2023 წლიდან პარლამენტში მუშაობისას მედიის უფლებები 19 შემთხვევაში დაირღვა
22.08.2024


„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, 2023 და 2024 წლებში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას, საქართველოს პარლამენტში მომუშავე 12 ჟურნალისტის, 4 ოპერატორისა და 1 ფოტოჟურნალისტის უფლებების შეზღუდვის და დარღვევის 19 შემთხვევა გამოვლინდა. 

როგორც ანგარიშიდან - „აკრედიტაციით და აკრედიტაციის გარეშე მედიის სამუშაო პირობები საქართველოს პარლამენტის შენობაში 2023 და 2024 წელს“ ირკვევა, „მედიაომბუდსმენმა“ 15 ჟურნალისტის და ოპერატორის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სახალხო დამცველს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუმცა, ანგარიშის გასაჯაროების დროისთვის (20.08.2024) სახელმწიფოს საპასუხო ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

„აღსანიშნავია, რომ პარლამენტის შენობაში, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, შეზღუდვები და ხელოვნური ბარიერები გამოყენებული იყო დამოუკიდებელი და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებების გადამღები ჯგუფების მიმართ. სახდელის დაკისრების ინიციატორები იყვნენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და საქართველოს პარლამენტის აპარატი“.

მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევებიდან 3 პარლამენტის შენობიდან გამოძევების ფაქტია, 3 პარლამენტის წევრის ეთიკური ნორმების სავარაუდო დარღვევა, ხოლო 12 აკრედიტაციის შეჩერება (აქედან 1 სახდელის განმეორებით დაკისრება). 


„მედიაომბუდსმენის“ იურისტის, ილონა დიასამიძის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიში ცხადყოფს, რომ 2023-2024 წლებში რუსული კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების პარალელურად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მუდმივი დევნა გრძელდება.

„საქართველოს პარლამეტის წარმომადგენლების ჟურნალისტების დიდ ნაწილს სრულიად დაუსაბუთებლად  ართმევენ  შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოდან  გააშუქონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ზოგ შემთხვევაში ეს ხდება  აკრედიტაციის შეჩერების გზით, ზოგ შემთხვევაში კი - უსაფრთხოების მიზეზით, დაშვებაზე უარის თქმით.

საქართველოში ჟურნალისტებსა და ოპერატორებს არ აქვთ უსაფრთხო სამუშაო გარემო:

  • მათ საერთოდ არ იცავენ ან სათანადოდ არ იცავენ სასამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები;
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახური საერთოდ ან სათანადოთ არ იძიებს მათდამი განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს, რაც უშუალოდ უკავშირდება ჟურნალისტურ  საქმიანობას;
  • სახალხო დამცველი სათანადოდ არ რეაგირებს მათი უფლებების დარღვევების ფაქტებზე“ - აღნიშნა დიასამიძემ.

2023 და 2024 წლებში გამოკვეთილ სხვა ტენდენციებთან დაკავშირებით ანგარიშში ვკითხულობთ: 

  • ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებისას სამი ჟურნალისტის საქმეზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არ შეისწავლა მედიის წარმომადგენლების შევიწროვების და მათი პარლამენტის შენობიდან გამოძევების საკითხების კანონიერება. მიუხედავად არაერთი მტკიცებულების და მიმართვისა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს არ მიანიჭა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი. Საქმეზე გამოძიება დასრულებული არ არის;
  • განმეორებითი დარღვევის საფუძვლით საქართველოს პარლამენტის აპარატმა უკანონო და არაპროპორციული სახდელი გამოიყენა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის სოფიო გოზალიშვილის მიმართ, როცა ჟურნალისტს ექვსი თვით აუკრძალა საქართველოს პარლამენტში საქმიანობა;
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს 2023 წელს პარლამენტის წინააღმდეგ რეგლამენტის გაუქმებასთან დაკავშირებული დავები.

„მედიაომბუდსმენის“ განმარტებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განვითარებული პრაქტიკა, რაც კრიტიკული მედიასაშუალებების დასჯის ტენდენციად ჩამოყალიბდა, ყველაზე თვალსაჩინოდ მიანიშნებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის მნიშვნელოვან კრიზისზე.


სამი ჟურნალისტის პარლამენტის შენობიდან გამოძევების საქმე რეაგირების მიღმა


2023 წლის 2 მარტს პარლამენტის შიდა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გააძევეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ფოტორეპორტიორი ვახტანგ ქარელი, ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი მიხეილ გვაძაბია და ონლაინ გამოცემა On.ge-ს რედაქტორი თამარ გეგიძე. სამივე მათგანი პარლამენტის შენობიდან აშუქებდა საპროტესტო აქციებსა და პროცესებს, რომელიც საგარეო და თავდაცის კომიტეტებში რუსული შინაარსის კანონპროექტის მოსმენის პარალელურად მიმდინარეობდა. 

„მედიაომბუდსმენმა“ საქართველოს პარლამენტს მომხდარი ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა და სათანადო რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით სამჯერ (05.03.2023, 16.03.2023 და 24.04.2023) მიმართა. ადმინისტრაციულ ორგანოს პასუხი არ ჰქონია არც ადმინისტრაციულ საჩივარზე. ორგანიზაციამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოსაც.

საპარლამენტო აკრედიტაციის შესახებ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავები

  • „ფორმულა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2024 წლის 5 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ტელეკომპანია „ფორმულას“ სარჩელი. ტელევიზია მისი ჟურნალისტის, სოფიო გოზალიშვილისათვის საპარლამენტო აკრედიტაციის 6 თვით შეჩერებას ასაჩივრებს.

პარლამენტის აპარატის დასაბუთებით, სოფიო გოზალიშვილმა 2024 წლის 29 მაისს უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა კვლავ გააგრძელა და ვიდეოჩაწერა არ შეწყვიტა.

„ფორმულამ“ სასამართლომდე საჩივრით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართა, თუმცა, კანონით დადგენილ ვადაში მან წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით არ იმსჯელა.

სასამართლომ გასაჩივრებული აქტის მოქმედება არ შეაჩერა და მიუთითა, რომ მისი შეჩერება სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს მიაყენებს მნიშვნელოვან ზიანს. აღნიშნული განჩინების გაუქმების მიზნით, ტელეკომპანიამ კერძო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს.

  • „TV პირველი და ნატალია ქაჯაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

„TV პირველი“ და მისი ჟურნალისტი ნატალია ქაჯაია 2023 წლის მაისიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებენ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მიღებულ დოკუმენტს, რომელიც აკრედიტაციის წესებს ადგენს და ამ ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოითხოვენ. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. იდენტური შინაარსის მოთხოვნით ჟურნალისტები და ოპერატორები საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ. 


გარდა ამისა, ტელეკომპანია „ფორმულას“ აკრედიტაცია შეჩერებულმა ჟურნალისტმა, გიორგი კიკაბიძემ და ოპერატორმა, გიორგი ქვაჩახიამ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ დახმარებით, აკრედიტაციის წესით გათვალისწინებული ნორმა - რესპონდენტის უარის მიუხედავად, კითხვების დასმის გამო აკრედიტაციის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს. GDI-იმ საკონსტიტუციოში გაასაჩივრა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესიც, რომელიც უსაფრთხოების მოტივით ნივთების შეტანას ზღუდავს. სასამართლომ ორივე საქმე არსებითად განსახილველად მიიღო.


პარლამენტის ეთიკის საბჭოს უმოქმედობა

როგორც „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში ვკითხულობთ, პარლამენტის წევრების მხრიდან გამოვლენილი არაერთი დარღვევისა და საჭირო ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა და დღემდე არ ეკისრებათ კანონმდებლებს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

„ჟურნალისტების სამუშაო გარემო საქართველოს პარლამენტში უფრო და უფრო მძიმდება. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის წევრები მმართველი პარტიიდან აგრძელებენ ჟურნალისტების შევიწროვებას როგორც უხეში ქცევით, ისე საკანონმდებლო აქტების გაუარესებით“.


ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“ მასალებში:

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ