საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხარდამჭერი თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილით მიმართავენ
21.02.2025



20 თებერვალს, 9 საერთაშორისო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების განყოფილების თანამშრომლისგან, რომელთა შორისაც არიან: ეკა შონია, გიორგი გვიმრაძე, თამთა სანიკიძე, მაკა ცინცაძე, მაია ჭუჭულაშვილი, სალომე ქოქიაშვილი, შალვა სუმბაძე, ირაკლი გედენიძე და სხვები, წერილი მიიღო. წერილში, რომელიც „მედიაჩეკერს“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის 142 თანამშრომელი საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვს.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

წერილში ნახსენები არ არის, გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე დაზარალებული ათეულობით ჟურნალისტი, რომლებსაც ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, დაუზიანეს/წაართვეს ტექნიკა და ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. წერილში ნახსენები არ არის პროევროპული აქციების გაშუქებისას დაზარალებული თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებიც. ასევე, ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი არ ახსენებს მზია ამაღლობელს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების განყოფილების თანამშრომელთა წერილის ადრესატები: 

  • საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
  • პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
  • Free Press Unlimited (FPU)
  • OBC Transeuropa (OBCT)
  • Index on Censorship
  • ფონდი „სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის“
  • ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია (EFJ)
  • რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF)
  • PEN International

„მოგმართავთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ქვეყანაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მზარდი, სისტემური თავდასხმებით, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობით და დამოუკიდებელ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლით.

ჩვენ, ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და პროდიუსერები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდინარე და ახალი ამბების განყოფილებიდან, თავდაუზოგავად ვმუშაობთ გარემოში, რომელიც სულ უფრო და უფრო მტრული ხდება. ჩვენ მუდმივი თავდასხმების სამიზნე ვართ გარკვეული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენს ძალისხმევას. ჩვენ ვართ მუქარის, ონლაინ შევიწროების და მიზანმიმართული კამპანიების ობიექტები - მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ვცდილობთ გამოვააშკარავოთ სიმართლე და საზოგადოების გამთლიანებას შევუწყოთ ხელი. ეს თავდასხმები, რომლებიც სულ უფრო ინტენსიური და კოორდინირებული ხდება, ქმნის ისეთ გარემოს, სადაც გვიძნელდება ჩვენი მოვალეობების ისე თავისუფლად და მიუკერძოებლად შესრულება, როგორც ამას საზოგადოება იმსახურებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროფესიულად და ემოციურად გვაზარალებს, ჩვენ მაინც ჩვენი მისიის ერთგული ვრჩებით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის კომერციული მედია, ის საჯარო ინსტიტუტია, რომლის ვალდებულებაა, საზოგადოებას ემსახუროს, პოლიტიკური და კომერციულ გავლენების გარეშე. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი დამოუკიდებლობის კომპრომეტირებას და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას, არის პირდაპირი თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებაზე, გვქონდეს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. ეს არის მედიის თავისუფლებასა და იმ ფასეულობებზე თავდასხმა, რომელსაც ჩვენ, როგორც ინსტიტუტი, ვიცავთ.

ჩვენ ვიყავით საქართველოს საზოგადოების გვერდით მის ყველაზე რთულ პერიოდებში: ომის დროს, საჯარო დემონსტრაციებზე და სხვა გამოწვევების დროს. ყოველთვის ვაწვდიდით მას ზუსტ, საიმედო და მიუკერძოებელ ინფორმაციას, მიუხედავად მუდმივი ზეწოლისა და პირადი რისკებისა, დაუღალავად ვშრომობდით ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებისთვის. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი როლით ამ რთულ პერიოდებში, მაგრამ ვრჩებით დაუცველნი უსამართლო თავდასხმებისგან, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას ისახავს მიზნად.

ჩვენ გვჯერა  ჟურნალისტიკის ძალის, მოიტანოს პოზიტიური ცვლილებები და ჩვენ გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას ნებისმიერ ფასად. თუმცა, ამას მარტო ვერ გავაკეთებთ. ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორიცაა ევროპის მაუწყებელთა კავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ მუშაობა უსაფრთხო და სამართლიან გარემოში.

თქვენი ორგანიზაციის მისია, განსაკუთრებით ასეთ მწვავე ვითარებაში, ჟურნალისტების დაცვაა. თუმცა, თქვენს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, თქვენ კიდევ უფრო მძიმე დარტყმა მიაყენეთ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ჟურნალისტებს. გვინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ის ერთადერთი მედიასაშუალებაა საქართველოში, რომელიც, ეუთო/ოდირის ბოლო ანგარიშის მიხედვით, არ არის მონიტორინგს დაქვემდებარებული იმ მედია საშუალებათა სიაში, რომელთაც ეუთო/ოდირი პროპაგანდის ინსტრუმენტებად მოიხსენიებს. 

ჩვენ თავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის დიდი ოჯახის ამაყ წევრებად მივიჩნევთ და სრულად ვაცნობიერებთ საზოგადოებრივი მედიის ფასეულობებს, რომელთაც კონსტრუქციული ჟურნალისტიკითა და მაღალი მედია სტანდარტებით ვემსახურებით.

ჩვენ დაუყოვნებლივ ვიმაღლებთ ხმას და გამოვხატავთ ჩვენს ღრმა გულისტკივილს ზემოთ აღწერილი მდგომარეობის გამო, თქვენგან კი ველით თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებულ მხარდაჭერას. 

პატივისცემით

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების განყოფილების ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და პროდიუსერები“. 


იხილეთ წერილის დედანი ხელმომწერთა სიით:


alt
alt

alt
alt
alt
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ