ქარტიის პრიზი 2024-ის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
06.11.2024



„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ ქარტიის პრიზი 2024-ის მოსაპოვებლად განაცხადების მიღება დაიწყო. ყოველწლიური კონკურსის მიზანი ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაა.


კონკურსი გამოცხადდა ექვს ნომინაციაში:


1. სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში

2. სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი

3. ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში

4. ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში

5. ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქება რეგიონულ მედიაში

6. ხალხის რჩეული: დემოკრატიის მცველები - წლის მთავარი მოვლენების საუკეთესო გაშუქება.

გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს, „ხალხის რჩეული“ კი, ჟიურის მიერ შერჩეული სამი კანდიდატიდან, ხმის მიცემით გამოვლინდება. პრიზები დაწესებულია USAID მედია პროგრამის მიერ.

პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:

  • მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ მედია პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 15 ნოემბრიდან 2024 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში.
  • მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გააგზავნოს ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი - მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
  • მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაციის ფორმა - https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeVNMJkzRa8R4_WIBPuB7uC8J3KIVy8_KmFs_kiuhFKJ9HCwA/viewform 
  • დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გააგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
  • თითოეულ აპლიკანტს ერთ ნომინაციაში ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა შეუძლია.
  • საკონკურსო ნაშრომი მომზადებული უნდა იყოს საქართველოს აუდიტორიისთვის.
  • საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი, 18:00 საათი.
  • გამარჯვებული 2024 წლის დეკემბერში გამოვლინდება.

ნამუშევრების შეფასება 

„ჟურნალისტური პროდუქტის შეფასებისას ამოსავალია ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რომელთაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ეფუძნება“, - განმარტავს ორგანიზაცია.

ზოგადი კრიტერიუმები:

  • თემის აქტუალობა/თემის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
  • ინფორმაციის სიზუსტე;
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა;
  • მხარეთა ბალანსი;
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
  • თხრობის სტილი და ტექნიკა;
  • ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
  • დრამატურგია და ვიზუალური მხარე;
  • არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა.

 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ