ყალბი ინფორმაცია “რეზონანსზე” თითქოს “ახალი ვაქცინა ხალხს კლავს”
03.04.2020
“ახალი ვაქცინა ხალხს კლავს - საშინელი კადრები მოსკოვის ქუჩებიდან” - ამ სენსაციური სათაურით პირველ აპრილს რეზონანსის გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ქუჩაში, ტროტუარზე უგონოდ მყოფი კაცი ჩანს. ვიდეოში ისმის კაცის ხმა, რომელიც რუსულ ენაზე საუბრობს და ამბობს, რომ “აი, ადამიანი კორონავირუსმა უბრალოდ დააგდო”. “რეზონანსმა” ეს ვიდეო, რომელშიც, დიდი ალბათობით, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი კაცი ჩანს და გადამღები ხუმრობს, ნამდვილ ამბად გაავრცელა. მასალას არ ერთვის დამატებითი ტექსტი, ან ახსნა-განმარტება და გამოქვეყნებულია სენსაციური, მტკიცებითი სათაურით, რომელიც გარდა იმისა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება, ანტივაქსერულ განწყობებს აძლიერებს.

ვიდეოს “რეზონანსის” ლოგო ადევს, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ კადრები გამოცემის მიერ არის მოპოვებული. თუმცა, ამას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ გარდა მყვირალა სათაურისა, ვიდეოს არანაირი დამატებითი აღწერა არ ერთვის თან. უცნობია მისი პირველწყარო, ასევე უცნობია როდის და სად არის გადაღებული. მხოლოდ ქუჩის კადრებით მდებარეობის დადგენა შეუძლებელია, შესაბამისად, გაუგებარია, რაზე დაყრდნობით წერს “რეზონანსი”, რომ ვიდეო მოსკოვშია გადაღებული. ასევე, გაუგებარია რა “მკვლელ” ვაქცინაზე საუბრობს ავტორი.

იდენტური ვიდეო რუსულმა, უკრაინულმა და მაკედონიურმა ე.წ. კლიქბაიტ და ყვითელმა საიტებმაც გამოაქვეყნეს. მაგალითად, ერთ-ერთ მსგავს საიტზე ვიდეოს დართული აქვს ირონიული შინაარსის აღწერა - “სანამ მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, რუსებს არყის ვირუსი ტანჯავს”. მეორე საიტი კი წერს, რომ “კიევში უსახლკარო კაცმა ადგილობრივები შეაშინა”. ამ საიტზე ვიდეოს თან ახლავს ვრცელი აღწერა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სავარაუდოდ, კიევში მცხოვრებმა პირმა, სოლომენსკის რაიონში, ქუჩაში გადაიღო ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მდგომარეობაში მყოფი უსახლკარო კაცი, რომელსაც ტროტუარზე ეძინა. და იქვე დაკონკრეტებულია, რომ გადამღებმა ირონიულად აღნიშნა, რომ “აი, კორონავირუსმა კაცი უბრალოდ დააგდო”.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა გავრცელებული და ყველა ელოდება ვაქცინის გამოსვლა, მსგავსი შეცდომაში შემყვანი, გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნება, განსაკუთრებით სახიფათოა. ამავდროულად, ამგვარი სათაურები აძლიერებს ანტივაქსერულ განწყობებს.

ყველა რჩევა და რეკომენდაცია, რომელიც ბოლო პერიოდში ვრცელდება და Covid-19-ის თემის გაშუქებას ეხება, ხაზგასმით ამბობს, რომ პანდემიების დროს ინფორმაციის სიზუსტე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და მედია უნდა მოერიდოს ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებას, რომლის წყარო არ არის ცნობილი, რომელიც არ არის გადამოწმებული და დადასტურებული, არის პანიკის შემცველი. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ მედიას ფოტო/ვიდეო მასალების გამოქვეყნების დროსაც.

იხილეთ:


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ