16.11.2022
თუმცა, რამდენად არის დილემა - "რეიტინგი ან ინფორმაცია" რეალური?
მედია მკვლევარი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი აირინ კოსტერა მეიერი 20 წელზე მეტია ჟურნალისტიკასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს იკვლევს, გვესაუბრება, როგორი შეიძლება, შეინარჩუნოს მედიამ ხარისხიანი ჟურნალისტიკა ისე, რომ შემოსავალიც არ დაკარგოს.
Მოკლედ, ინტერვიუს მთავარი გზავნილები
- “არ არსებობს ერთ მხარეს ხარისხიანი ჟურალისტიკასა და მეორე მხარეს, ყვითელი პრესა, ნებისმიერი ტიპის გაშუქება, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს ღირებულია”.
- Სოციალური მედია ჟურნალისტებს აიძულებს შეცვალონ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გზები.
- თუ გვსურს, ისეთივე რეიტინგი, როგორიც რეალითი შოუებს აქვს, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც მათთვის ნაცნობია და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ.
Რჩევები ჟურნალისტებს:
- მუდმივად გააკრიტიკეთ კოლეგები, თუ მათი სტატია ან სიუჟეტი არ არის საზოგადოებისთვის ღირებული, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი მედიაპროდუქტის შემქმნელი კოლეგები დავაფასოთ.
- მედიაწიგნიერების პრობლემის მოგვარება ჟურნალისტებს იმის ახსნით შეუძლიათ, თუ რა არის ზოგადად მედიაწიგნიერება, აუხსენით თქვენს აუდიტორიას, რას აკეთებთ.
- ქართულ მაუწყებლებს ვურჩევდი, რომ იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანები, ესაუბროთ აუდიტორიას და კითხოთ რა აწუხებთ და აინტერესებთ?”
ზოგადად, რითი განისაზღვრება ღირებული, ხარისხიანი
ჟურნალისტიკა?
ჩემს ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, ნიდერლანდების
მაგალითზე განვიხილავ, იმას, თუ რა რთულია ჟურნალისტისებისთვის, რომ
საზოგადოების საჭიროებებიდან ამოვიდნენ. Მათ ხშირად ჰგონიათ, რომ
ადამიანებს მხოლოდ გასართობი გადაცემები სჭირდებათ.კვლევის შედეგებმა აჩვენა, საზოგადოების სურვილი, რომ გასართობ გადაცემებს უყურონ, ერთი მხრივ მართლაც ემთხვევა ჟურნალისტების ზოგად წარმოდგენას, თუმცა მხოლოდ კონკრეტულ პირობებში:
- თუ გასართობი გადაცემა ან ამბავი სიახლეა.
- თუ ეს ეხმარება ადამიანებს, რომ უკეთ გაიაზრონ სხვების პრობლემები.
Ჩემთვის ფასეულია მედიაპროდუქტი,რომელიც ეხმარება ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაგებაში.
ყვითელი პრესა სენსაციურია, აქ, ძირითადად ცნობილი ადამიანების ცხოვრების ამბები ქვეყნდება, რაც მარტივად გასაგებია. ადამიანები, ხვდებიან, რომ მსგავსი სიახლეები არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მათთვის ნაცნობია, ამიტომაც ყვითელი პრესა მათ სხვებთან სასაუბრო თემებს აძლევს.
შეიძლება, ითქვას, რომ ზოგჯერ სენსაციაზე ორიენტირებული ყვითელი პრესაც კი ღირებულია, თუმცა აუცილებელია, გაშუქებამდე ჟურნალისტმა გაიაზროს პასუხი კითხვაზე, აწვდის თუ არა ეს მედიაპროდუქტი საზოგადოებას ახალ იდეას, შესაბამისად აფართოვებს თუ არა მათს ზოგად ცნობიერებას?
რა შეცვალა სოციალურმა მედიამ ჟურნალისტიკაში?
ახლა ვიკვლევთ სოციალური მედიის გავლენას ახალ ამბებში, ამ ეტაპზე
ვიცით ის, რომ ნიდერლანდელი ახალგაზრდების დაახლოებით 47% იყენებს
TikTok-სა და Instagram-ს სიახლეების გასაცნობად. ეს ფაქტი კი
აიძულებს მედიას შეცვალონ აუდიტორიასთან კომუნიკაციის გზები, რადგან
თანამედროვე მკითხველს მოსწონს ვლოგის ტიპის სიახლეები,
გამოცდილებები, რომლებიც უფრო პერსონალურია.მედიას ვურჩევ ხოლმე, რომ გამოიყენონ განმარტებითი ჟურნალისტიკა (Explanatory Journalism), რადგან ნიდერლანდელი ახალგაზრდების 20% ვერ იგებს ტრადიციულ სიახლეებს. ამ ტიპის ჟურნალისტიკის მთავარი იდეა მნიშვნელოვანი მაგრამ რთული, გაუგებარი საკითხების მარტივად, ფოტოებითა თუ სხვადასხვა მოკლე ვიდეოებით ახსნაა.
ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი, განსაკუთრებით მიმზიდველი ხერხია მხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტების ჩვენება. ფეხბურთის მატჩის მაგალითზე რომ განივიხილოთ - ვაჩვენებთ, მხოლოდ იმას, თუ რამდენი გოლი ან პენალტი იყო და არა მთლიან მატჩს.
მედია ხშირად ორიენტირებულია რეიტინგზე, ძირითადი მიზეზი კი
რეკლამისგან მიღებული შემოსავლებია. Როგორ ფიქრობთ, რა გავლენა აქვს
რეკლამას ჟურნალისტიკაზე?
ჟურნალისტიკის ის ტიპი რომელიც განვიხილეთ (მხოლოდ მნიშვნელოვანი
მომენტების ჩვენება), დაკავშირებულია სენსაციასთან. ამ ჟანრს აქვს
ყვითელი პრესის მახასიათებლები, რადგან მარტივად იზიდავს მკითხველს,
რაც, თავის მხრივ, ზრდის ვებ გვერდზე გადასვლის, ე.წ ქლიქბეითების
(Clickbaits), შესაბამისად რეკლამის რაოდენობას.თუმცა, თუ გვერდზე გადმოსულ მკითხველს რამე ახალი და საინტერესო არ დახვდება, აუცილებლად მიხვდება, რომ ეს უბრალოდ რეკლამაა.
შეიძლება ითქვას, რომ ქლიქბეითები ერთგვარი სტრატეგიაა ზოგიერთი მედიისთვის, ეს მათი არჩევანია, თუმცა მკითხველისთვის ღირებული ინფორმაციის მიწოდება მაინც მათი მთავარი ვალდებულებაა.
რეალითი შოუებს აქვს დიდი რეიტინგი, მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას ერთგვარ “საკვებს” აძლევენ სასაუბროდ. თუ გვსურს, რომ ტრადიციულ მედიასაც ჰქონდეს ასეთივე რეიტინგი, ადამიანებს უნდა ვესაუბროთ ისეთ თემებზე, რაც მათთვის ნაცნობია და ყოველდღიურ ცხოვრებაში აწუხებთ.
განვიხილოთ მედია, რომელიც არ არის დამოკიდებული რეკლამაზე.
შემოსავლის რა ალტერნატივები არსებობს რეკლამის გარდა?
ვფიქრობ, არ არის საჭირო რომ ბოლომდე გათავისუფლდე რეკლამისგან,
რადგან თუ მედია ქმნის ხარისხიან მედიაპროდუქტს, აუცილებლად ეყოლება
მაყურებელი, შესაბამისად გამოჩნდება რეკლამის განთავსების
მსურველიც.სხვა შემთხვევაში, Crowdfunding-ის თუ სხვა შემწეობების მოდელი მუშაობს ისეთ ქვეყნებში, სადაც მედიაწიგნიერებისა და ცხოვრების დონე მაღალია, რადგან ადამიანებს აქვთ გაცნობიერებული დამოუკიდებელი ფინანსების მქონე მედიის მნიშვნელობა.
პოლარიზებულ მედიაგარემოში ხშირად კარგად მუშაობს ე.წ “სამკუთხედის მეთოდი” (Triangulation method) - ეს ნიშნავს, რომ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად ადამიანები ფაქტებს რამდენიმე მედიასაშუალებაში ამოწმებენ, ამასთანავე აქტიურად იყენებენ სოციალური ქსელებს. ამ შემთხვევაშიც, მედიაწიგნიერების დონეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს;
თუმცა, ადამიანებს არ აქვთ იმდენი დრო, რომ ყველა მოვლენა სათითაოდ გადაამოწმონ, ამიტომ სამწუხაროდ, საბოლოოდ ვიღებთ იმას,რომ, ისინი უბრალოდ აღარ ადევნებენ თვალს სიახლეებს.
რატომ აბრალებენ ჟურნალისტები უხარისხო მედია პროდუქტს,
აუდიტორიას?
მედიამენეჯერები ან ჟურნალისტები ხშირად უხარისხო გაშუქებას
"საზოგადოების დაკვეთით" ხსნიან. ვფიქრობ, მედია არ ითვალისწინებს
იმას, რომ შეიძლება ადამიანები მართლაც უყურებენ უხარისხო გადაცემას,
მაგრამ ისინი იაზრებენ იმასაც, რომ ეს გადაცემა მათ ღირებულს არაფერს
აძლევს. სწორედ მსგავი დამოკიდებულება ულახავს მედიას რეპუტაციას.ადამიანები ხდებიან იმის ერთგული, რასაც მართლა აფასებენ, შესაბამისად, მედიას უნდა ჰქონდეს ახლო ურთიერთობა აუდიტორიასთან, ჰკითხოს რა არის ის, რაც მათ მართლა აწუხებთ და აინტერესებთ.
დამატებით, ერთია მაღალი რეიტინგი, თუმცა მეორე მხრივ, თუ ყველა მედიასაშუალება მხოლოდ გასართობ ან უხარისხო კონტენზე იქნება ორიენტირებული და არ იარსებებს განსხვავებული იდეა, რომელიც რაღაც ახალს მიაწვდის აუდიტორიას, ცხადია, რეიტინგი ექნება იმას, რასაც აჩვენებენ - რადგან ალტერნატივა არც იარსებებს.