ისინი. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჟურნალისტების მიმართ მუქარების აღსაკვეთად და იმის საჩვენებლად, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია“.

წყარო: ecpmf.eu

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ