კატეგორია: ეთიკა
პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ახალმა სახეებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, არაზ მაშოვმა და ედგარ ბარსაღიანმა სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში დატოვეს.

“სადისციპლინო კომისიის სხდომაზე დავიბარეთ და მათ დატოვეს სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე. თქვეს, რომ პარტიულ ცხოვრებას აპირებენ”, - ამბობს მედიაჩეკერთან საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელი, გიორგი გვიმრაძე.

შეგახსენებთ, რომ ედგან ბარსაღიანი და არაზ მაშოვი მედიაჩეკერთან საუბრისას ამბობდნენ, რომ ოფიციალურად “გირჩის” წევრები არ იყვნენ და შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტიც არ ჰქონდათ.
კატეგორია: ეთიკა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს რომან ქევხიშვილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსის გამო საყვედური გამოუცხადეს. საქმე საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო საბჭომ განიხილა.

ქევხიშვილმა სოციალურ ქსელში 21 მარტს ლალი მოროშკინას მიერ ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემული ინტერვიუს შესახებ დაწერა. სტატუსი შეიცავდა მოროშკინას მისამართით უცენზურო გამონათქვამებს.

ამ საკითხვთან დაკავშირებით 28 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ფუტკარაძემ მედიაჩექერს უთხრა: „ჩვენ ვცდილობთ, წესად დავამკვიდროთ, რომ ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს“.

ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი კი, გამოცხადებულ საყვედურს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ასეთივე სწრაფი რეაგირება რომ მოეხდინა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტს, საინფორმაიო სამხახურის უფროსს, ახალი და მიმდინარე ამბების დეპარტამენტის დირექტორს -ჩემ არაერთ თხოვნაზე, რომ არ მაქვს ღამის განათება (ფლეშბეკი), რადიომიმღები მიკროფონი (2016 წელია), კამერის მონიტორი და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ლეპტოპი, რომ ოპერატიულად, შემთხვევის ადგილიდან ავტვირთო ვიდეო აჯობებდა. რადგან მაუწყებლის მაყურებელი იმსახურებს, სწრაფ და ხარისხიან ინფორმაციას. თუმცა ეს ტექნიკური პრობლემები, რომელიც წლებია არსებობს და ყველა საქმის კურსშია, არავის აინტერესებს. სამარცხვინოა, რომ Facebook -ის სტატუსები უფრო მნიშვნელოვანია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ხელმღძვანელი პირებისთვის, ვიდრე პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაქვს. ხარისხიანი საინფორმაციოსთვის, ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, გამართულად მომუშავე ტექნიკაა. პრობლემების მოგვარებაზე არ იფიქროს არავინ და მხოლოდ ფბ სტატუსები განიხილეთ.. ამიტომ აქვს არხს "უზარმაზარი" რეიტინგი”.
კატეგორია: ბლოგი
სააღდგომოდ სხვადასხვა რაიონის გამგეობების მიერ მოსახლეობისთვის გაფუჭებული ქათმების დარიგების შესახებ ეთერში რამდენიმე სიუჟეტი ვიხილეთ. ერთ-ერთ სიუჟეტში ხალხი პროტესტის ნიშნად აივნებიდან ქათმებს ყრიდა. ჟურნალისტი შეკითხვებით მთაწმინდის გამგეობის წარმომადგენელს მიმართავს “ყველაფერში დამნაშავე ტენდერში გამარჯვებული კომპანია აღმოჩნდა, რომლის სახელწოდებაც მოადგილეს, რომლიც სოციალურ სფეროს კურირებს, არ ახსოვდა, ისევე როგორც არ ახსოვდა, რა თანხა დაუჯდა გამგეობას სოციალურად დაუცველებისთვის ამ საჩუქრების დარიგება”, - ამბობს სიუჟეტში ჟურნალისტი.

გაგიკვირდებათ და დახარჯული თანხისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტსაც შეეძლო მოეპოვებინა და ამისათვის გამგეობიდან ინფორმაცია საერთოდ არ სჭირდებოდა. სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისათვის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შეხვიდეთ და სასურველი შესყიდვა იპოვოთ. ვებგვერდზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის შესახებ ყველა ინფორმაცია დევს იმის მითითებით, რომელ კომპანიას რა თანხა რის შესასრულებლად მისცა სახელმწიფომ.

სწორედ აქვე შეეძლო ჟურნალისტს ენახა, რომ მთაწმინდის გამგეობამ სააღდგომოდ 2768 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისთვის და 50 უსინათლოსთვის გადასაცემი ნობათი შეიძინა, რაც ჯამში ბიუჯეტს 35 710 ლარი დაუჯდა. აქვე უფრო ჩაშლილი ინფორმაციის მოძიებაცაა შესაძლებელი. კონკრეტულად ის, რომ ტენდერში კომპანია “ნილიმ” გაიმარჯვა, ქათმები “სავანეთის” იყო, 900 გრამს იწონიდა და ცალში 3 ლარი და 85 თეთრი გადაიხადეს.

თუ ამ კომპანიის შესახებ დაგაინტერესებთ ინფორმაცია, იმავე ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რა დროს და რა სახელმწიფო ტენდერი მოუგია, ხოლო ბიზნესის რეესტრი გაძლევთ შესაძლებლობას კომპანიის დაარსებიდან დღემდე მათი ყველა დირექტორის/მეწილის ვინაობა გაიგოთ და თუ მაინცდამაინც კომპანიის მისამართზე არავინ დაგხვდებათ (კომპანიის მისამართი საჯარო რეესტრის ამონაწერშივე შეგიძლიათ იპოვოთ), პირადი ნომრით (რომელიც ამავე ამონაწერშია მითითებული) ამომრჩეველთა ერთიან სიაში კომპანიის მფლობელის/დირექტორის იურიდიული მისამართიც კი შეგიძლიათ გაიგოთ.

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ინფორმაციის მოძიების მხრივაც გაუმარტივა ჟურნალისტებს საქმე. ეს ელექტრონული ბაზები შესაძლებლობას გაძლევთ უმოკლეს დროში კონკრეტული კომპანიების მფლობელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მეორე ბოლოშიც კი აღმოაჩინოთ. ამისთვის საჭიროა იცოდეთ იმ ელექტრონული ბაზების შესახებ, რომელიც არსებობს და გქონდეთ ამ ზღვა ინფორმაციასთან მუშაობის ელემენტარული უნარები.

მგონი, უკვე დიდი ხანია დროა, ჟურნალისტებმა ახალ ერაში შევაბიჯოთ - ამისათვის საჭიროა სურვილი იმისა, რომ გავცდეთ ზონას, რასაც “ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, ექპერტები ასე ამბობენ” ჰქვია, და გარდა კომენტარებისა და შეფასებებისა, თავადაც ვეძებოთ ფაქტობრივი ინფორმაცია.
კატეგორია: ეთიკა
“რუსთავი 2-ის“ ეთერში არასაარჩევნო პერიოდში, (2015 წლის ნოემბერი-დეკემბერი) პოლიტიკური შინაარსის რეკლამები გადიოდა. ერთ-ერთ მათგანში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე მოსახლეობას ასე მიმართავდა: “ჩვენ, ნაციონალურ მოძრაობას, გვაქვს კონკრეტული გეგმა. იმ მილიონებით, რომელიც ჩინოვნიკების გაზრდილ პრემიების, დანამატებს და ხელფასებს ხმარდება, შესაძლებელია ყველა პენსიონერისთვის პენსიის გაზრდა 50 ლარით... “


მეორე რეკლამაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერი სერგო რატიანი, ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ გეგმაზე, კერძოდ გადასახადების შემცირებაზე საუბრობს. რეკლამების ბოლოს ნაციონალური მოძრაობის ლოგო ჩნდება.


საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ რეკლამას უნდა ეწეროს კონკრეტულად რომელი პოლიტიკური პარტიის რეკლამაა, ამასთანავე, “პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა”.

პრობლემა ისაა, რომ საარჩევნო კოდექსში გაწერილი მოთხოვნები წინასაარჩევნო პერიოდში გასულ რეკლამებს ეხება, წინასაარჩევნო პერიოდი კი მოიცავს პერიოდს იმ თვის პირველი რიცხვიდან ოთხი თვით ადრე, როდესაც უნდა გაიმართოს არჩევნები და გრძელდება არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე.

“რუსთავი 2 - ის“ გაყიდვების განყოფილების უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი ამბობს, რომ ეს რეკლამები ჩვეულებრივ კომერციული რეკლამების სტატუსით გავიდა ეთერშუ.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ხატია ყურაშვილის თქმითაც, აღნიშნული რეკლამა კანონს არ არღვევს, რადგან ახლა წინასაარჩევნო პერიოდი არ არის.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელის ლევან ნატროშვილის თქმით კი, ეს საკანონმდებლო ხარვეზია და აუცილებელია აღნიშნული საკითხის დარეგულირება ანუ ამ ნორმების არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდზე, არამედ ნებისმიერ პერიოდზე გავრცელება. კანონში არაფერია აღნიშნული პოლიტიკური შინაარსის მქონე რეკლამებზე, რომლებიც ეთერში არასაარჩევნო პერიოდში, კომერციული რეკლამის სახით გადის.

“პირველ რიგში ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, ინფორმირებული იყოს რა სახის კლიპს უყურებს”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.

“კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ხვრელს იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამას კომერციული რეკლამის ფასად უშვებენ ეთერში მაშინ, როცა პოლიტიკური რეკლამის ფასს კანონი ცალკე ადგენს და შესაძლოა ეს თანხა კომერციული რეკლამის ფასს აღემატებოდეს”, - ამბობს ლევან ნატროშვილი.