28.06.2021
რა არის პოდკასტი?
ეს არის აუდიო ფაილი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტსივრცეში, შეგვიძლია მისი ჩამოტვირთვა და, როგორც წესი, პოდკასტი მოიცავს რამდენიმე ეპიზოდს, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება.
რით განსხვავდება პოდკასტები რადიოსა და სხვა აუდიო ფაილებისგან?
პოდკასტის წინაპარი არის აუდიო ბლოგი, რომელიც იყო აუდიო ფაილი. მაგალითად გადაცემა, რომელიც რადიოში პირდაპირ ეთერში გადიოდა. ეს გადაცემა შეეძლოთ ჩაეწერათ და შემდეგ ინტერნეტში, საკუთარ გვერდზე განეთავსებინათ, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მისი ჩამოწერა, მაგრამ ეს არ იყო პოდკასტი.
დღეს პოდკასტის მთავარი განმასხვავებელი ამ აუდიო ფაილისაგან არის ის, რომ უკვე არსებობს აპლიკაციები, რომლებიც შესაძლებელია გქონდეს სმარტფონზე, მისი საშუალებით კი გამოიწერო შენთვის საინტერესო ეპიზოდები. ასევე, პოდკასტს შეგიძლია მოუსმინო მაშინ, როცა გინდა, სადაც გინდა და როგორც გინდა. პოდკასტის მთავარი მომხიბვლელობა არის ის, რომ მორგებულია მთლიანად მსმენელზე. ანუ მე შემიძლია დავაპაუზო როცა მინდა, თავიდან მოვუსმინო და ა. შ, რაც ძალიან კომფორტულია.
როდის გაიზარდა პოდკასტების პოპულარობა?
2014 წელს ჟურნალისტების ჯგუფი იწყებს ახალი პოდკასტის, სახელად “სერიალის” წარმოებას, რომელიც ძალიან მალე გახდა პოპულარული. გათვლა, როგორც თვითონ ეს ჟურნალისტები ამბობენ, თავიდანვე ის იყო, რომ უნდა შეექმნათ ისეთი აუდიო პროდუქტი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ტელევიზიას.
ეს ხალხი დასხდა და გააანალიზა, რა ტიპის პროგრამები და შოუები სარგებლობდა ტელევიზიაში პოპულარობით. Ეს ძირითადად სერიალები იყო, ამიტომ დასვეს კითხვა, რატომ არ შეგვიძლია იგივე სტრუქტურა მოვარგოთ აუდიოს, გავაკეთოთ ჟურნალისტური მასალა. ეს პოდკასტი საგამოძიებო ჟურნალისტიკაა და თავისი ფორმით მართლაც ჰგავდა სერიალს, რადგან სეზონებისგან შედგებოდა და ახალ-ახალი ეპიზოდი პერიოდულად იდებოდა. მისი თითოეული ეპიზოდის შინაარსიც და სტრუქტურაც ძალიან ახლოსაა სერიალთან, სულ ელოდები, საინტერესო განვითარება აქვს და თხრობის სხვადასხვა ელემენტია გამოყენებული. ამ პოდკასტმა უცებ იფეთქა და მილიონობით ჩამოტვირთვა ჰქონდა. ამას არავინ ელოდა, თუმცა საბოლოოდ ის კომერციულადაც ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა. მას შემდეგ ტექნოლოგიაც იხვეწება. დღეს ეს სფერო ძალიან წინ წავიდა.
მოგვიყევით თქვენი საყვარელი პოდკასტების შესახებ
მე Gimlet Media-ს პოდკასტები ძალიან მიყვარს, მაგალითად, Startup და Replay All. ასევე საინტერესოა პოდკასტი This American life. იმდენად კარგი ჟურნალისტები და ამბის მთხრობელები არიან ეს ადამიანები, რომ სიამოვნებით ვუსმენ. იგრძნობა, რომ ბევრს იკვლევენ, ფიქრობენ, მუშაობენ, ეძებენ საინტერესო გმირებს, სტრუქტურაზეც ძალიან დიდი მუშაობა მიდის და რაც მთავარია, სიყვარულით აკეთებენ ამას და ეს პროდუქტზეც აისახება. ასევე ვუსმენ Radio Lab-ს, რომელიც მეცნიერებას ეხება. ბევრი საყვარელი პოდკასტი მაქვს და თან სულ მეცვლება ხოლმე, ხან რას ვუსმენ ხან რას. ჩემთვის საინტერესო არის ის პოდკასტები, რომლებსაც აწარმოებენ ჟურნალისტები იმიტომ, რომ ვიცი, ეს არის სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია.
როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში როგორი ნიადაგია პოდკასტინგის დასაწყებად?
ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ნიადაგია ამისთვის, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაოც გვაქვს. თუ გადავხედავთ სხვა ქვეყნების ისტორიას, მაგალითად აშშ-ში, ძალიან კარგი, უნიკალური პროდუქტი შეიქმნა თუნდაც პოდკასტ „სერიალის“ სახით და ამან ბიძგი მისცა იმას, რომ ინტერესი გაჩენილიყო. ამიტომ თუ ბევრი იქნება ასეთი კარგი მაგალითი, შესაბამისად, ინტერესიც გაიზრდება პოდკასტების მიმართ.
რამ განაპირობა პოდკასტების პოპულარობა?
ალბათ, ერთი იმან, რომ წარმოება არის ძალიან ადვილი. ვიდეო კონტენტისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები ტექნიკური აღჭურვილობა გჭირდება და ძალიან ადვილია მისი შექმნა. მსმენელის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, იქ, სადაც ვიდეოს ვერ ვუყურებ შემიძლია მოვუსმინო პოდკასტს.
მაგალითად, ყველაზე მეტად რადიოს უსმენენ ავტომობილში, აქაც ზუსტად ასეა და პოდკასტის - ამ ახალი ელემენტის შემოსვლის შემდეგ იხვეწება ეს ტექნოლოგიაც. Ახალი ტექნოლოგიით, მანქანაში უკვე შეგიძლია რადიოს გარდა პოდკასტსაც უსმინო. თანაც ეს შენზეა მორგებული, მაშინ უსმენ, როცა გინდა, იმას უსმენ, რაც გინდა და როგორც გინდა. ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს პოდკასტების პოპულარულობას.
Როგორ იზრდება პოდკასტების პოპულარულობა საქართველოში?
საზღავარგარეთ მხოლოდ მედიას კი არა, ინფლუენსერებიდან დაწყებული კომპანიებით დამთავრებული, უკვე ყველას აქვს საკუთარი პოდკასტი. შეიძლება ითქვას, ძალიან მოსახერხებელი ფორმაა. მედიის გადასაწყვეტია უღირს თუ არა მასში, როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსის ინვესტიცია, რომელიც გაცილებით ნაკლებია ვიდეოსთან შედარებით.
Სამწუხაროდ, დღეს პოდკასტები ჩვენთან ისე პოპულარული არ არის, როგორც საზღვარგარეთ, მაგრამ ეს მოვა დროთა განმავლობაში. ვფიქრობ, თანდათანობით გაიზრდება მოთხოვნა და, შესაბამისად, გაიზრდება მიწოდებაც.
როცა სტუდენტებს ვეკითხები რომელ პოდკასტებს უსმენენ, პირველი, რასაც მეუბნებიან, „რადიო თავისუფლების“ პოდკასტებია და „ნიკოს პოდკასტი“. ასევე „ინდიგოს“ აქვს პოდკასტები. ბევრმა ინფლუენსერმაც დაიწყო პოდკასტების ჩაწერა.
სამწუხაროდ, ჩვენთან პოდკასტებს ვეძახით ყველაფერს. როდესაც აუდიო ფაილს განვათავსებთ ჩვენს ვებგვერდზე ამასაც პოდკასტს ვარქმევთ, სინამდვილეში ეს ცოტა სხვა რამეა. ეს არის აუდიო ფაილი, რომელიც უბრალოდ ხელმისაწვდომია ჩამოსატვირთად. ჭეშმარიტი პოდკასტი, უფრო ნაკლებად არის ქართულ ბაზარზე.
პოდკასტების ფორმაც განსხვავებულია, შეიძლება იყოს უბრალოდ ჩვეულებრივი ინტერვიუ, მეორე მხრივ შეიძლება ეს იყოს ე.წ ფიჩერსიც, რომელიც გაცილებით უფრო რთულია საწარმოებლად, ბევრი ელემენტი სჭირდება, ბევრი შრომა სჭირდება, სტრუქტურაზე საფიქრალია, მონტაჟი გაცილებით რთულია, ბევრი ბუნებრივი ხმაა საჭირო, ეს უკვე თავისი ფორმით არის აუდიო-დოკუმენტური პოდკასტი, რომელიც ძალიან საინტერესოა. მომხიბვლელია და, სამწუხაროდ, საქართველოში თითქმის არ კეთდება.
ძირითადად ვინ უსმენს პოდკასტებს?
ქვეყანას გააჩნია, ამ მხრივ ქვეყნებს აბსოლუტურად განსხვავებული გამოცდილება გვაქვს: მაგალითად, ესპანეთში რადიო ყოველთვის ძალიან პოპულარული იყო და დღესაც ძალიან ბევრი რადიო არსებობს, და, შესაბამისად, პოდკასტებიც არის.
დიდ ბრიტანეთშიც, რომელსაც რადიოს ძალიან უხვი და მდიდარი ისტორია აქვს, ეს ყველაფერი გრძელდება, უბრალოდ ფორმას იცვლის. საინტერესო გამოცდილება აქვს ავსტრიას, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. მსმენელთა სეგმენტი ქვეყანაზე არის დამოკიდებული, ჩვენთან, სავარაუდოდ, უფრო ახალგაზრდა თაობა უსმენს.
რა არის პოდკასტის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
ჩემთვის პოდკასტს უარყოფითი მხარე არ აქვს, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს. დადებითი არის ის, რომ მისი წარმოება იაფია და თუ ადრე, აუდიო პროდუქტის შექმნა მხოლოდ შესაბამის მედია ორგანიზაციას შეეძლო, დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ეს სახლში გააკეთოს. მთავარია ჰქონდეს მინიმალური აღჭურვილობა. ბაზისური მიკროფონი, ხმის ჩამწერი და სამონტაჟო საკმარისია იმისთვის, რომ მართლა კარგი პროდუქტი შექმნა.
რა უნდა გავითვალისწინოთ პოდკასტის დასაწყებად?
მთავარი ის არის, რომ ჯერ იცოდე რისი თქმა გინდა და ფოკუსი გქონდეს. თემა უნდა იცოდე, არ შეიძლება ყველაფერზე გააკეთო პოდკასტი, უნდა იფიქრო აუდიტორიაზე, ვინ არის შენი მსმენელი, უნდა გქონდეს მინიმალური ტექნიკური აღჭურვილობა. იცოდე ტექნიკურად როგორ გააკეთო ეს ყველაფერი, კარგად იყოს დამონტაჟებული და სასიამოვნო მოსასმენი იყოს. უნდა იფიქრო, მერე სად და როგორ განათავსო ეს ყველაფერი ისე, რომ სამიზნე აუდიტორიამდე მივიდეს.
თქვენი აზრით, როგორი მომავალი აქვს პოდკასტებს კომერციული მოგების კუთხით?
საზღვარგარეთ ძალიან პერსპექტიულია ეს ყველაფერი, მნიშვნელოვნად იზრდება შემოსავლები. იზრდება ინტერესიც, ტექნოლოგიაც ძალიან წინ მიდის და დღეს უკვე მარტო ჩამოტვირთვების რაოდენობას კი არ იკვლევენ, შეიძლება სტატისტიკის ჩაშლა და უფრო დეტალურად შესწავლა, თუ ვინ მოუსმინა, რამდენჯერ და ა.შ.
როგორც ვიცი, ისიც კი არის შესაძლებელი, რომ რეკლამის ჭრა ჩანაცვლდეს სხვა რეკლამით. თუ ძალიან პოპულარულია პოდკასტი ან ეპიზოდი, შეიძლება განთავსების მერეც იყოს შემოსავლის წყარო.
საინტერესოა ისიც, რომ პოდკასტში რეკლამაც ფორმას იცვლის და სხვანაირია. მაგალითად, თუ მოუსმენთ This American life-ს, ან იმ ჟურნალისტებს, რომლებიც NPR-დან წამოვიდნენ და დააფუძნეს Gimlet Media, ნახავთ, რომ უნიკალური რეკლამა იქმნება, შინაარსითაც საინტერესოა და ეს რეკლამა ამ მთელი პოდკასტის ორგანული ნაწილია, ხელოვნური, უხეში ჭრა კი არ არის, ესეც ერთგვარი პროდუქტია და საინტერესო მოსასმენია.
საქართველოში როგორ ხედავთ პოდკასტების მომავალს?
გამიჭირდება იმის თქმა, რა იქნება და როგორ, ერთი შემიძლია ვთქვა რა არის. უფრო მეტად ჩვენ ვიდეო პოდკასტებს ვაკეთებთ, რადგან ვიდეო უფრო პოპულარულია. ვიდეო პოდკასტი არის აუდიო კონტენტი, რომელსაც რაღაც ვიზუალი აქვს დამატებული. რადგან ჩვენთან Youtube უფრო პოპულარულია ვიდეო პოდკასტებს ვათავსებთ ამ პლატფორმაზე. რაც გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ ჩემთვის აუდიო უფრო პრიორიტეტულია. მინდა, რომ ვისმინო ჩემთვის კომფორტული გზით. თუმცა, შეიძლება ეს ერთგვარი კარგი დასაწყისიც იყოს. შესაძლოა ეს არის სწორი გზა, გამოვიყენოთ ვიდეო იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში აუდიტორია მივიყვანოთ აუდიომდე.