ეთიკა, უსაფრთხოება და ფსიქიკური ჯანმრთელობა Covid-19-ის გაშუქებისას
31.03.2020
კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას მედიის როლი განსაკუთრებულია. "ეთიკური ჟურნალისტიკის ქსელის" (EJN) დირექტორი ჰანა სტორმი საკუთარ ჟურნალისტურ გამოცდილებასა და კოლეგებთან საუბრებზე დაყრდნობით, მედიაში დასაქმებულ პირებს უზიარებს რჩევებს Covid-19-ის გაშუქებისას გასათვალისწინებელ ეთიკურ დილემებზე, ფიზიკური და ფსიქიკური უსაფრთხოების საკითხებზე.

1. პასუხისმგებლიანი და ეთიკური ჟურნალისტიკა უმნიშვნელოვანესია

კორონავირუსის გაშუქებისას აუცილებელია ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპების: სიმართლის, სიზუსტის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობისა და სხვათა დაცვა. კერძოდ:

მოერიდეთ სენსაციურობასა და პანიკის დათესვას ფოტოებისა და ტერმინების გამოყენებისას. მაგალითად, სუპერმარკეტების ცარიელი დახლების ამსახველი ფოტოების გავრცელებამ შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს და პანიკა შექმნას.

მოერიდეთ რასის დასახელებას - არ არის საჭირო ყოველი ახალი შემთხვევის დადასტურებისას გაიმეოროთ საიდან წარმოიქმნა და გავრცელდა ვირუსი. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიული არეალი გაფართოვდა, მაინც გვხვდება ადამიანთა კონკრეტული ჯგუფების მიმართ რასისტული და დისკრიმინაციული გაშუქების მაგალითები.

დარწმუნდით, რომ იცავთ ადამიანებს, რომელთაც ვირუსი შეეხოთ - მოერიდეთ დაინფიცირებულთა იდენტიფიცირებას - ნუ გაამჟღავნებთ მათ სახელსა და გვარს, ფოტოებს ან სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას ნებართვის გარეშე. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ არაერთმა საჯარო პირმა თვითონვე განაცხადა, რომ Covid-19-ითაა ინფიცირებული.

დაიცავით სიზუსტე და გააშუქეთ ფაქტები - მოერიდეთ ჭორებს და ნუ ეცდებით სპეკულირებას. ვირუსთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ უნდა იცოდეთ, როგორ ამოიცნოთ და გამოააშკარავოთ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. ეძებეთ და გამოიყენეთ ექსპერტების მოსაზრებები - დაწყებული სერტიფიცირებული მედიკოსებით დამთავრებული მეცნიერებით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სამეცნიერო რჩევები ხშირად იცვლება.

წარმოაჩინეთ კონტექსტი და აჩვენეთ ხალხს ავტორიტეტული და სანდო ინფორმაციის წყაროები და რესურსები.

ფრთხილად იყავით, როცა აჩვენებთ რუკებს, რომელზეც ვირუსის შემთხვევების გავრცელებაა ასახული - კიდევ ერთხელ, გამოიყენეთ კონტექსტის შესაბამისად და წარმოადგინეთ ინფორმაციის წყარო.

დაფიქრდით სამედიცინო ნიღბის მქონე ადამიანების ფოტოების გამოყენებისას - იკითხეთ რამდენად მნიშვნელოვანი ამბავი შეიძლება იყოს ამ ფოტოების გამოყენება თუ უბრალოდ ყურადღების მიპყრობისთვის გამოდგება? გაითვალისწინეთ, რომ მეცნიერების განცხადებით, ქირურგიული ნიღბები ვირუსისგან დაცვას არ უზრუნველყოფს.

2. იყავით ფიზიკურად უსაფრთხოდ

ჟურნალისტების საქმე ინფორმაციის მოპოვებაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მათი ჯანმრთელობის ხარჯზე.

Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, სიტუაცია ისე სწრაფად იცვლება, რომ ჟურნალისტები და ახალი ამბების ორგანიზაციები უნდა ეცნობოდნენ და მიჰყვებოდნენ თავიანთი მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილებები მედიაზე. ასევე, უნდა ეცნობოდნენ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა" და შესაბამისი სამედიცინო სამსახურების სახელმძღვანელო წესებსა და მითითებებს.

ჟურნალისტები მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვირუსის რომელიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეატყობინონ დამსაქმებელს. ასევე, უნდა დაიცვან ვირუსთან მიმართებაში იმ ქვეყნის პოლიტიკა, სადაც იმყოფებიან.

გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ჟურნალისტებმა, რომელიც მაღალი რიკის ჯგუფებში შედიან არ უნდა გააშუქონ ეს თემა.

ასეთ ვითარებაში ჟურნალისტებმა თან უნდა ატარონ კონკრეტული ადგილისთვის შესაბამისი აღჭურვილობა და უნდა შეაფასონ რისკები. ყველა ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს სამომავლო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ცუდად გახდება და სამუშაოს შესრულებას ვერ შეძლებს. თუ ჟურნალისტი იმ ადგილიდან მუშაობს, სადაც მოსახლეობას სახლში დარჩენის ვალდებულება აქვს, მაშინ უნდა დარწმუნდეს, რომ აქვს შესაბამისი აღჭურვილობა: N95 ნიღბები, ხელთათმანები და სათვალეები.

3. როგორ უნდა მართოს ფსიქიკური ჯანმრთელობა ჟურნალისტმა

ეს პერიოდი ბევრი ადამიანისთვის სტრესულია. პროფესორი ენტონი ფაინშტაინის რჩევების გათვალისწინებით, ჟურნალისტებმა ფსიქიკურ ჯანმრთელობას შემდეგნაირად უნდა მიხედონ:

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ ღირებული როლის აღიარება, რომელსაც ჟურნალისტიკა ასრულებს კრიზისის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაში. იქნება ეს კორონავირუსის შემთხვევები, ჯანდაცვასთან დაკავშირებული სხვა კრიზისული სიტუაციები, კატასტროფები თუ კონფლიქტები.

მიუხედავად ამბის მასშტაბურობისა და მნიშვნელობისა, მასზე მუშაობა ჟურნალისტების ჯანმრთელობის ხარჯზე ხარჯზე არ უნდა მიმდინარეობდეს.

პროფესორ ფაინშტაინისა და ჰანა სტორმის რჩევები:

ჩამოწერეთ სია - რისი გაკონტროლება შეგიძლიათ და რისი არა. მაგალითად, თქვენ ვერ გააკონტროლებთ ვირუსს, მთავრობის რეაგირებას, საფონდო ბირჟებს, სხვების ქცევებს. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი ქმედებები, ამიტომ გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • თქვენი სამუშაო მნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობაც.
  • დარწმუნდით, რომ გძინავთ საკმარისად.
  • იკვებეთ სწორად; ეცადეთ თავი აარიდოთ ალკოჰოლისა და კოფეინის გადაჭარბებულად მიღებას, რამაც შესაძლოა შფოთვა გაზარდოს.
  • დაისვენეთ სამსახურისგან როგორც ციფრულად , ისე ფიზიკურად.
  • გამორთეთ ახალი ამბები და სოციალური მედია.
  • აღიარეთ, რომ ნორმალურია თუ მძიმე სურათები და ამბები თქვენზე გავლენას ახდენენ
  • თუ შეგიძლიათ, გაისეირნეთ.
  • თუ გარეთ გასვლა არ შეგიძლიათ, შესვენების სხვა გზა გამონახეთ: მაგალითად, დახედეთ ფოტოებს, რომლებიც გაბედნიერებთ (მაგ: ცხოველების ფოტოები); სცადეთ მედიტაცია, უყურეთ კომედიას, წაიკითხეთ წიგნი.
  • თუ შესაძლებელია დრო გაატარეთ ოჯახთან და მეგობრებთან - თუნდაც დისტანციურად. ონლაინ რეჟიმით მუშაობის გამო იზოლაცია დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
  • თუ გჭირდებათ სამსახურისგან დასვენება, თავს გრძნობთ ფიზიკურად ან ფსიქიკურად ცუდად, ნუ შეგეშინდებათ თხოვნის. ჟურნალისტებს ხშირად დახმარებისთვის თხოვნა კარგად არ გამოგვდის. თუ ასე არ მოვიქცევით, უფრო ცუდად გავხდებით და ნაკლებად შევძლებთ მუშაობას.
  • თუ ნიუსრუმის მენეჯერი ხართ, დარწმუნდით, რომ სხვებს აძლევთ მაგალითს. ნათლად ჩამოაყალიბეთ პოლიტიკა და პრიორიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ხშირად იცვლება ან დისტანციურად მუშაობთ, იყავით, რაც შეიძლება გამჭვირვალე. კერძოდ, ინფორმაცია იქონიეთ და გაითვალისწინეთ ისინი, ვინც შესაძლოა ამ სიტუაციაში უფრო მეტად დაუცველები იყვნენ.

იმის აღიარებით, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ, ნაკლებ ემოციურ ენერგიას დახარჯავთ და ნაკლები იქნება შანსი იმისა, რომ გადაიწვებით.

"ფაქტია, რომ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რამდენ ხანს გასტანს ეს ამბავი (კორონავირუსის გავრცელება) და ყველა შანსია იმისა, რომ ეს დიდხანს გაგრძელდება. სრული გაურკვევლობა შფოთვას ზრდის. საჭიროა საკუთარი თავები ხანგრძლივი პერიოდისთვის შევამზადოთ. იმედია, ზემოთ მოყვანილი რჩევების გათვალისწინებით, როგორც ჟურნალისტური საზოგადოება, ისე ინდივიდები, უკეთესად მოვახერხებთ ამას", - წერს ჰანა სტორმი.


ამავე თემაზე: 9 რჩევა ჟურნალისტებისთვის კორონავირუსის გაშუქებით გამოწვეულ სტრესთან საბრძოლველად

მეტი რესურსი: https://dartcenter.org/resources/covering-coronavirus-resources-journalists

წყარო: https://ethicaljournalismnetwork.org/media-ethics-safety-and-mental-health-reporting-in-the-time-of-covid-19


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ