OC Media პანდემიის პირისპირ, დაფინანსების ახალი გზების ძიებაში - ინტერვიუ მარიამ ნიკურაძესთან
21.06.2020

წყაროების მოძიებისა და ინფორმაციის გადამოწმების პრობლემები ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში, ფინანსური კრიზისი და დაფინანსების ახალი გზების ძიება - გამოწვევებზე, რომლის წინაშეც OC media აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემიის დროს, „მედიაჩეკერი“ გამოცემის თანადამფუძნებელსა და მენეჯერს მარიამ ნიკურაძეს ესაუბრა.

- რა შეცვალა პანდემიამ თქვენს ყოველდღიურობაში?

ძალიან ბევრი რამ, იმიტომ, რომ მთლიანად შევცვალეთ მუშაობის სტრუქტურა, გუნდისა და ფინანასების რესტრუქტურიზაცია მოგვიხდა. ჩვენ ვრცელ, გადამოწმებულ ამბებზე ვმუშაობთ, მაგრამ, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის რეგიონებში ვირუსის პირველი, დადასტურებული შემთხვევები გაჩნდა, მივხვდით, რომ ადამიანებს მხოლოდ ამის შესახებ აინტერსებდათ ინფორმაცია. სხვა მასალებს, ფაქტობრივად, არავინ კითხულობდა, ამიტომ, გადავედით კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის განახლებად რეჟიმში გაშუქებაზე.

ფორმატის გარდა, შეიცვალა გუნდის წევრთა როლები და სამუშაო რეჟიმიც. თუ იქამდე შაბათ-კვირას ვისვენებდით, იმ პერიოდში გვიწევდა მუშაობა დასვენების დღეებშიც. ასევე, მანამდე ყველას თავისი მოვალეობა ჰქონდა, ახლა ეს გადანაწილებაც შეიცვალა. მაგალითად, მე ორგანიზაციის მენეჯერი ვარ, მაგრამ იმ პერიოდში ვამზადებდი მასალებს ჩვენი სოციალური მედიის არხებისთის, იმიტომ, რომ სოც მედიის მენეჯერი არ გვყავს და ასეთი კადრი და ძალიან გვჭირდებოდა. გამომძიებელმა ჟურნალისტმა, რომელიც იქამდე სრულიად სხვა რამეს აკეთებდა, ე.წ. Live update-ბზე დაიწყო მუშაობა. დავაწესეთ მორიგეობა, რომ არ გადავღლილიყავით, იმიტომ, რომ არ ვიცოდით, ეს რეჟიმი როდემდე გაგრძელდებოდა.


OC Media  აშუქებს ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის ახალ ამბებსა და უნიკალურ ისტორიებს იქაური პრობლემების, ხალხისა და კონფლიქტების სიღრმისეული ანალიზით.


- თქვენ მუშაობთ ჩრდილოეთ კავკასიაშიც, სადაც ისედაც რთულია ინფორმაციის მოპოვება და ასევე, მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში, სადაც შეზღუდვები დაწესდა მედიისთვის, ამან რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ?

ბევრი გამოწვევაა. ჩვენ ვმუშაობთ ისეთ რეგიონებში, სადაც ძლიერია სამთავრობო პროპაგანდა, დიდი დოზით ვრცელდება დეზინფორმაცია. მითუმეტეს როდესაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და უამრავი შეზღუდვაა, ასეთ პირობებში წყაროების მოძიება, ინფორმაციის გადამოწმება კიდევ უფრო რთულდება.

ჩვენ გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ სომხეთში, დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთსა და ინგუშეთში. აზერბაიჯანის ჟურნალისტი ახლა თბილისშია.



მარიამ ნიკურაძე საუბრობს OC Media-ს დილემების შესახებ




ჩრდილოეთ კავკასიაში მუშაობა ყოველთვის რთული იყო, წყაროებთან მუშაობაც და გადამოწმებაც. ამიტომ, ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ, რომ რეპორტიორი ადგილზე გვყოლოდა. ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი პერიოდულად თავად ჩადის ჩრდილოეთ კავკასიაში, რომ კონტაქტები შეიძინოს, სანდო ადამიანები იპოვოს. თავიდანვე ძალიან გმირ ჟურნალისტებთან ვმუშაობთ. გვაქვს შემთხვევები, როდესაც რეჟიმის სიმძიმის გამო ჟურნალისტები ფსევდონიმებით წერენ. რამდენჯერმე მოგვიხდა ჟურნალისტების ევაკუირებაც, რადგან ისინი და მათი ოჯახები იღებდნენ მუქარას. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ მათთვის ახლა რამე განსაკუთრებულად შეიცვალა. ყოველთვის ასე იყო. რა გამოწვევებიც მანამდე იყო მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, დღემდე ასეა.

აზერბაიჯანში სხვა გამოწვევებია, და ძალიან საინტერესოა, რომ თუ ჩრდილოეთ კავკასიაში ურჩევნიათ დაფარონ თავისი ვინაობა, აზერბაიჯანში პირიქით, ამჯობინებენ ღიად დაწერონ თავისი სახელით და ღიად მიმართონ მთავრობას კომენტარისთვის. მათთვის ეს ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია.

მაგრამ, ზოგადად, მთავარი პრობლემა ყველგან, მათ შორის საქართველოშიც, იყო ის, რომ შეიზღუდა საჯარო ინფორმაციის მიღება და რაღაცნაირად, ყველა აღმოვჩნდით მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამოკიდებული. შევყურებდით მთავრობებს და ვცდილობდით შეგვედარებინა მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებთან, იმიტომ, რომ სხვა საშუალება არ იყო.


- საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ პანდემიის დასაწყისიდანვე დაიწყეთ განახლებადი ინფორმაციის გამოქვეყნება. თქვენ ფარავთ კონფლიქტურ რეგიონებსაც, გარდა მონაცმების გადამოწმების სირთულისა, კიდევ რა იყო რთული, ვიცით, რომ მარტივი გზის გავლა არ გიწევთ...

გვქონდა გამოწვევა როგორ მიგვეწოდებინა რიცხვები ისე, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო, მათ შორის, ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთში, ოსეთსა და მთიან ყარაბაღში. როდესაც ბევრი სტატისტიკური მონაცემი გაქვს, ყოველთვის ცდილობ გააკეთო ინფოგრაფიკა, მაგრამ, როდესაც მუშაობ კონფლიქტურ რეგიონებში, ყოველთვის დგება დილემა, როგორ დაწერო ისე, რომ თან არ გამოვიდეს, რომ აღიარებ მათ, ასე ვთქვათ, სტატუსს და ამავდრულად, იცი, რომ ეს მონაცემი კონკრეტული ქვეყნის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებში არ შედის.

altამიტომ, ავირჩიეთ ასეთი მიდგომა, ცალკე გამოვყოფთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, შემდეგ კონფლიქტური რეგიონებს და შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს. და, ამ ყველაფერს თან ვურთავდთ ვრცელ დისქლეიმერს, რომელშიც განვმარტავთ, რატომ ვწერდით ასე.

ისედაც, დაფუძნების დღიდანვე ძალიან ნეიტრალურ ტერმინოლოგიას ვიყენებთ და ყოველთვის ვურთავთ დისქლეიმერს. ჩვენი მიზანია ხმა მივაწვდინოთ კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებლებს. როდესაც იქ მცხოვრები ადამიანი შემოდის შენს საიტზე და იქ 50-ჯერ წერია სიტყვა „ეგრეთ წოდებული“, ან „მარიონეტული რეჟიმი“, ის არ წაიკითხავს შენს მასალებს. ამავდროულად, გვყავს ფრილანსერები, რომლებთან მუშაობაც ჩვენთვის დიდი მონაპოვარია და ასევე პრობლემაა, ადამიანს რომელიც იქ ცხოვრობს და უნდა შენთან თანამშრომლობა, თავისი ხელით დააწერინო, - მე რომ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ის არის მარიონეტული რეჟიმი. წარმოუდგენელია ეს. მესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს მძიმეა, მაგრამ, რაღაც დათმობებზე უნდა წავიდეთ, თუ გვინდა, რომ ხმა მივაწვდინოთ ადამიანებს.

ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ, არის ნეგატიური კომენტარებიც, რაც ძალიან გვაწუხებს, თუმცა ძალიან ცოტაა.

- ფინანსური კუთხით თუ შეგექმნათ პრობლემები?

როგორც მედიის უმეტესობა, ჩვენც დამოკიდებული ვართ დონორებზე. პირველი პრობლემა იყო ის, რომ ყველა გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ყველა შეხვედრა, რაც ჩანიშნული იყო დონორებთან და იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსების მოსაპოვებლად, გაუქმდა. რთული გახდა ბიუჯეტის დაგეგმვა. მოგვიხდა დონორებთან დისტანციურად საუბარი და გადაგეგმვა, თუნდაც იმიტომ, რომ აღჭურვილობა, ნიღბები და ასე შემდეგ, არ გვქონდა. ამას მოგვიანებით ტაქსებით გადაადგილებაც დაემატა და ე.წ. ფინანსური გეფის პრობლემა რთული დასაძლევი აღმოჩნდა. თუმცა, შეამჩნევდით, რომ ბევრმა ორგანიზაციამ გამოაცხადა ე.წ. ემერჯენსი კოვიდ დაფინანსებები მედიისთვის და ყველგან ვცადეთ განაცხადის შეტანა, ზოგმა თვითონ მოგვმართა, ჩვენივე დონორებმაც, რაიმე აუცილებელი საჭროება ხომ არ გვქონდა.

alt
მარიამი გადაღებაზე, თბილისი, საგანგებო რეჟიმის მოქმედებისა და ტრანსპორტის აკრძალვის დღეები. მარიამი ამბობს, რომ ვინაიდან თბილისის გუნდის 10 წევრიდან არცერთს არ ჰყავდა მანქანა და არ ჰქონდა მართვის მოწმობა, მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით გადაღებებზე მეტწილად თავად დადიოდა, ფეხით.


ძალიან ვამაყობ იმით, რომ არავის გაშვება არ მოგვიხდა სამსახურიდან. მაგრამ, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი, 70-მდე ფრილანსერი და იმის გამო, რომ მთელი რესურსები კოვიდის თემაზე იყო გადართული, მათთან ვეღარ ვმუშაობდით. ჯერ ერთი, ამის დრო არ იყო, არავინ კითხულობდა და ამავე დროს, არ გვინდოდა, რომ ეს თემები ჩაკარგულიყო. მაგრამ ძალიან გული დამწყდა, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი ფრილანსერისთვის, რომელთანაც ჩვენ ვმუშაობთ, ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა.


 
დაფინანსების რა გზებს ეძებს OC Media

 


- მარიამ, დონორები ახსენეთ, ეს ერთადერთი გამოსავალია თქვენთვის ფინანსური კრიზისის დასაძლევად?


ჩვენ არასდროს გვიფიქრია რეკლამასა და ე.წ. სპონსორშიფზე. არ გვყავს ამისთვის საკმარისად დიდი აუდიტორია და ამავდროულად, ამ ეტაპზე ასეთი კონტენტი არ გვხიბლავს, რაღაცნაირად, გვგონია, რომ მკითხველს იმედს უცრუებ. მაგრამ, არც იმას ვფიქრობთ, რომ ყოველთვის 100 %-ით დონორებზე ვიქნებით დამოკიდებული, ამიტომ, დიდიხანია ვფიქრობდით, რომ გაგვეჩინა მკითხველზე დაფუძნებული შემოსავალი.

მომზადება არ იყო მარტივი, აღმოჩნდა, რომ ბანკებსაც კი არ ჰქონდათ ეს გამოცდილება და ტექნიკური მხარის მოგვარებამ, რომ საიტზე ყოფილიყო დონაციის გვერდი, ძალიან დიდი დრო წაიღო.

დაახლოებით ორი თვის წინ გავუშვით ეს გვერდი, და ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი შემოსავლის 1% უკვე არის დაფარული მუდმივი ხელმომწერებით - ადამიანებით, რომლებიც მზად არიან, ყოველთვიურად ჩაგვირიცხონ თანხა.

ამავდროულად, გვაქვს ერთჯერადი გადმორიცხვებიც. საიტზე ორივე შესაძლებლობაა, ყოველთვიური მხარდაჭერაც და ერთჯერადიც. ჩვენი მიზანია, რომ თუნდაც 1 ლარი იყოს, მაგრამ იყოს ყოველთვიური, იმიტომ, რომ ეს გაძლევს საშუალებას, დაგეგმო შენი ბიუიჯეტი, იცოდე შემოსავალი. ჩვენი მიზანია, ჩვენი შემოსავლის 10% მაინც მკითხველების შემოწირულება იყოს. ეს თანხა ჩვენ ძალიან დაგვეხმარება ფინანსური ჩავარდნების დროს.

გარდა ამისა, ჩვენი ერთ-ერთი გეგმა ფულის გამომუშავების, არის ტრენინგების ჩატარება. ჩვენ დავგეგმეთ კურსი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის, ორ ნაკადად უნდა ყოფილიყო და ძალიან გვიხაროდა, რომ ბევრი აპლიკაცია მივიღეთ, მაგრამ ამ ყველაფრის უვადოდ გადადება მოგვიხდა.






- უკეთ რომ აგვიხსნათ, რას გულისხმობთ ტრენინგებში? ეს იქნებოდა ფასიანი სერვისი? კონფლიქტების თემაზე თუ ზოგადად, ჟურნალისტიკაზე?

ორივე მიმართულება იქნება - ერთის მხრივ, ჩვენ მზად ვართ, რომ დაგვიკვეთონ სხვებისთვის ტრენინგის ჩატარება, და მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ გავზარდოთ ახალგაზრდა ჟურნალისტები, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, ფაქტჩექინგი ვასწავლოთ. ჩვენმა მუშობამ აჩვენა, რომ კავკასიის რეგიონში ჟურნალისტებს ძალიან უჭირთ რედაქტორებთან მუშაობა, არ არიან მიჩვეული, რომ მათი ტექსტები დარედაქტირდება, ან თუნდაც, სათაური შეიცვლება. გვინდა თავიდანვე მიეჩვიონ, რომ ეს არის ჩვეულებრივი მუშაობის სტილი. გვინდა, რომ ეს ადამიანები მიეჩვიონ კონფლიქტზე წერას, იმ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც მათ გვერდით ცხოვრობს, სხვადასხვა თემებზე მასალების მომზადებასაც, მაგალითად, შრომის უფლებები და ა.შ.

ეს არ იქნება მოკლევადიანი ტრენინგი, - მოვიდნენ დავატრენინგეთ და წავიდნენ, ეს იქნება ერთგვარი კურსი, - ისინი ჩამოვლენ, იმუშავებენ რედაქტორებთან, მიიღებენ დავალებებს, შემდეგ თავიანთ ქვეყნებში იმუშავებენ და ა.შ.

- ახლა ბევრი კურსი ადაპტირდა ონლაინ პლატფორმებზე, ხომ არ გიფიქრიათ ამ შესაძლებლობის გამოყენება?

ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ამ იდეას კიდევ ერთი მიზანი აქვს - მოსაზღვრე ქვეყნებისა და რეგიონების ახალგაზრდების დაახლოება.


alt
OC Media-ს თბილისის გუნდი. პანდემიამდე ოფისში გადაღებული ბოლო ფოტო

- საუბრის ბოლოს, აუცილებლად მინდა გკითხოთ თანამშრომლების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ყველამ გამოვცადეთ, რომ ახალ მოცემულობასთან შეგუება არ აღმოჩნდა მარტივი...

OC media-ს თანამშრომლების 90% საშინელი ინტროვერტია და ძალიან კომფორტულად არიან სახლში, თუმცა, ახალ რეჟიმზე გადართვა თავიდან გაგვიჭირდა. დილის 9-დან ღამის 12 საათამდე ვიჯექით კომპიუტერებთან, მერე მივხვდით, რომ ასე არ უნდა გაგვეგრძელებინა და ნელ-ნელა დავიწყეთ სამუშაო დროის დარეგულირება.

მაგრამ, ოფისში მუშაობას ცხადია აქვს თავისი პლიუსები, ჩვენ გვქონდა ყოველკვირეული შეხვედრები, ვაანალიზებდით აუდიტორიას, მიღწევებს და ამის მიხედვით ვგეგმავდით ახალ ნაბიჯებს. წელს უნდა გვქონოდა მთლიანი გუნდის პირველი და დიდი შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე გვემსჯელა, მაგრამ ჩაიშალა.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რაც გვეხმარებოდა, ეს იყო ყოველდღიური ზარები ერთმანთთან და საუბარი ყველაფერზე, სამსახურის გარდა. სხვა არ ვიცი რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. თუმცა, ვიცი, რომ ჩემზეც და ბევრ სხვა თანამშრომელზეც, ეს აისახა - ზოგს დღემდე ვერ სძინავს.



მთავარ ფოტოზე: მარიამ ნიკურაძე დისტანციური მუშაობისას

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ