19.06.2015
გადაცემაში სტუმრად მყოფ ერთ-ერთ ბავშვს წამყვანი, მშობლის თანხმობით, კითხვებსაც უსვამს:
- დედი, რა გახსოვს იმ ღამეს?
- ფანჯრიდან რომ გადავედით და სახურავზე რომ აგვსვა მამამ.
- შეგეშინდა შენ, დე?
- გოგონა უარის ნიშნად წამყვანს თავს უქნევს.
მანამდე დედა, რომელიც სტუდიაში კიდევ ერთ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფება, დეტალურად იხსენებს 13 ივნისს დატრიალებული სტიქიის მოვლენებს: როგორ იტბორებოდა მათი ბინა, როგორ აანგრია მეუღლემ შიშველი ხელებით აივნის სახურავი, როგორ შეყარეს ბავშვები აივანზე და მეზობლების დახმარებით, როგორ გადავიდნენ სამშვიდობოზე. დედა ამბობს, რომ უფროს გოგონას, რომელიც მილზე იყო ჩაჭიდებული და ცალი ხელით საკუთარ თავს იმაგრებდა, მეორეთი კი პატარა ძმას იკავებდა, ამ დროს ხელიც დაუზიანდა. ის მაყურებელს გოგონას ხელზე არსებულ დაზიანებასაც უჩვენებს და ამბობს, რომ პატარა ნატუკას ხელი დღემდე სტკივა.
გადაცემაში მიწვეული და სიუჟეტის გმირი მშობლების ნაწილი ამბობს, რომ 13 ივნისის სტიქიის შემდეგ ბავშვები შეიცვალნენ: ღამით ცუდად სძინავთ, ხშირად იღვიძებენ და ახსენებენ წყალს, გახდნენ გულჩათხრობილები და აქვთ შიშის გრძნობა. წამყვანი გადაცემის მსვლელობის დროს თავადაც აცხადებს, რომ მისი დაკვირვებით, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებში მყოფი ბავშვები სტრესში არიან და მათ ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ.
ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადატანილი განსაცდელის გახსენებით, ბავშვს ფსიქოლოგიური ტრავმა ხელახლა არ მიადგეს.
“ ზიანი არ მიაყენოთ არც ერთ ბავშვს. თავი აარიდეთ ისეთი კითხვების დასმას, ან ისეთი დამოკიდებულების ან მოსაზრებების გამოხატვას, რომლებსაც აქვს განსჯის ხასიათი, რომლებიც არ ითვალისწინებს ბავშვის კულტურულ ფასეულობებს და საფრთხეს უქმნის ან ამცირებს ბავშვს, ან რომლებიც იწვევს ტრავმის შედეგად წარმოქმნილი ტკივილის და უარყოფითი ემოციის ხელახალ განცდას”, ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო პრინციპებში.
“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 44-ე მუხლში კი, აღნიშნულია, რომ არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად.