ოკუპირებული ქვეყნისგან, მორალურად გაუმართლებელია რუსული პროპაგანდის დაშვება — ლევან ავალიშვილი, IDFI
31.10.2022
NDI-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოში, НТВ, ОРТ, Россия 1 და RTR არაქართულენოვანი არხების ყურებადობის სათავეშია. აქედან სამს ოფიციალურად, რუსეთის სახელმწიფო ფლობს, მეოთხეს — კრემლისტური "გაზპრომ მედია". ანუ მაყურებელთა ეს ნაწილი, ახალ ამბებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ცენზურითა და პროპაგანდისტული გზავნილებით ეცნობა.

დეზინფორმაციაზეც და პროპაგანდაზეც, როგორც რუსეთის ჰიბრიდული ომის მძლავრ არსენალზე, რუსეთ-უკრაინის ომამდეც ღიად საუბრობენ ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მთავრობები, თუმცა, ამ საფრხეებს არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლება, არც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფაქტორის გათვალისწინებით, და არც — რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის პოზიციიდან.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ავალიშვილი გვესაუბრება საქართველოში რუსული არხების მაუწყებლობის პრობლემასა და  რისკებზე.

მოკლედ, ლევან ავალიშვილის შესახებ:
  • ავალიშვილი "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ერთ-ერთი დამფუძნებელი და IDFI-ს პროგრამების დირექტორია;
  • წლებია, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე მუშაობს;
  • 2016 წელს, მისი მონაწილეობით შემუშავდა დოკუმენტი — "კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ", რომელშიც პროპაგანდასთან ბრძლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობაზეა აქცენტი.

მოკლედ, ინტერვიუს მთავარი გზავნილები:
  • "საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა სიტყვის თავისუფლების დაცვასა და პროპაგანდის აკრძალვას შორის."
  • "საქართველოში რუსულ პროპაგანდას მრავალი შრე აქვს."
  • "2012 წლამდე, საქართველოში არაფორმალურად იყო აკრძალული რუსული არხების ტრანსლირება, ახლა კი შეუზღუდავად ვრცელდება. ეს ყველაფერი, "რუსეთის არგაღიზიანების" პოლიტიკის" ნაწილია."
  • "სანამ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, ვერც ერთი არხი, თუ პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ დაექვემდებარება შეზღუდვებს."

ლევან ავალიშვილთან ეს ინტერვიუ მანამ ჩავწერეთ, ვიდრე საქართველოში რუსული პროპაგანდისტული იდეების გამტარებელი არხი "პირველი გასართობი" მაუწყებლობას შეწყვეტდა. არხი დაფინანსებას რუსეთის "პერვი კანალისგან" (OPT) იღებდა და ამავე არხის გასართობ პროგრამებს, სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს ქართულ ენაზე ავრცელებდა. ლევან ავალიშვილი პროპაგანდის ამ ფორმას "კულტურულ პროპაგანდას" უწოდებს.

კულტურული პროპაგანდა

ნებისმიერი არხი, რომელიც ფინანსდება და კონტროლდება რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ, ოფიციალურად არის რუსული პროპაგანდის ნაწილი, იმის მიუხედავად, რა სახის კონტენტს ავრცელებს, რადგან მთლიანობაში, გინდ კულტურული მიმართულება იყოს, გინდ — საინფორმაციო, სრული შინაარსით ექვემდებარება კრემლის კონტროლს. ეს ასე იყო ზოგადადაც, და განსაკუთრებით, ასეა დღეს, როდესაც რუსეთში პუტინმა ცენზურა ოფიციალურად, "სამხედრო ოპერაციის" ფარგლებში დააკანონა.

კულტურული პროპაგანდა, რუსეთის გრძელვადიან მიზნებზე გათვლილ საგარეო-პოლიტიკურ ამოცანებს ემსახურება. ფილმების, სერიალების, ტელე და რადიო გადაცემების გავრცელება მიმართულია კულტურული ერთობის, ტრადიციების, კავშირების გაძლიერებაზე, რათა გააძლიეროს ბმა "რუსულ სამყაროსთან", როგორც მენტალური, ასევე, ემოციური თვალსაზრისით.

ეს არ არის ახალი "გამოგონება". მაგალითად, ცივი ომისას, ჯინსების და ჯაზის კულტურული ექსპანსია, თუ "რადიოსიხშირეებით ბრძოლა", იდეოლოგიური ბრძოლის ერთ-ერთი ბუნებრივი მეთოდი იყო. ასე რომ, კი, კულტურული პროპაგანდა, ზოგადად, პროპაგანდის ერთი კონკრეტული სახეა, რომელიც არანაკლებ უნდა გვაღელვებდეს, ვიდრე დეზინფორმაციის გავრცელება. ამ თვალსაზრისით, რუსული გადაცემების ქართულად თარგმნა მიმართულია კონკრეტულ ადამიანებზე, ვისაც სურთ, ჰქონდეთ წვდომა "რუსულ კულტურულ სამყაროსთან".

პროპაგანდის მისია

ზოგადად, პროპაგანდას მრავალი შრე აქვს და ერთმანეთისგან განსხვავებულ ასაკობრივ, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ფენებზე სხვადასხვა გზებითაა მიმართული. მაგალითად, უფროს ასაკზე გათვლილი კონტენტის ერთ-ერთი მიზანი ახალგაზრდობის ემოციების გაძლიერებისკენ არის მიმართული, რაც ვერ "იმუშავებს" ახალგაზრდებზე, და შესაბამისად, მიდგომებიც დივერსიფიცირებულია.

სანაცვლოდ, ახალ თაობაზე ძალიან ეფექტურად ახდენენ გავლენას სოციალური მედიის საშუალებით. მათ შორის, საქართველოში მოქმედი და საქართველოს მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, თუ კერძო სუბიექტები. ამ კონტექსტში, თავის მოტყუება იქნება მხოლოდ რუსული სატელევიზიო მედიის შეუზღუდავად გავრცელებისგან წარმოქმნილ რისკებზე საუბარი, რადგან სოციალური მედიის დახმარებით, კრემლისტური ინტერესების გავრცელება, არანაკლებია.

ექსპატები — კიდევ ერთი საფრთხე, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის

პროპაგანდისგან გამოწვეული რისკები ძალიან მაღალია. ასე იყო ომამდეც, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, კიდევ უფრო საყურადღებოა. მაგალითად, დღეისათვის საინფორმაციო უსაფრთხოების რისკების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად იქცა ის გარემოება, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ექსპატების რაოდენობა (*ექსპატი: სხვა ქვეყანაში საკუთარი ნებით მომუშავე, ან დროებით მცხოვრები ადამიანი, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქე არ არის). გამოქცეული ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, აქ მუშაობენ, შეიძინეს ქონება — მათი რაოდენობა უკვე 100 000-ია და ისინი ინფორმაციულად, ისევ რუსულ წყაროებზე არიან დამოკიდებული.

2012 წლამდე, საქართველოში არაფორმალურად იყო აკრძალული რუსული არხების ტრანსლირება, რაც იმ დროინდელი პოლიტიკის ნაწილი იყო. 2012 წლის შემდეგ კი, შეუზღუდავად ვრცელდება ყველგან — სილკნეტზე, მაგთიზე, თუ სხვა საკაბელო მაუწყებლებით. რუსულ არხებს ხშირად შეხვდებით სასტუმროებშიც და ტურისტულად ჩამოსული მილიონობით რუსი, რომელთა დიდი ნაწილი ამ მომენტშიც ცხოვრობს სასტუმროებში, ინფორმაციას ისევ პროპაგანდისტული რუსული წყაროებიდან იღებს.

რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა — ბარიერი პროპაგანდასთან ბრძოლაში

საკმაოდ რთულია ბალანსის დაცვა გამოხატვის თავისუფლებასა და პროპაგანდის აკრძალვას შორის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, სწორედ ოკუპაციის ფაქტორის გამო, საქართველოს მოცემულობა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მაგალითისგან განსხვავებულია, სადაც დილემური იყო არჩევანი რუსული პროპაგანდისტული მედიის აკრძალვასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვას შორის.

ჩვენ, რეალურად ვართ ოკუპაციის პირისპირ და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. შესაბამისად, არასწორია, როდესაც ასეთ პროცესში სახელმწიფო არ უზრუნველყოფს საინფორმაციო მედეგობას და პროპაგანდის გავრცელების საშუალებას აძლევს ოკუპანტ ქვეყანას, რომლის "სპუტნიკიც", ოკუპაცირებულ რეგიონებში — აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მაუყწყებლობს, და თანაც, ფილიალი აქვს თბილისში, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ასაქმებს და უხდის ხელფასს. აწარმოებს არა მხოლოდ რუსულ, არამედ, ქართულენოვან კონტენტსაც. ეს ყველაფერი კი არაფერში ჯდება.

პრობლემა, 2012 წლის შემდეგ, ბევრად მძაფრად დადგა. დავიწყეთ ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან მთლიანობაში, ეს ყველაფერი "რუსეთის არგაღიზიანების გამოცხადებულ პოლიტიკაში" ჯდება. სანამ ეს პოლიტიკა არ შეიცვლება, ვერც ერთი არხი და ვერც ერთი პრორუსული არასამთავრობო, თუ სხვა ტიპის ორგანიზაცია ვერ დაექვემდებარება შეზღუდვებს. ასეთია ამ პრობლემის კონტექსტი და ამ ხელისუფლების გაცხადებული კურსის პირობებში, რაიმეს შეცვლა, შეუძლებელია.

საგულისხმოა, რომ პროპაგანდის გავრცელების თვალსაზრისით, რუსეთისთვის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენია მოლდოვა. როგორც ცნობილია, უკრაინის მხარდაჭერის პროცესში მოლდოვა და საქართველო დაახლოებით, ერთსა და იმავე პოზიციაშია. საერთო რისკებიდან გამომდინარე, არც საქართველო და არც მოლდოვა ერთვება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაში, თუმცა, ერთადერთი, რაც გააკეთა მოლდოვის ხელისუფლებამ, ეს იყო რუსული არხების აკრძალვა. ჩვენ, საქართველომ, რომელიც ოკუპაციის ქვეშ არის, ეს მინიმუმიც არ გავაკეთეთ.

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ