ვაქცინაციაზე კითხვები არსებობს, მაგრამ არ არსებობს პასუხები - პოდკასტი #28
22.03.2021

"უმეტესი ნაწილი მოსახლეობის არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას [პანკისში], რადგან აქვთ ცრუ წარმოდგენები ჭორების დონეზე: რომ ეს არის ცუდი, ხდება ჩვენი “დაჩიპვა”, კონტროლი და ძალიან დაბალია ნდობის მომენტი ვაქცინისადმი. ბევრს არც კი აქვს ინფორმაცია რა ვაქცინები არსებობს, რატომ უნდა გავიკეთოთ ... ეს კითხვები არსებობს, მაგრამ არ არსებობს პასუხები", - რამზან გორგიშვილი, პანკისის სათემო რადიოს ჟურნალისტი საუბრობს ჟურნალისტების როლზე, ვაქცინაციის პროცესში, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს შესაბამისი საინფორმაციო კამპანია არ უწარმოებია.

პოდკასტი მომზადებულია მულტიმედია განათლების ცენტრის მიერ სერიისთვის "ცხოვრება კოვიდთან ერთად".

 

წაიკითხეთ პოდკასტის ტექსტური ვერსია:

მე ვარ რამზან გორგიშვილი პანკისის ხეობიდან. წარმოვადგენ პანკისის სათემო Radio Way-ს დღეს. მე ვისაუბრებ ჟურნალისტების როლზე, ჩვენს ერთგვარ მისიაზე რაც გვაკისრია პანდემიის პირობებში, ზოგადად, კორონავირუსთან და ვაქცინასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით.

პანდემიის პირობებში ჟურნალისტის მუშაობა რთული გახდა, გამომიდინარე იქიდან, რომ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლამ გარკვეულწილად ერთი პერიოდი შეგვიზღუდა ველზე მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტი, ინტერვიუები, რესპოდენტების ჩაწერა, რაც შენი პროფესიული განვითარებისთვისაც და უფრო ხარისხიანი მასალის მისაღებად არის აუცილებელი.

გარდა ამისა, პანდემიის პირობებში ჟურნალისტებს დამატებითი მისია დაგვეკისრა: ეს არის მოსახლეობის ინფორმირება. მოსახლეობის ინფორმირება კოვიდთან დაკავშირებითაც და მოსახლეობის ინფორმირება ახლა, ამ ეტაპზე უკვე ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც.

ამ პერიოდში აქტუალურია ვაქცინაციის თემა. მსოფლიოს 114 ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია. ყოველდღიურად 8 მილიონ ადამიანზე მეტი იცრება.

ადგილზე რასაც ვუყურებ, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას. საინფორმაციო კამპანია მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს დღემდე არ დაუწყია.

მაგალითად, ბოლო კვლევა იყო “ედისონ რისერჩის”, სადაც საუბარი იყო რომ მოსახლეობის 46% წინააღმდეგია ვაქცინის გაკეთების, 17% კი თავს იკავებდა. ეს იყო 5 თვის წინანდელი კვლევა.

ჩვენ მინი გამოკითხვა ჩავატარეთ პანკისის ხეობაში. სხვადასხვა ჯგუფები ჩავწერეთ. ესენი იყვნენ უხუცესები, მასწავლებლები, რიგითი ადამიანები, ადგილობრივი ექიმები. გამოიკვეთა რომ 5 თვის შემდეგაც იგივე დამოკიდებულება არსებობს საზოგადოებაში.

უმეტესი ნაწილი მოსახლეობის არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას, რადგან აქვთ ცრუ წარმოდგენები ჭორების დონეზე: რომ ეს არის ცუდი, ხდება ჩვენი “დაჩიპვა”, კონტროლი და ძალიან დაბალია ნდობის მომენტი ვაქცინისადმი.

ბევრს არც კი აქვს ინფორმაცია რა ვაქცინები არსებობს, რატომ უნდა გავიკეთოთ ვაქცინა, რა შეიძლება მოჰყვეს ამ ვაქცინის გაკეთებას, რატომ კეთდება ორი დოზა, შემცირდება თუ არა სიკვდილიანობა, ვიქნები თუ არა გადამტანი.

ანუ ეს კითხვები არსებობს, მაგრამ არ არსებობს პასუხები, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. სწორედ აქ იკვეთება მედიის და ზოგადად ჟურნალისტების როლი.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ საინფორმაციო კამპანია, რომელიც არ დაწყებულა დღემდე და ეს რა თქმა უნდა პრობლემაა და ამას შეიძლება კრიტიკულადაც მივუდგეთ, ზოგადად მთავრობის პოლიტიკას ამ მიმართულებით.

ჩვენ ვკისრულობთ ამ მისიას, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის ინფორმირება და მივაწოდოთ მათ პასუხები იმ კითხვებზე, რაც მათ გააჩნიათ. ეს რა თქმა უნდა ჩემთვისაც და ყველა ჟურნალისტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ორმაგად მნიშვნელოვანს ხდის: ჯერ ერთი, რომ თვითონ ვაქცინის თემაა მნიშვნელოვანი. მეორეს მხრივ, საინფორმაციო კამპანიის მიმართულებით.


ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ