დაუცველი საავტორო უფლებები ონლაინ მედიაში
07.07.2015
საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტსივრცეში საკმაოდ რთულია. ჟურნალისტებს ონლაინ მედიაში ხშირად უწევთ თავიანთი ნამუშევრისა და საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა.

ქართულ მედიაში მასალის კოპირების რამდენიმე ხერხს იყენებენ. ერთი, როდესაც სრულად გადააქვთ ტექსტი, ფოტო და ვიდეომასალა და საერთოდ არ უთითებენ ავტორებს. უფრო მეტიც, ვიდეოსა და ფოტომასალაზე ლოგოს შლიან და საკუთარ ლოგოს ადებენ.

მეორე შემთხვევაა, როდესაც სტატიის ბოლოს უთითებენ წყაროს.

არის შემთხვევა, როცა სტატიას ბოლოს ურთავენ ორიგინალი საიტის ლინკსაც.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილი ერთ-ერთია იმ ჟურნალისტებს შორის, ვინც საავტორო უფლებების დარღვევასა და ჟურნალისტური მასალების მოპარვაზე ხშირად ჩივის. გელა Mediachecker-თან საუბრისას ამბობს, რომ ინფორმაციის მოპოვება, განსაკუთრებით რეგიონში, საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული.

“ჩვენ მასალის მომზადებისას ადგილზე ჩავდივართ, რესპოდენტებს ვეძებთ. ეს ყველაფერი დაკავშირებულია სატრანსპორტო ხარჯებთან, ჟურნალისტების ჰონორართან, დროსთან, შრომასთან. მე, როგორც დამსაქმებელი, ვხარჯავ სერიოზულ ადამიანურ და მატერიალურ რესურსს. ამ დროს ვიღაცა ჩემი რამდენიმე დღის ნაშრომს 3-5 წუთში აკოპირებს და საკუთარ რეიტინგს ზრდის. კი, ხანდახან უთითებენ ლინკსაც სტატიის ბოლოს, მაგრამ რა აზრი აქვს?! თუკი მთელი მასალა, ფოტო და ვიდეო გადაიტანე, ვინღა გადმოვა სტატიის ბოლოს მითითებულ ლინკზე?!” - ამბობს გელა მთივლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის მთავარ გვერდზე შემდეგი მითითებაა: “ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას მიუთითეთ წყაროს შესახებ”. გელა მთივლიშვილი ამბობს, რომ ზოგჯერ, თავდაცვის მიზნით, ამ გაფრთხილებას თან ურთავენ ექსკლუზიურ მასალებსაც. თუმცა ძალიან ცოტა მედიასაშუალება სარგებლობს ამ ინსტრუქციით ინფორმაციის გამოყენებისას. გელა ფიქრობს, რომ მასალის გამოყენებისას კარგი იქნება რომელიმე მედიასაშუალებამ წაიღოს მოკლე ინფორმაცია და მიუთითოს წყარო, ლინკი, სადაც ვრცლად შეიძლება სტატიის წაკითხვა.

გელა მთივლიშვილი იმ ჟურნალისტებს შორისაა, ვინც თავად უკავშირდება საავტორო უფლებების დამრღვვებს და თუ ასეთი ფორმით ვერ აგვარებს პრობლემას, ჩივილსაც არ ერიდება. ზოგჯერ საერთოდ ვერ პოულობს რეალურ უფლებადამრღვევებს, რადგან ზოგიერთ ონლაინ გამოცემას საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვს და რთულია დაადგინო, ვინ დგას მის უკან, ვის უნდა მოსთხოვო პასუხი.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც მედიაში საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ განცხადებებს განიხილავს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა.

2015 წლის 6 აპრილს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა გელა მთივლიშვილის საჩივარი ვანო ჯავახიშვილის (ტელეკომპანია “რუსთავი 2”) და ცოტნე გეგეჭკორის (ტელეკომპანია “იმედი”) წინააღმდეგ. მოსარჩელე ამბობდა, რომ მისი ვიდეო „ნაკურთხი პრემიების შესახებ“ საავტორო უფლებების დარღვევით გამოქვეყნდა “რუსთავი 2-სა” და “იმედის” ეთერში.

ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვანო ჯავახიშვილმა და ცოტნე გეგეჭკორმა დაარღვიეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11 პრინციპი, სადაც აღნიშნულია: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება – პლაგიატი.“

საბჭოს განმარტებაში ვკითხულობთ, რომ “არც ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და არც ტელეკომპანია “იმედის” ეთერით გასულ ვიდეოში არ ჩანდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ლოგო და არ ყოფილა არანაირი მითითება ვიდეო მასალის პირველწყაროზე”.

პლაგიატის პრობლემა “ლიბერალსაც” აქვს. გამოცემის რედაქტორები ცდილობენ პირადად დაუკავშირდნენ პლაგიატის შემთხვევებში შესაბამის რედაქციებს და მასალის შესწორებას სთხოვენ. ზოგიერთი გამოცემა ასეთ კომუნიკაციაზე რეაგირებს და ასწორებს, ზოგი კი - არა. “ლიბერალის” რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი ამბობს, რომ ახალი ამბავი ინტელექტუალური საკუთრება არ არის და მისი დაცვა რთულია.

“ეს ეთიკის საკითხია და არა კანონის”, - ამბობს ვარდიაშვილი.

მისი თქმით, ისეთ გამოცემას, რომელიც ეთიკურ ღირებულებებს ყურადღებას არ აქცევს, ძნელია რაიმე მოსთხოვო და უკვე გამოქვეყნებული მასალა შეასწორებინო. ამიტომ ეთიკის ქარტიაში ჩივილსაც არ მიიჩნევს გამოსავლად.

შესაძლებელია თუ არა ახალი ამბების საავტორო უფლებების დაცვა? არის თუ არა სადმე გაწერილი, როგორ უნდა დაიცვან მედიასაშუალებებმა თავი პლაგიატისგან?

იურისტი ლიკა საჯაია განმარტავს, რომ საავტორო უფლებების შესახებ კანონი ვრცელდება ძირითადად, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ან ისეთ პროდუქტზე, რაც ინტელექტუალურ-შემოქმედებითი ხასიათისაა. მისი თქმით, ახალი ამბები ინფორმაციულია და არ განიხილება ინტელექტუალურ ნაწარმოებად, შესაბამისად, რთული იქნება მათზე საავტორო უფლებების დაცვა.

„შესაძლებელია მედიასაშუალებებმა პლაგიატის შემთხვევაში არა საავტორო უფლებების კუთხით, არამედ არაკეთლისინდისიერი კონკურენციის მარეგულირებელი ნორმით მოითხოვონ სასამართლოში საკითხის გადაწყვეტა. თუკი მოხდება მათი პროდუქციის უნებართვო გამოყენება, მათ შეუძლიათ დაასაბუთონ, თუ რა ზიანი მიადგათ ამ პროდუქტის უნებართვოდ გამოყენებით და ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ“, - ამბობს ლიკა საჯაია. ის აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს, რომელთა უფლებებიც დაირღვა, შეუძლიათ სამოქალაქო სამართლის ნორმებით იმოქმედონ.

რაც შეეხება ფოტო და ვიდეომასალას, შესაძლოა, რომელიმე მათგანი ასახავდეს ახალ ამბავს, და ამავდროულად, იყოს ხელოვნების ნიმუშიც. ლიკა საჯაიას განმარტებით, ასეთ შემთხვევაში მასზე გავრცელდება კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. არის თუ არა ვიზუალური მასალა ახალ ამბავთან ერთად ხელოვნების ნიმუშიც, ამაზე სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ინდივიდუალურად იმსჯელოს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ