16.06.2015
„სტიქია თბილისში -12 გარდაცვლილი და მტაცებელი ცხოველები ქალაქში“ - ამ სათაურით ეხმაურება ბრიტანული გამოცემა Mirror მომხდარს და სტატიას ზოოპარკის სამი გარდაცვლილი თანამშრომლის შესახებ ინფორმაციით იწყებს.
„ძლიერი წყალდიდობის შედეგად საქართველოს დედაქალაქში გარდაცვლილია 12 ადამიანი, ოფიციალური უწყებები მოუწოდებენ მოსახლეობას, დარჩნენ შინ, რათა არ გადაეყარონ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს“ - იუწყება BBC, სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, BBC-ის ფოტოობიექტივში, ძირითადად, მოხვდნენ ზოოპარკიდან გაქცეული დათვები, ბეჰემოტი და სხვა ცხოველები.
გაქცეული ცხოველების შესახებ ინფორმაციით იწყებს სტატიას CNN International-იც, მედიასაშუალება ყურადღებას ამახვილებს სტიქიის შედეგად განადგურებულ ინფრასტრუქტურაზე. მისივე ცნობით, სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა - 12 ადამიანი გარდაცვლილია.
მომხდარის საილუსტრაციოდ საკმაოდ ვრცელ ფოტოგალერეას სთავაზობს მკითხველს კიდევ ერთი გამოცემა Europe News. სურათებში ნათლად ჩანს განადგურებული გზები, დამსხვრეული მანქანები, დანგრეული საცხოვრებელი სახლები.
წყალდიდობას ვრცელ სტატიას უძღვნის Sky News. ვიდეომასალაში, რომელსაც მედიასაშუალება ავრცელებს, ნაჩვენებია ზოოპარკიდან დაკარგული ნიანგის შეპყრობის, კორპუსის მეორე სართულზე აცოცებული დათვისა და ჰიპოპოტამის კადრები, ასევე მდინარე ვერეს ხეობა, კალაპოტიდან გადმოსული მდინარის შედეგად განადგურებული გზები.
Sky News -ი სტატიას საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ქადაგებით ასრულებს, რომლის მიხედვითაც ტრაგედიის მიზეზი - კომუნისტების მმართველობის დროინდელი ცოდვებია.
„როცა მტაცებელი ადამიანს ესხმის, მისი მოკვლა გამართლებულია, მაგრამ ბევრი რამე უნდა იყოს ახსნილი, ზუსტად ვიცი, არ არსებობდა ცხოველთა ლიკვიდაციის ბრძანება, როგორც ჩანს ზოგიერთმა ადამიანმა უფლებამოსილებას გადააჭარბა“ - განუცხადა გურიელიძემ RIA Novosti-ს.
The Washington Post- ის ვრცელი სტატიაც სწორედ ჰიპოპოტამის ზოოპარკში დაბრუნების კადრებით იწყება, ფოტოზე ასახულია, თუ როგორ მიჰყავთ ცხოველი მომვლელებსა და მაშველებს დატბორილ ქუჩაში.
გამოცემა ვრცლად მიმოიხილავს ტრაგედიას, მასალის უკეთ აღსაქმელად სტატიას თან ახლავს რუკაც, რომელზეც განსაზღვრულია ზოოპარკის ადგილმდებარეობა და სტიქიის მასშტაბები.
The Washington Post-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია არც პატრიარქის სიტყვები, რომ კომუნისტების ცოდვები დაუსჯელი არასოდეს დარჩება.
„დატბორილი თბილისის ზოოპარკის ცხოველების ტრაგიკული აღსასრული: მგლების, დათვების და ვეფხვების გაქცევა ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა დაძინებული ჰიპოპოტამი უსაფრთხოდაა“ - ამ სათაურის ქვეშ Daily Mail- თბილისის ზოოპარკში დახოცილი ცხოველების სურათებს აქვეყნებს.
მომხდარს საკუთარი გაზეთების პირველი გვერდები დაუთმეს ისეთმა ბეჭდურმა გამოცემებმა, როგორიცაა: The Sun, Indian Express, The Merkuri, Der Tagesspiegel, BadischesTaggblat, FranfturterAllgemeine.