დაშავებულ ჟურნალისტებს/მოქალაქეებს მიყენებული ზიანის დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმის შევსება შეუძლიათ
14.08.2024


„წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს“ (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო ექსპერტთა ჯგუფის, ბერკლის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ომეგას კვლევითი ფონდის ერთობლივი თანამშრომლობით, მიმდინარე წელს პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამეტებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინებისთვის ფორმა შეიქმნა.

აღნიშნული ფორმა დაზარალებულს გამოცდილებისა და ფიზიკური ზიანის ნებისმიერი მტკიცებულების დოკუმენტირებაში, ასახვასა და იმ აღჭურვილობების აღწერაში დაეხმარება, რომლებიც სამხედრო, თავდაცვისა და პოლიციის დანაყოფებმა მისთვის ზიანის მიყენების დროს გამოიყენეს.

IRCT-ის კომუნიკაციების საბჭოს წევრი 2024 წლის აპრილში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, თიკო ცომაია გახდა. ის „წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოსთან“ ერთად ცდილობს საქართველოში დაზარალებული ადამიანების (მათ შორის ჟურნალისტების) ბაზა  შექმნას, რათა მომავალში მათთვის მიყენებული ზიანი სწორად იდენტიფიცირდეს და დახმარების გაწევა გამარტივდეს.

ცომაიას თქმით, ევროკავშირმა მიიღო ჟურნალისტების დაცვის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს ჟურნალისტების დაცვას მათი წყაროების გამჟღავნებისა და მათ წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამების გამოყენებისგან. 

„აქ გაერთიანდა ბევრი ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალისტების დაცვის ინსტრუმენტებზე მუშაობს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოხდეს იმ ჟურნალისტების იდენტიფიცირება, ვინც წამების მსხვერპლი გამხდარა და მათი სახელის საერთო ბაზაში განთავსება. ამის შემდეგ ხდება, საჭიროების შესაბამისად, მათი სხვადასხვა ფორმით დახმარება, იქნება ეს ფულადი კომპენსაცია თუ სხვა“. 

როგორც IRCT-ის კომუნიკაციების საბჭოს წევრი აღნიშნავს, რაც მეტ ჟურნალისტს ექნება ინფორმაცია „პროტესტისა და დაკავების დროს ძალის გადამატებული გამოყენების, არასათანადო მოპყრობისა და წამების დოკუმენტირებისა და შეტყობინების ფორმის“ შესახებ, ეს მათ დაზარალებული ჟურნალისტების უფლებების დაცვას გაუადვილებს.

„ყველა ჟურნალისტმა, ვინც პროტესტის დროს დაზიანდება, უნდა იცოდეს, რომ არსებობს ამგვარი კითხვარი, რომლის შევსების შემდეგაც მოხდება: 1. დაზიანების კვალიფიკაცია და 2. კონკრეტული დახმარების მიღება. როდესაც იქნება მტკიცებულებები, ჟურნალისტების დაცვის აქტი მისცემს მათ საშუალებას, რომ ყველა მათგანს დაეხმარონ მატერიალური, ფიზიკური სახით“.

„წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო საერთაშორისო საბჭო“ არის დამოუკიდებელი, საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციას და მუშაობს წამების პრევენციისთვის მთელ მსოფლიოში. დანიაში დაფუძნებული IRCT არის ქოლგა ორგანიზაცია 160-ზე მეტი დამოუკიდებელი წამების სარეაბილიტაციო ორგანიზაციისთვის 76 ქვეყანაში.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ