ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გაშუქებისას პროფესიულ საქმიანობაში ხელი მედიის 10-მდე წარმომადგენელს შეეშალა
18.02.2025

ფოტო: „აჭარა თაიმსი“


15 თებერვალს, ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, იმ ადგილთან ახლოს, სადაც აქ მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაბინავებლად კორპუსი უნდა აშენდეს, ორი მცირეწლოვანი ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე შეყვანილი იყო ტექნიკა და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, საფრთხის შემცველი ადგილები სათანადოდ შემოსაზღვრული არ იყო. 

მომხდარის გასაშუქებლად ადგილზე მისულ მედიის წარმომადგენლებს აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ,ისინი ითხოვდნენ, რომ ჟურნალისტებს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კითხვები არ დაესვათ და ტერიტორიას გაცლოდნენ. მოქალაქეთა ეს ჯგუფი ჟურნალისტებთან დალაპარაკების საშუალებას სხვებსაც არ აძლევდნენ, მათ ემუქრებოდნენ და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სცადეს მათი ტექნიკის დაზიანებაც. 

15-16 თებერვალს მომხდარი ინციდენტები:


„აჭარა თაიმსი“ 

„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის, სულხან მესხიძის თქმით, 15 თებერვლის ღამეს, ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა და მომხდარს აშუქებდა, რაშიც ხელს უშლიდნენ. როგორც მესხიძემ აღნიშნავს, ადგილზე ვითარება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის გამოჩენის შემდეგ დაიძაბა. 

„მათ თან ახლდა „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე, ფიცრულებში ცხოვრობენ და სწორედ ეს ადამიანები დამიპირისპირდნენ იმის გამო, რომ სამშენებლო უსაფრთოების შესახებ ვსვამდი კითხვებს. მინისტრსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვდი პასუხებს, თუ რატომ არ იყო ტერიტორია შემოსაზღვრული, დაცული და რატომ შეეძლო ნებისმიერ ადამიანს იქ თავისუფლად გადაადგილება. ცხადია, ამ კითხვებზე  მაღალჩინოსნებმა არ გვიპასუხეს და ჩვენი ტერიტორიიდან განრიდება უკვეძალის გამოყენებით, იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა სცადეს, რომლებიც ასევე „ქართული ოცნების“ გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს ადამიანები უპირისპირდებოდნენ იმ ადამიანებსაც, რომლებიც ხელისუფლების მიმართ ღიად და კრიტიკულად საუბრობდნენ. „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ჩანდა, თუ როგორ აჩუმებდნენ ადამიანებს კითხვის დასმის გამო, მათ შორის პირზე ხელის მიფარების მცდელობაც კი იყო“.

როგორც მესხიძე ამბობს, მოგვიანებით ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ მისთვის იქ მუშაობა უსაფრთხო აღარ იყო და იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა. 

„აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტი აგრესიული კაცისსამიზნე16 თებერვალსაც გახდა, კაცმა მისკენ გაიწია და დარტყმით მიკროფონი გააგდებინა. 


„ბათუმელები“

გამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტის, ჯაბა ანანიძის თქმით, პროფესიულ საქმიანობაში ხელი მასაც შეუშალეს. 

„მოქალაქეების ნაწილი გამოხატავდა აგრესიას, ჟურნალისტებს გვაყენებდნენ  სიტყვიერ შეურაცხყოფას. ასევე, კონკრეტული მოქალაქე ფიზიკურად შემეხო. ძლიერად ჩამავლო ხელი და სცადა, ხელიდან გამეგდო შტატივი და მობილური ტელეფონი. თუმცა, ეს ვერ შეძლო და პირდაპირი ჩართვა განვაგრძე. საბოლოოდ, ვარჩიე გავცლოდი იქაურობას, რადგან ჩანდა უფრო დიდი დაძაბულობის, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე“. 

როგორც „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ჯაბა ანანიძემ აღნიშნა, ამ პროცესში „ქართული ოცნების“ ჩართულობა ძალიან ნათლად ჩანდა.

„პირდაპირი ეთერის დაწყების დროს მოქალაქეები გამოხატავდნენ პოზიციებს და მათ ჟურნალისტების მიმართ აგრესია არ ჰქონდათ. შემდეგ კი, როცა ადგილზე „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები გამოჩნდნენ, იქვე გამოჩნდნენ ადგილზე მცხოვრები ან სხვადასხვა საჯარო უწყებაში დასაქმებული „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, პარტიული აქტივი და ამ დროს დაიწყეს კონკრეტულმა ადამიანებმა [მათი ვნაობა ჩემთვის არაა ცნობილი] აგრესიის გამოხატვა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ნათლად ჩანდა მათი დავალება, რომ ჩვენ მუშაობა უნდა შეგვეწყვიტა და არ უნდა გამოკვეთილიყო „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იმ ტრაგედიაში, რაც „ოცნების დასახლებაში“ მოხდა“.


„TV პირველი“

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „TV პირველის“ ჟურნალისტს ნატო გოგელიას და ოპერატორს გოჩა ებრალიძესაც. 

ნატო გოგელიას თქმითაც, „ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ ხელისუფლების წარმომადგენლები გამოჩნდნენ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან იყო აგრესია“. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ჟურნალისტის, მერაბ წულუკიძის თქმით, პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს მას და მის ოპერატორ ედუ კოჩალაძესაც.

„იძულებული გავხდით „პირველი არხის“ ჯგუფი, რომ საერთოდ შეგვეწყვიტა მუშაობა“, - განაცხადა წულუკიძემ.


საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზია“

„აჭარის ტელევიზიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისა და ოპერატორების მისამართით. მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფების მიმართ“.

„მედიაჩეკერთან“ საუბრისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს ადასტურებს ტელეკომპანიის ჟურნალისტი, ნონა დიასამიძე. ამავე ტელევიზიის მეორე ჟურნალისტის, მზია მართალიშვილის თქმით კი, მედიის მისამართით აგრესიულად განწყობილი მოქალაქეთა ერთი ჯგუფი იყო. 

„არ სურდათ მათ, რომ მედიას იქ ემუშავა. განსაკუთრებით იყო აგრესია იმ მომენტებში, როცა მედია სვამდა კრიტიკულ კითხვებს და არა მარტო მედიის მისამართით, იქ რამდენიმე მოქალაქესაც ჰქონდა კითხვები და მათი მისამართითაც იყო გამოხატული, რომ ეს ასე არ იყო, რასაც ეუბნებოდნენ“.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

linked icon styling WI

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ