ონლაინ გაკვეთილები გურულად - პოდკასტი #23
15.02.2021

როგორც აღმოჩნდა, ონლაინ სწავლება გურიაში განსაკუთრებულად გაუჭირდათ, - გიორგი გირკელიძე, ონლაინ გამოცემა "გურია ნიუსის" ჟურნალისტი ამბობს, რომ პროცესს თან ახლდა ტექნიკური სირთულეები, ინტერნეტის პრობლემები... გიორგის დაკვირვებით, გაუმართავმა პროცესებმა ყველაზე მეტად პირველკლასელები დააზარალა.

მოუსმინეთ გიორგი გირკელიძის პოდკასტს, რომელიც მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ, სერიისთვის "ცხოვრება კოვიდთან ერთად".




ან წაიკითხეთ გიორგის მონათხრობის ტექსტური ვერსია:

 

- ონლაინ სწავლებამ ძალიან ბევრი რამ შეცვალა კონკრეტულად გურიაში, მე ვარ გიორგი გირკელიძე, ვმუშაობ გურია ნიუსში 18 წელია და გადავწყვიტე დღეს ამ თემაზე გესაუბროთ.
 
- თემა, რომელიც მე გავაკეთე, კორონა ვირუსის პერიოდში, შეეხებოდა მასწავლებლის, მოსწავლის და მშობლის ურთიერთობას, რომელიც ახალ ეტაპზე გადავიდა, იქიდან გამომდინარე, რომ მშობლები დიდად არ იყვნენ ჩართული სკოლის პროცესებში. 
 
- ახლა პირიქით მოხდა, მასწავლებელების პირდაპირი მოკავშირეები, ბავშვების შემდეგ, მშობლები გახდნენ. ონლაინ სწავლებაზე რომ გადავიდა პროცესი, მასწავლებლები ცოდნას გადასცემდნენ ბავშვებს, ამ პროცესს მშობლებიც უსმენდნენ და ფაქტობრივად, შემდეგ მშობლები უხსნიდნენ, იმიტომ, რომ დამატებით ნამდვილად სჭირდებოდათ ბავშვებს ახსნა- განმარტება.
 
- პირადად მე,  მაშინ დავრწმუნდი ამ ვირუსთან დაკავშირებით, რა სირთულეები ჰქონდა, როდესაც ჩემმა მეზობელმა თავის შვილიშვილს დაუძახა - დემეტრე შემოდი სახლში, მასწავლებელია ხაზზეო.  რაღაცნაირი სიტყვებია ხომ, იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე ასეთი სიტყვები და ურთიერთობები არ ყოფილა.

- 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი რთული პერიოდი არც კი მახსენდება.

- ხშირად გვქონია საუბარი, რომ ყველაფერი გურიაში უნდა მოხდეს, ან გურიიდან უნდა დაიწყოს. ხშირად იყო როდესაც ბავშვები დაეხმარნენ პედაგოგებს ტექნიკური კუთხით, რადგან ტექნიკა უფრო მეტად იციან და უფრო მეტად იციან ეს ონლაინ პლატფორმებიც, სადაც ონლაინ გაკვეთილების ჩატარება შეიძლება. ინტერნეტთან დაკავშირებით ხშირად იყო პრობლემები, აქედან გამომდინარე, ხან გვიან შედიოდნენ ბავშვები გაკვეთილებზე, ხან ვერც კი შედიოდნენ და დამატებით უწევდათ ამ ადამიანებს დაკავშირება პედაგოგებთან.
 
- პირველკლასელებისთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ პირველკლასელებმა ფაქტობრივად „აი ია“ ვერ ისწავლეს საკლასო ოთახებში, ამ ბავშვებს ცოტა გაუჭირდათ ანბანის და ციფრების სწავლა.
 
- ერთ-ერთ სოფელში იყო პედაგოგი, რომელმაც გადაწყვიტა, სპეციალური სახელმძღვანელო გაეკეთებინა სოფლებისთვის, რომ რამე ტექნიკური ხარვეზი რომ ყოფილიყო, მშობლებს ჰქონოდათ საშუალება გადაეცათ ინფორმაცია მოსწავლეებისთვის.
ახალი პროგრამების დაუფლება ძაან უჭირდათ, მაგრამ დროთა განამვლობაში ეს ყველაფერი აითვისეს, როგორც მოსწავლეებმა, ისე მასწავლებლებმა.

- ყველამ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ ისე, რომ მოსწავლეების უფლებები კორონავირუსის პერიოდში არ დაირღვეს. იქიდან გამომდინარე, რომ მათ აქვთ უფლება ისწავლონ და მიიღონ განათლება.

- იმედია, რომ ამ ეტაპსაც დავძლევთ ყველა ერთად, და მსგავსი პრობლემები, რაც მაგალითად დავინახეთ ამ პერიოდში, დაძლეული და მოგვარებული იქნება.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ