საგამოძიებო ჟურნალისტიკის პრობლემები საქართველოში - ინტერვიუ გიორგი მგელაძესთან
20.05.2019
“არ შეგეშინდეს, მაგრამ აიძულე სხვები, რომ ეშინოდეთ”, - ამბობდა ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტი და პულცერის ჯილდოს მფლობელი სეიმურ მაირონი.

მსოფლიო საგამოძიებო ჟურნალისტიკას მრავალწლიანი ისტორია აქვს. ამ მიმართულების წყალობით საზოგადოებამ არაერთი მნიშნველოვანი დამალული და გასაიდუმლოებული ფაქტისა თუ მოვლენის შესახებ შეიტყო. გამომძიებელი ჟურნალისტების ნაშრომებმა ბევრი მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრეზიდენტებიც ამხილა. ჟურნალისტიკის ამ მიმართულებამ ფეხის მოკიდება დამოუკიდებელი საქართველოს ტელერეალობაშიც სცადა, თუმცა, მალევე საგამოძიებო პროდუქტი მთავარი მაუწყებლების ეკრანებიდან გაქრა, პატარა სტუდიებში გადაინაცვლა და შესაბამისი გავლენა და მასშტაბები დაკარგა. საგამოძიებო სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებულმა ფილმებმაც ნაციონალური მაუწყებლის, “რუსთავი 2-ის” ეთერში გასვლა მხოლოდ რადიო “თავისუფლებასთან” თანამშრომლობის დაწყების შემდეგ შეძლო.

სწორედ “მონიტორის” ჟურნალისტ, გიორგი მგელაძეს ესაუბრა “მედიაჩეკერი” იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც საქართველოში საგამოძიებო ჟურნალსტიკა დგას. ის წლებია ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს, რისთვისაც არაერთი პრიზი აქვს მიღებული.

- რა მნიშვნელობა აქვს საგამოძიებო ჟურნალისტიკას და რა წვლილი შეაქვს მას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში, განსაკუთრებით ისეთ განვითარებად ქვეყნებში, სადაც კორუფციის მაღალი რისკები კვლავ არსებობს?

- ზოგადად საგამოძიებო ჟურნალისტიკა ჟურნალისტიკის სხვა მიმართულებისგან განსხვავებით, უფრო მეტ დეტალს, მრავლისმომცველ და სიღრმისეულ ინფორმაციას სთავაზობს აუდიტორიას. დეტალურად მოთხრობილი ამბები კი უფრო დიდხანს ახსოვს მაყურებელსა და მსმენელს. ჟურნალისტის მთავარი ფუნქცია ხელისუფლების მეთვალყურეობაა, ამიტომ ყოველდღიურ რეჟიმში, ახალი ამბების ჟურნალისტს შეიძლება ბევრი რამ გამორჩეს. მაგალითად, პოლიტიკოსმა დღეს შეიძლება ერთი დაპირება გასცეს, ხვალ მეორე, ზეგ მესამე, მაგრამ პირველი დაპირება შეასრულა თუ არა, ამაზე თვალყურის მიდევნება ახალი ამბების ჟურნალისტს მისი დროს, რესურსის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით შესაძლოა, გაუჭირდეს. გამომძებელ ჟურნალისტებს კი დროსა და რესურსის თვალსაზრისით ამა თუ იმ თემის სიღრმისეულად მოკვლევის მეტი ფუფუნება გვაქვს.

ჩვენნაირ ქვეყანაში საგამოძიებო ჟურნალისტიკა მხილების კარგი საშუალებაა. ბოლო ოცი წელია ჩემი გამოძიებების თემატიკა არ იცვლება - ნეპოტიზმი, კორუფცია და ა.შ. არის მთავარი ინტერესსის საგანი. ჩვენ მუდმივად ვეძებთ ხელისფულების ნაკლოვანებებს, რომლის შესახებაც საზოგადოებას საშუალებას ვაძლევთ ჰქონდეს ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია. ეს კი, თავის მხრივ, ამ ნაკლოვანებებზე რეაგირებას აადვილებს, რაც საჯარო პროტესტსა თუ სხვადასხვა აქტივობაში გამოიხატება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ისაა, რომ ეს საარჩევნო ყუთთან ინფორმირებული ამომრჩევლის მისვლას უწყობს ხელს. კარგად ინფორმმირებული ამომრჩეველი უკეთეს არჩევანს აკეთებს. მგონია, რომ მიზანი, რომელსაც საგამოძებო პროდუქტი ემსახურება, სწორედ ეს არის.

- რა არის ის მთავარი პრობლემები, რომელსაც დღეს გამომძიებელი ჟურნალისტიები ყოველდღიური საქმიანობის პროცესში აწყდებიან?

- პირველი ეს არის საჯარო უწყებებიდან ოფიციალური კომენტარების მიღების პრობლემა. მაგალითად, თუკი ჩვენ ვიცით, რომ ახალი ამბების კეთების შემთხვევში თითქმის ნებისმიერი მინისტრის ან მისი მოადგილის კომენტარის მოპოვება პრობლემა არ არის, “მონიტორის” მაგალითზე გეტყვით, რომ გვიწევს რამდენიმე კვირით ადრე წერილების, კითხვების გაგზავნა და ბოლოს მინისტრის ან მისი მოადგილის ნაცვლად შესაძლოა, უბრალოდ რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელი ჩაგვაწერინონ, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს. ამით კი ჩვენ ინფორმაციას სრულყოფილება და ყოველმხრივობა აკლდება.

კვლავ პრობლემად რჩება საჯარო ონფორმაციის მოპოვება. კანონი თითქმის ყველა შემთხვევაში ამბობს, რომ ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, რაც ხშირად ირღვევა. მაგალითად, ამ მომენტისთვის ვაკეთებთ გამოძიებას და ერთ-ერთ სახელმწიფო კომპანიას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე წერილი დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნეთ, მის ხელმძღვანელს დაახლოებით ერთი კვირის წინ ვესაუბრეთ, რომელიც ამბობს, რომ ინფორმაციას მოიკითხავს და ა.შ. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენ ვაკეთებთ ფილმს, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გავიდეს და ერთი თვეა იმ საჯარო ინფორმაციას ვერ ვიღებთ, რომელიც გვეკუთვნის.

პრობლემაა სასამართლოში ინფორმაციის მოპოვებაც. იყო დრო, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებს ვეცნობოდით ჟურნალისტები. ეს ხდებოდა შევარდნაძის ხელისუფლების დროს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს განაჩენებს გვაძლევდნენ დაუშტრიხავი სახით. დღეს ამ კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია, სასამართლოს გადაწყვეტილებების მოპოვება პრობლემურია, თითქმის წარმოუდგენელია. მაგალითად, შეიძლება რომელიმე სასამართლო პროცესს დავესწრო, განაჩენი საჯაროდ მოვისმინო, მაგრამ რომ მოვითხოვო, ეს განაჩენი არ მომცენ.

კიდევ ერთი კომპენენტი არის ის, რომ ონლაინ და სოციალური ქსელის განვითარების კვალდაკვალ, ბევრი პლატფორმა გაჩნდა, რომელიც გარკვეულწილად კონკურენციაში შემოდის. თუმცა, ამას ყველაზე ნაკლებ პრობლემურად მივიჩნევ, რადგან ჩვენც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად გადაწყობას ვცდილობთ.

- უფრო ზოგადად რომ შევხედოთ საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის გამოწვევებს, რამდენად არის საფრთხე, რომ ამ ტიპის ჟურნალისტიკამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს?

- “მონიტორის” მაგალითზე რომ გითხრათ, საგამოძებო ჟურნალისტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არსებობისთვის საჭირო ფინანსებია. მთელ მსოფლიოშია ცნობილი, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკას რაკი ის ბევრ დროს, ენერგიასა და რესურსს მოითხოვს, მეტი ფინანსური საშუალება სჭირდება. დღეს საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის ფინანსური წყაროების მოძიება ძალიან ძნელია. მაგალითად, “სტუდია მონიტორი” წლიდან-წლამდე ბეწვის ხიდზე გადის იმისთვის, რომ თანამშრომელთა რაოდენობა, ფინანსური რესურსები შეინარჩუნოს და იმის საშუალება ჰქონდეს, რომ რეგიონები მოვიცვას და მათი თემები წამოსწიოს. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რომელიც შემცირებულია.

- რა არის გამოსავალი?

- მე როგორც ერთ ჟურნალისტს, ამ პრობლემიდან გამოსავლად ყოველთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნდა, რომელსაც ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის სოლიდური დაფინანსება აქვს და ერთ-ერთი შანსი, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საგამოძიებო ჟურნალისტიკა არსებობდეს, ეს სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტეგრირების გზით უნდა ხდებოდეს, თუმცა ვიცით, რომ ასე არ არის.

რაც შეეხება კერძო ტელევიზიებს, ზოგს მსგავსი პროდუქტის ქონის პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, ზოგი ამბობს, რომ მათთვის ეს ფინანსურად ზედმეტად მძიმე ტვირთია. ზოგიერთი ტელევიზია მსგავსი პროდუქტის ე.წ. “ნიუსთან” შეთავსებას ახერხებს, მაგრამ ცალკე აღებული სრულყოფილი საგამოძიებო გადაცემა, არცერთ მაუწყებელს აქვს.

- რატომ ვერ მოხერხდა საზოგადოებრივ მაუწყებლთან საგამოძიებო პროდუქტის ინტეგრირება? ეს არის პოლიტიკურ გადაწყვეტილება, ზეგავლენა, თუ ზოგადად, ამ მიმართულებისადმი ინტერესის ნაკლებობა?

- არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონკრეტულად ჩვენი - “სტუდია მონიტორის” ინტეგრირება უნდა მოხდეს, არა. თვითონ იდეა საზოგადოებრივი მაუწყებლის არის ის, რომ მსგავსი პროდუქტისთვის კონკურსი უნდა გამოცხადდეს, სადაც კონკრეტული პირობები და შესაბამისი სტანდარტები იქნება გაწერილი, როგორც ამას აჭარის ტელევიზია ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს აკეთებდა. ასე უნდა ხდებოდეს, რაც არ ხდება.

მაინც მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის საერთო სურათთან მივდივართ, როდესაც ყველა ხელისუფლებას აქვს ცდუნება, რომ აკონტროლოს მედია. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა ხელისუფლების დროს ხელისუფლების კონტროლს დაქვემდებარებული იყო და დღესაც ასეა. ამიტომ, იქ, სადაც არის ხელისუფლების კონტროლი, ხელისუფლების თავისუფალი კრიტიკა წარმოდუგენელია. ჩემი აზრით, ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ არსებობს მიუკერძებელი, მაღალი სტანდარტის საგამოძიებო ჟურნალისტიკის გადაცემა, სტაბილური ეთერით და ზუსტი პერიოდულობით, ეს არის ხელისუფლების და ხელისუფლებას დაქვემდებარებული მენეჯმენტის ბრალი და პრობლემა.

- და ბოლოს, ვიცით, რომ სალექციო კურსის ფარგლებში მომავალ საგამოძიებო ჟურნალისტებსაც ამზადებ. რა არის შენი მთავარი რჩევა სტუდენტებისა და ზოგადად იმ ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის გაგრძელება საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით სურთ?

- ერთი წიგნია, რომლის ავტორიც თუ არ ვცდები აკაკი გოგიჩაიშვილია, სადაც ის ამბობს, რომ თუ აირჩევ საგამოძიებო ჟურნალისტიკას, იცოდე, რომ შენ არავის ეყვარები, მათ შორის, არც შენ კოლეგებს, არც ხელისუფლებას, არც ოპოზიციას, ყველას მსგავსად, შენ არასდროს მიგიწვევენ ბანკეტებზე და არც ჯილდოებს მოგცემენ, უბრალოდ ის, რასაც შენ შექმნი ხალხს უფრო მეტად ემახსოვრება, ვიდრე უბრალო ახალი ამბავი.

საგამოძიებო ჟურნალისტიკა ძალიან დიდ შრომასა და მოტივაციაზე დამყარებული საქმიანობაა, ამიტომ, მგონია, რომ ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც გადაწყვეტს, რომ გახდეს გამომძებელი ჟურნალისტი, ძალიან უნდა აინტერესებდეს და ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს. სამწუხაროდ, ასეთი ხალხი ცოტაა. “მონიტორიც” კი მუდმივად ხალხის ძიების პროცესშია.

ამ მიმართულებით ადამიანური რესურსის ნაკლებობა იმითაც არის გამოწვეული, რომ საგამოძიებო ჟურნალისტიკის დიდი სკოლა და დიდი ტრადიცია ჩვენს ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს.

- მიზეზი ისიც ხომ არ შეიძლება იყოს, რომ ეს მიმართულება ანაზღაურების თვალსაზრისით, ბევრისთვის მომხიბვლელი არ არის ?

- რა თქმა უნდა. თუ სწორად მახსოვს, უნგრელი ტრენერი გვყავდა სტუმრად, რომელიც თავის ქვეყანაში გამომძიებელი ჟურნალისტი იყო, რომელმაც თქვა, რომ მისი ხელფასი თავისი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ტოლფასია, ჩვენი ხელფასი კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასის დაახლოებით მეხუთედია. ამიტომ, მე მგონია, რომ ესეც მნიშვნელოვანი მიზეზია. რაკი ამ დარგში ზოგადად ფინანსების ნაკლებობაა, ანაზღაურება და შესაბამისად ინტერესიც ავტომატურად ნაკლებია.

ამიტომ ვამბობ, რომ ამ სფეროში ის ადამიანები შემოვრჩით, რომლებსაც მაინცდამაინც ჟურნალისტიკის ეს კონკრეტული მიმართულება გვაინტერესებს. გარდა ამ საქმისადმი სიყვარულისა და ინტერესისა, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ. ამიტომ, მოქმედი ჟურნალისტები და სტუდენტები თუ გადაწყვეტენ, რომ გამომძიებელი ჟურნალისტები გახდნენ, უნდა იცოდნენ, რომ ამ პროფესიაში ყოფნა ბევრი რამის დათმობის ფასად მოუწევთ.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ