საზოგადოებრივი მაუწყებლის პრობლემური საკადრო პოლიტიკა - ინტერვიუ ნინო ზაუტაშვილთან
30.04.2021
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ბოლო 4 წელში 102 თანამშრომელი გაათავისუფლა. მათმა ნაწილმა სასამართლოში შრომითი დავა დაიწყო და ამ დრომდე დასრულებული ყველა პროცესი მაუწყებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა. ერთ-ერთი ბოლო პროცესიც, გათავისუფლებული ორი ოპერატორის დავა, სამივე ინსტანციის სასამართლოში მაუწყებლის საწინააღმდეგოდ დასრულდა. “პირველ არხს” მათი სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღარურება დაევალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არხის მენეჯმენტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულებაზე ამ დრომდე უარს ამბობს. გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები იცავს.

მაუწყებლის საკადრო პოლიტიკაზე პროფკავშირების თავმჯდომარე, ნინო ზაუტაშვილს ვესაუბრეთ.

2017 წლიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 102 თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან. ხომ არ უკვლევია პროფკავშირებს მათი განთავისუფლების მოტივები?

ფაქტობრივად, ყველა თანამშრომელი უსამართლოდაა გაშვებული. მაგალითად, მახსენდება, ლევან გულბანი - ჩართვების ჯგუფის უფროსი. როდესაც მისი გათავისუფლების ობიექტური მიზეზები მოვითხოვეთ - ვერ გვიპასუხეს.

ალბათ, ეს ადგილები სჭირდებოდათ, სხვა მიზეზი არ ვიცი. მე არ ვამბობ იმას, რომ არავინ არის გასაშვები სამსახურიდან, მაგრამ ფორმას გააჩნია. ყველაზე შეურაცხმყოფელია, როდესაც ვიღაც გეუბნება, შენ აქ არ მჭირდები, წადიო - გაშვების მიზეზს კი არ გეუბნებიან.

მაუწყებლის დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ [ამდენი თანამშრომლის გათავისუფლებით] ძალიან უხეშად დაარღვია ადამიანების უფლებები. ეს შეურაცხმყოფელი იყო. ეს იყო წითელი ზღვარი, როცა ადამიანებს გამოუცხადეს, ჩვენ ახლა ვაკეთებთ რეორგანიზაციას და აქ ვეღარ იმუშავებთო.

„მასობრივი დათხოვნა“ - ეს სიტყვები გამოიყენა ერთ-ერთმა მენეჯერმა, ია ანთაძემ, ინტერვიუში. რას ნიშნავს მასობრივი დათხოვნა, დღემდე ვერ ვხვდები, რატომ იყო ამის საჭიროება. ძალიან ბევრი კარგი საქმე საზოგადოებრივ მაუწყებელში ზუსტად იმ ადამიანების ხელით კეთდება, რომლებიც წლებია აქ მუშაობენ.

როდის დაიწყო მსგავსი პრობლემები საზოგადოებრივ მაუწყებელში?

საკადრო პოლიტიკის მხრივ პრობლემები სულ იყო. დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, რაც მაუწყებელში ვარ, სულ მესმის, რომ აქ ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს. როცა საშტატო განრიგი არ არსებობს, რას ნიშნავს ბევრი ადამიანი, დღემდე ვერ გავიგე. როგორ განსაზღვრავენ ბევრია თუ ცოტა?

2004 წელსაც იყო ასეთი „მასობრივი დათხოვნა“. მაშინ ეს ძალიან მძიმედ მოხდა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. არ შეიძლება, რომ ასე ადგე და უთქმელად გააგდო თანამშრომელი, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს ის. ეს უნდა დაასაბუთო, ადამიანმა უნდა იცოდეს, რატომ ათავისუფლებენ მას სამსახურიდან.

გათავისუფლებული თანამშრომლებიდან 25-მა სასამართლოს მიმართა და მათ უფლებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირები იცავს. ამ დრომდე დასრულებული ყველა შრომითი დავა მაუწყებლის საწინააღმდეგოდ გადაწყდა. როგორ ფიქრობთ, რას გვეუბნება ეს მონაცემები?

შეიძლება, რომ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში ერთ თანამშრომელთან მაინც უწევდეს შრომითი დავა? ჩემს პრაქტიკაში, არ მახსენდება, რომ მაუწყებელს თანამშრომლის წინააღმდეგ დავა მოეგოს. ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი.

არასდროს ვიტყვი იმას, რომ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი საჭიროა, ან ვინმე საჭირო არ არის. სანამ საშტატო განრიგის მიხედვით, ზუსტად არ მეცოდინება, რა პრიორიტეტით და რამდენი თანამშრომელი სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს გამართულად მუშაობისთვის.


მიუხედავად ვალდებულებისა, საზოგადოებრივ მაუწყებელს საშტატო განრიგი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ახერხებს მაუწყებელი ამ დოკუმენტის დამტკიცებას?

საშტატო განრიგის დამტკიცება, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ შეკრულია გუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობ. საშტატო ერთეულების დადგენა ხელს უშლის საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი ადამიანის დასაქმებას, ეს კი ყველა მთავრობას სჭირდება.

საშტატო განრიგის დამტკიცება არ არის მარტივი პროცესი. ამას სჭირდება დიდი კვლევა. მე, მაგალითად, სამეურვეო საბჭოს შევთავაზე, რომ მოგვეწვია კარგი კომპანია, პროფესიონალების ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავდა საჭიროებებს და ზუსტად დაადგენდა, რისთვის და რამდენი თანამშრომელი სჭირდება მაუწყებელს.

Ხომ არ არსებობს სხვა მიზეზი რის გამოც საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს საშტატო განრიგი?

იმისთვის, რომ თავისუფალი იყო შენს მოქმედებებში, არ უნდა არსებობდეს არანაირი შემზღუდავი გარემოება, ხოლო საშტატო განრიგი ნამდვილად შემზღუდავი გარემოებაა.

ყოველი ახალი მოსული გენერალური დირექტორი ათავისუფლებს ვიღაცებს, ვისაც თვლის, რომ "ზედმეტია”, ოღონდ არასდროს აქვს ამის დასაბუთება. შემდეგ მოჰყავს სხვა თანამშრომლები, ვისაც თავის გუნდად თვლის. მესმის, ყველა დირექტორს და ყველა მენეჯერს ძალიან უნდა, თავის გუნდთან ერთად მოსვლა. მაგრამ, გუნდთან ერთად მოსვლა არ ნიშნავს, რომ შენი გუნდის წევრად სხვა არავინ განიხილო და გაყარო ის ადამინები, ვისზედაც დგას ეს ტელევიზია.

2017-2020 წლებში მაუწყებელს 300 000 ლარზე მეტი აქვს გადახდილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის კომპენსაციის სახით. სამეურვეო საბჭოშიც თქვეს, რომ ამით მაუწყებელს ფინანსური და რეპუტაციული ზიანი ადგება. როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ამ პროცესში სამეურვეო საბჭოს?

მაუწყებლისთვის ყველაზე დიდი რეპუტაციული დარტყმა იყო როდესაც ვასილ მაღლაფერიძემ ეს თანამშრომლები გაუშვა. როდესაც ამდენი სასამართლო გაქვს წაგებული და ადამიანების უფლებების ასე უხეშად არღვევ, ცხადია, რომ მაუწყებლის რეპუტაცია ილახება. ჩემთვის, პირადად, ეს ძალიან სამწუხაროა.

ვერცერთ სამეურვეო საბჭოზე ვერ ვიტყვი, (სრულ შემადგენლობას ვგულისხმობ და არა ერთეულებს), რომ ეს არის შემდგარი, კარგი გუნდი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცილებით გამართულად იმუშავებდა კარგი და კვალიფიციური სამეურვეო საბჭოს ყოლის შემთხვევაში. ისიც მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი პრობლემურია და ამ მხრივ ცვლილებებია შესატანი.

ნუ დაგვავიწყდება, რომ მაუწყებელი საზოგადოებრივი სიკეთეა: ის ადამიანების უფლებებს კი არ უნდა არღვევდეს, არამედ მათთვის მაგალითი უნდა იყოს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ