პრემიისთვის - ,,ლექსო“ მედია პროფესიონალების წარდგენა დაიწყო
26.09.2024


პრემიისთვის - ,,ლექსო“ უფლებადამცველი მედია პროფესიონალების დასახელება დაიწყო. ნომინაციაზე - განსაკუთრებული წვლილი მშვიდობიანი მანიფესტაციებისა და საპროტესტო აქციების დოკუმენტირება/გაშუქებისთვის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ:

  • სამოქალაქო უფლებადაცვით ორგანიზაციებს;
  • მოქმედ სამოქალაქო უფლებადაცვით ინიციატივებს;
  • მედია ორგანიზაციებს  (საკუთარი თანამშრომლის ნომინირება აკრძალულია)

„2024 წელს პრემიის ფოკუსში მშვიდობიანი პროტესტის უფლება და მისი გაშუქებაა. წლევანდელი პრემია განკუთვნილი იქნება სწორედ იმ მედია პროფესიონალებისათვის, რომლებიც  თავიანთი საქმიანობის მანძილზე, სხვადასხვა ფორმით აშუქებენ პროტესტს. გამარჯვებულის გამოვლენისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იქნება მისი, როგორც მედიის წარმომადგენლის როლისა და წვლილის შეფასება საქართველოში საპროტესტო აქციებისა და მანიფესტაციების გაშუქებისთვის, უფლებადარღვევების დოკუმენტირებისთვის, მისი ადვოკატირებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია და საჭირო დოკუმენტაცია შექმნა ადამიანის უფლებების დასაცავად,“ - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

ვისი ნომინირებაა შესაძლებელი: 18+ ასაკის მედია პროფესიონალები (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები და ა.შ.), ვისაც განგრძობითად, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში საქართველოში სამოქალაქო პროტესტის დოკუმენტირებაში და გაშუქებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

ნომინირებისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია: კონკურსში მედია პროფესიონალის ნომინირებისთვის განმცხადებელმა ორგანიზაციამ/საინიციატივო ჯგუფმა უნდა შეავსოს:  სარეგისტრაციო განაცხადი;

სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ნომინირებული კანდიდატებიდან ჟიური შეარჩევს  2024 წლის ორ გამარჯვებულს:

1-ლი ადგილი: პრიზი და ფულადი ჯილდო 3000 ევროს ეკვივალენტი ლარში.
მე-2 ადგილი: პრიზი და ფულადი ჯილდო 2000 ევროს ეკვივალენტი ლარში.

საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით.

  • კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:  https://shorturl.at/wYu5H
  • კანდიდატის ნომინირებისთვის შეავსეთ ფორმა: https://www.surveymonkey.com/r/JCSRV7T

,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა“ ,,ლექსო – პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვის“ 2021 წელს დააარსა. პრემია  ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სახელს ატარებს. ლექსო ერთ-ერთი იყო მედიის იმ 50-ზე მეტ წარმომადგენელს შორის, რომელსაც  2021 წლის 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ გამართულ  დემონსტრაციაზე თავს დაესხნენ. ამ შემთხვევიდან 6 დღის შემდეგ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია.

2024 წელს პრემია ,,ლექსო“ მხარდამჭერია ნორვეგიული ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი“ და „ჩეხეთის რესპუბლიკის ტრანზიციის პროგრამა“.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ