რა გამოწვევების წინაშე დადგა საგამოძიებო ჟურნალისტიკა პანდემიის პირობებში - ინტერვიუ ნინო ზურიაშვილთან
19.05.2020

როგორ აისახა კორონავირუსის პანდემია საგამოძიებო ჟურნალისტიკაზე, როგორ შეცვალა საგანგებო მდგომარეობამ გამომძიებელი ჟურნალისტების დღის წესრიგი, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა მათთვის და როგორ აგრძელებენ მუშაობას - “მედიაჩეკერი” სტუდია “მონიტორის” ხელმძღვანელ ნინო ზურიაშვილს ესაუბრა.

- როგორ შეცვალა თქვენი მუშაობის სტილი კორონავირუსმა, რა სირთულეებს წააწყდით დისტანციურ რეჟიმში გადასვლის შემდეგ?

საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, ნიუსმედიისგან განსხვავებით, ყოველთვის მკაფიოდ დგება რომელიმე საჯარო მოხელის პასუხისმგელობის საკითხი და მათი ანგარიშვალდებულება. ეს ფაქტორი ყოველთვის გვირთულებს ინფორმაციის მიიღებას, იმიტომ, რომ ჩინოვნიკებს, საჯარო მოხელებს არ აქვთ ანგარიშვალდებულების მომენტი საზოგადოებასთან და ყოველთვის გაურბიან კითხვებზე პასუხის გაცემას.

ჩვეულებრივ სიტუაციაში, ჩვენ მათ მოულოდნელად ვხდებით ზოგჯერ სახლთან, კანცელარიასთან, სამსახურთან... და ზოგჯერ, დიდი ხნის ლოდინისა და ხვეწნა-მუდარის შემდეგ, წერილობით ვკმაყოფილდებით, - აი, ასე ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვეულებრივ რეჟიმში.

ახლა წარმოიდგინეთ, ასეთ ვითარებაში ვართ - გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და მოგვიწოდებენ, რომ დავრჩეთ სალხში. დადგა მომენტი, რომ რესპონდენტს ადვილად ვეღარ “მიწვდები”. ერთი მხრივ, გვინდა, რომ მოქალაქეობრივად შევასრულოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, დავრჩეთ სახლში და მეორე მხრივ - რომც მოინდომო, ყველა სახლშია გამოკეტილი და ამან ძალიან გაგვირთულა მუშაობა.

ამ რეჟიმში მუშაობამ ნამდვილად შეგვაფერხა და ნეგატიური გავლენა იქონია. დისტანციური მუშაობაც ერთგვარი გამოწვევა იყო ჩვენთვის.

- გამოდის, რომ, ფაქტობრივად, თქვენთვის ინფორმაციის მოპოვების გზები დაიკეტა? რა იყო ყველაზე დიდი ხელშეშლა?

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, საშუალება მიეცათ საჯარო უწყებებს, რომ აღარ გასცენ საჯარო ინფორმაცია. ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა ჩვენთვის.

საჯარო უწყებები და საჯარო ინსტიტუტები ამ საგანგებო მდგომარეობით სარგებლობენ და ღია ინფორმაციას არ გვაძლევენ. როდესაც ინფორმაციას ვითხოვთ, ვიღებთ პასუხს, რომ ახლა არის საგანგებო მდგომარეობა და კანონით მათ აქვთ უფლება არ მოგცენ ინფორმაცია, რასაც ასრულებენ. საჯრო ინფორმაციის გაცემა ამ ყველაზე კრიტიკულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ამის აკრძალვა არის კანონით ბოროტად სარგებლობა. მე ვფიქრობ, რომ განზრახ გვიშლიან ხელს.

ჩვენი მუშაობის სტილი ასეთია - ინფორმაციას ვიძიებთ და მერე მოპოვებული ინფორმაციის მეშვეობით ვაკეთებთ საგამოძიებო ფილმებს. ჩვენი სტანდარტი საკმაოდ მაღალია და ყოველთვის აუცილებელია რომ დაცული იყოს ბალანსი, ყველა მხარე უნდა იყოს წარმოდგენილი სცენარში. ეს პრობლემა გახდა, რადგან ვერ ვიღებთ ინფორმაციას, ვერ ვიღებდით ინტერვიუებს და, შესაბამისად, ხელი გვეშლებოდა მუშაობაში;

- საგამოძიებო ჟურნალისტიკა მეტწილად კონფიდენციალურ დოკუმენტებთან და ანონიმურ წყაროებთან მუშაობას უკავშირდება. რა შეიცვალა ამ მხრივ?

ესეც გაძნელებულია, იმიტომ, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია ისედაც არ არის ადვილად მოსაპოვებელი და ახლა, როცა ყველა სახლშია გამოკეტილი და ადამიანები სახლიდან არ გამოდიან, როდესაც გარკვეული პერიოდით ტრანსპორტით გადაადგილებაც კი შეზღუდული იყო, წყაროებთან მუშაობაც გართულდა.

ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდი ვეღარ ვახერხებდით მუშაობას. მხოლოდ რისერჩს და მოკვლევას ვაკეთებდით, მონაცემთა ღია ბაზებთან ვმუშაობდით და ამის გაანალიზებაში ვიყავით.

- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ახლა საგამოძიებო მასალების მომზადებას, მაშინ, როდესაც საგანგებო რეჟიმის პირობებში, ალბათ, კორუფციის რისკებიც უფრო გაზრდილია? 

კრიტიკულ დროს, რა თქმა უნდა, საგამოძიებო მასალები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, შუა პერიოდში მაინც მივაწოდეთ საზოგადეობას, ეს იყო ინფორმაცია კორონავირუსის სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. რასაც შედეგი მალევე მოჰყვა. ჩვენი მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დაადასტურა მინისტრმა, რომ ეს ტესტები იყო ხარვეზიანი, არასანდო და ისინი უკან გაითხოვა მწარმოებელმა კომპანიამ.

- რა ხდება ფინანსების კუთხით, გამოძიება ყოველთვის დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, როგორ აისახა ამ მხრივ პანდემია თქვენზე?

ჩვენ ინფორმაციას მოვიპოვებთ, ვამუშავებთ, ვავრცელებთ და შესაბამისად ვიღებთ ანაზღაურებას. ყველა ამ ეტაპზე დაგვიდგა სიძნელეები და არ იყო ეს მარტივი გადასალახი. ზოგადად, ჩვენი მთავარი სირთულე ის არის, რომ ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ პროდუქტს შევქმნით. პროდუქტის წარმოება შეგვიფერხდა უნებურად და, შესაბამისად, ფინანსური სიძნელეებიც წამოვიდა.

არც ერთი დონორი პროდუქტის გარეშე ფულს არავის უხდის და ჩვენ გამონაკლისები არა ვართ. შეგვექმნა გარკვეული სირთულე, თუმცა არც ისეთი მძიმე და გადაულახავი. უკვე ჩართულები ვართ ჟურნალისტური გამოძიების მომზადების პროცესში და ყველაფერი აღდგება, ისეთი მნიშვნელოვანი ზიანი არ მიგვიღია, რომ ვერ გადავიტანოთ და ამან სერიოზულად შეაფერხოს “მონიტორის” საქმიანობა.

- დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები - ხომ არ ფიქრობთ რაიმე ტიპის ცვლილებებს?

არა, ცვლილებებს არ ვგეგმავთ, ჩვეულებისამებრ გავაგრძელებთ საგამოძიებო პროდუქტის შექმნას. თანამშრომელთა ნაწილი, ვინც მოკვლევის ეტაპზეა და რისერჩს აკეთებს, არ დადის ყოველდღიურად. თუმცა, ვინც ამზადებს გამოძიებას, ის გამოსულია სამსახურში და მუშაობს. ახლა უკვე, ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რეჟიმს.

ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ვაგროვებთ ინფორმაციას, ვაანალიზებთ. კორონავირუსთან დაკავშირებული ამბებით და ეკონომიკური საკითხებით ვართ დაინტერესებული, ვაკვირდებით რამდენდ ეფექტურად გაანაწილებს მთავრობა შემოსულ დახმარებას თუ ბიუჯეტის ფულს, ეს კითხვები არსებობს და ჩვენ ვეძებთ პასუხებს, ვითხოვთ ინფორმაციას და ფორმაშიც შევდივართ ნელ-ნელა. შესაძლოა, გავაკეთოთ კვლევითი რეპორტაჟებიც ეკონომიკის თემებზე და საინტერესო ჟურნალისტური გამოძიებები, რომელსაც მალე შემოგთავზებთ.


გარეკანის ფოტო: რადიო თავისუფლება

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ