როგორ უნდა გამიჯნოს მედიამ საჯარო ინტერესი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - ინტერვიუ თამარ გურჩიანთან
20.08.2020
სად გადის ზღვარი საზოგადოებრივ ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს შორის? რა პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს მედიამ, რომ დააკმაყოფილოს საჯარო ინტერესი ისე, რომ არ გასაჯაროვდეს პირადი ცხოვრების დეტალები? ამ საკითხებზე “მედიაჩეკერი” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, თამარ გურჩიანს ესაუბრა:

- ბოლო პერიოდში მედია აქტიურად აშუქებს გახმაურებულ საქმეებს, როგორიცაა, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა და თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარება და გარდაცვალება. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამ საქმეებთან მიმართებაში პირადი ცხოვრების დეტალები გაასაჯაროა, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაავრცელა კიდეც განცხადება, რომ ამ საქმეებზე მაღალი საჯარო ინტერესი არ ამართლებს ნებისმიერი სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებას. თქვენ როგორ ფიქრობთ?

მაშინაც კი, როცა მედიის მთავარი მოტივაცია ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებში არის სიმართლის დადგენა, ის უნდა მოქმედებდეს ზიანის თავიდან აცილების პრინციპით. ძალიან ძნელია ბალანსის დაცვა, რადგან მაღალი კონკურენციაა თავად მედიასაშუალებებს შორის და ასევე, სამწუხაროდ, ძალიან დიდი უნდობლობაა საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოების მიმართ. შესაბამისად, მედია თავად იღებს საკუთარ თავზე გამოძიების და მართლმსაჯულების ფუნქციას. რა თქმა უნდა, ეს არასწორია, რადგან მედია არ არის არც გამომძიებელი და არც მოსამართლე, თუმცა მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება მტკიცებულებების გადამალვა მოხდეს, ან ზეგავლენით ვაჭრობა, ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ასეთი მაღალი პროფილის საქმეებში მაღალი საზოგადოებრივი ყურადღება და ინტერესი ბუნებრივია და მედიის ინსტინქტიც, რომ თხაროს ეს დეტალები და მუდმივად გადაამოწმოს, ძალიან ლეგიტიმურია, მაგრამ ამავდროულად ღირებულებების შენარჩუნებაც უნდა ხდებოდეს.

- კონკრეტული შემთხვევების მაგალითზე რომ განვიხილოთ ეს საკითხები - იგივე შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით როდესაც მედიაში მოხვდა ახალგაზრდების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეოკადრები, ეს რამდენად შეიძლება გამართლდეს ლეგიტიმური საჯარო ინტერესით?

ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, საინტერესოა როგორ მოხვდა ეს მასალები მედიაში. პირველ რიგში, პასუხისმგებლობა ცალსახად იმას უნდა ეკისრებოდეს, ვისაც ამ ინფორმაციის დაცვის ვალდებულება აქვს, როდესაც ხდება სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაჯაროება. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში მედია სენსაციად აქცევს ამ ტიპის მასალებს, რომ უკეთესად გაყიდოს ახალი ამბები. უნდა აკეთებდეს თუ არა ამას მედია? - ამაზე ცალსახა პასუხი არის ის, რომ მედია უნდა მოქმედებდეს ზიანის თავიდან აცილების პრინციპით.

- თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გაშუქების დროს, ასევე, ბევრი დეტალი გამჟღავნდა მედიაში არა მხოლოდ გარდაცვლილის პირადი ცხოვრების შესახებ, არამედ ამ საქმის რამდენიმე მოწმესთან მიმართებაში. რამდენად გამართლებული იყო ამ დეტალებზე მედიის ინტერესი?

ბაჩალიაშვილის, ისევე როგორც შაქარაშვილის საქმეში მედია ეცადა, რომ ყველა განზომილება დაენახა, ყველა დეტალი ამოეჩხრიკა, ყველა არსებული თუ არარსებული მტკიცებულება გამოეკვლია, გადევნებოდა ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო კვალს და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ეს ყოველმხრივი ანალიზი, რაც მედიამ ჩაატარა ამ ორივე საქმეში, არ უნდა იყოს მედიის საქმე, თუმცა საზოგადოების მხრიდან მართლმსაჯულების ორგანოებისადმი უნდობლობაზე კეთდება კაპიტალიზაცია მედიის მხრიდან. ყოველმხრივი ანალიზი და განხილვა, ვერ ვიტყვი, რომ ზედმეტი იყო, იმიტომ, რომ ამის ალტერნატივა სახელმწიფოს მხრიდან, როგორიცაა ყოველდღიური პრესკონფერენციები, გასაგები ენით საუბარი, არ ყოფილა. მედიამ აჯობა სახელმწიფოს ამაშიც და ისარგებლა იმითაც, რომ საზოგადოებას, რომელიც არის მედიის მომხმარებელი, ყველაზე მეტად იზიდავს დანაშაულის შესახებ ამბები - რაც უფრო ბურუსით არის დანაშაული მოცული, მით უფრო საინტერესოა ადამიანებისთვის.

- გასაგებია, რომ საზოგადოება ძალიან ცნობისმოყვარეა, მაგრამ როგორი უნდა იყოს მედიის ქცევა?

რა თქმა უნდა, მედიას უნდა ესმოდეს თავისი როლი, რომ მას აქვს გავლენა. ხშირად ძალიან ინფანტილურად განმარტავენ მედიის როლს, რომ თითქოს ის არის სარკე, რომელიც უბრალოდ ასახავს იმას, რაც ხდება. მედიას შეუძლია პერსპექტივების შეცვლაც და მანიპულირებაც. შესაბამისად, აქ შემოდის თვითკონტროლის, თვითრეგულირების საკითხი, რომელიც უნდა ჰქონდეს მაღალი ეთიკური სტანდარტების მქონე მედიას. ასეთ მედიას ესმის ის, რომ მან შეიძლება შეცდომა დაუშვას, რომ ის არ არის სრულყოფილი და ვერ იქნება ყოველთვის მართალი და საკუთარ თავს აკონტროლებს, ამოწმებს, კითხვებს სვამს საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და თვითკრიტიკულია. ეს სამწუხაროდ ჩვენს სამაუწყებლო მედიას ძალიან აკლია. ახლა უკვე ისეთ მდგომარეობაშია სამაუწყებლო მედია, რომ ცოტა რთულია ეთიკაზე საუბარი. შექმნილია რაღაც ახალი სიბრტყე, ტოტალურად რადიკალიზებული და პოლარიზებული, სადაც ეთიკის ადგილი არ არის.

- შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, ბოლო დროს ხელისუფლებისგან არაერთხელ წამოვიდა ინიციატივა მედიის რეგულირების შესახებ, მაგალითად, სიძულვილის ენასთან მიმართებაში და ა.შ. ბევრს საუბრობენ იმაზეც, რომ ვერ მუშაობს კარგად თვითრეგულირების მექანიზმები. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

გამოსავალი რეგულაცია არ არის, ეს მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნებოდა. მე გამოსავალი მგონია იმაში, რომ აუდიტორია უფრო მეტად დაფიქრდეს, უფრო ხშირად მოითხოვოს მედიისგან უკან დახევა, შეცდომის აღიარება. თვითრეგულირების ორგანოებიც უფრო აქტიურად უნდა მუშაობდნენ და უფრო შიგნით უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომ გაკონტროლდეს ეს ყველაფერი. უბრალოდ ისე ინტენსიურია ახლა ეს რომ, ამდენს ვერც თვითრეგულირების ორგანოები გაწვდებიან.

მე ვფიქრობ, რომ გარდა მაყურებლებისა, რომლებმაც უნდა მოვითხოვოთ მედიისგან უფრო მეტი ეთიკურობა, ღირებულებების პატივისცემა და ზიანის თავიდან აცილების პრინციპის დაცვა, კიდევ არსებობს ერთი მექანიზმი: მედია დამოკიდებულია კომერციულ შემოსავლებზე. შესაბამისად, კორპორაციებს, კომპანიებს უნდა ჰქონდეთ რაღაც მოთხოვნები - გარკვეული საკონტრაქტო ვალდებულება უნდა იყოს ის, რომ მედიამ ეთიკური პრინციპები დაიცვას. მაგალითად, თუ რომელიმე მედიასაშუალება ჰომოფობიურ ან მიზოგინურ რეპორტაჟებს ამზადებს და მე წარმოვადგენ რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიას და არ ვეთანხმები ასეთ სარედაქციო პოლიტიკას, უნდა წამოვიღო რეკლამა ამ ტელევიზიიდან და სხვაგან წავიდე. სამწუხაროდ, ასეთი რამ ჩვენთან არ ხდება.

- ხშირად ჟურნალისტები, რომლებიც არღვევენ პირადი ცხოვრების უფლებას, ამას ამართლებენ მაღალი საჯარო ინტერესით. სად გადის ზღვარი ამ ორ საკითხს შორის, როგორ უნდა იმოქმედოს მედიამ ისე, რომ არ დაარღვიოს არც პირადი ცხოვრების უფლება და თან საზოგადოებრივი ინტერესიც დააკმაყოფილოს?

საჯარო ინტერესი ცოტა სხვაგვარად გვესმის საქართველოში. საჯარო ინტერესი არ გულისხმობს ადამიანების ჭორაობის ინტერესის ან უბრალოდ ცნობისმოყვაროების დაკმაყოფილებას. არ იყო აუცილებელი ბაჩალიაშვილის ცხოვრების ყველა დეტალის გამოფენა. საჯარო ინტერესი გახმაურებული მკვლელობის ან გაუჩინარების თემას ყოველთვის ექნება, მაგრამ საჯარო ინტერესი გულისხმობს იმას, რომ დაისაჯოს დამნაშავე, არ დაემალოს სამართალს ის ხალხი, ვინც დაკავშირებულია გავლენიან პირებთან, არ მოხდეს კორუფცია, სათანადო სასჯელი მიიღოს დამნაშავემ და როგორც არის შესაძლებელი, დაზარალებულის რეაბილიტაცია და მისი უფლებების რეალიზაცია მოხდეს. აი, ეს არის საჯარო ინტერესი და არა ყველა არასაჭირო დეტალის ცოდნა ადამიანების ცხოვრების შესახებ. შეიძლება მედიისთვის ყველა დეტალი გახდეს ცნობილი, მაგრამ კარგი მედია არჩევს, რა გამოაქვეყნოს და რა - არა. კარგი მედია არ არის რეალითი შოუ, რომელიც მაყურებელთან ერთად პირდაპირ ეთერში არკვევს ყველა დეტალს და შესაბამისად, ვერც ირიდებს თავიდან იმ რისკებს, რომ შეიძლება სწორედ პირდაპირ ეთერში დადგეს სწორედ ზიანი - გავრცელდეს ის ინფორმაცია, რომელიც არ უნდა გავრცელებულიყო.

რაც შეეხება ზღვარს, ზღვარი არის სწორედ იმაზე დაფიქრება, ვინმეს რამე ზიანი ხომ არ ადგება. ელემენტარული კითხვა უნდა დაუსვას თითოეულმა ჟურნალისტმა საკუთარ თავს - უფრო მეტ სიკეთეს ვაკეთებ, თუ უფრო მეტი ზიანი მომაქვს? მედიას არავინ უკრძალავს გამოძიებას ან კრიტიკას, მაგრამ თუკი ამას აკეთებს ისე, რომ დამატებით დარტყმებს აყენებს დაზარალებულს, მე მგონი, ეს უბრალოდ არასწორია.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ