19.02.2025
„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის უკანონო და ძალადობრივ დაკავებას გმობს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. კოალიციის შეფასებით, მომხდარი ინციდენტი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისა და მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მორიგი დარტყმაა.
გუშინ, 18 თებერვალს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დასრულების შემდეგ, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დააკავა. ჯიოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჯიოშვილი დააკავეს არაიდენტიფიცირებულმა პირებმა, რომლებმაც მხოლოდ თვითმხილველების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ წარმოადგინეს თავი სამართალდამცავებად. დაკავებისას ტელევიზიის ოპერატორი აცხადებდა, რომ დამკავებლები მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობდნენ.
სამართალდამცავებმა დროულად არ გასცეს ინფორმაცია ლაშა ჯიოშვილის ადგილსამყოფლის შესახებ, მათ შორის შსს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმაც. ადვოკატის ინფორმაციით, ლაშა ჯიოშვილს ნიღბიანმა პირებმა მისი უფლებები არ გააცნეს, სამმართველოში მიყვანამდე მან არ იცოდა დაკავების მიზეზი. ოპერატორის მისამართით იყო მუქარა. ადვოკატის განცხადებით, არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რის გამოც მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა.
აღნიშნული შემთხვევა წარმოადგენს მორიგ საშიშ პრეცედენტს პოლიციის მხრიდან ძალადობისა. წაშლილია ზღვარი სამართალდამცავებსა და არაიდენტიფიცირებულ მოძალადე პირებს შორის და ეს იმ ფონზე, როცა ბოლო თვეების განმავლობაში აქციების მონაწილეები და მედიის წარმომადგენლები, მათ შორის „ტვ პირველის“ ჟურნალისტები, არაერთხელ გახდნენ პოლიციისა და ნიღბიანი პირების თავდასხმის ობიექტები.
2024 წლის ნოემბრიდან დაწყებული უწყვეტი საპროტესტო აქციებიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასზე მეტი თავდასხმის, ძალადობის, მუქარისა თუ უკანონოდ საქმიანობის ხელშეშლის ფაქტი დაფიქსირდა. არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, არც ერთი მოძალადე არ არის იდენტიფიცირებული და კანონმდებლობის შესაბამისად დასჯილი. ეს კი "ქართული ოცნების" მხრიდან საკუთარი მოქალაქეებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ორგანიზებულ ძალადობრივ კამპანიაზე მიუთითებს“, - ვკითხულობთ „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველ და მედიის საკითხებზე მომუშავე 17 ორგანიზაციას აერთიანებს.
კოალიცია ლაშა ჯიოშვილთან ერთად და ყველა უკანონოდ დაკავებული სინდისის პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს