„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოს მედიაგარემოს შეფასების
დოკუმენტი გამოაქვეყნა. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა: ჟურნალისტების უსაფრთხოება, კრიტიკული მედიის
წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურად მოტივირებული
საქმეები, წინასაარჩევნო პერიოდი მედიის მიმართ, დეზინფორმაციული
კამპანიები, მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი პოლიტიკური და სხვა სახის
გავლენისგან, ასევე - სექტორში არსებული სხვა ძირითადი
გამოწვევები.
დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციებიც, რომელიც მიზნად საქართველოს მედიაგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს.
კვლევის - „საქართველოს მედიაგარემო 2024“ ძირითადი მიგნებებია:
● 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქართული მედია,
განსაკუთრებით კი მისი დამოუკიდებელი და კრიტიკული სეგმენტი, მძიმე
გამოწვევების წინაშე იდგა.
● მედიაგარემო მუქარის, დაშინებისა და ძალადობის გავრცელებული
ფაქტებით გამოირჩევა. ძალადობის მსხვერპლი განსაკუთრებით
დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები
არიან.
● მმართველი პარტიის მიერ მიღებული „რუსული კანონი“ მიზნად ისახავს
დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას,
საქმიანობის შეზღუდვას და საბოლოოდ მათ ლიკვიდაციას. ეს კანონი
ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს, წარმოადგენს
სერიოზულ უკან გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა
და ევროინტეგრაციის გზაზე.
● ხელისუფლების დანაწილება და ინსტიტუციური დამოუკიდებლობა
საქართველოში სერიოზული გამოწვევების წინაშეა. სახელმწიფო
ინსტიტუტების პოლიტიზაცია და მმართველი პარტიის მიერ მათი მიტაცება
განსაკუთრებით მძიმედ აისახება მედიის თავისუფლებაზე.
● საქართველოს პარლამენტი თანდათანობით იქცა დახურულ სივრცედ
დამოუკიდებელი მედიისთვის. ეს პროცესი განსაკუთრებით გამძაფრდა მედიის
აკრედიტაციის ახალი წესების შემოღებით და უსაფრთხოების გამკაცრებული
ზომებით, რამაც არსებითად შეზღუდა ჟურნალისტების შესაძლებლობა,
გააშუქონ საპარლამენტო საქმიანობა.
● დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სტრატეგიული
სამართალწარმოების სარჩელები (SLAPP) კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად
რჩება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული
პირების მიერ წარდგენილი სარჩელები ხშირად დაშინების იარაღად
გამოიყენება და მიმართულია ჟურნალისტური საქმიანობის
შეზღუდვისაკენ.
● დეზინფორმაცია საქართველოსთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება.
განსაკუთრებით - შიდა დეზინფორმაცია. ყოველდღიურად ხელისუფლების
მხრიდან ანტიდასავლური გზავნილები ვრცელდება. შიდა პროპაგანდის
სამიზნე არიან დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიაორგანიზაციები და მათი
ჟურნალისტები.
● საჯარო ინფორმაციაზე წვდომა ჟურნალისტებისთვის კრიტიკულ ნიშნულამდეა
მისული.
ანგარიში სრულად ხელმისაწვდომია ლინკზე: https://www.hrc.ge/files/reports/360mediagaremo-2024%20geo%20full.pdf