"მაშინ, როდესაც საქართველოს დიდ ქალაქებში მოსახლეობა კოვიდთან
თანაცხოვრების რიტმს უდგამს ფეხს, მთის სოფლებში უკვე დიდი ხანია
ერთგვარი პანდემიაა. ვიდრე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე
დროებით ცხოვრებას ვეგუებით, მთის სოფლებში დიდი ხანია საზოგადოებრივი
ტრანსპორტის გარეშე ცხოვრობენ. როდესაც ოჯახის ექიმთან სატელეფონო
კონსულტაციას ვიღებთ, ისინი ვერც კი რეკავენ", - ლაშა ორჯონიკიძე,
გამოცემა "მთის ამბების" ჟურნალისტი გვიამბობს როგორია კოვიდთან ერთად
ცხოვრება მთაში.
პოდკასტი მომზადებულია "მულტიმედია განათლების ცენტრის" მიერ
სერიისთვის - ცხოვრება კოვიდთან ერთად.
წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:
„ოოო კორონა კი მაგრად გვაშინებს, ჩვენს გამო არა, ბალღებისთვინა,
იქით ქალაქჩი. ჩემი რძალი გომბორელია, ხან აქ მაიყვანენ ბალღებს ხან
იქ აღრეკენ რო მოშორდნენ - ქალაქს. ეშინიანა ავადობის, ცხელდებისო
ამბობენ და იმითა“, - გვითხრა და წყლიანი მზერა გვერდით მჯდომი
თოვლისფრად შებერილი წვერულვაშიანი მეუღლისკენ გააპარა.
თაია ჭინჭარაული და გიგი არაბული სამი საუკუნის აშენებული
ხევსურული ბანიანი სახლის ბანზე ისხდნენ, როდესაც მოულოდნელად
ვესტუმრეთ. ხევსურეთის სოფელ გველეთს ბევრი ხალხი ახსოვს. 85 წლის
გიგი არაბული ახალგაზრდობას იხსენებს, როდესაც გუდამაყრის ქედზე
შეფენილ სოფელში თვრამეტ ოჯახს უცხოვრია. ლამაზი ხევსურული სოფელი
ყოფილა გველეთი. ბანიანი სახლების სარკმლიდან ხელის გულივით მოსჩანს
მარცხნივ ბარისახო და მარჯვნივ მდინარე დართვისის ხევის კალთებზე
შეფენილი მოწმაო და დათვისი.
გველეთი დართვისის ოთხი სოფლიდან ერთერთია, რომელშიც ჯერ კიდევ
ანთია კერა. ისიც ზამთრამდე. დიდთოვლობის გამო მოხუცი ცოლ-ქმარი ბარში
ჩამოდის, თუმცა ქალაქში გაჩერება უჭირთ.
„ქალაქჩი წავიდეთ, რა გავაკეთოთ ქალაქჩი? აქ გვირჩევნია აი,
ჰაერზე ვორთა, თავისუფლებაია, არც არავინ უფროსი გვყავ“, გვეუბნება
თაია ჭინჭარაული და უხერხულობას ვერ მალავს მასთან მისული სტუმრები
მოშორებით რომ ვდგავართ.
პანდემიამ მთაში სტუმარ-მასპინძლობის წესზეც მოახდინა გავლენა.
მასპინძლებისგან დისტანცირებული სტუმრები სახესაც ვმალავთ. ასეა,
კოვიდთან თანაცხოვრება ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენგან მეტ
პასუხისმგებლობას და სხვების ჯანმრთელობის გაფრთხილებას მოითხოვს. ის,
რაც ქალაქისთვის უჩვეულოა, მთის სოფლებისთვის ყოველდღიურობაა. იქ სულ
კომენდანტია. თანასოფლელებს არათუ ღამის 9 საათის შემდეგ, გვერდით
სოფლებშიც კი ვერ ნახავთ.
თაიას და გიგლას ბანიდან მოპირდაპირე მთის კალთაზე მაღალ
ბალახებში ჩაკარგული ნასახლარი მოსჩანს. ეს სოფელი მოწმაოა, სადაც ჯერ
კიდევ საუკუნის დასაწყისში, 87 ადამიანს უცხოვრია. ახლა ამდენი აგურიც
კი არ არის დარჩენილი.
„ყველაზე მეტი ძნელი ეგ არი, აი, რო მეზობელი არ არი, რო აქ
ჩქამდესა, აი, ადამიან რო გითხრას, იქ ესეა, ეგრე არი, ესეა და არაა.
მარტო ტელევიზორს ვუყურებთ, აქედან გავიგეთ რომ ქალაქჩი ავადობაია,
სიკვდილის არ გვეშინის, ჩვენ ჩვენი ცხოვრება უკვე ვნახეთ.
ახალგაზრდებისა ვდარდობთ თორე ჩვენთან ადამიანები აღარ მოდიან,
ავადობაი რას მოვა.“
მაშინ, როდესაც საქართველოს დიდ ქალაქებში მოსახლეობა კოვიდთან
თანაცხოვრების რიტმს უდგამს ფეხს, მთის სოფლებში უკვე დიდი ხანია
ერთგვარი პანდემიაა. ვიდრე ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე
დროებით ცხოვრებას ვეგუებით, მთის სოფლებში დიდი ხანია საზოგადოებრივი
ტრანსპორტის გარეშე ცხოვრობენ. როდესაც ოჯახის ექიმთან სატელეფონო
კონსულტაციას ვიღებთ, ისინი ვერც კი რეკავენ. ექიმის დახმარება? ალბათ
არ არის რთული მისახვერდი ამ კითხვაზე პასუხი. მთის სოფლების
მოსახლეობის მხოლოდ წინასაარჩევნოდ გახსენება კი ქვეყნის ხელისუფლების
ერთგვარი ტრადიციაა. ბევრის დაპირება მოუსმენიათ თაიას და გიგიას.
მოსულნიც და წასულნიც ბევრი უნახავთ. მთის სოფლებში ჯერ კიდევ
ცხოვრობს ხალხი. გველეთში კი ისევ დგას სამი საუკუნის წინ აშენებული
ბანიანი სახლი, რომლის აივნიდანაც ჯერ კიდევ მოსჩანს მოწმაო. მე ლაშა
ვარ ორჯონიკიძე. ეს კი კოვიდთან ერთად ცხოვრების ამბავია
მთიდან.