02.07.2015
თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურება დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მთავარი თემა იყო ყველა გადაცემისთვის, მათ შორის ტოკშოუებისთვის. ყველა არხის ეთერში რესპონდენტები მეორდებოდნენ, დაახლოებით მსგავს შინაარსის იყო წამყვანების კითხვები, თუმცა მკვეთრად განსხვავდებოდა მათი ფორმულირება.
გაუგებარი კითხვები
განსაკუთრებით რთულია პირდაპირ ეთერში მუშაობა. ამ რეჟიმში გადაცემის წაყვანა დამატებით სხვა უნარებთან არის დაკავშირებული. ქართულ მედიასივრცეში არის წამყვანების კატეგორია, რომელთა ტექსტების ინტონაციით, სტრუქტურით ადვილად გასარჩევია, კითხვას სუფლიორიდან კითხულობს თუ იმ დროს აყალიბებს აზრს. ასეთ დროს წაკითხულისგან განსხვავებით, ექსპრომტად დასმული კითხვისას აზრი ჩამოუყალიბებელია როგორც გრამატიკულად, ისე შინაარსობრივად:
„მე მინდა, რომ შენი 13 ივნისი და აი, ის თაობა და აი, ის საყოველთაო სოლიდარობა, ეს თითქოს გაგვიკვირდა, მაგრამ გასაკვირი არ იყო, მაგრამ აი, მინდა, რომ აი, ამ პათოსს შეუერთდე, მოყვე და რას მოუწოდებდი შენ ჩვენს თანამოქალაქეებს, ვინც ახლა გვიყურებენ?“
„და ჩვენს დარბაზში, ძირითადად თქვენ როგორც ხედავთ, ის ადამიანები, როგორც წესი, რომელსაც თქვენ ხედავთ, სხვადასხვა ტოკშოუებში, თუნდაც ჩემთან გადაცემებში, ისინი სხედან, ხმას არ იღებენ და უბრალოდ უყურებენ ამ კადრებს. მე ვფიქრობ, მართლაც მთავარი გმირების ერთი მცირე პროცენტი არის დღეს აქ თავმოყრილი, ის თაობა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არ ვიცნობდით. გიორგი, როგორ მოხდა არ ვიცნობდით? აი, ძალიან ბევრჯერ ითქვა.“
გრძელი კითხვები
წამყვანთა მეორე ნაწილი გრძელი კითხვებით გამოირჩევა, ხშირ შემთხვევაში ერთი კითხვის დასმის ქრონომეტრაჟი ერთ წუთს აჭარბებს. ასეთ დროს ისმევა რამდენიმე კითხვა ერთდროულად, ჟურნალისტი ცდილობს ჩაატიოს ყველა ინფორმაცია, რაც იცის თემასთან დაკავშირებით. რესპონდენტიც სურვილისამებრ პასუხობს მისთვის ყველაზე კომფორტულ კითხვას ან იმას, რის აზრსაც გაიგებს.
„ბატონო ირაკლი, მე მაქვს ძალიან ბევრი კითხვა, კონკრეტული კითხვა, რომელიც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ნახა ძალიან დიდი ზარალი, ადამიანური მსხვერპლი, ოჯახის წევრების დაკარგვა და ამის მიღმა ძალიან დიდი ზარალი უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები, მაგრამ მანამდე მინდა, ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ, როგორ ფიქრობთ, თქვენ, ქვეყნის პრემიერ მინისტრი, იყო თუ არა შესაძლებელი ამ ტრაგედიის თავიდან აცილება? ვგულისხმობ ადამიანურ მსხვერპლზე თუ ხელისუფლება იყო იმაზე მეტად, რაც გააკეთა, შეუძლებელი იყო დავუშვათ თქვენთვის რაიმეს გაკეთება? მე შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში თქვენი ოპონენტების მხრიდან არაერთხელ გაისმა ბრალდება, რომ ხელისუფლებამ დაიგვიანა, როცა წყნეთში ჩამოწვა მეწყერი. უკვე ძალიან გვიან, რაღაც პერიოდის შემდეგ, საათების შემდეგ მოხდაო ადამიანების ევაკუაცია კი არადა, დახმარება, რატომ არ მოხდა ევაკუაცია დროული და ა.შ. თქვენ ალბათ ამ დღეების განმავლობაში ისმენდით ასეთი ტიპის განცხადებებს. იყო თუ არა ხელისუფლების რეაქცია დროული და შეიძლებოდა თუ არა აი ამ ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება, როგორ ფიქრობთ თქვენ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა და მიიღეთ ინფორმაცია რომ წყნეთში იყო ჩამოწოლილი მეწყერი?“
ბუნდოვნად ჩამოყალიბებულ კითხვაზე წამყვანი კონკრეტულ პასუხს ითხოვს, თუმცა იმდენი ხნის განმავლობაში საუბრობს, იმდენ ინფორმაციას და კითხვას ატევს, რომ რესპონდენტი მხოლოდ მცირე ნაწილზე პასუხს ახერხებს.
„მე მინდა ერთი კითხვა დაგისვათ, კონკრეტულად რას უპირებს ხელისუფლება, დაუშვათ, იმ ადამიანებს, ვინც მიიღო ზარალი, ვინც დაკარგა ყველაფერი. აქ იყო საუბარი ახალი სახლების მშენებლობაზე, აქ იყო საუბარი საბანკო შეღავათებზე ზოგისთვის მთლიანად განულებაზე საბანკო სესხების. ძალიან საინტერესოა თქვენგან კონკრეტული პასუხები, რომ გვითხრათ პირდაპირ ეთერში ,რა ელოდებათ ადამიანებს ,რომლებმაც ამხელა ზარალი ნახეს, თუმცა მანამდე, თქვენი ნებართვით, მე მინდა უბრალოდ წავიკითხო დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადება, რომელიც მან გაავრცელა:
„მე, თბილისის ყოფილი მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რასაც ჩემს გუნდთან ერთად მივაღწიე, ან ვერ მივაღწიე. ჩემი პოზიცია არასოდეს შეიცვლება იმის მიხედვით, არის თუ არა მომგებიანი. ეს გზა აუცილებელია ქალაქის ფუნქციონირებისათვის და მისი საჭიროება რამდენიმე დღეში მწვავედ გამოჩნდება, როცა ქალაქს სატრანსპორტო ქაოსი მოიცავს.“
ეს იყო დედაქალაქის ყოფილი მერის განცხადება. უბრალოდ მაყურებლისთვის მინდოდა, გამეცნო იგი და ახლა მინდა, თქვენგან მივიღო პირდაპირი პასუხი, რას უპირებთ კონკრეტულად ამ ადამიანებს, ახალი მშენებლობა, გამოიყო თბილისში მიწა თუ ჯერ არა რის გამოყოფილი? როდის მოხდება? სად მოხდება და როგორ მოხდება ამ ხალხის უზრუნველყოფა საცხოვრებლით? გისმენთ.“
აზრგამეორებული კითხვები
წამყვანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რესპონდენტმა ერთხელ ფორმულირებული კითხვა ვერ გაიგო, ამიტომ ერთ ჯერზე რამდენჯერმე უნდა გაიმეოროს კითხვა, სხვადასხვა ფორმულირებით:
მაშინ, როდესაც ათი დღის წინ მოხდა ასეთი რაღაც, რა გააკეთა დედაქალაქის მერიამ იმისათვის, თუნდაც პრევენციისთვის, რომ სტიქიის შემთხვევაში არ მომხდარიყო იგივე ან კიდევ უფრო უარესი რაც მივიღეთ. ანუ ათი დღის წინ ეს რომ მოხდა, რა გააკეთეთ თქვენ იმისთვის, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა სტიქიას?
„რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ სტიქიის შემდეგ დედაქალაქში გავრცელედეს რაიმე ტიპის ეპიდემია. რა კეთდება ამ მიმართულებით თქვენ თუ ხედავთ ამ საფრთხეებს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ეპიდემია, მით უმეტეს, რომ ჯერ არ არის ნაპოვნი ყველა გარდაცვლილი ... ხომ არ შეიძლება, ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ გავიდეს რაღაც პერიოდი და ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოხალისეები მაგალითად, ჰქონდათ რაიმე ტიპის განაკაწრი, მათ არც აცრა გაუკეთებიათ და ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ეს საფრთხე გაჩნდა. მათ არ გაუკეთებიათ არც ტეტანუსის აცრა, მაგრამ მიიღეს თუნდაც პატარა დაზიანებები ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ თქვენ პირადად ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია რაიმე საფრთხეები გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“.
„მომიყევით“ ტიპის შეკითხვები
წამყვანების ნაწილს კითხვის დასმის თავისი ტექნიკა აქვს, უფრო სწორად, რესპონდენტთან საუბრის დაწყების თავისებური სტილი:
რესპონდენტი 1
- მომიყევით იმ ღამეს რა მოხდა
რესპონდენტი 2
-მომიყევით სად იყავით, რატომ იყავით?
რესპონდენტი 3
-როგორი გოგო იყო, მომიყევით
რესპონდენტი 4
-რთული ღამე იყო, მომიყევით რა
რესპონდენტი 5
-უმძიმესი ღამე გქონდათ და მართლა სასწაულით გადარჩით სიკვდილს, მომიყევით რა
საუბრის გახსნის შემდეგ დამატებითი „კითხვებიც“ ისმევა, რომელიც კონკრეტულ დეტალებზეა ფოკუსირებული:
-რა გესმოდათ, ქალბატონო სვეტა, და რას ხედავდით?
-ახლა, რაც კადრებში ჩანს, ამას საკუთარი თვალით უყურებდით?
-რა არის ახლა თქვენი ეზოს ადგილას?
-მესმის, რომ ახლა ხართ შოკურ მდგომარეობაში, მაგრამ როგორ გესახებათ მომავალი?
-ბოლოს როდის ნახეთ, გოგოებო?
-რას ამბობდა? რას ყვებოდა? როგორ მუშაობდა? რას აპირებდა? რაზე ოცნებობდა?
-ახლა როცა ნელ-ნელა გამოვდივართ ყველა შოკური მდგომარეობიდან, ახლა რა ფიქრები და განცდები გაქვთ?
-თუ არის ცნობილი, რა ვითარებაში დაიღუპა ის მაშველი, რომელიც ორი დღის წინ იპოვეს?