სარძლოები და სადედამთილოები „ნანუკას შოუში“
26.02.2015
მაუწყებელთა ქცევის კოდექსი ჟურნალისტს ავალდებულებს, ხელი შეუშალოს სტერეოტიპების გამყარებას. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესპონდენტის კომენტარი ნეგატიური სტერეოტიპებითაა გაჯერებული, ჟურნალისტმა კონტრკითხვები უნდა დასვას და საწინააღმდეგო არგუმენტებიც მოიშველიოს.

ზუსტად გაწერილი ადგილობრივი და საერთაშორისო გაიდლაინების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართულ ტელემედიაში, განსაკუთრებით გასართობ შოუებში, გენდერული სტერეოტიპები (სახეობათა მრავალფეროვნებით) კვლავაც უხვად გვხვდება. ხანდახან ისეც ხდება, უკვე დავიწყებული და დაძლეული რომ გგონია, იმგვარი სტერეოტიპებით სავსე გადაცემა გადის წამყვანი ტელეარხის ეთერში.

25 თებერვალს „რუსთავი 2“-მა გადაცემა „ნანუკას შოუ“ „სადედამთილოებსა და სარძლოებს“ მიუძღვნა.

წამყვანს სტუდიაში ჰყავდა მოყვანილი ქალები, რომელთაც სამი ტიპის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული: „სადედამთილო“, „მაჭანკალი“ და „სასურველი სარძლო“. მთელი გადაცემის განმავლობაში ქალი ნაჩვენები იყო, როგორც „შესაფასებელი ნივთი“, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ გათხოვდეს. კრიტერიუმებს ბიჭის მშობლები ადგენენ, გათხოვება კი, ქალისთვის როგორც მთავარი მიზანი, ისეა წარმოჩენილი.

წამყვანის მიერ დასმული კითხვები საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას უწყობდა ხელს. მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანმა ჰკითხა სტუმრებს:

- „ - უნდა იყოს თუ არა რძალი მეგრელი?

- თქვენ არ ჰგავხართ მეგრელ დედამთილებს...

- მეგრელებს გაქვთ გვარებზე გართულება?

- რა არის მთავარი, რაც არ უნდა მეგრელს ოჯახში შესაშვებად?“

ზემოთ აღნიშნულ ბოლო კითხვაზე რესპონდენტმა უპასუხა:„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ქალიშვილი, ეს არის პირველი და უმთავრესი, მეორე -აუცილებლად უმაღლესი განათლებით . . . მესამე არის კარგი დიასახლისი. აუცილებლად ღომი საცივი, ეს აუცილებელი პირობაა მეგრულად გაკეთებული...“

ამ პასუხის შემდეგ, წამყვანი რესპონდენტს ეკითხება: „დედისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, გოგოს როგორ გაათხოვებს თუ რძალი როგორი შემოუვა?“ მოგვიანებით კი შენიშნავს „მე როგორც მივხვდი, სამეგრელოში უფრო მთავარია იყო ქალიშვილი, ვიდრე მეგრელი“.

გადაცემის მსვლელობისას კიდევ ერთი სტერეოტიპი ძლიერდება - არაერთხელაა ხაზგასმული ის, რომ მამრობითი სქესის შვილი არის უპირატესი.

გადაცემაში მოწვეულია მომღერალი დათო ხუჯაძეც, რომელსაც წამყვანი მთელი გადაცემის განმავლობაში მხოლოდ ერთ საკითხზე შეეკამათა - რატომ ითვლება კაცის ღალატი უფრო მსუბუქად, ვიდრე - ქალის. რესპონდენტის თქმით, „ქალი უფრო მეტად ფაქიზია, ნაზია და სუფთა უნდა იყოს ვიდრე მამაკაცი“. წამყვანი განმარტებებს სთხოვს. საუბრის ბოლოს, ხუჯაძე ამბობს, „ეპატიება, კაცია რა, ცხოველია“. წამყვანი სიცილით ხვდება ამ ნათქვამს და ამბობს - „ო, ეს მოსულა, მივიღე სათანადო პასუხი“.

შესაძლოა, ამ გადაცემის მომზადებისას, წამყვანის მიზანი საზოგადოებაში არსებული ნეგატიური სტერეოტიპების წარმოჩენა და მათი დისკრიმინაციული ხასიათის ჩვენება იყო, თუმცა შექმნილი პროდუქტით მიზანი მიუღწეველი დარჩა. გადაცემაში გაჟღერებულ სტერეოტიპებს წამყვანი რომ არ ეწინააღმდეგება, ამას ადასტურებს მის მიერ წარმოთქმული რეპლიკა, „მეშინია, არ გეგონოთ, რომ რამე განსხვავებულს ვფიქრობ“.

საერთო ჯამში, გადაცემამ შემდეგ უარყოფით სტერეოტიპებს მოუყარა ერთად თავი:

ქალი, რომელიც ქალიშვილი არ არის, სიგარეტს ეწევა, ტატუ აქვს და დახეული ჯინსებით დადის, ოჯახში შესაშვები არ არის;

გოგოები კვლავაც მაჭანკლის დახმარებით თხოვდებიან;

რძლებს დედამთილები ირჩევენ;

მეგრელის ოჯახში მეგრელი რძალი უნდა შევიდეს;

მამრობითი სქესის შვილი უპირატესია;

კაცი ცხოველია და ამიტომ მას ღალატი ეპატიება, ქალს კი არა;

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად (მუხლი 33), მაუწყებელმა ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. იქვე ნათქვამია, რომ მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 მუხლის თანახმად, "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

ამავე მუხლის განმარტების თანახმად, პირდაპირ ეთერში მოწვეული სტუმრის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გაემიჯნოს და დაუპირისპირდეს. თუ ჩანაწერია, მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რომ არატოლერანტული გამონათქვამები არ არის ჟურნალისტის პოზიცია. საჯარო პირს დისკრიმინაციული გამონათქვამი უნდა დაუტოვოს ჟურნალისტმა, კერძო პირს კი, შეიძლება, ამოუჭრას – თუ მიზანი არატოლერანტული გარემოს ჩვენება არ არის.

გენდერულ თანასწორობასა და მედიაზე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად, მედიასაშუალებებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითრეგულირების მექანიზმების, შიდაქცევის/ეთიკის კოდექსებისა და შიდამონიტორინგის, ასევე ისეთი სტანდარტების შემუშავებას, რაც მედიაგაშუქებაში გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს, უნდა უზრუნველყონ ქალთა და მამაკაცთა არასტერეოტიპული იმიჯი, ფუნქცია და ხილვადობა, რომელიც თავისუფალია სექსისტური რეკლამირების, ენისა და შინაარსისაგან, რასაც სქესის საფუძველზე დისკრიმინაციის, სიძულვილისა და გენდერზე დაფუძნებული ძალადობისკენ მივყავართ.

თეგები : სექსიზმი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ