აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს
წევრმა გია ქარცივაძემ, დირექტორის გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის
მოთხოვნით, 3 ივნისს მრჩეველთა საბჭოს მიმართა. ორშაბათს, 8 ივნისს,
საბჭოში კიდევ ერთი განცხადება შევა - ბორდის მეორე წევრის, თამარ
წილოსანის. პარალელურად, მერვე დღეა ტელევიზიის წინ ამავე მოთხოვნით
შიმშილობს საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” ერთ-ერთი
წევრი, ალექსანდრე მილორავა და დღეს, 5 ივნისს, ამავე მოთხოვნით,
ტელევიზიასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა. “მედიაჩეკერი” შეეცადა
გაერკვია, დაიწყება თუ არა დირექტორის იმპიჩმენტის
პროცედურა.
დასაქმებულთა დევნა, სარედაქციო დამოუკიდებლობის, სტრუქტურული
ერთეულების მსხვრევა და პრიორიტეტების შეუსრულებლობა - ეს ნაწილია იმ
პრობლემებისა, რის გამოც, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა
საბჭოს წევრმა გია ქარცივაძემ საბჭოს დირექტორის იმპიჩმენტის
პროცედურის დაწყების განცხადებით მიმართა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მაუწყებლის დირექტორის
იმპიჩმენტის დასაწყებად, მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან მინიმუმ ორი
წევრის მოთხოვნაა საჭირო. გია ქარცივაძე “მედიაჩეკერთან” ამბობს, რომ
ახლა მაუწყებელში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ გადაწყვიტა
საბჭოსთვის ინდივიდუალურად მიემართა, იმ იმედით, რომ სხვა მრჩევლებიც
შეუერთდებოდნენ.
“თითქმის ყველა კვარტალური ანგარიშის მოსმენის შემდეგ მქონდა
მცდელობა, რომ მიმემართა საბჭოსთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი მრჩევლის
მიმართვა საკმარისი არ იქნებოდა პროცედურების დასაწყებად. თუმცა, ახლა
იმდენად დამძიმდა სიტუაცია, რომ ვიმედოვნებდი სხვა მრჩევლებიც
შემომიერთდებოდნენ. ეს ნამდვილად არ გადამიწყვეტია ახლა, ამ კვირაში,
აქამდეც მქონდა მცდელობა, მაგრამ სხვა მრჩევლების თანხმობა არ მქონდა.
ახლა გადავწყვიტე ინდივიდუალურად მიმემართა, თუ ვინმე შემომიერთდებოდა
და დაინახავდა იგივეს, რასაც მე ვხედავდი, ამ პროცესს მსვლელობა
მიეცემოდა - ამ განწყობით შევიტანე მე”.
ქარცივაძის გადაწყვეტილებას მოგვიანებით შეუერთდება საბჭოს მეორე
წევრი - თამარ წილოსანი. გადაწყვეტილების მისაღებად მას
რამდენიმედღიანი ფიქრი დასჭირდა. დღეს მან სოციალურ ქსელში დაწერა,
რომ გადაწყვეტილება მიიღო და ამ გადაწყვეტილებაზე შორენა ღლონტის
გათავისუფლებამ იქონია გავლენა.
მანამდე ის ამბობდა, რომ გარკვეულ კონსულტაციებს გადიოდა.
“აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დაუსაბუთებელი გათავისუფლების,
მედიაციის პროცესის შეწყვეტისა და ხელშეკრულებების ცალმხრივად შეცვლის
გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს
უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2
წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ
ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში. კულმინაცია იყო შორენა ღლონტის უკვე
მეორეჯერ გათავისუფლება”, - წერს თამარ წილოსანი.
მეტი დეტალის გასარკვევად, რატომ დასჭირდა თამარ წილოსანს ამ
გადაწყვეტილების მისაღებად ამდენი დრო და რატომ არ მიმართა დღესვე,
”მედიაჩეკერი” დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან
დაკავშირებას. თავდაპირველად იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობდა,
მოგვიანებით კი ტელეფონი გამორთო.
გია ქარცივაძის თქმით, მან ამ განცხადების შემდეგ თამარ წილოსანს
შესთავაზა, რომ დღესვე მოაწერდა ხელს ტექსტზე და დღეს შეეტანათ
განცხადება, თუმცა, მან უპასუხა, რომ დოკუმენტზე შაბათ-კვირას უნდა
იმუშაოს და სრულყოფილი ტექსტი საბჭოში შესატანად ორშაბათს ექნება.
ბორდის წევრების გარდა, უკვე მერვე დღეა, დირექტორის იმპიჩმენტისა და
გათავისუფლებული ჟურნალისტების დაბრუნების მოთხოვნით, ტელევიზიის წინ
შიმშილობს მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” ერთ-ერთი წევრი, ალექსანდრე
მილორავა.
“მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, დააყენოს
დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს ის დაკავებული
თანამდებობიდან. ამ მოთხოვნით მე დღეიდან ვიწყებ შიმშილობას და აქვე
მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს ყველა ის ჟურნალისტი,
რომელიც გათავისუფლდა კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ”,-
განაცხადა მან 29 მაისს, შიმშილობის დაწყების პირველ დღეს, აჭარის
ტელევიზიასთან საუბრისას.
პარალელურად, დღეს, საზოგადოებრივი მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის”
ორგანიზებით, მაუწყებლის წინ აქცია გაიმართა, სადაც აჭარის
ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორება
გააპროტესტეს.
ამ მოვლენების პარალელურად, უკვე არაერთი საერთაშორისო და ადგილობირივ
ორგანიზაციების განცხადება იძებნება, რომელთა მთავარი აქცენტი არის
ის, რომ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობს. ბოლო ასეთი
გამოხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან იყო ორგანიზაციის
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”
განცხადება 14 მაისს, მას შემდეგ,
რაც მაუწყებლიდან ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე და
გადაცემა “ჰეშთეგის” წამყვანი მალხაზ რეხვიაშვილი გაათავისუფლეს.
ადგილობრივმა ორგანიზაციებმა კი, უფრო კონკრეტულად, “კოალიციამ მედიის
თავისუფლებისთვის” ბოლო
განცხადება გუშინ, 4 ივნისს
გაავრცელა, მას შემდეგ, რაც მაუწყებლიდან შორენა ღლონტიც გაუშვეს. ამ
განცხაებაში კოალიციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ “აჭარის
საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავაც
კრიტიკულია და საზოგადოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს”.
ამ ყველაფრის ფონზე, დღეს, 5 ივნისს, აჭარის მაუწყებლის
ადმინისტრაციამ აქციის მონაწილეებისა და მოშიმშილეების დისკრედიტაცია
მათი პოლიტიკური აფილაციების ძებნით
სცადა.
"ადგილი აქვს მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეების მხრიდან
პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში. ზეწოლას
თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე", - ეს არის ამონარიდი
საგანგებო განცხადებიდან, რომელიც დღეს აჭარის მაუწყებლის
ადმინისტრაციის სახელით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკადრო ბაზის
განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ პაქსაძემ
პრესკონფერენციაზე გაახმოვანა.
თუ თამარ წილოსანი გადაწყვეტილებას აღარ შეცვლის და ორშაბათს
განცხადებას შეიტანს, საბჭომ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა უნდა
დაიწყოს. “მედიაჩეკერი” ბორდის თავმჯდომარესთან გიგა ჩხარტიშვილთან
დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარებს არც მან
უპასუხა. ერთ-ერთმა მრჩეველმა თამილა დოლიძემ კი დღეს აჭარის
ტელევიზიასთან საუბარში
განაცხადა, რომ მან, გიგა
ჩხარტიშვილმა და სოსო სტურუამ იმსჯელეს და ისინი დირექტორის
იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ:
“შედგა კომუნიკაცია მრჩეველთა საბჭოს სამ წევრთს შორის - გიგა
ჩხარტიშვილს, სოსო სტურუასა და ჩემ შორის და მინდა საზოგადოებას და
ასევე მოშიმშილეებს ვუთხრა, რომ იმპიჩმენტის საკითხი შემოვა თუ არ
შემოვა, მას ჩვენგან მხარდაჭერა არ ექნება. არ შედგება იმპიჩმენტი
გიორგი კოხრეიძის, ვინაიდან სამი მხარდამჭერი არ ეყოლება ამ პროცესს”,
- განაცხადა თამილა დოლიძემ.
თუ ორშაბათს მრჩეველთა საბჭოში წილოსანის განცხადება შევა, საბჭოს
გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილების
მისაღებად 10 დღის ვადა ექნება. მაუწყებლობის შესახებ კანონის
მიხედვით, მრჩეველთა საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების
შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების
წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი კი უფლებამოსილია
დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება.
გია ქარცივაძეს ფიქრობს, რომ ეს პროცედურა გიორგი კოხრეიძის
იმპიჩმენტით არ დასრულდება, თუმცა, იმედს იტოვებს, რომ მაუწყებელში
მიმდინარე მოვლენების კიდევ ერთხელ გაცხადება სხვა მრჩევლებზეც
მოახდენს გავლენას.
“სიმართლე რომ გითხრათ, მოლოდინი არ მაქვს, რომ შედეგით დასრულდება ეს
პროცედურა. მაგრამ, კიდევ ერთი მცდელობა მექნება და კიდევ ერთხელ
გაცხადდება რა ხდება მაუწყებელში, ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად, ეს
გავლენას მოახდენს სხვა მრჩევლებზე და დაინახავენ იმას, რისი
დანახვაც, სამწუხაროდ, არ სურთ. შეიძლება, გადაწყვეტილებაც მიიღონ,
ფარული კენჭისყრაა და ყველაფერი მოსალოდნელია”, - ამბობს გია
ქარცივაძე.
კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა არ
გამოუცხადა დირექტორს, მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის
დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაუშვებელია.