„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მზია
ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსს ამ დრომდე არ ანიჭებენ.
გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც 12 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსისა და ამავე სამმართველოს თანამშრომელთა მხრიდან ამაღლობელის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შეეხება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს.
„მზია ამაღლობელს, არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე მინიჭებული არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. საიას ადვოკატის ყველა წერილობითი მიმართვა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ უპასუხოდ დატოვა, რის შემდგომაც პროკურატურის უმოქმედობა გასაჩივრდა სასამართლოში. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ამდენად, უარი განაცხადა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე“.
როგორც საია განმარტავს, საქმის მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და არაა დაკმაყოფილებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების სტანდარტი.
„კერძოდ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამ დრომდე მოწმის სახით მხოლოდ სამართალდამცავი პირები არიან გამოკითხულნი, რომლებიც ირაკლი დგებუაძესთან სამსახურებრივად არიან დაკავშირებულნი ან დაქვემდებარებულნი, რის გამოც არიან სუბიექტურები და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში გამოძიების შედეგით დაინტერესება იკვეთება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დღემდე არ გამოუკითხავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც დაკავებიდან რამდენიმე წუთში შეხვდა მზია ამაღლობელს. მას შესაძლოა ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. აღნიშნული პირი მზია ამაღლობელს შეხვდა იმ პერიოდში, როდესაც მის ადვოკატებს რამდენიმე საათის განმავლობაში სრულიად უკანონოდ არ ეძლეოდათ მასთან გასაუბრების შესაძლებლობა.
საქმეში დღეის მდგომარეობით მხოლოდ ორი კამერის ჩანაწერია, რომელთა დაფარვის არეალშიც ხვდება დეპარტამენტის ის შესასვლელი, რომლიდანაც, მოწმეთა ჩვენებების თანახმად, მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ. შესაბამისად, აღნიშნულ ჩანაწერებში მზია ამაღლობელის არათუ უფლებადარღვევის, არამედ დეპარტამენტში შეყვანის კადრებიც კი არ ჩანს“.
ორგანიზაცია აღნიშნავს იმასაც, რომ ექსპერტიზების დანიშვნიდან თითქმის 3 თვე გავიდა, საქმის მასალებში კი მისი დასკვნები დღემდე არ მოიპოვება.
გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს, რომელმაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, იქვე არსებულ ბოძზე გარე სათვალთვალო კამერა აღმოაჩინა და ბათუმის მერიას მისი ჩანაწერები მოსთხოვა, ეცნობა, რომ კამერა მზია ამაღლობელის დაკავების შემდგომ დამონტაჟდა. თუმცა, როგორც საია წერს, საქმეში კი ამ ეტაპზე არ მოიპოვება კამერის მოგვიანებით დამონტაჟების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
„აღსანიშნავია, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დაინტერესებულა იმით, თუ რატომ ედო მზია ამაღლობელს ხელბორკილები რამდენიმე საათის განმავლობაში აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როდესაც ოთახში მასთან ერთად არაერთი პოლიციელი იმყოფებოდა, რატომ უტარდებოდა მას საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები ბორკილებდადებულს, მაშინ როდესაც პოლიციელებისვე ჩვენებით, მზია ამაღლობელი მათთან თანამშრომლობდა და არანაირ საფრთხე მისგან არ მომდინარეობდა.
საქმის მასალების გაცნობისას ასევე გამოვლინდა, რომ ამ დრომდე საქმის მასალებს არ ერთვოდა მზია ამაღლობელის საიას ადვოკატების მიერ გაგზავნილი მთელი რიგი მტკიცებულებები, რომლებიც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ასახავს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს. მასალების გაცნობისას აღნიშნულ საკითხზე პრეტენზიის დაფიქსირების შემდეგ, გამომძიებელმა ადვოკატს აღნიშნული მასალები მატერიალური სახით წარუდგინა, თუმცა ფორმალური და პროცედურული თვალსაზრისით კვლავ უცნობია, რატომ არ არის ეს მტკიცებულებები დართული საქმეზე სხვა მასალების მსგავსად“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ეს გარემოებები მიანიშნებს, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წარმოებული გამოძიება არ არის ეფექტიანი და უგულებელყოფილია გამოძიების ყოველმხრივ სრულად და ობიექტურად წარმოების საკანონმდებლო სტანდარტი.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიცია მზია ამაღლობელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამაღლობელი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.