აჭარის TV-ის ადმინისტრაციის აზრით, მოშიმშილეები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ
05.06.2020

"ადგილი აქვს მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში. ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე", - ეს არის ამონარიდი საგანგებო განცხადებიდან, რომელიც დღეს, 5 ივნისს, აჭარის მაუწყებლის ადმინისტრაციის სახელით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ემზარ პაქსაძემ პრესკონფერენციაზე გაახმოვანა. 

 ადმინისტრაციამ ამ განცხადებით სცადა პირები, ვინც ტელევიზიის წინ დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობენ, პოლიტიკური ინტერესების გატარებაში დაედანაშაულებინა. 

"ბოლო დღეებში ხშირია კანონმდებლობის დარღვევა და ადგილი აქვს მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში. ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ დღეს ის პირები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოგვიდგნენ, როგორც ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც უყვართ აჭარა, რომლებსაც თითქოს აინტერესებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი, ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს.

აქციაში მონაწილე ორივე პირი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, აქვთ პოლიტიკური განაცხადები, შეწირულობები პარტიისათვის და რაც მთავარია ეს პირები ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას მაუწყებელზე.

გვინდა ჩვენი თანამშრომლების სახელით კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, ამ პროცესებში უკანონოდ ჩართულ პირებს, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ნუ გამოიყენებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ნუ განახორციელებენ ზეწოლას ჩვენს თანამშრომლებზე.

მოშიმშილე პირი, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა კენჭს იყრიდნენ სხვადასხვა პერიოდებში. ალექსანდრე მილორავამ “ევროპულ საქართველოს” 2017 წლის არჩევნებზე თანხა შესწირა.

როცა ჩვენს თანამშრომლებს “ჩამოსულებს” ეძახდნენ, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისშია რეგისტრირებული.

ასეთ კომენტარებს პოლიტიკური მომავლის პირები არ უნდა აკეთებდნენ. ეს პირები განმარტავდნენ, რომ ისინი იყვნენ ნეიტრალურები. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენ მიმართ, ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე”,  – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომის მოთხოვნით, საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ აქტივისტმა, ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა დაიწყო. მან 29 მაისს მაუწყებლის წინ კარავი გაშალა და განაცხადა, რომ მხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას.

“მივმართავთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს, დააყენოს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი და გადააყენოს ის დაკავებული თანამდებობიდან”,- განაცხადა მან აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.იგი ასევე ითხოვს, რომ ტელევიზიაში დაბრუნდეს ყველა ჟურნალისტი,
 ვინც კოხრეიძის დირექტორად დანიშვნის შემდეგ გათავისუფლდა. 

ალექსანდრე მილორავა, რომელიც აჭარის ტელევიზიის წინ დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით მერვე დღეა შემშილობს, აცხადებს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მართლაც მონაწილეობდა „ევროპული საქარველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატად და პარტიისთვის ჰქონდა შეწირული 1000 ლარი, თუმცა ამჟამად მას რაიმე კავშირი პარტიასთან არ აქვს.

დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი ბოლო დღეებია საზოგადოებაში აქტიურად განიხილება. იმპიჩმენტის მოთხოვნით მრჩეველთა საბჭოს უკვე მიმართა ბორდის ერთ-ერთმა წევრმა გია ქარცივაძემ. 

დღეს აჭარის ტელევიზიასთან აქციაც გაიმართება, სადაც აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკული ჟურნალისტების რედაქციიდან ჩამოშორებას გააპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორია საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმი“.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ