პანდემიამ ერთგვარი ზღვარი გაავლო მოსახლეობასა და ჟურნალისტებს შორის - პოდკასტი #27
15.03.2021

"ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით ბევრი თვითდასაქმებული ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშია. ადგილობრივები ტურისტების მომსახურების მიზნით შეძენილ ელექტრომობილებს, ე.წ ბაგებსა და კვადროციკლებს ყიდიან. აღნიშნული ტექნიკით უცხოელ ტურისტებს რეგიონში არსებულ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებინებდნენ. რადგან ბანკის სესხი ვერ დაფარეს, ნაწილმა ეს ტექნიკა გაყიდა", - ნუკა სტეფნაძე, SK news-ის ჟურნალისტი გვიამბობს როგორ შეცვალა პანდემიამ ადგილობრივების ცხოვრება სამცხე-ჯავახეთში. 

ნუკა ამბობს, რომ პანდემიამ ერთგვარი ზღვარი გაავლო მოსახლეობასა და ჟურნალისტებს შორისაც, რადგან ვირუსის შიშით ადგილობრივები ჟურნალისტებს ხშირად ეუბნებოდნენ უარს შეხვედრებსა და ინტერვიუებზე.




წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

დღეს ვისაუბრებ იმ პრობლემებზე, რომელიც პანდემიამ ჩვენს რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში შექმნა. კორონავირუსმა ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა როგორც ჟურნალისტები, ისე ადგილობრივები.მე ვარ ნუკა სტეფნაძე ახალციხიდან, „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი. ჩვენთან დაიკეტა რესტორნები, სასტუმროები, მუშაობა შეაჩერეს მცირე საწარმოებმა, რის გამოც სამსახური დაკარგა ასობით ადამიანმა. ამ ყველაფერმა რეგიონის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად იმოქმედა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ის ობიექტები აღმოჩნდნენ, რომლებიც უცხოელ ტურისტებზე იყვნენ დამოკიდებულნი. მეპატრონეები ბანკის ვალებს ვეღარ იხდიან. ამის გამო ქონების გაყიდვაც კი უწევთ. ახალციხეში თქვენ თუ ჩამოხვალთ, ნახავთ სასტუმროებსა და კაფე–ბარებზე გამოკრულ აბრას, სადაც აწერია რომ „იყიდება“.

რაც შეეხება ჩვენს მუშაობას, ბუნებრივია პანდემიამ პრობლემები ჩვენც შეგვიქმნა, სხვადასხვა უწყების დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის გამო. გვიჭირდა საჯარო ინფორმაციის მიღება. ჩვენს გაგზავნილ წერილებს ვგულისხმობ. პასუხები ზოგჯერ ორი ან სამი კვირით იგვიანებდა. ნაწილზე კი ამ დრომდე არ მიგვიღია. აი მაგალითად მე შემიძლია გავიხსენო პრემია–დანამატებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია 2020 წლის დეკემბერში გამოვითხოვე მუნიციპალიტეტებიდან. პასუხი კი 2021 წლის იანვრის ბოლოს, ნაწილის კი თებერვლის დასაწყისში მივიღე.

გარდა ამისა, სოფლებში რეპორტაჟების მომზადების დროს, გვიჭირდა რესპოდენტების მოძიება. კორონავირუსის შიშით სახლში არ გვიშვებდნენ. სიცივის გამო კი გარეთ ჩაწერაზე არ გვთანხმდებოდნენ. ამ ყველაფრის ფონზე იძულებულები გავხდით, რომ სატელეფონო ინტერვიუები ჩაგვეწერა.

პანდემიამ ერთგვარი ზღვარი გაავლო მოსახლეობასა და ჟურნალისტებს შორის სამწუხაროდ. სატელეფონო ინტერვიუების დროს მომზადებული მასალა ისეთი გულწრფელი და ემოციური არ არის, როგორსაც რესპოდენტთან პირისპირ საუბრის დროს მოამზადებდი. თუმცა ახლა რეპორტაჟებსა და შედარებით მსუბუქ თემებს სამწუხაროდ ნაკლებ ყურადღებას ვუთმობთ. ვცდილობთ ვწეროთ მეტი პანდემიასა და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე.

ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით ბევრი თვითდასაქმებული ახალციხესა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებშია. ადგილობრივები ტურისტების მომსახურების მიზნით შეძენილ ელექტრომობილებს, ე.წ ბაგებსა და კვადროციკლებს ყიდიან. აღნიშნული ტექნიკით უცხოელ ტურისტებს რეგიონში არსებულ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებინებდნენ. რადგან ბანკის სესხი ვერ დაფარეს, ნაწილმა ეს ტექნიკა გაყიდა. აი მაგალითად, ბორჯომში ჩავწერე რესპოდენტი, რომელმაც სესხის გამო ჯერ საკუთარი მანქანა გაყიდა, შემდეგ კი ელექტრომობილიც.

ეს არის ის რეალობა რაც ჩვენს რეგიონშია და არა მარტო ჩვენთან. ახალი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის კორონავირუსის ვაქცინის მიღებაა. სამწუხაროდ იგვიანებს, შესაბამისად ახალი ტალღის საშიშორება დგას. მე მინდა გითხრათ რა დამოკიდებულებაა ვაქცინასთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთში. ვფიქრობ ეს არანაკლები პრობლემაა ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. ჩვენ რამდენჯერმე გამოვკითხეთ მოსახლეობა. მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს. ვფიქრობ ამ კუთხით კიდევ ბევრი სამუშაოა, მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობაა საჭირო. მაგალითად, რატომ არის საჭირო აცრა, რა გვერდითი მოვლენები აქვს, არის თუ არა საფრთხის შემცველი მისი გაკეთება და ა.შ.ძირითადად ამ და სხვა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი რეგიონი.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ