„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“
ანგარიშის - „ინფორმაციის თავისუფლება:
მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ“ მიხედვით,
განვლილი 2 წლის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხის
მკვეთრმა უკუსვლამ საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებაზე
არსებითი მნიშვნელობის ნეგატიური გავლენა იქონია.
„2022-2024 წლების განმავლობაში საქართველოში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრი უკუსვლა განიცადა. რუსული კანონის მიღება, მედიის სხვადასხვა მეთოდით შევიწროება და საქმიანობაში ხელშეშლა 2024 წლის 26 ოქტომბრის არადემოკრატიულად ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებითა და დემოკრატიულ სახელმწიფოთა მიერ ამ დრომდე არაღიარებული პარლამენტისა და მთავრობის არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებით გაგრძელდა. ამ ფონზე, არსებითად დამძიმდა მედიისა და ჟურნალისტების უფლებრივი მდგომარეობა. რუსული კანონიდან მომდინარე საფრთხეებს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სასტიკი ფიზიკური ძალადობა დაემატა. დემოკრატიის უკუსვლამ ბუნებრივად განაპირობა საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულების შემცირება“.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობის გამომწვევი არა მოქმედი კანონმდებლობა, არამედ მისი სრული და სისტემური უგულებელყოფაა.
„მედიის წარმომადგენლების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისას, უმეტეს შემთხვევაში, სახეზეა საჯარო დაწესებულებების მხრიდან ყველაზე საბაზისო კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფა. მოთხოვნილი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით მიღება არის უკიდურესად საგამონაკლისო შემთხვევა“.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საჯარო ინფორმაციის განცხადებათა დაახლოებით 60% საჯარო დაწესებულებებმა რეაგირების გარეშე დატოვეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. საჯარო ინფორმაციის 204 განცხადებიდან კი 10-დღიანი პერიოდის განმავლობაში მხოლოდ 12 (6%) დაკმაყოფილდა.
„საჯარო დაწესებულებები, როგორც წესი, ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიან განმცხადებლებს, რათა თავი აარიდონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემას“.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ შეფასებით, პრაქტიკაში, როგორც წესი, ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი თავის ფუნქციას არ ასრულებს, რაც, მათ შორის, საჯარო დაწესებულებების მიერ მათი განხილვის არათანმიმდევრული პრაქტიკით არის განპირობებული. ადმინისტრაციული ორგანოები უფლების შემზღუდველ დანაწესებს არასწორად/ფართოდ განმარტავენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას იწვევს, მისი გაცემისთვის საჭირო საკანონმდებლო წინაპირობების არსებობის შემთხვევებშიც.
IDFI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი გარე საზედამხედველო მექანიზმი, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე დროული და ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას შეძლებდა.
„საერთო სასამართლოებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სამართალწარმოება წლების განმავლობაში გრძელდება. სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი, არსებობს რისკი იმისა, რომ იმავე/მსგავსი შინაარსის ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ კვლავ არ გასცეს“.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე IDFI-ის მიერ დასრულებული და მიმდინარე საქმეები მოწმობს, რომ მედიას საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროცესში არსებითი, როგორც წესი, უკანონო სამართლებრივი და პრაქტიკული დაბრკოლებები ექმნება.
„მთლიანობაში, მედიის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ ჟურნალისტს მიეცემა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, ფაქტობრივად არ არსებობს. საჯარო დაწესებულებების მიერ კანონის სისტემური დარღვევების მიღმა, არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოწვევები, რომლებიც უშუალოდ კანონიდან ან/და კანონის არასწორი ინტერპრეტაციიდან მომდინარეობს“.
IDFI-ის შეფასებით, სასამართლო სისტემა სისტემურ უკანონობაზე ეფექტიანად ვერ რეაგირებს და სასამართლოში რამდენიმე წელი გრძელდება, მათ შორის, ისეთი დავების განხილვა, სადაც სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნების სრული უგულებელყოფა აშკარაა.