მოშიმშილე თამარ წილოსანს: ‘იმედი მაქვს თქვენი ჰუმანურობა და პროფესიონალიზმი სხვა ღირებულებებზე მაღლა დგას’
09.06.2020
“თქვენი ნაბიჯებიდან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩემი შიმშილობის პარალელურად, არ გსურთ იმპიჩმენტის საკითხის დაყენება”, - მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმის” ერთ-ერთი წევრმა ალექსანდრე მილორავამ, რომელიც მე-12 დღეა აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობს, ბორდის წევრს თამარ წილოსანს ღია წერილით მიმართა.

ალექსანდრე მილორავა წილოსანს ახსენებს მისი 5 ივნისის პოსტს ფეისბუკზე, რომელშიც მკაფიოდ წერდა, რომ ორშაბათს, 8 ივნისს, მრჩეველთა საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძისთვის უნდობლობის გამოცხადების თხოვნით მიმართავდა. თუმცა, გუშინ გადაიფიქრა.

“გუშინ შუადღეზე ალტერნატიულ პროფკავშირებს მოუწოდეთ ხელმოწერები შეეგროვებინათ და თქვენთვის მოემართათ თხოვნით, რასაც ისინი გაემიჯნენ. 17:48 საათი იყო მაუწყებელში რომ მოხვედით და გააკეთეთ სულ სხვა განცხადება, რაზეც ბორდის თავმჯდომარემ გითხრათ, რომ ეს კანონის დარღვევაა და შეუძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება (სხვა იურისტებთანაც გადავამოწმე). დღეს ჩატარდება ამ საკითხების არაფორმალური განხილვა, იმისათვის, რომ მიიღოთ ყველაფერზე მკაფიო პასუხი. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მე შევწყვიტო შიმშილობა და მას შემდეგ შეიტანთ განაცხადს იმპიჩმენტზე, დააფიქსირეთ ეს პოზიცია საჯაროდ და მე ავდგები, მხოლოდ იმიტომ, რომ შედეგია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა პიროვნული წარმატებები. მაგრამ აქვე დავაფიქსირებ პოზიციას, რომ თქვენ გაქვთ უკვე ყველანაირი საფუძველი დღესვე მოაწეროთ ხელი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნას”, - წერს ალექსანდრე მილორავა.



აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრმა, თამარ წილოსანმა 5 ივნისს განაცხადა, რომ 8 ივნიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით ბორდს განცხადებით მიმართავდა: “აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების დაუსაბუთებელი გათავისუფლების, მედიაციის პროცესის შეწყვეტისა და ხელშეკრულებების ცალმხრივად შეცვლის გამო მივიღე გადაწყვეტილება, რომ მივმართო მრჩეველთა საბჭოს უნდობლობის პროცედურების დაწყების შესახებ. პროცედურების დაცვით 2 წევრის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნა სხდომის დანიშვნის შესახებ ორშაბათს შევა მრჩეველთა საბჭოში. კულმინაცია იყო შორენა ღლონტის უკვე მეორეჯერ გათავისუფლება”, - წერდა თამარ წილოსანი, თუმცა 8 ივნისს ბორდისთვის მიმართვა გადაიფიქრა და გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:

„სანამ იმპიჩმენტის პროცედურას დავიწყებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალი კადრები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გაათავისუფლეს სამსახურიდან, პოზიციებზე დააბრუნონ. ასევე, ვითხოვ გამოცხადდეს მორატორიუმი ადმინისტრაციის მხრიდან და განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანების გათავისუფლება შეწყდეს. გარდა ამისა, მაუწყებელში უნდა არსებობდეს კოლეგიალური ორგანო, სარედაქციო საბჭო და ვითხოვ, რომ ეს საბჭო დაუყოვნებლივ აღდგეს,“ - განაცხადა თამარ წილოსანმა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

მრჩეველთა საბჭოში დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ერთი განცხადება უკვე შევიდა. ბორდის წევრმა გია ქარცივაძემ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის მოთხოვნით საბჭოს 3 ივნისს მიმართა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად, მრჩეველთა საბჭოს ხუთი წევრიდან მინიმუმ ორი წევრის მოთხოვნაა საჭირო.


ფოტო: რადიო თავისუფლება

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ