2021 წლიდან შესაძლოა ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა აიკრძალოს
02.06.2020
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრის, გია ჟორჟოლიანის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა 2021 წლიდან ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ინიციატივა იმ არგუმენტით არის ახსნილი, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად უნდა შეეძლოს და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ უნდა იმყოფებოდნენ.

“ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ის, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა არ იყოს სასყიდლიანი და მასზე წვდომა იყოს უფასო და თანაბარი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, როგორც ეს აპრობირებულია მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში”, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორი სხვა ქვეყნების გამოცდილებას იმოწმებს და წერს, რომ გაერთიანებულ სამეფოში საერთოდ აკრძალულია ფასიანი პოლიტიკური რეკლამები; გერმანიაში პოლიტიკური პარტიები უზრუნველყოფილები არიან უფასო საარჩევნო დროით და იმავდროულად მათ არ შეუძლიათ გადაიხადონ შესაბამისი საფასური და განათავსონ პოლიტიკური რეკლამა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საფრანგეთში კი ფასიანი პოლიტიკური რეკლამები არჩევნებამდე 3 თვის განმავლობაშია აკრძალულია.

გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ევროკავშირში შემავალი ქვეყნებიდან მხოლოდ იტალიაში, პორტუგალიაში და ლიტვაშია დაშვებული ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ისიც ძალიან მკაცრი შეზღუდვებით და ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები. მისივე განმარტებით, ქართული საარჩევნო კანონმდებლობის ის ნაწილი, რომელიც არეგულირებს საეთერო დროის განაწილებას, უკიდურესად დისკრიმინაციულია არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიმართ, მათ არ შეუძლიათ ეფექტურად უფასო საეთერო დროით სარგებლობა და ტელევიზიებს არც იმის ვალდებულება აქვთ მათ მიმართ, რომ დებატებში მონაწილეობისას შეუქმნან ერთნაირი პირობები.

“ასეთი მიდგომა რადიკალურად ზღუდავს პოლიტიკური ძალების დინამიურად გადახალისების პროცესს, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და მშვიდობიანი განვითარებისათვის. ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ სატელევიზიო სივრცეში ყველა საარჩევნო სუბიექტი სარგებლობდეს თანაბარი შესაძლებლობით, რაც ეხება უფასო პოლიტიკური რეკლამითა და დებატებში არადისკრიმინაციულად მონაწილეობის შესაძლებლობას, ამასთანავე დიდი ფინანსური შესაძლებლობების პარტიებთან მიმართებაში დანარჩენი საარჩევნო სუბიექტები არ აღმოჩნდნენ უკონკურენტო მდგომარეობაში, იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის შეძენა”,- ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ინიციატივა ბიურომ პირველ ივნისს განიხილა და დასაშვებად ცნო. საკომიტეტო მოსმენები 5 ივნისიდან იწყება, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ბოლო ვადა კი 18 სექტემბერია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ