12.04.2016
როგორ აშუქებს ქართული მედია
ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს? რა გამოწვევების და დილემების წინაშე
დგას ის? ამ თემაზე მედიაჩეკერი “კავკასიური სახლის” აღმასრულებელ
დირექტორს, გიორგი კანაშვილს, ესაუბრა.
მედიაჩეკერი: თქვენი დაკვირვებით,
როგორ აშუქებდა ქართული მედია ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტს?
გ. კ: მთლიანობაში მედია აქტიურად
აშუქებდა ყარაბაღის მოვლენებს. საკმაოდ ბევრი სიუჟეტი მიეძღვნა
მიმდინარე კონფლიქტს. საჯარო სივრცეშიც აქტიურად განიხილებოდა
მიმდინარე მოვლენები. ამგვარი გაშუქება ბუნებრივია, რადგან მოვლენები
უშუალოდ ჩვენს სამეზობლოში ვითარდება და პირდაპირ გვეხება ეს
ყველაფერი. თუმცა ანალიზში საერთოდ სცოდავს ჩვენი მედია. არც ეს
შემთხვევა იყო გამონაკლისი.
ზოგჯერ ყარაბაღის ამბების
მედიაგაშუქება ქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ სოლიდარულები ვიყავით
აზერბაიჯანის მიმართ. შეიძლება ეს სოლიდარობა არ მოდის მაინცდამაინც
იქიდან, რომ აზერბაიჯანელები უფრო გვიყვარს, ვიდრე სომხები, უბრალოდ,
მედიას ასოციაციურად გადაჰქონდა აფხაზეთის კონფლიქტი ყარაბაღის
კონფლიქტის კონტექსტში, რაც ძალიან სახიფათოა.
მედიაჩეკერი: იყო შემთხვევები,
როდესაც ქართული მედია, თემის გაშუქებისას, რუსულ წყაროებს,
მედიასაშუალებებს ეყრდნობოდა. რას ფიქრობთ ამის შესახებ?
გ.კ: მე მაინც მგონია, რომ ამ
შემთხვევაში რომელიმე წყაროზე დაყრდნობა თითქმის შეუძლებელია, რადგან
რთულია მათი სანდოობის გადამოწმება. ასევე ურთიერთგამომრიცხავი იყო
კონფლიქტში ჩართული მხარეების სამთავრობო სტრუქტურების განცხადებებიც.
ამიტომ ასეთ დროს ჯობია მიმართო კლასიკურ მეთოდს, ანუ ორივე წყარო
მოიყვანო. ასევე, ბუნებრივია, სანდოა საერთაშორისო მედიები, სანდო
რეპუტაციის მქონე ჟურნალისტების და ექსპერტების ინფორმაცია, ამგვარად
უფრო მეტი შანსია, რომ ობიექტური სურათი შეიქმნება. სამწუხაროდ,
ხშირად ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებიც ვერ ახერხებენ რეალური და
ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.
რაც შეეხება რუსულ წყაროებს -
რუსეთის მედიების მხრიდან გავრცელებული მასალები, შეიძლება, არ
დამთხვეოდა სომხურ ან აზერბაიჯანულ წყაროებს , თუმცა ნამდვილად
საინტერესოა, რა ტიპის ინფორმაციას აწვდიდნენ ეს სააგენტოები
საზოგადოებას. ეს მნიშვნელოვანი საკვლევი საგანია როგორც
ჟურნალისტებისთვის, ისე პოლიტოლოგებისა და
მედიამკვლევრებისთვის.
ქართულ მედიასივრცეში კი საუკეთესო
საშუალება სოციალური ქსელებია, სადაც აქტიური დისკუსიები იმართება
ხოლმე უშუალოდ კონფლიქტის მონაწილე მხარეების მონაწილეობით და სადაც
საკმაოდ ნეიტრალური ექსპერტები გამოთქვამენ საკუთარ
მოსაზრებებს.
მედიაჩეკერი: კონფლიქტის
გაშუქებისას მედიის მიერ გამოყენებული ტერმინოლოგია ყოველთვის არის
ხოლმე განხილვის საგანი. ყარაბაღის ამბების გაშუქებისას თუ
შეინიშნებოდა რაიმე ტენდენცია?
გ.კ: ზოგადად, კონფლიქტების
გაშუქებასთან დაკავშირებით პრობლემები არის ხოლმე. თუმცა ამ
შემთხვევაში მსგავსი ტენდენცია არ შემინიშნავს. ერთადერთი სირთულე იყო
ის, რომ ხშირად ეს კონფლიქტი წარმოდგენილი იყო, როგორც
„სომხეთ-აზერბაიჯანის“ დაპირისპირება, ამ შემთხვევაში ყურადღების
მიღმა რჩება თავად ყარაბაღი, არაღიარებული რესპუბლიკა, რომელიც არის
კიდეც კონფლიქტის მთავარი მხარე. თუმცა თავად საკითხი ძალიან რთულია,
გეოგრაფიულადაც წაშლილია გარკვეული საზღვრები. საერთაშორისო
პრაქტიკაში გამოიყენება ტერმინი: ყარაბაღი და 7 ოკუპირებული
რაიონი.
მედიაჩეკერი: რა დაგაკლდათ
ყარაბაღის კონფლიქტის გაშუქებაში?
გ.კ: ქართველი და საერთაშორისო
ექსპერტების კომპეტენტური მოსაზრებები, ექსპერტიზა, რეგიონში
მიმდინარე მოვლენებზე დისკუსია. რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს საქართველოს
- ამ და ჩვენს მეზობლებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე
მსჯელობა. მედიამ ხელი უნდა შეუწყოს აზრების გაცვლა-გამოცვლას,
სამეზობლო პოლიტიკის გაშუქება უნდა იყოს სიღრმისეული, სისტემატური და
არა სიტუაციური-იმპულსური, როგორც ხდება ხოლმე.