“ფაქტების გადამოწმების ინდუსტრიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება” - ინტერვიუ Politifact-ის დირექტორთან
06.05.2019

20 წლის წინ, ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ფაქტების გადამოწმება - რაც XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ჟურნალისტური ნიუსრუმების განუყოფელი ნაწილი იყო - სფეროში ცალკე ჟანრად ჩამოყალიბდებოდა. ტექნოლოგიური ცვლილებების დამსახურებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციის ნაკადების მოზღვავებასთან ერთად, გაჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც მთელ ძალისხმევას მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების გადამოწმებისაკენ მიმართავდნენ. დროთა განმავლობაში, ასეთი ორგანიზაციები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჩნდა და მედია წრეებში დაიწყო ზრუნვა საქმიანობის ფორმებისა და შინაარსის დახვეწაზე. 2016 წელს აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევისა და ე.წ. “Fake News”-ების მოჭარბებასთან ერთად კი, ფაქტების გადამოწმების საჭიროებაზე დისკუსიები განახლებული ძალით დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც ამერიკელ პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტების გადამოწმების იდეით გაჩნდა, Politifact გახლდათ. ის 2007 წელს დაარსდა როგორც გაზეთ Tampa Bay Times-ის ერთ-ერთი პროექტი, მოგვიანებით კი პოინტერის ინსტიტუტს შეუერთდა, რომელიც ახალი ამბების კვლევითი და საგანმანათლებლო არამომგებიანი ინსტიტუტია. დაარსებიდან მალევე, Politifact-მა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიპოვა აღიარება და მათი შრომა 2009 წელს პულიცერის პრემიითაც აღინიშნა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაში ფაქტების გადამოწმებით შეტანილი წვლილისთვის. ორგანიზაციის მეთოდოლოგიამ და მუშაობამ არაერთ ქვეყანაში შთააგონა ადამიანები თავადაც წამოეწყოთ ფაქტების გადამოწმებასთან დაკავშირებული ინიციატივები. დაარსებიდან დღემდე ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაში ბევრი რამე შეიცვალა, ისევე როგორც მთელს მედია ეკოსისტემაში.

ამ თემებზე მედიაჩეკერი Politifact-ის აღმასრულებელ დირექტორს აარონ შაროკმანს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში, ფლორიდაში (აშშ) ესაუბრა.


ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა შედარებით ახალგაზრდა ჟანრია მედიაში. რით განსხვავდება ის ჟურნალისტიკის ტრადიციული გაგებისაგან?

ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა, გარკვეულწილად, არის ის, რაც ტრადიციული ჟურნალისტიკა ისედაც უნდა ყოფილიყო. ჩემი გაგებით, ეს ნიშნავს, აიძულო ძალაუფლებაში მყოფი პირები, იყვნენ ანგარიშვალდებულები იმაზე, რასაც ამბობენ და მოუყვე მკითხველს, რა არის სიმართლე მათ ნათქვამში. სწორედ ეს გახლდათ ჟურნალისტების მისიაც. ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა ყოფილიყო.

გარკვეულ პერიოდში, სულ მცირე აშშ-ში, მათ დაივიწყეს ეს და აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ამბის ყველა მხარე უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი. შემდეგ კი, მკითხველს თავად უნდა გადაეწყვიტა რა არის სიმართლე. ამის კარგი მაგალითია კლიმატის ცვლილებების გაშუქება. ჩაწერ მეცნიერს, რომელიც იტყვის რომ კლიმატის ცვლილებები რეალურია. შემდეგ იპოვი რესპონდენტს, რომელიც იტყვის რომ კლიმატის ცვლილებები ფარსია და ამბავი უკვე გაქვს. ხოლო ის თუ რა არის სიმართლე და რა არა, ამაზე გადაწყვეტილების მიღებას მკითხველს მიანდობ.

არ მგონია რომ ეს ასე უნდა იყოს. ჩვენ დავაარსეთ Politifact იმ შეგნებით, რომ ადამიანებს ამის საშუალება არ აქვთ. მათ არ აქვთ დრო ან შესაძლებლობა, რომ დაიწყონ იმის რკვევა რეალურია თუ არა კლიმატის ცვლილებები. მათ სჭირდებათ ვიღაც, ვინც ეტყვის და აჩვენებს სიმართლეს ამის შესახებ, მიაწვდის მაგალითებს, კვლევებსა და ექსპერტულ წყაროებს. სწორედ ეს არის ჩემთვის ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა, თუმცა რეალურად ასე ვხედავდი მე ჟურნალისტიკასაც ზოგადად. 

ერთადერთი მთავარი განსხვავება არის ის, რომ ჩვენ რეაქციულები ვართ, ველოდებით რას იტყვიან პოლიტიკოსები. ტრადიციული ჟურნალისტიკა უფრო პროაქტიულია, ინტერესდება იმით თუ რას იტყვის პოლიტიკოსი. 


alt<< ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა, გარკვეულწილად, არის ის, რაც ტრადიციული ჟურნალისტიკა ისედაც უნდა ყოფილიყო.

ჩემი გაგებით, ეს ნიშნავს, აიძულო ძალაუფლებაში მყოფი პირები, იყვნენ ანგარიშვალდებული 
იმაზე, რასაც ამბობენ და მოუყვე მკითხველს, რა არის სიმართლე მათ ნათქვამში >>



2016 წლიდან მოყოლებული, მედიასივრცეში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა ყალბი ახალი ამბებია. ზოგი მიიჩნევს, რომ ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა ერთგვარი ანტიდოტია ყალბ ახალ ამბებთან საბრძოლველად? თქვენ როგორ ფიქრობთ, შეუძლია ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკას ყალბი ახალი ამბების პრევენცია?


მგონი ანტიდოტი ზედმეტად ძლიერი სიტყვაა. ფაქტების გადამოწმებას ნამდვილად არ შესწევს იმის უნარი, რომ სამყარო განკურნოს ყალბი ახალი ამბების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომის მკურნალობა შეგვიძლია. ჩვენ უფრო და უფრო უკეთ ვახერხებთ იმათ იდენტიფიცირებას, ვინც ამ ყოველივეს უკან დგას და ვცდილობთ მათი მესიჯების ჩანაცვლებას ფაქტებით. კარგი ის არის, რომ ახლა ჩვენ უკვე გვაქვს დიდი პლატფორმების (Facebook, Google და ა.შ.) მხარდაჭერა და ზოგჯერ ისინი გვეხმარებიან. მარტოები რომ ვიყოთ ამ საქმეში, ძალიან გაგვიჭირდებოდა.

სხვა კონტექსტშიც რომ განვიხილოთ ეს საკითხი. 2016 წლის შემდეგ აშშ-ში ადამიანები ამბობდნენ - კი ბატონო, თქვენ გადაამოწმეთ ტრამპის განცხადებები და დაადგინეთ, რომ ის უფრო მეტ ტყუილს ამბობდა, ვიდრე ჰილარი კლინტონი, მაგრამ მაინც ტრამპმა გაიმარჯვა. მაშინ, რა აზრი აქვს იმას, რასაც აკეთებთ? ამაზე ჩვენი პასუხი არის ის, რომ ჩვენ არ ვცდილობთ გავლენა მოვახდინოთ ვის მისცემენ ხმას ამომრჩევლები. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, რომ მოგაწოდოთ საუკეთესო ხარისხის ინფორმაცია.

ჩვენ არ ვმუშაობთ ყალბი ახალი ამბების აღმოსაფხვრელად, ჩვენ ვცდილობთ დახმარებას იქ, სადაც შეგვიძლია - მათი გავრცელების სიჩქარის შემცირება. აშშ-ში ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაცია და მხოლოდ 10 ადამიანი ვმუშაობთ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ თითოეული დეზინფორმაცია გადავამოწმოთ. ასე ვხედავ ჩვენს როლს დღევანდელობაში.

როგორც აღნიშნეთ Politifact აშშ-ში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. შეგიძლიათ თქვენი მუშაობის პროცესში ჩაგვახედოთ და მოუყვეთ მკითხველს, რას ამოწმებთ და როგორ?

altთავდაპირველად მხოლოდ პოლიტიკოსების, საპრეზიდენტო კანდიდატების განცხადებებს ვამოწმებდით. დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკა შესაძლოა შეეხოს ყველას ნებისმიერ დონეზე. შესაბამისად, ჩვენ განვავრცეთ სამუშაო არეალი ტელე- და რადიო-პერსონალიებზე, ბლოგერებზე, ადგილობრივ პოლიტიკოსებზე, ცნობილ სახეებზე, ტელე-შოუებსა და სპორტულ კომენტატორებზეც კი. მივხვდით, რომ ადამიანებს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩნდებათ შეკითხვა „სიმართლეა ეს ინფორმაცია?“.

ჩვენი სამუშაო დღე კი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბების იდენტიფიცირებით იწყება. მაგალითად, დღეს ეს არის “მიულერის ანგარიში”. ამის შემდეგ, ჩვენი რეპორტიორები ეძებენ განცხადებებს, რომელთა ფაქტობრივად გადამოწმებაც შესაძლებელია და ამავდროულად გვაქვს იმისი ექსპერტიზა რომ დავადასტუროთ ამ განცხადებაში გაჟღერებული ინფორმაცია ან უარვყოთ. სულ ესაა. ჩვენ არ ვცდილობთ ხელოვნური ბალანსის შენარჩუნებას თემებში, ვამოწმებთ ფაქტებს რესპუბლიკელებზეც და დემოკრატებზეც. უბრალოდ ვცდილობთ, ვიპოვოთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და გადავამოწმოთ ის. 

ისევ რომ განვაზოგადოთ, ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკა როგორც თვითმყოფადი ჟანრი ბოლო 10-15 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. ეს პერიოდი ემთხვევა ციფრული მედია წარმოებისა და მოხმარების ზრდის პერიოდს. შეიძლება თუ არა დავინახოთ ერთგვარი კორელაცია ამ ორ პროცესს შორის?

ვფიქრობ რომ კი. დღესდღეობით იმდენი ინფორმაცია ზიარდება ონლაინ სივრცეში, რომ ვერც ერთ საღ გონებაზე მყოფ ადამიანს ვერ მოსთხოვ, რომ ამ პირობებში გაარკვიოს რა არის სიმართლე. დღეს, ვისაც კი ტელეფონი აქვს, ინფორმაციას აქვეყნებს. ამ ფონზე გაჩნდა საჭიროება, რომ ადამიანებმა გაარკვიონ რა არის სიმართლე და რა არა. ამგვარად, პირდაპირი კორელაციაა ონლაინ ინფორმაციის გავრცელებასა და ფაქტების გადამოწმებაზე მოთხოვნილებას შორის. თუკი მოინდომებთ, ნებისმიერი რამის დამადასტურებელი ინფორმაციის პოვნა შეგიძლიათ Google-ში. მაგალითად, შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰოლოკოსტი არ მომხდარა. ან რომ დონალდ ტრამპი კუკ-ლუქს კლანის წევრი იყო და ა.შ. ვინაიდან იქმნება ამდენი ინფორმაციას, ვიღაც უნდა დაეხმაროს კიდეც ადამიანებს, რომ თავისუფალი ინტერნეტის პირობებში გაარკვიონ სად არის სიმართლე რეალურად.


<<ფაქტების გადამოწმებას ნამდვილად არ შესწევს იმის უნარი, რომ სამყარო განკურნოს ყალბი ახალი ამბების, პროპაგანდისა და დეზინფორმაციისაგან. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთი სიმპტომის მკურნალობა შეგვიძლია. ჩვენ უფრო და უფრო უკეთ ვახერხებთ იმათ იდენტიფიცირებას, ვინც ამ ყოველივეს უკან დგას და ვცდილობთ მათი მესიჯების ჩანაცვლებას ფაქტებით>> 


Politifact-ის გუნდს პირადად თქვენ 2010 წელს შეუერთდით. ამ დროიდან მოყოლებული, ბევრი რამე შეიცვალა პოლიტიკასა და მედიაში. შეგიძლიათ მოგვიყვეთ მთავარ შიდა თუ გარე ცვლილებებზე, რამაც ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაზე გავლენა მოახდინა ამ წლებში?

პირველ რიგში, გაცილებით უფრო მეტ დროს ვუთმობთ ონლაინ გავრცელებული განცხადებების გადამოწმებას. პირველ წლებში თითქმის არ ვაკეთებდით ამას. მოგვიანებით მივხვდით, რომ ამის საჭიროება დადგა და ჩვენი რესურსების დიდი ნაწილი ონლაინ გავრცელებულ დეზინფორმაციის გადამოწმებაზე მივმართეთ.

მეორე არის ის, რომ თავად ფაქტების გადამოწმების პროცესი გაცილებით უფრო აჩქარდა. ერთი ამბის გადამოწმებას, როგორც წესი 2-3 დღეს ვანდომებდით ხოლმე. ჩვენი ჟურნალისტების უმეტესობას ახლა ერთი დღე სჭირდება. ეს, ნაწილობრივ, კომპიუტერების დამსახურებაა, ნაწილობრივ კი ჩვენ განვვითარდით.

მესამე, არის ის რომ მკითხველებს უფრო მეტად უჩნდებათ მოთხოვნილება ფაქტების გადამოწმებაზე. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ადამიანებმა თითქმის არ იცოდნენ რა იყო Politifact და არ ესმოდათ ბოლომდე ჩვენი. პოლიტიკურ ცხოვრებაშიც კი ჩვენ ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ვიყავით. დღესდღეობით კი, სულ მცირე ამერიკაში მაინც, აღიარებულები ვართ.

ანუ ფიქრობთ, რომ ადამიანებში გაიზარდა მოთხოვნა ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკაზე?

მოთხოვნა ცალსახად გაიზარდა. ჩვენი აუდიტორია თითქმის გასამმაგდა 2016 წლის შემდეგ. ალბათ, დიდწილად, ეს კონკრეტულად დონალდ ტრამპის დამსახურებაა, თუმცა ჩვენც უკეთესები გავხდით და შესაბამისად უფრო მეტი თვალია ჩვენკენ მომართული.


<<ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკას
არ შეუძლია კატებისა და ძაღლების
გასართობი ვიდეოებით გავიდეს ფონს.
ეს ძვირი ჟურნალისტიკაა >>
 



ტრამპი ახსენეთ და ალბათ საინტერესოა შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენთვის როგორც ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე პროფესიონალისათვის 2016 წლის არჩევნების შემდეგ?


გარკვეული თვალსაზრისით, ბევრი არც არაფერი შეცვლილა. პოლიტიკოსები ყოველთვის ამბობენ სიცრუეს. ასე, რომ მაგ მხრივ არაფერია ახალი. თუმცა რამდენიმე სპეციფიკურ ამბავზე შეიძლება ყურადღების გამახვილება - პირველი, არც ისე კარგი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს ტრამპის თეთრ სახლთან, ობამას ადმინისტრაციისგან განსხვავებით.

ტრამპი ნამდვილად არ გავს სხვა პოლიტიკოსებს. პირდაპირ იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. პოლიტიკოსების უმეტესობა, იქნებოდა ეს ობამა თუ ჰილარი კლინტონი, უფრო მეტად მიჰყვებოდნენ წინასწარ დაწერილ სცენარებს. ტრამპი კი თავისი თავის კაცია. გარდა ამისა, მას დიდად არ ადარდებს რას იტყვიან ფაქტების გადამამოწმებლები. ამდენად, უფრო მეტია იმის ალბათობა, რომ ტყუილები გაიმეოროს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ Politifact-ის არქივში ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც წლის მატყუარა ორჯერ გახდა.

ფაქტების გადამოწმება, როგორც ასეთი, ჟურნალისტიკის შედარებით მშრალი დარგია. აქ არ არის ადამიანური ისტორიები, რთულია ამბების ისე საინტერესოდ წერა, როგორც ტრადიციული ჟურნალისტიკის სხვა ჟანრებში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად შემოქმედებითი პროცესია ფაქტების გადამოწმება და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს შემოქმედებითობა?

როდესაც ადამიანები ჩვენთან მოდიან სამუშაოდ, ყოველთვის ვეუბნები, ჩვენი საქმე გულისხმობს ყოველდღე, მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომას. ჩვენ არ გავდივართ ქუჩაში ადამიანებთან სალაპარაკოდ. რამდენიმე საკითხია აქ, ფაქტების გადამოწმება არის ძალიან მშრალი სფერო და ამიტომაც დავიწყეთ მაგალითად, „სიმართლომეტრის“ (Truthometer) გამოყენება, სადაც ფაქტები ნაწილდება შკალაზე, ვიყენებთ ცეცხლის გრაფიკულ გამოსახულებებს და ა.შ.

altTruthometer ძალიან კონკრეტული მიზნით შევქმენით. არ გვინდოდა, ადამიანებს მოეწყინათ ჩვენი სტატიების კითხვისას და გვეწერა ამბები საშუალო სტატისტიკური მკითხველისათვის.

ჩვენი ფორმატის ფარგლებში ბევრ რამეს ვცდილობთ, ტრადიციული ჟურნალისტიკისათვის უცნაურ რამეებს ვამბობთ, აქტიურად ვიყენებთ ზმნის პირველ პირს, მაშინ როდესაც ტრადიციული ჟურნალისტიკა უფრო მეორე და მესამე პირშია ხოლმე.
გარდა ამისა, ექსპერიმენტებს ვატარებთ ფორმატებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, დავიწყეთ ტელე-გადაცემა What the Fact, სადაც მხიარული ტონალობით ვსაუბრობთ სერიოზულ ამბებზე. აქტიური კავშირი გვაქვს მომხმარებლებთან სოციალურ მედიაში. ასე, რომ დიახ, გეთანხმებით ეს გამოწვევაა. ვამაყობთ მკითხველთა იმ წრით, რომელიც გვყავს ჩვენ, თუმცა ნამდვილად გაცილებით უფრო იოლი იქნებოდა ჩვენთვის ცხოვრება კატებისა და ძაღლების სახალისო ვიდეოების გამოქვეყნება რომ შეგვეძლოს.

კიდევ ერთი საკითხი - ისინი ვინც ფაქტებს ამოწმებენ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათაც შეიძლება დაუშვან შეცდომები. რა ხდება როდესაც Politifact ცდება?

ყველაზე ხშირად კრიტიკოსებისაგან გვესმის ხოლმე - ვინ ამოწმებს ფაქტების გადამამოწმებლებს? პასუხი ერთია - მკითხველი. და ამაში გვეხმარება ჩვენი სისტემა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალეები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ვმუშაობთ. მასალებს ყოველთვის თან ვურთავთ წყაროებს, ბმულებს. ასე, რომ ნებისმიერი, ვისაც ჩვენი კრიტიკის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია ნახოს რას დავაფუძნეთ ჩვენი გადაწყვეტილება.

რა თქმა უნდა, შეცდომებს ვუშვებთ. ცალკე ვებ-გვერდიც კი არსებობს „Politifact-ის წინასწარ განწყობები“, სადაც ადამიანი მუშაობს, რომ ჩვენი დაშვებული შეცდომები დააფიქსიროს. უმეტესწილად, ჩვენი შეცდომები გამოწვეულია იმით, რომ რაღაც ტიპის ინფორმაცია გამოგვრჩა, რაც მნიშვნელოვანი იყო ფაქტის გადასამოწმებლად.

გასათვალისწინებელი ფაქტორია ისიც, რომ ჩვენ მართლაც თავდაუზოგავად ვცდილობთ, რომ პოლიტიკოსები დაგველაპარაკონ. ეს დიდად გვიიოლებს იმის გაგებას თუ რა იგულისხმეს მათ თავიანთ ნათქვამში. როდესაც ისინი არ თანამშრომლობენ ჩვენთან, ძალიან რთულდება ჩვენი ამოცანა. ზოგჯერ აუცილებელია ტემპის დაგდება და უფრო მეტი დაკვირვებით მუშაობა.

ინგლისური ენა ძალიან უცნაური და საკმარისად რთულია საიმისოდ რომ ტექსტის წაკითხვით გაიგო ყველაფერი, რაც იგულისხმება ნათქვამში. ზოგჯერ აუცილებელია რომ მოისმინო კიდეც ნათქვამი. ვინაიდან როგორ ამბობს ადამიანი სათქმელს, ზოგიერთ შემთხვევაში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თუ რას ამბობს და რომელ სიტყვებს იყენებს. გაშიფრულ ტექსტებს არასდროს არ უნდა ენდო. უნდა წახვიდე, მოძებნო ვიდეო ნაწყვეტი და მოუსმინო სად სვამს განცხადების ავტორი ლოგიკურ მძიმეს საკუთარ ნათქვამში.

დაბოლოს, ალბათ ფაქტების გადამოწმების მომავალზეც უნდა ვისაუბროთ. ონლაინ ჟურნალისტიკის საერთაშორისო სიმპოზიუმზე, მთლიანი პანელი მიეძღვნა ფაქტების გადამოწმების ავტომატიზაციას და ხელოვნური ინტელექტის როლს ამ პროცესში. ფიქრობთ, რომ ავტომატიზაცია ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკის მომავალია?

altმე მჯერა, რომ ადამიანური ფაქტორი ყოველთვის საჭირო იქნება ფაქტების გადამოწმების პროცესში. მკითხველები უფრო მეტად ენდობიან ასეთ პროცესს.

ზოგადად ენა იმდენად რთული ფენომენია, რომ ადამიანი ყოველთვის საჭირო იქნება მასთან მუშაობისას. თუმცა, ვფიქრობ რომ ხელოვნურ ინტელექტს და კომპიუტერებს ნამდვილად შეუძლიათ ფაქტების გადამოწმების პროცესის დაჩქარება. შესაძლოა ფაქტების გადასამოწმებლად დრო კიდევ უფრო შემცირდეს. მაგალითად, განვითარებული საძიებო სისტემების მეშვეობით, ზუსტად არავინ იცის როგორ შეიძლება მოხდეს ეს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ოცნების დონეზე ვსაუბრობ ახლა.

გარდა ამისა, ტექნოლოგიების გამოყენება შესაძლოა კავშირების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, თუკი ტრამპი საუბრობს ბიუჯეტის კანონპროექტზე და სატელევიზიო განცხადებაში ამბობს ტყუილს, მე კი ფაქტები გადავამოწმე და ამის შესახებ ინფორმაცია გამოვაქვეყნე ჩემს ვებ-გვერდზე, ამ ორ პროცესს შორის კავშირი დიდად არ არის. მაყურებელმა ჯერ უნდა მოისმინოს ტრამპის განცხადება, შემდეგ წავიდეს მოძებნოს ჩემი გამოქვეყნებული ინფორმაცია და შემდეგ დაამყაროს კავშირი ამ ორ რამეს შორის. სწორედ ამ კუთხით შეიძლება რომ ტექნოლოგიებმა გააუმჯობესოს ერთმანეთისაგან მოწყვეტილი პროცესები ურთიერთდაკავშირება.

ამჟამად ვერ ვიტყვი რომ რაიმე კონკრეტულზე ვმუშაობთ Politifact-ში. სამწუხაროდ, ჩვენ არ გაგვაჩნია ექსპერტიზა. თუმცა ეს უკავშირდება უფრო დიდ პრობლემას - ფაქტების გადამოწმების ინდუსტრიას სჭირდება მეტი მხარდაჭერა...

მხარდაჭერა ვისგან?

არ ვიცი, მკითხველებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, პლატფორმებისგან და ა.შ. ზემოთაც ვთქვი, რომ ყველაზე დიდი ორგანიზაცია ვართ, რომელიც ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს, 11 წელია ამ საქმეში ვართ და 8 წელი დაგვჭირდა იმისათვის რომ ეს ბიზნესი წამგებიანი აღარ ყოფილიყო. პირველი 8 წლის მანძილზე წამგებიანი საქმე იყო ფინანსურად.

სხვა ორგანიზაციებიც, როგორც წესი, გარკვეული ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციების ბაზაზე არსებობენ მცირე გრანტებით, თუმცა ელემენტარული ხარჯების მიღმა, ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლიათ.

როგორც უკვე ვთქვი, ფაქტების გადამოწმების ჟურნალისტიკას არ შეუძლია კატებისა და ძაღლების გასართობი ვიდეოებით გავიდეს ფონს. ეს ძვირი ჟურნალისტიკაა. გარდა ამისა, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება რომ კონკურენცია გავუწიოთ Google-ს, Facebook-ს, სხვა ტიპის კერძო თუ საჯარო სექტორს როდესაც იმ კადრების მოძიებაზე მიდგება საქმე. ეს ყველაფერი წუწუნში არ ჩამითვალოთ და არ იფიქროთ რომ ცრემლებს ვღვრი სირთულეების გამო. უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ, რომ ეს ყველაფერი გამოწვევად რჩება.


ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ