"სამწუხაროა, რომ ადამიანებმა დაიჯერეს მითები კოვიდთან დაკავშირებით" - ხვიჩა ვაშაყმაძე, „ქუთაისიპოსტი“
17.08.2021
ხვიჩა ვაშაყმაძე, „ქუთაისიპოსტი“



პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევეხეთ პანდემიის პერიოდში, არის საკმაოდ მრავალფეროვანი. მაგრამ ადამიანებთან ერთად, მნიშვნელოვანია ის, რომ კოვიდის თემა შეეხო ცხოველებს და, კერძოდ, ძაღლებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ. აქ რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა. პირველი ის, რომ მაშინ როდესაც პანდემია დაიწყო და დაიხურა აბსოლუტურად ყველაფერი, კვების ობიექტები, რესტორნები, ადამიანები ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ, ბაზრობები დაიხურა, ამ დროს მიუსაფარი ძაღლები დარჩნენ აბსოლუტურად ბედის ანაბარა. ისინი ფაქტობრივად ვერ იკვებებოდნენ და მათი მდგომარეობა გაუარესდა, როგორც კვების კუთხით, ისე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ და ასე შემდეგ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში საგრძნობლად იმატა ქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ.

როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ხდებოდა სწორედ კოვიდთან დაკავშირებით და გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, თითქოს ცხოველებისგან კოვიდი გადადის ადამიანებზე და ავადდებიან ადამიანები. ამ დროს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გაჩნდა შიში და სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი ძაღლი აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ქუჩებში, ძაღლები, რომლებიც აბსოლუტურად არ იყვნენ ადაპტირებული ქუჩასთან და მათ არ შეეძლოთ თავის გადარჩენა პატრონის გარეშე.

ადამიანებმა ძალიან ადვილად დაიჯერეს ეს ყველაფერი, გავრცელებული ჭორები, და ასევე ადვილად გასწირეს თავიანთი ოჯახის წევრები, თავიანთი ოთხფეხა მეგობრები ქუჩისთვის და სიკვდილისთვის. ხშირად ცხოველები, ძაღლები მიჰყავდათ სადღაც ტყის პირას, ტრასებზე, იქ ტოვებდნენ და ერთ-ერთი ასეთი ადგილი ქუთაისთან ახლოს არის ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელი გზა მდინარე გუბისწყალთან, სადაც არის დაუსახლებელი ტერიტორია, და იქ ძალიან ბევრი ძაღლი ჩამოსვა პატრონმა და მიატოვა.

პრობლემა სერიოზულია და აქ ერთადერთი გამოსავალი რაც არის, კოვიდის გამო ქუჩაში გამოჩენილი ძაღლები ბევრმა შეიფარა, მიიკედლა, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით. აქ ახლა მუნიციპალიტეტის როლი იქნება დიდი ამ ძაღლების მოვლა-პატრონობაში.

მუნიციპალიტეტში ხდება როგორ: დაიჭერენ ცხოველს, გადაიყვანენ თავშესაფარში, იქ ხდება სტერილიზაცია, კასტრაცია და შემდეგ ისევ უბრუნებენ იმ ადგილს, საიდანაც იქნა აყვანილი. ის, რომ მუდმივად იქ ჰყავდეთ ეს ცხოველები, ვერ ხერხდება. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ მიიღოს ზომები, რომ მოხდეს ქუჩაში მიუსაფარი ძაღლების სტერილიზაცია, კასტრაცია და არ მოხდეს მასობრივად მათი გამრავლება, იმიტომ რომ უკვე თვალშისაცემია, პრობლემებს უქმნის გამვლელებსაც ხშირ შემთხვევაში, თუმცა ძაღლების უმრავლესობა არ არის აგრესიული და ცდილობენ ადამიანებთან კონტაქტში შესვლას. მაგრამ ხშირად ადამიანების გარკვეული ნაწილისგან ისინი ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. ძალიან ბევრი ადამიანია ცხოველთა მოძულე. ხშირად მათ სცემენ, ურტყამენ.

ჩემს ჭიშკართან მოვიდა გაუბედურებულ მდგომარეობაში და გახდა ჩემი ოჯახის წევრი ასეთი ქუჩის მიუსაფარი ძაღლი. მიხარია, რომ ბევრია ისეთი ადამიანი ვისაც აჰყავს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ადამიანებმა დაიჯერეს მითები კოვიდთან დაკავშირებით, თითქოს ცხოველებს გადააქვთ რაღაც შტამი კოვიდის.

ავტორი : მედიაჩეკერი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ