„TV პირველის“
ინფორმაციით, 17-18 დეკემბრის ღამეს, ტელეკომპანიის
ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიასა და მის ოპერატორს, ნიკო კოკაია
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გაშუქებისას პროფესიულ
საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
„“ვესვრი ამას“, “ჭიქას ვესვრი- თქო“ - ე.წ. ტიტუშკამ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა, მათ რეაგირება არ მოუხდენიათ და პირი, რომელიც ჟურნალისტებს და აქციის მონაწილეებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, უბრალოდ ადგილიდან განარიდეს. “ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე - რატომ არაფერს აკეთებდნენ ისინი, პოლიცია არ პასუხობდა და უმტკიცებდა, რომ აუცილებლად მოახდენდნენ რეაგრიებას. ნანუკა ქაჯაიას თქმით, აქციის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებთან ე.წ ტიტუშკა მივარდა და ადგილზე მყოფ ყველა ადამიანს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა“.
ტელეკომპანიამ მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეომასალაც და განაცხადა, რომ პირი, რომელიც „TV პირველის“ ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა, პოლიციამ საჩვენებლად დააკავა და 5 წუთში გაათავისუფლა.
„მოპოვებული ვიდეო მასალით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი ჩვენი ჟურნალისტის მიერ პოლიციელებისთვის დასმული კითხვების შემდეგ, საჩვენებლად დააკავეს და პოლიციის მანქანით წაიყვანეს, პარლამენტის უკან მდებარე ქუჩაზე ჩამოსვეს. ერთ-ერთი პირი, ვინც პოლიციელის და თავდამსხმელის საუბარი მოისმინა, კონფიდენციალურად “პირველებს“ უყვება, რომ ესმოდა სამართალდამცველების კითხვა - „რატომ გაშიფრე„“.
როგორც „TV პირველი“ წერს, „იდენტიფიცირებულია ე.წ. ტიტუშკა, რომელიც "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის თანამონაწილეა“.
არხის ინფორმაციით, 38 წლის დავით ენუქიძე, გუშინ რუსთაველის გამზირზე იმ პირთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ნანუკა ქაჯაიას და ნიკო კოკაიას პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
„არაოფიციალური ინფორმაციით, ენუქიძე პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. ძალადობრივი დაჯგუფების სავარაუდო წევრი ვერ უარყოფს, რომ გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა გამომკითხეს თუ არა დანაშაულის ფაქტებზე კითხვას ვერ პასუხობს“.
28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. მედიის წარმომადგენლების მიმართ შსს-ის ძალები აგრესიით გამოირჩევიან. ისინი ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარებაც. განსაკუთრებულად დაშავდნენ: გურამ როგავა, ალექსანდრე ქეშელაშვილი, მარიამ გაფრინდაშვილი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული. მედიის წარმომადგენლების ნაწილს დაუზიანეს ანდა წაართვეს აღჭურვულობაც.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.