„მედიის განვითარების ფონდის“ (MDF) კვლევის მიხედვით, გენდერული და
იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური
მიზნით 2024 წელსაც აქტუალური პრობლემა იყო და როგორც საქართველოში
მიმდინარე მოვლენებს, ისე საერთაშორისო და რეგიონულ თემატიკასაც
ეხმიანებოდა.
კვლევა - „გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია“ 2024 წლის მონაცემებს აანალიზებს და დეზინფორმაციის თემატიკას, სამიზნეებს, მეთოდებსა და წყაროებს მიმოიხილავს.
ანგარიშის მიხედვით, გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციის 71 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც უმეტესობა (53) წინა წლების მსგავსად - სექსუალურ ორიენტაციას, 18 კი გენდერული ნიშნით დეზინფორმაციასა და მანიპულაციას ეხებოდა:
„ზოგიერთ შემთხვევაში გავრცელებული შინაარსი ინტერსექციული დისკრიმინაციის ხასიათს ატარებდა და პოლიტიკური დატვირთვის იყო, როცა რუსეთის, როგორც ე.წ. “გარყვნილი დასავლეთისგან” მართლმადიდებლობის ერთადერთი დამცველის მესიანისტურ მისიაზე კეთდებოდა აქცენტირება“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოში სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი სამიზნე პროევროპული, პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები იყო, რომელთა დისკრედიტაცია ძირითადად ჰომოფობიური შინაარსის გაყალბებული ვიზუალით, ქალების პროტესტის გაქილიკებით, ასევე ქალი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით ხდებოდა.
ანგარიშის მიხედვით, თუ წინა წლებში იდენტობასთან დაკავშირებული თემების ინსტრუმენტალიზაციას ძირითადად კრემლისტური და ულტრამემარჯვენე აქტორები რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ახდენდნენ, 2024 წელს ამ პროცესში სახელისუფლებო მედიის როლი მეტად გამოიკვეთა:
„შესაბამისად, იდენტობის თემაზე უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირების და ჩარევის (FIMI) ტენდენციას ადგილობრივი პროპაგანდა და სახელისუფლებო რესურსების სრული მობილიზება დაემატა“.
კვლევაში ხაზგასმულია, რომ თემატური თანხვედრა ქართულ სახელისუფლებო მედიას, კრემლისტურ აქტორებსა და რუსულ პროპაგანდისტულ არხებს შორის ისეთ საკითხებზე გამოიკვეთება, როგორიცაა: სამოქალაქო და სექსუალური განათლების გათანაბრება იდენტობის დაკარგვასთან; დასავლეთის/დასავლელი საჯარო პირების წინააღმდეგ ჰომოფობიური დეზინფორმაცია; უკრაინის დისკრედიტაცია:
„პროტესტის, ოპოზიციის, აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია ყველაზე აქტიურად ანონიმური სახელისუფლებო ფეისბუქ ანგარიშების მეშვეობით ვრცელდებოდა“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელისუფლებო მედიებიდან ყველაზე მეტად იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაციისა და მანიპულაციური შინაარსის გავრცელების მხრივ „პოსტვ“ გამოირჩეოდა, რუსულენოვან პროპაგანდისტული მედიებიდან კი ყველაზე ხშირად იდენტობის თემატიკაზე დეზინფორმაციის წყარო Царьград-ი იყო.
რაც შეეხება „კრემლისტურ აქტორებს, როგორიცაა კონსერვატიულ პარტიასთან დაკავშირებული „ალტ-ინფო“, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „სეზონი ტვ“, „სალტე“, სრული თემატური თანხვედრა ჰქონდათ როგორც რუსულ პროპაგანდისტულ, ასევე ქართულ სახელისუფლებო არხებთან“.
„მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას - „გენდერული და იდენტობაზე დაფუძნებული დეზინფორმაცია“ სრულად გაეცანით აქ.