17.05.2016
გაგიკვირდებათ და დახარჯული თანხისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტსაც შეეძლო მოეპოვებინა და ამისათვის გამგეობიდან ინფორმაცია საერთოდ არ სჭირდებოდა. სულ რამდენიმე წუთია საჭირო იმისათვის, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შეხვიდეთ და სასურველი შესყიდვა იპოვოთ. ვებგვერდზე ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის შესახებ ყველა ინფორმაცია დევს იმის მითითებით, რომელ კომპანიას რა თანხა რის შესასრულებლად მისცა სახელმწიფომ.
სწორედ აქვე შეეძლო ჟურნალისტს ენახა, რომ მთაწმინდის გამგეობამ სააღდგომოდ 2768 სოციალურად დაუცველი ბენეფიციარისთვის და 50 უსინათლოსთვის გადასაცემი ნობათი შეიძინა, რაც ჯამში ბიუჯეტს 35 710 ლარი დაუჯდა. აქვე უფრო ჩაშლილი ინფორმაციის მოძიებაცაა შესაძლებელი. კონკრეტულად ის, რომ ტენდერში კომპანია “ნილიმ” გაიმარჯვა, ქათმები “სავანეთის” იყო, 900 გრამს იწონიდა და ცალში 3 ლარი და 85 თეთრი გადაიხადეს.
თუ ამ კომპანიის შესახებ დაგაინტერესებთ ინფორმაცია, იმავე ვებგვერდზე შეგიძლიათ ნახოთ, რა დროს და რა სახელმწიფო ტენდერი მოუგია, ხოლო ბიზნესის რეესტრი გაძლევთ შესაძლებლობას კომპანიის დაარსებიდან დღემდე მათი ყველა დირექტორის/მეწილის ვინაობა გაიგოთ და თუ მაინცდამაინც კომპანიის მისამართზე არავინ დაგხვდებათ (კომპანიის მისამართი საჯარო რეესტრის ამონაწერშივე შეგიძლიათ იპოვოთ), პირადი ნომრით (რომელიც ამავე ამონაწერშია მითითებული) ამომრჩეველთა ერთიან სიაში კომპანიის მფლობელის/დირექტორის იურიდიული მისამართიც კი შეგიძლიათ გაიგოთ.
ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ინფორმაციის მოძიების მხრივაც გაუმარტივა ჟურნალისტებს საქმე. ეს ელექტრონული ბაზები შესაძლებლობას გაძლევთ უმოკლეს დროში კონკრეტული კომპანიების მფლობელების შესახებ ინფორმაცია მსოფლიოს მეორე ბოლოშიც კი აღმოაჩინოთ. ამისთვის საჭიროა იცოდეთ იმ ელექტრონული ბაზების შესახებ, რომელიც არსებობს და გქონდეთ ამ ზღვა ინფორმაციასთან მუშაობის ელემენტარული უნარები.
მგონი, უკვე დიდი ხანია დროა, ჟურნალისტებმა ახალ ერაში შევაბიჯოთ - ამისათვის საჭიროა სურვილი იმისა, რომ გავცდეთ ზონას, რასაც “ამან ეს თქვა, იმან ის თქვა, ექპერტები ასე ამბობენ” ჰქვია, და გარდა კომენტარებისა და შეფასებებისა, თავადაც ვეძებოთ ფაქტობრივი ინფორმაცია.