დეზინფორმაცია და მანიპულირება ყარსის ხელშეკრულებით - ინტერვიუ გიორგი ბადრიძესთან
04.05.2017
პრორუსული მედიასაშუალებების ნაწილი 1921 წელს გაფორმებული ყარსის ხელშეკრულებით მანიპულირებს და მას ანტიდასავლური, ასევე ანტითურქული პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს. ხელშეკრულება 1921 წელს თურქეთის ქალაქ ყარსში, თურქეთის რესპუბლიკად ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ ოსმალეთის იმპერიასა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების საბჭოთა მთავრობებს შორის გაფორმდა. ამ შეთანხმებით, თურქეთმა აჭარის ნაწილი და ქალაქი გიუმრი (სომხეთი) საბჭოთა კავშირს გადასცა, ხოლო ნაცვლად მიიღო არტაანი, ყარსი და ართვინი. დღეს კი ანტიდასავლური მედიასაშუალებები ავრცელებენ მესიჯს, რომ „ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის და თურქეთი საქართველოსგან აჭარას მოითხოვს“.

აქვს თუ არა რაიმე მნიშვნელობა დღევანდელ რეალობაში თითქმის 100 წლის წინ გაფორმებულ ხელშეკრულებას და რატომ გახდა მასზე საუბარი აქტუალური, ამ საკითხებზე მედიაჩეკერი ესაუბრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროს მკვლევარს, პროფესიით ისტორიკოსს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრს, გიორგი ბადრიძეს.

ანტიდასავლური მედიასაშუალებები აქტიურად წერენ იმაზე, რომ 1921 წელს გაფორმებულ ყარსის ხელშეკრულებას 2021 წელს გასდის ვადა, რის შემდეგაც თურქეთს აქვს უფლება, მოითხოვოს თავის შემადგენლობაში აჭარის დაბრუნება. რამდენად რეალურია მსგავსი რამ და რას ითვალისწინებს ყარსის ხელშეკრულება?

ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ორი რამ არის მნიშვნელოვანი. პირველი: ამ ხელშეკრულებას საერთოდ არ გააჩნია ვადა და მეორე: ამ ხელშეკრულებას საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღევანდელ სამართლებრივ სისტემაში, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: ეს ეს ხელშეკრულება დაიდო ოსმალეთის იმპერიასა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას შორის, რომელთაგანაც არცერთი აღარ არსებობს, ხოლო მათმა სამართალმემკვიდრეებმა, საქართველოს რესპუბლიკამ და თურქეთის რესპუბლიკამ 1992 წელს გააფორმეს ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ძირითადი საფუძველია ორმხრივი ურთიერთობის, ურთიერთცნობის, მათ შორის, საზღვრების ცნობის. ამ ხელშეკრულებაში ყარსის ხელშეკრულება ნახსენებია, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ერთ სრულიად კონკრეტულ კონტექსტში: ეს ხსენება ეძღვნება იმას, რომ ორი ქვეყანა აღიარებს საზღვარს, რომელიც განისაზღვრა ყარსის ხელშეკრულებით, სულ ეს არის.

თუ ყარსის ხელშეკრულება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს თანამედროვე რეალობაში, თქვენი აზრით, რატომ დაიწყო ამით სპეკულირება დღეს?

მთავარი არის ის, რომ ყარსის ხელშეკრულებაზე ლაპარაკი წამოიწყეს არა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებმა და მაშინ კიდევ გასაგები იქნებოდა, არამედ, პოლიტიკოსებმა, ან პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა. მათი მიზანი ძალიან მარტივია: ეს არის რუსეთთან არსებული რეალური პრობლემიდან, რეალური ოკუპაციიდან ყურადღების გადატანა წარმოსახვით პრობლემაზე ქვეყანასთან, რომელიც ჩვენ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, სრულიად მყარად იყო მხარდამჭერი ამ დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და არსებული საზღვრების. საქართველოს, თურქეთის გარდა, არცერთი საზღვარი არ აქვს დელიმიტირებული და დემარკირებული. მხარეებს, ამასთან დაკავშირებით, ერთმანეთთან რაიმე დავა, ან გაუგებრობა არ გააჩნიათ.

ყარსის ხელშეკრულებაში 100 წლის წინ რა ეწერა, ეს თანამედროვე ეპოქაში უმნიშვნელოა. თუმცა, რაც იქ წერია, არის შედეგი რუსეთის იმპერიისა და ოსმალეთის იმპერიის შეთანხმებისა, ის ასახავს იმდროინდელი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის მისწრაფებებს. გარდა იმისა, რომ ყარსის ხელშეკრულება დღეს რელევანტური არ არის, თანამედროვე თურქეთს სრულიად ჩამოყალიბებული, მკაფიო პოლიტიკური ინტერესი აქვს, რაც გამოხატული აქვს ქმედებებში.

კონკრეტულად რას გულისხმობთ?

თურქეთი დაინტერესებულია მასსა და რუსეთს შორის დამოუკიდებელი სახელმწიფოს, საქართველოს არსებობით. აი, ეს არის სრულიად კონკრეტულ ქმედებებში გამოხატული პოლიტიკური ხაზი, რომლის მიმართაც თურქეთის სხვადასხვა ყაიდის მთავრობა და ამჟამინდელი ხელისუფლებაც ავლენს მემკვიდრეობას. მიუხედავად იმისა, რომ იცვლება მთავრობები, ეს პოლიტიკური ხედვა და სტრატეგია არ იცვლება. თურქეთს სჭირდება დამოუკიდებელი საქართველო, მეგობრული, პარტნიორული სახელმწიფო, რომელსაც მისთვის ექნება ხიდის, შემაერთებლის როლი კასპიის რეგიონთან. თურქეთს ასევე ურჩევნია, რომ მასსა და რუსეთს შორის არსებობდეს ერთგვარი “ბუფერი”, პრობლემა ამასთან აქვს რუსეთს და არა – თურქეთს.

თურქეთთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებში ანტიდასავლური მედიასაშუალებები ივიწყებენ იმას, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი, საქართველოსაც ალიანსის წევრობა სურს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორი?

ნატოს წევრობა უნდა შევახსენოთ მათ, ვინც ჩვენ მოგვიწოდებს, რომ განვიხილოთ არა რუსეთი ოკუპანტად, არამედ რუსეთიც და თურქეთიც. ისინი ამბობენ: “აი, რუსეთს ხომ აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, თურქეთსაც ხომ აქვს?” ეს არის უბრალოდ ტყუილი. დიახ, ტრაგიკულად ქართველი ერისთვის, 1921 წელს, ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ისტორიულად ქართულ ტერიტორიად მივიჩნევთ, გადაეცა თურქეთს. მე შევახსენებ ყველას, რომ ეს ტერიტორია, ართვინი და არტაანი, არასდროს არავის უღიარებია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილად. ეს ტერიტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ხოლო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას კონტროლი ჰქონდა ამ ტერიტორიის სულ მცირე ნაწილზე, არტაანზე (რიზეზე, ანუ ლაზეთზე, არ ჰქონია) და ეს მხოლოდ ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. სამწუხაროა, რომ ეს ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მაგრამ ის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შემადგენლობაში არც არავის უღიარებია. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრების ერთადერთი საფუძველი, ეს არის საზღვრები, რომელიც ჩვენ მივიღეთ 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის პაქტით და 1992 წელს გაეროსა და შემდეგ, უკვე კონკრეტული სახელმწიფოების აღიარებით. აღნიშნულ საზღვრებს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არ აღიარებს მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგაუა, ვენესუელა და ნაურუ.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ