29.06.2015
19 მაისს -info9.ge-მ გაავრცელა მასალები სახელწოდებით:გალტ & თაგარტმა მიიღო Global Banking and Finance Review-ს ჯილდოები „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია“ და „საუკეთესო კორპორატიული მრჩეველი ფინანსებში“ 2015 წელს“ და „ნიუ ჰოსპიტალსის“ წარმატება შუააზიის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე.“ ორივე სტატიაში იკვეთება ფარული რეკლამა.
სტატიაში - „გალტ&თაგარტმა მიიღო ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო საინვესტიციო საბროკერო კომპანია“ და „საუკეთესო კორპორატიული მრჩეველი ფინანსებში“ 2015 წელს“ - დეტალურადაა აღწერილი კომპანიის სერვისები და მომსახურება, იგი მოხსენიებულია, როგორც წამყვანი კომპანია საქართველოს საინვესტიციო და საბანკო სფეროში.
„გალტ & თაგარტი მოწოდებულია გაუწიოს მის კლიენტებს საუკეთესო კორპორატიული საკონსულტაციო მომსახურება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტრანზაქციების შემთხვევაში. ჩვენი საბროკერო მომსახურება მომხმარებელს სთავაზობს შეუდარებელ რეგიონალურ გამოცდილებას და წამყვან ბაზრებზე ვაჭრობის შესაძლებლობას“, - ნათქვამია მასალაში,რომელიც ბიზნესის ბლოკშია განთავსებული.
იმავე მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ მეორე სტატიაში საუბარია „ნიუ ჰოსპიტალის“ წარმატებაზე ყაზახეთში გამართულ გამოფენაზე.
„ნიუ ჰოსპიტლის“ საგამოფენო სტენდს პირადად ეწვია ყაზახეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი და დაინტერესება გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.“ „ნიუ ჰოსპიტლის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესდნენ არა მარტო დსთ-ს ქვეყნების დელეგაციები, არამედ გამოფენაზე წარმოდგენილი ევროპის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები“, - ნათქვამია ეკონომიკის ბლოკში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ფარული რეკლამის შემთხვევები გამოვლინდა საინფორმაციო სააგენტო ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით: „სერია "კიდევ 49 წიგნი" - ნებისმიერი ტომი 7 ლარად! ექსკლუზიურად მხოლოდ "რიდერსლენდზე."
სტატია ონლაინ მაღაზია Readersland.ge-ის აქციას ეძღვნება: „მხოლოდ "რიდერსლენდზე" შეძლებენ წიგნის მოყვარულები, 26 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით - ექსკლუზიურ ფასად სერიის "კიდევ 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ" - ნებისმიერი ტომის 7 ლარად შეძენას.“ სტატიაშივე მითითებულია, თუ სად შეუძლია დაინტერესებულ მკითხველს წიგნების შეღავათიან ფასში შეძენა, მასალაში ასევე აღწერილია Readersland.ge-ის - სხვა სერვისები და სიახლეები.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეცხრე მუხლის თანახმად: “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოსმარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერდაფინანსებული მასალებისაგან.”
სარეკლამო მასალები, წესისამებრ, აღნიშნულია რეკლამის ნიშნით (R) ან (A). აღნიშნული ნიშნები სასურველია განთავსდეს მასალის თავშივე, სათაურის ქვეშ, რათა მკითხველს თავიდანვე შეექმნას წარმოდგენა, თუ რა ტიპის ინფორმაციას ეცნობა.
ზემოთხსენებულ არცერთ სტატიაში არ იყო მითითებული, რომ გამოქვეყნებული მასალები სარეკლამო ხასიათისაა, მაშინ, როცა ისინი ცალსახად ემსახურებოდა ამა თუ იმ პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირებას.
რეკლამა ბევრი მედიასაშუალებისთვის შემოსავლის ერთ-ერთ წყაროა და ამაში არაეთიკური არაფერია. თუმცა, უნდა მოხდეს სარედაქციო სტატიებისა და სარეკლამო მასალების ერთმანეთისაგან მკვეთრი გამიჯვნა, რათა მკითხველი არ შეცდეს ან არ მოტყუვდეს ინფორმაციის გაცნობისას. მედიამ პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს უტყუარი ინფორმაცია.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ჟურნალისტთა ტრენერი მონიკა ელენა ამბობს, რომ ეთიკური ზღვარი სარედაქციო და სარეკლამო მასალებს შორის ბუნდოვანი გახდა. მისი თქმით, მედისაშუალებებით გავრცელებული სარეკლამო სტატიები დღევანდელი ჟურნალისტიკის ქამელეონებია. ხშირად რეკლამა, რომელიც გამოიყურება როგორც სარედაქციო მასალა, არწმუნებს მკითხველს, რომ ის ნეიტრალურ დაბალანსებულ სტატიას კითხულობს, სინამდვილეში კი კარგად შეფუთულ რეკლამას ეცნობა.
„იდეალურ სამყაროში მედიასაშუალება მკაცრად უნდა მიჯნავდეს მარკეტინგს და სარედაქციო მასალას, რაც რეკლამის დამკვეთებისგან მის სარედაქციო დამოუკიდებლობას გაამყარებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მედიამ არ უნდა "გაანიუსოს" მასალები, რომელიც რეკლამაა ისე, თითქოს ჩვეულებრივი მასალაა,“- ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტი.
მისივე თქმით, მედიასაშუალებები მუდმივი ფინანსური წნეხის ქვეშ არიან, რაც რეკლამის დამკვეთებს აძლევს უფრო მეტ ბერკეტს, რომ სარედაქციო გადაწყვეტილებების პროცესში ჩაერიონ და მოახდინონ ზეწოლა გამომცემლებზე.
სარედაქციო და სარეკლამო მასალებს შორის ზღვარის გავლების პრობლემა არამხოლოდ ქართულ, არამედ წამყვან ევროპულ და ამერიკულ გამოცემებშიც მწვავედ დგას.
2013 წელს სარეკლამო და სარედაქციო მასალის ბუნდოვნად გამიჯვნისათვის სკანდალში გაეხვია მაღალი სტანდარტის მქონე გამოცემა„ატლანტიკი“ (The Atlantic), რომელმაც გამოაქვეყნა სარეკლამო სტატია „საიენტოლოგიის ეკლესიაზე“ (Church of Scientology), თუმცა არცთუ ისე ნათლად მიუთითა, რომ სტატია სარეკლამო ხასიათის იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მასალის თავში მითითებული იყო ნიშანი „სარეკლამო სტატია“, მისი დაკავშირება სტატიასთან რთული იყო. აღნიშნული მასალის ფონი და სტილი, ასევე კომენტარების ველი, არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი სარედაქციო სტატიისაგან.
ეს დეტალები მალე შეამჩნიეს ერთგულმა მკითხველებმა, რასაც უკმაყოფილების ტალღა მოჰყვა, „ატლანტიკმა“ მალევე ამოიღო სტატია და განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღიარა დაშვებული შეცდომა და ბოდიში მოუხადა მკითხველს.